ყველა საქონელს თავისი ფასი აქვს. ყველაფერი, რაც იყიდება, საქონელია. ამიტომ ამ ტერმინს ეკონომიკური დატვირთვით ვხმარობ და არა ზოოლოგიურით. პარლამენტშიც მიმდინარეობს ყიდვა-გაყიდვა. ამ ტრადიციას რესპუბლიკელებმა დაუდეს მრავალი წლის წინათ სათავე, როცა ნოღაიდელი მიჰყიდეს ჟვანიას ორ ბოთლ შამპანურად. თუ მაშინდელი უწყინარი გარიგების ფასი 10 ლარი იყო, დღეს მრავალ მილიონებზეა საუბარი.
ყველას თავისი ღირებულება აქვს ფასიანი დეპუტატების ბაზარზე!
საპარლამენტო უმრავლესობა ფაქტობრივად დაიშალა. ძალიან რთული პროცესები შეიძლება ამას მოჰყვეს, თუკი ის საჭირო რაოდენობამდე არ შეივსება. ვინ იკისრებს მაშველი რგოლის ფუნქციას? ვის დაედება ოქროს ფასი და შემდეგ ვის ერგება ამ ნამსახურების ნამდვილ ოქროში კონვერტირება?
„უმრავლესობა" სიამაყით აცხადებს - ათი კი არა თორმეტიც გვყავს რეზერვშიო.
უკვე არ თაკილობენ ყოფილი, ზოგი მუდამ ოდიოზურის, ზოგიც ამ გზაზე დამდგარის სამსახურს. ლიპარტელიანი, ენუქიძე, ბუკია, ოქრიაშვილი და სხვა. რამდენი მთავრობა წველეს?!
რა მოტივი შეიძლება ჰქონდეთ მათ, როცა ასე თუ ისე კომფორტული მდგომარეობიდან უმრავლესობას უერთდებიან? ზნეობრივად რომ აგებენ, იმდენი ჭკუა კი ჰყოფნით, რომ ამას მიხვდნენ.
შიში. ძველი ცოდვების გახსენება. ბიზნესის დაკარგვის საფრთხე. აკი ბიზნესი თავისუფალიაო! რას უნდა მივაწეროთ ის ტრადიცია, რომ ბიზნესმენი დეპუტატები გადადიან დამარცხებული გუნდიდან გამარჯვებულთა რიგებში? ესეც ხომ პოლიტიკური კორუფციის ნაირსახეობაა? ხელისუფლების რეპრესიული ძალაუფლების პოლიტიკურად გამოყენების და ბიზნესზე ზეწოლის კიდევ ერთი ნიშანია საპარლამენტო ცხოვრებაში დამკვიდრებული ეს მახინჯი ტრადიცია, როცა არჩევნების შემდგ ბიზნესიდან მოსული ადამიანები ტოვებენ უმცირესობაში მყოფ საკუთარ პარტიებს და უმრავლესობაში გადადიან. ასეთ გასტროლიორ დეპუტატებს ყველა კარგად იცნობს. ეს იმის მანიშნებელია, რომ ბიზნესი განიცდის წნეხს, რომ ფულის შოვნა უფრო ადვილია, თუ მეგობრობ ხელისუფლებასთან, ხარ მეტად დაცული შემოწმებებისაგან და პრივილეგირებული- სახელმწიფო შეკვეთების მიღებაში (ამას მარტივად კორუფცია ჰქვია). პოლიტიკური მოღალატეობა ჩვენთან ტრადიციად იქცა და წახალისებულიცაა. არა მარტო პარლამენტარი ბიზნესმენები გამოირჩევიან „მობილობით", ანგარებიანი მოსაზრებით სახელისუფლო ფრთებქვეშ თავის შეფარებით, არამედ ქვედა, ადგილობრივი დონის დეპუტატებიც. ამის ნათელი მაგალითია თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე , რომელიც გამოიყენეს და მერე ნამსახურეობაც დუფასეს. თბილად მოაწყვეს! საჩვენებლად, რომ კონფორმიზმი დაფასებულია.
ჯერ კიდევ კეისარი ამბობდა, რომ უყვარს ღალატი, მაგრამ სძულს მოღალატეები. ძველ რომში ღალატს არავის უფასებდნენ, მაშინაც კი, თუ ამ ღალატს სარგებელი მოჰქონდა. ჩვენთან უყვართ მოღალატეები და პატივს სცემენ კიდევაც მათ. იქნებ რომაელებს მაინც დავემსგავსოთ და თუ ღალატი მაინცდამაინც „აუცილებელია" მაღალი სახელმწიფო თუ პარტიული ინტერესიდან გამომდინარე ( იგივე, უმრავლესობის უზრუნველყოფის დიადი მიზნისათვის), ამ პროცესში მონაწილე ადამიანებს ზნეობრივ გმირებად მაინც ნუ წარმოვაჩენთ.
რაც შეეხება იმ გვარებს, რომლებიც ზემოთ ვახსენე, აგრეთვე სხვა „გამზადებულებს", რომლებთანაც ასე თუ ისე ნაცნობობაც მაკავშირებს (ერთ დარბაზში ვიჯექით წინის წინა პარლამენტში, ისინი ხომ მუდმივი დეპუტატები არიან), მინდა შევახსენო დიდი ქართველის სიტყვები: „ეს კარგად იცოდნენ, რომ ჩვენ პირთან საქმე არა გვაქვს, ჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთ"!