საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ მიიღო. შეხვედრას ნატოს სამხედრო მეკავშირე ოფიცერი, პოლკოვნიკი მაქსიმილიან ედერიც დაესწრო. მხარეებმა ალიანსთან თანამშრომლობის მიმდინარე პროგრამები განიხილეს და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების გეგმას.
„შედგა საკმაოდ საინტერესო შეხვედრა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან. ჩვენ მიმოვიხილეთ ყველა ის პროექტი, რომელიც ნატოსთან თანამშრომლობის ფორმატში მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, ამაში ჩართულია სამეკავშირეო ოფისი. შევთანხმდით სამომავლო თანამშრომლობაზე. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ყველა ის პროექტი და ღონისძიება, რომელიც მანამდე იყო დაგეგმილი, გაგრძელდება უცვლელად. ამასთან ერთად იქნება ახალი ინიციატივები, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს და სხვა საფეხურზე აიყვანს ნატოსთან ჩვენს ურთიერთობას. მთავარი საუბარი შეეხო არსებით პაკეტს, რომელიც არის მთავარი მიმდინარე საკითხი ნატოსთან ურთიერთობის კუთხით. ჩვენ შევთანხმდით გეგმაზე მუშაობის ფორმატზე, რათა მოხდეს ამ პაკეტის იმპლემენტაცია. უახლოეს ხანებში უფრო გაფართოებული შემადგენლობით მოხდება სამეკავშირეო ოფისისა და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლების შეხვედრა. ოფისთან აქტიურ რეჟიმში გაგრძელდება მუშაობა.“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„შეხვედრაზე თავდაცვის სამინისტროში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები განვიხილეთ. გვქონდა ძალიან გულახდილი საუბარი და მინისტრმა დაგვარწმუნა, რომ თავდაცვის სამინისტრო გააგრძელებს ევრო-ატლანიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის კურსს, როგორც ეს წლების განმავლობაში ხდებოდა. განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ არსებით პაკეტზე. ამ ეტაპზე მე და ჩემი გუნდის წევრები კმაყოფილები ვართ. თავდაცვის სამინისტრო საიმედო ხელშია და დარწმუნებული ვარ, რეფორმების პროცესი კვლავ გაგრძელდება.“- განაცხადა უილიამ ლაჰიუმ.