ირანული შამათის მოლოდინში

ირანული შამათის მოლოდინში

[ა/ო “რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტი”]
ირანი მზადყოფნას აცხადებს თურქეთში გაიტანოს 1200 კილოგრამი დაბალგამდიდრებული ურანი, რომლის სანაცვლოდ ვენის ჯგუფის წევრებმა ერთი წლის შუალედში უნდა უზრუნველყონ 120 კილოგრამი გამდიდრებული ურანის შეტანა ირანში სამოქალაქო საჭიროებისათვის. შეთანხმების მიღწევა მნიშვნელოვანწილად განაპირობა ბრაზილიის პრეზიდენტის, ლულა და სილვასა და თურქეთის პრემიერ მინისტრის რეჯებ ტაიპ ერდოღანის აქტიურობამ. 17 მაისს ირანის, ბრაზილიისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბირთვული საწვავის შესახებ.

ცხადია, ორივე ქვეყანას სურს, სახელმწიფოთა შორის დონეზე პრესტიჟის ამაღლება საერთაშორისო საზოგადოებისათვის ტვირთად ქცეული პრობლემის გადაწყვეტით. ანარქიულ საერთაშორისო სისტემაში პრესტიჟის იერარქიის საფეხურებზე ამაღლებას თითქმის მსგავსი სცენარით, 2008 წელს თურქეთი ცდილობდა, წამოაყენა რა ინიციატივა “კავკასიის სტაბილურობისა და უსაფრთხოების პლატფორმის” შექმნის შესახებ.

აღნიშნული საკითხისადმი დაინტერესებას ჩვენთვის კიდევ უფრო ამძაფრებს საქართველოს ხელისუფლების მცდელობები - გადავიდეს ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე. საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა “ბირთვული საწვავის შესახებ შეთანხმება” ასე შეაფასა: “ეს არის ირანის, შეერთებული შტატების, ევროპისა და მთელი სოფლიოს გამარჯვება. ეს არის თურქეთის და, რა თქმა უნდა, საქართველოს გამარჯვებაც”.

ირანისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ხელი მოაწერეს თამნამშრომლობის შეთანხმებას. შეთანხმების მიხედვით, სექტემბერში გაუქმდება სავიზო რეჟიმი, გახორციელდება პირდაპირი ფრენა ორ ქვეყანას შორის, ირანი ბათუმში გახსნის საკონსულოს. თეირანი ახალ პარტნიორთან საქმეების წინ წაწევის მიზნით თბილისში საგარეო საქმეთა მინისტრს მოთაქის გამოგზავნასაც აპირებს. მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, აშშ გაგებით ეკიდება ირან-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავებას. ეს ნათლად გამოჩნდა ჯონ ბასის ინტერვიუში, რომელიც გაზეთ “რეზონანსში” დაიბეჭდა, თუმცა არავის არ აქვს ილუზია იმისა, რომ აშშ “ქართულ ინიციატივებს” განსაკუთრებულ კონტროლს არ გაუწევს.

ბუნებრივია, რომ საქართველოში ჩამოსულ ჰილარი კლინტონს (ის თბილისს ამ დღეებში ეწვევა) საქართველოს უმაღლეს ხელისუფლებასთან სხვა დანარჩენ საკითხებთან ერთად შეკითხვები აღნიშნულ თემაზეც ექნება, რადგან დეკლარირებული შეთანხმების მიუხედავად, ირანის მიმართ შეერთებული შტატების პოზიცია არ შეცვლილა. სახელმწიფო მდივანმა ბრაზილია-თურქეთ-ირანის შეთანხმების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მსგავსი მცდელობები კიდევ უფრო ამძიმებენ სიტუაციას საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, რადგან ირანს აძლევენ დამატებით დროს. მან მეორე დღესვე განაახლა საუბარი ირანის წინააღმდეგ სანქციების განხორციელების აუცილებლობაზე.

რუსეთის კვლევების საქართველოს ინსტიტუტის საბჭოს წევრი, ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ თურქეთი-ბრაზილია-ირანის შეთანხმების ფაქტის გათვალისწინება პირველ რიგში მოუწევს ამერიკის შეერთებულ შტატებს და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას. აბაშიძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული შეთანხმების, როგორც ფაქტის, იგნორირება შეუძლებელია.

ზურაბ აბაშიძე: “საქართველოს ხელისუფლება ამ ეტაპზე უნდა მოერიდოს რაიმე სახის მკვეთრი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას, ან განცხადებების გაკეთებას. ზომიერება როგორც ყოველთვის ყველა სფეროში საჭიროა, თუმცა თავისი სასიცოცხლო ინტერესების დაცვა მან უნდა მოახერხოს”.

საგულისხმოა და გასათვალისწინებელი ის ფაქტი, რომ სანქციების გატარებას სხვადასხვა მიზეზით, მაგრამ ერთიანი გადაწყვეტილებით ეთანხმება უშიშროების საბჭოს ყველა მუდმივი წევრი, მათ შორის – რუსეთიც. ირანის პრეზიდენტის აჰმადინეჯადის განცხადებით “რუსეთის ასეთი პოზიცია მიუღებელია და რუსეთმა მას უნდა გადახედოს, რათა არ მოხვდეს ირანის ისტორიული მტრების სიაში”.

ამ განცხადების საპასუხოდ რუსულმა მხარემ აღნიშნა, რომ მისი პოლიტიკა არც პრო-ამერიკულია და არც პრო-ირანული, არამედ პრო-რუსული, ეს ასეა და ასეც იქნება. ძნელი სავარაუდოა, როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთ-ირან-დასავლეთის ურთიერთობებში, ან რამდენად ეფექტური იქნება სანქციები, მაგრამ ცხადია, რომ ირანის საკითხი რთულ ფაზაში შედის. ამ გართულებული ურთიერთობების ფონზე ქართული დიპლომატია ირანთან ურთიერთობების გაღრმავებისკენაა მიმართული.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში არ გამორიცხავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში გაჩნდა მიტოვებულის სინდრომი, რაც, თავის მხრივ, აღნიშნულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაში აისახა.

“თუ გავითვალისწინებთ, ერთი მხრივ თურქეთ-საქართველოს და მეორე მხრივ ირან-საქართველოს ეკონომიკურ და უსაფრთხოების (ენერგეტიკულ) სფეროში ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რეგიონალურ პოლიტიკაში მნიშვნელოვანი წინაგადადგმული ნაბიჯია. მაგრამ ამ შემთხვევაში, ალბათ ზომიერებაა საჭირო და თუკი აუცილებელია სიჩქარე, მხოლოდ – ნელა... თითოეული ნაბიჯის გაანალიზების შემდეგ. ირანი, რომელიც საქართველოს გავლით გეგმავს ახალი ენერგეტიკული დერეფნის შექმნას, წერს ახალ-ახალ სცენარებს, რომ, როცა დრო დადგება, ირან-კავკასიურ სამეულთან ერთად შეძლოს „შამათის” თქმა” - ამბობს ანალიტიკოსი ფაჰიმ თაშთექინი. თუმცა ე.წ. ”საექსპერტო საზოგადოება” დღეს უკვე საუბრობს იმ შენიშვნებსა და მითითებზე, რომელიც კონკრეტულ თემასთან დაკავშირებით უკვე მიიღო საქართველოს უმაღლესმა ხელისუფლებამ, თუმცა სხვა თემაა რამდენად გასათვალისწინებელია ეს კორექტივები.

ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ – http://itv.ge/?p=76047