მაკა მოსიაშვილი ჟურნალისტია, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დააპატიმრეს... მართალია, მაკას დანაშაული არ უღიარებია, მაგრამ საპყრობილეში ხუთი წელი გაატარა - “მატროსოვის ციხე”, ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ვადამდე დატოვა... ისე, ჟურნალისტის დაპატიმრება შეიძლება, პოლიტიკურ ანგარიშსწორებადაც ჩაითვალოს - დაპატიმრებამდე მაკა მოსიაშვილი მაღალჩინოსანი კახელი “ნაციონალების” შავ-ბნელ საქმეებს იძიებდა... საგულისხმოა, რომ საქმეში ბრალდებული, სააკაშვილის “მარჯვენა ხელი”, ამჟამად ქვეყნიდან გაქცეული ზურაბ ადეიშვილი ფიგურირებს... “ქართული სიტყვა” გთავაზობთ ამონარიდს მაკას ციხის დღიურიდან... სხვათა შორის, სამი შვილის დედის ციხეში დაწერილი დღიური მალე წიგნად გამოვა, რომელსაც ასე ერქმევა - “ამბები მიხეილის ციხიდან”...
მარინა
მოკლედ, რამდენიმე დღის წინ გავიგე: მარინა გარდაცვლილა...
მარინა ციხეში გავიცანი, თუმცა ამას გაცნობა პირობითად ერქვა...
9 თუ 10 წელი ჰქონდა მისჯილი...
ყველასგან იზოლირებული იყო - ტუბერკულოზის ასეთი რთული ფორმა “ზონაზე” დიდი ხანია, არავის ჰქონია...
დაჭერამდე სალონში სტილისტად მუშაობდა. დაჭერის მერეც იგივე ხელობა გააგრძელა - “ზონაზე”, თვეში ერთხელ, ერთი საათით შემოჰყავდათ... პირზე ბადე ჰქონდა აფარებული და ამ ერთ საათში, ვისაც უნდოდა, ყველას თმას ჭრიდა...
არ მახსოვს, ვინმეს ეუკადრისა და ეთქვა, რომ მარინასთან მიკარების ეშინოდა...
თვითონ იყო ძალიან ფრთხილი და კაცთმოყვარე...
2013 წელს, განთავისუფლებიდან 2 თვეში, აბასთუმანში გარდაცვლილა...
უთქვამს: ის ვნახე, რაც ამ დედამიწაზე ყველაზე საინტერესო იყო - ვნახე ციხე და წავალ იქ, სადაც მარადიული თავისუფლება მელოდება!
საბო
საბო გვარია...
ნადეჟდა ჰქვია...
ისეთი ლამაზია...
ისეთი უთქმელი...
ისეთი მეამბოხე და სამართლიანი....
მის სულში ყველაფერია მოქცეული...
საბოს მამა რომელიღაც თეატრში რეჟისორად მუშაობს, თუმცა მას მერე, რაც პირველი ცოლი და ქალიშვილი მიატოვა, ნადეჟდა არასოდეს უნახავს...
გოგონას მალე დედა გარდაეცვალა...
მოკლედ, საბოს ძალიან მძიმე ისტორია აქვს...
ღამეები არ ეძინა...
სულ შოკი ჰქონდა...
სიზმარში თავის გარდაცვლილ ბიჭუნას ხედავდა და ისტერიკა ეწყებოდა...
ძალიან, ძალიან, ძალიან ცუდად იყო...
დაობლების მერე, ცხოვრება მოიწყო - ღამე ბარში ცეკვავდა, დღისით კი, ნაქირავებ ბინაში ფუსფუსებდა, როგორც პატარა დიასახლისი...
მერე...
ვიღაც გაიცნო...
იმ ვიღაცისგან ორსულად დარჩა...
თავიდან ერთად იყვნენ...
მერე...
ის დაიჭირეს და დარჩა ისევ მარტო...
ბიჭუნას, საღამოობით, “დიაზეპამს” აძლევდა, რომ დაეძინა, თავად კი, ბარში წასულიყო და ეცეკვა...
გამთენიისას უბრუნდებოდა შვილს...
- დამტოვებელი რომ მყოლოდა, ხომ არ დავალევინებდი “დიაზეპამს”?! ვერც ბავშვთა სახლისთვის ვიმეტებდი - მას ხომ დედა უნდოდა ისე, როგორც მე მინდა დედა...
ერთხელაც, შემთხვევით, აფთიაქში მცირე დოზის მაგივრად, დიდი დოზის პრეპარატი მისცეს...
ბავშვი დააძინა...
ბარში სამუშაოდ წავიდა...
დილით, შინ რომ დაბრუნდა, პატარა ვეღარ გააღვიძა...
თავად დარეკა სასწრაფოშიც, პოლიციაშიც...
შველას ითხოვდა...
უნდოდა, მის შვილს ეცოცხლა, მაგრამ...
პატარა უკვე ცათა სასუფეველში იყო გადასახლებული...
აი, ასე...
არც სასამართლოზე წასულა, არც განაჩენი გაუსაჩივრებია. პირიქით, ყველაფერს მშვიდად და უთქმელად შეხვდა...
საბოს სიცოცხლის დიდი სურვილი არ ჰქონდა...
ახლა ტუბერკულოზი აქვს, “ზონაზე”, „გადაკეტილებში“ ზის...
ამბობენ, რომ ძალიან მძიმედ არის...
მე კი, სულ მაინტერესებს, სად არის მამამისი, ერთხელაც რომ არ უკითხია შვილი?!
P.S. ახლახან გავიგე, რომ ერთი უვადოდ დაჭერილი ქალი გაუთავისუფლებიათ, თუმცა რახილა, გათავისუფლებიდან ერთი თვის მერე, შინ, ტუბერკულოზით გარდაიცვალა.
ციხის ტუბერკულოზთა განყოფილებაში კიდევ ერთი ქალი იხდის სასჯელს, 5 შვილის დედა, რომელსაც საქმე სტრასბურგში აქვს გასაჩივრებული... რომ დაიჭირეს, ხუთივე შვილი არასრულწლოვანი იყო... ამ ქალთან ერთად მისი დაც დაიჭირეს, 4 შვილის დედა.... გავიგე, რომ მის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება... ამ ქვეყანაში ტუბერკულოზი მძვინვარებს!