გენერალური შტაბის უფროსმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა (ვიდეო)

გენერალური შტაბის უფროსმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა (ვიდეო)

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ პენტაგონში, ამერიკელ სამხედრო მაღალჩინოსნებთან  გამართა შეხვედრები. მისი შეფასებით, ვიზიტი ძალიან ნაყოფიერი და წარმატებული იყო. „აღნიშნული ვიზიტი შეიძლება ჩაითვალოს უნიკალურად. ამ მასშტაბით, შეხვედრების რაოდენობითა და შინაარსით, მსგავსი ვიზიტი ჯერ არ განხორციელებულა. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, თუ რაოდენ დიდ პატივს სცემენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს. ეს არის ყველა იმ სამხედრო მოსამსახურის დამსახურება, რომლებიც თავის მისიას წარმატებით ასრულებენ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ასევე, იმ რეფორმების დაფასება, რომელიც საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდიანარეობს.“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა.

ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის არმიის შტაბის უფროსს, გენერალ რეიმონდ ოდიერნოს, აშშ-ის გაერთიანებული შტაბების უფროსების თავმჯდომარეს, გენერალ მარტინ დემპსის, ეროვნული გვარდიის ბიუროს უფროსის მოადგილეს, გენერალ-ლეიტენანტ ჯოზეფ ლინგელს, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის სააგენტოს ხელმძღვანელს, ვიცე-ადმირალ ჯოზეფ რიქსის და აშშ-ის საზღვაო ქვეითი ძალების სარდლის მოადგილეს, გენერალ ჯონ პაქსტონს შეხვდა. სპეციალურად ქართველ გენერალთან შესახვედრად ჯორჯიის შტატიდან ეროვნული გვარდიის სარდალი, გენერალი ჯეიმს ბათერვორთი ჩავიდა. გენერალური შტაბის უფროსი მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში მდებარე ვალტერ რიდის სახელობის ეროვნულ სამხედრო სამედიცინო ცენტრსაც ესტუმრა, სადაც მას ცენტრის ხელმძღვანელმა ბრიგადის გენერალმა ჯეფრი კლარკმა უმასპინძლა. გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე აშშ-ის არმიის ომის კოლეჯშიც იმყოფებოდა.

ვიზიტის დასასრულს, გენერალური შტაბის უფროსი აშშ-ში საქართველოს საელჩოს ესტუმრა, სადაც მის სახელზე ოფიციალური მიღება გაიმართა.