11 ნოემბერს პარლამენტში, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე, აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობაზე იმსჯელეს. როგორც დეპუტატები, სამეცნიერო წრეებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები განმარტავენ, საკითხის გაფართოებულ ფორმატში განხილვა მისი აქტუალობით არის განპირობებული. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების უმრავლესობას სერიოზული საფრთხე ემუქრება. როგორც ქართული მხარე განმარტავს, იქ მიმდინარეობს ქართული ისტორიული კვალის მიზანმიმართული წაშლა.
ილორი, ბედია, დრანდა, წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ახალი ათონის ტაძარი, ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი - ეს აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ის ეკლესია-მონასტრებია, რომლებსაც უკანასკნელ წლებში ე.წ. რესტავრაცია ჩაუტარდათ და რომლებმაც მთლიანად დაკარგეს პირვანდელი სახე. თუკი ძალიან მოკლედ შევეხებით კულტურული მემკვიდრეობის უნიკალური ძეგლების ამჟამინდელ მდგომარეობას, გეტყვით, რომ მეთერთმეტე საუკუნის ქართული ძეგლი, ილორის წმინდა გიორგი სახელობის ეკლესია, თეთრად გადაიღება, თავზე დაედგა რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ბოლქვის ფორმის გუმბათი, სამრეკლოზე არსებული ქვის საფეხურები მოირღვა და რკინის კონსტრუქციით შეიცვალა; ბედიის მონასტერი, მე-10 საუკუნე - კედლის გამაგრების დროს ფრესკები ჩამოცვივდა; დრანდის ტაძარი, მე-6-მე-8 საუკუნეები - გადაიღება თეთრად, დამონტაჟდა თანამედროვე კარ-ფანჯარა; ახალი ათონის ტაძარი, მე-9-მე-10 საუკუნე - ტაძრის ირგვლივ მთლიანად მოიხსნა მიწის ფენა, რომლის შედეგებიც ქართული მხარისთვის უცნობია; ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, მე-10 საუკუნე - ტაძარს, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებულებით, გასულ წელს ჩაუტარდა რესტავრაცია; ქართული მხარისთვის უცნობია ჩატარებული სამუშაოების შედეგები.
აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური კულტურის ძეგლების მდგომარეობა 11 ნოემბერს პარლამენტში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განიხილეს. საგარეო ურთიერთობათა, განათლებისა და კულტურის, ევროპასთან ინტეგრაციის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე შეკრებილ დეპუტატებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ქართული ეკლესია-მონასტრების თაობაზე ინფორმაცია შერმადინ შარიამ, აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარემ, გააცნო. მისი სიტყვებით, აღნიშნული ძეგლების განსაკუთრებული ფასეულობის გათვალისწინებით, მათზე განხორციელებული ყველა სამუშაო უნდა ჩატარდეს ნამდვილი პროფესიონალი, ლიცენზირებული რესტავრატორების მიერ,დამტკიცებული სარესტავრაციო პროექტების საფუძველზე, რაც აქამდე არც ერთი ძეგლის რესტავრაციის შემთვევაში არ განხორციელებულა.
„სარესტავრაციო სამუშაოები სრულად ეწინააღმდეგება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საერთაშორისო პრინციპებს და ნორმატიულ აქტებს, მათ შორის, ვენეციის ქარტიის მეხუთე მუხლს, რომელიც გვამცნობს, რომ ძეგლების კონსერვაცია ხელს უწყობს მისი საზოგადოებრივი საჭიროებებისთვის გამოყენებასაც. ე.ი. გამოყენება დასაშვებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაამახინჯო, შეცვალო ნაგებობა და დეკორი. მთლიანად ეწინააღმდეგება ქარტიის მეექვსე მუხლს. ძეგლების კონსერვაცია ძეგლებთან დაკავშირებულ გარემოს გულისხმობს. თუ არსებობს ტრადიციული გარემო, ის უნდა შევინარჩუნოთ და ყოველგვარი ახალი მშენებლობა, დაშლა და გადაკეთება, რამაც შეიძლება დაამახინჯოს ძეგლის სახე, მოცულობა და ფერთა თანაფარდობა, აკრძალულია. ობიექტებზე ძალადობამ იმდენად მასშტაბური სახე მიიღო, რომ ვშიშობთ, უახლოეს მომავალში გადასარჩენიც არაფერი დაგვრჩება“, - ამბობს შერმადინ შარია.
ამ ფონზე, საკანონმდებლო ორგანოში შეკრებილი საზოგადოება სიტუაციის გასაკონტროლებლად, პირველ რიგში, საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობას ხედავს. ამაზე საუბრობს ქეთევან კანდელაკიც, საქართველოს იუნესკოს საქმეთა ეროვნული კომისიის მდივანი საგარეო საქმეთა სამინისტროში. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ 1997 წლის ივნისში, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მოთხოვნით, აფხაზეთში იუნესკოს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა. იუნესკოს მაშინდელი მისიის ანგარიში წიგნადაც გამოიცა, სახელწოდებით „ქართული ისტორიულ-კულტურული ფასეულობები აფხაზეთში“. ქეთევან კანდელაკის თქმით, უკვე წლებია ქართული მხარე აწარმებს მოლაპარაკებას იუნესკოსთან აფხაზეთში საერთაშორისო მისიის მივლინების მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე არსებობს არაერთი შემაფერხებელი ფაქტორი მისიის შექმნასთან დაკავშირებით.
„ამ ეტაპზე ჯერჯერობით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება არ გვაქვს, რადგან ამ მისიის წარგზავნა დაკავშირებულია მთელ რიგ კონკრეტულ დეტალებთან, მათ შორის, გარკვეულ უსაფრთხოების გარანტიებთან და სხვა კონკრეტულ დეტალებთან. თუმცა იუნესკოს მხრიდან ყოველთვის ხდება იმ პოზიციის დაფიქსირება, რომ ისინი გამოხატავენ მზადყოფნას მაქსიმალურად ითანამშრომლონ ჩვენთან. და ეს არის სამუშაო პროცესი, რომელზეც ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას“, - ამბობს ქეთევან კანდელაკი.
აუცილებელია მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციებით და მისიებით დაფიქსირება იმ არსებული მდგომარეობისა, თუ რა მოხდა ამ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე, თუ რომელ ძეგლს რა ზიანი მიადგა. ჩვენს არქივებში დაცულია თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი ძეგლის ანაზომები...
პაატა გაფრინდაშვილი
ფაქტი ერთია, როგორც წინა ხელისუფლების, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების არაერთი მიმართვის მიუხედავად, იუნესკომ ბოლო წლებში პრაქტიკულად ვერ მოახერხა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლა. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერები ჯერ კიდევ ორი წლის წინ ამბობდნენ, რომ იუნესკოს დელეგაციას ისინი მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან შესვლის შემთხვევაში უმასპინძლებდნენ.
საერთაშორისო მისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს პაატა გაფრინდაშვილი, მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე. როგორც ის ამბობს, დღეს აფხაზეთის ტერიტორიაზე საქართველოს უნიკალური მემკვიდრეობის მიზანმიმართული გადაკეთება მიმდინარეობს. მისი სიტყვებით, აფხაზეთში ქართული ისტორიული კვალი იშლება:
„ეს არის ქართველების სამკვიდრო და ეს არის აფხაზების სამკვიდრო“, - ამბობს ბელა კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრის მოადგილე. ამიტომ ფიქრობს, რომ ის კულტურული მემკვიდრეობა, რაც აფხაზეთის ტერიტორიაზეა შემორჩენილი, აფხაზებისა და ქართველების დასაცავია. ის გამოდის ინიაციატივით, რომ შეიქმნას ქართულ-აფხაზური სადამკვირვებლო ჯგუფი, რათა ქართულმა მხარემ აფხაზებთან ერთად შეძლოს იქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესწავლა.
კიდევ ერთი ძეგლი, რომელსაც შესაძლოა პირვანდელი იერსახე დაეკარგოს, არის ბიჭვინთის საკათედრო ტაძარი. როგორც შერმადინ შარია, აფხაზეთის ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე ამბობს, მიმდინარე წლის 29 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ვალერი ბგანბამ ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც განიხილება მეათე საუკუნის ბიჭვინთის საკათედრო ტაძრიდან ორღანის გატანისა და სხვა ადგილზე განთავსების შესაძლებლობა. როგორც შერმადინ შარია ამბობს, ტაძრიდან ორღანის გატანა, სავარაუდოდ, გულისხმობს მისთვის პირვანდელი ფუნქციის დაბრუნების სურვილს, თუმცა ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია არა მარტო ის, თუ ვინ, როდის და როგორ განახორციელებს სამუშაოებს, არამედ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ტაძარმა არ დაკარგოს ისტორიული იერსახე და არ დაზიანდეს ტაძრის ნართექსის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში ჩაშენებული საძვალის კედელზე შემორჩენილი მე-16 საუკუნის მოხატულობა.