„ევროკავშირი და შეერთებული შტატები საქართველოში მომხდარი მოვლენებით შეშფოთებულია. ქვეყანა, რომელმაც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ბრიუსელში ხელი მოაწერა, სერიოზულ პოლიტიკურ კრიზისს განიცდის. ყველაფერი კი მმართველი კოალიცია „ქართული ოცნების" შემადგენლობაში მყოფი ყველაზე პროდასავლური პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის, თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლებამ გამოიწვია", - ნათქვამია სტატიაში (ავტორი - ალენ სალესი).
„ეს ყველაზე სერიოზული კრიზისია 2012 წლიდან, როცა მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება" ჩამოაყალიბა. ალასანია მარტო არ წასულა, სოლიდარობის ნიშნით მას თან მიჰყვნენ საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის მინისტრები მაია ფანჯიკიძე და ალექსი პეტრიაშვილი. გარდა ამისა, საგარეოპოლიტიკური უწყებიდან ბევრი დიპლომატი წავიდა.
ირაკლი ალასანია იმიტომ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, რომ მან კორუფციაში დადანაშაულებული თავისი თანამშრომლები დაიცვა. მინისტრმა განაცხადა, რომ ბრალდებები უსაფუძვლო და „პოლიტიკურად მოტივირებულია". ასეთი შეფასების გამო თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „მოღალატედ" და „ავანტიურისტად" შერაცხა.
ქართული პოლიტიკური კრიზისის ფესვები ჯერ კიდევ ერთი წლის წინ დაწყებულ გამოძიებაშია, რომელშიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვა იყო გახვეული. ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატის თქმით, „ვაშინგტონში თვლიან, რომ როცა ერთდროულად რამდენიმე გამოძიება მიმდინარეობს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ეს შემაშფოთებელია". „ქართული ოცნება" თავს ჯერ ოპოზიციას დაესხა, ახლა კი შეტევას საკუთარი კოალიციის წევრებზე იწყებს", - ამბობს გაზეთთან საუბარში ქართველი ოპოზიციონერი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწრაფად განაცხადა, რომ კოალიციის შიგნით არსებული პრობლემები ევროკავშირთან დადებულ შეთანხმებაზე გავლენას არ მოახდენს. თეორიულად კოალიციიდან „თავისუფალი დემოკრატების" გამოსვლის შემდეგ ხელისუფლებამ შეიძლება საპარლამენტო უმრავლესობა დაკარგოს, თუმცა ამ პარტიის ზოგიერთმა წევრმა, მაგალითად, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მთავრობისადმი ერთგულება გამოხატა.
რაც შეეხება საქართველოს პოლიტიკას, მის „რუხ კარდინალად" „ქართული ოცნების" დამაარსებელი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი რჩება, - აღნიშნულია პუბლიკაციაში.