“ნაციონალებისგან” ნაწამები სულხან მოლაშვილის მამა სკანდალურ ისტორიებს ჰყვება

“ნაციონალებისგან” ნაწამები სულხან მოლაშვილის მამა სკანდალურ ისტორიებს ჰყვება

ერთ დროს ყველაზე ცნობილიმიშას პატიმარისულხან მოლაშვილი გამართლებულია - ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაჩენი გამოიტანა და კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე დაზარალებულად სცნო. ვერდიქტის მიხედვით, ფინანსური კომპენსაციის გარდა, საქართველოს სახელმწიფო ვალდებულია, ერთი წლის განმავლობაში, ხელახლა გამოიძიოს მოლაშვილის წამების ფაქტები და ამ პროცესს მონიტორინგს სწორედ ევროპელები გაუწევენ. სულხან მოლაშვილი საქართველოში ახალი წლის დღეებში ჩამოვა, მანამდე კი, მკურნალობის კურსს საფრანგეთში გადის, ქვეყანაში, სადაც პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. სულხანის მამა, ბატონი თამაზი ისტორიადქცეულ წლებს უცრემლოდ ახლაც ვერ იხსენებს და ამბობს, რომ იმ ხელისუფლებასთან ბრძოლა ძალიან ძნელი იყო დამამა-პაპურიკახური გინების მეტი არაფერი შეეძლო, რასაც სააკაშვილის ხელისუფლებას არ აკლებდა... “ქართულ სიტყასთანსაუბრისას, თამაზ მოლაშვილმა საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი ბევრი ფაქტი გაიხსენა...

- ბატონო თამაზ, ერთმანეთს ბოლოს რომ შევხვდით, მითხარით, როცა ყველაფერი დამთავრდება, ერთი კარგი ქეიფი უნდა გავმართოო..

- სიტყვაზე დამიჭირეთ ხომ?

- განა, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ის არაა, რის გამოც სუფრას შლიდით? გამართლდა თქვენი იმედი?

- ლოდინი ყველაზე დიდი კოშმარი იყო. როცა ადვოკატებს ვეკითხებოდი, როდის დადგებოდა შედეგი, მეუბნებოდნენ, რომ მათი გაგზავნილი საჩივრებიდან უმეტესობა მიშა სააკაშვილს “ურტყამდა” და რადგან მოქმედი პრეზიდენტია, ალბათ, ერიდებიან და განაჩენი ამიტომ არ გამოაქვთო. ეს ვერდიქტი შეეძლოთ, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც გამოეტანათ, მაგრამ მაშინ ამას ერთი ამბავი მოჰყვებოდა. ჩემი აზრით, სააკაშვილის აქედან წაბრძანებას დაუცადეს და განაჩენიც გამოიტანეს.

როგორც მახსოვს, 2006 წლის 26 მაისს, ერთ-ერთ გაზეთში ჩემი ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც ვწერდი, სააკაშვილი, თავისი დორბლიანი ტუჩებით, საქართველოს უნდა მოსცილდეს-მეთქი. ახლობლებთანაც სულ ვამბობდი, წიხლს კრავენ თუ ხალიჩას დაუგებენ, სააკაშვილი საქართველოში ვერ იცხოვრებს-მეთქი. ჩემი ასაკის კაცს სიზმარი დაეჯერება და ნათქვამი რომ ამიხდა, მიხარია...

- თქვენი შვილის წამებაში დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილია?

- ის დღე, სულხანის წამების შემდეგ, პროკურორ გრიგალაშვილთან რომ მივედი, არ დამავიწყდება. იქ პროკურორი პაპავაც დამხვდა. ორივეს ისეთი ლექცია წავუკითხე, პირი დააღეს.

- რა უთხარით, ბატონო თამაზ?

- როცა ჩემი შვილები ცხოვრების ასპარეზზე გამოდიოდნენ, ვეუბნებოდი, შვილებო, შეგიძლიათ, თავაწეულებმა იაროთ, რადგან ვერავინ შეგხვდებათ, ვინც გეტყვით, რომ მახე დავუგე, გადავაგდე და ათასი არაკაცობა ჩავიდინე-მეთქი. პედაგოგი ვარ და ცუდი არავისთვის გამიკეთებია. გრიგალაშვილსა და პაპავას ვუთხარი, ამის თქმის უფლება თქვენი შვილებისთვის თუნდაც იმიტომ არ გაქვთ, რომ ადამიანს ასეთ დღეში აგდებთ-მეთქი. მერე, პირჯვარი გადავიწერე, ღმერთმა ქნას, ხვალიდან ისე გაგეკეთებინოთ, რომ ამის თქმის უფლება თქვენი შვილებისთვის გქონდეთ-მეთქი, ავდექი და გამოვედი.

- არაფერი გითხრეს?

- დამპირდნენ, რომ ამ საქმეს გამოიძიებდნენ. არადა, ამ საქმეს დიდი გამოძიება არ უნდოდა - მხოლოდ ის ადამიანი უნდა მოენახათ, ვინც ჩემი შვილი საწამებლად ჯურღმულში ჩაიყვანა. ეს ის ადგილია, ელენე თევდორაძე და მათიას იორში გაგიჟებული რომ იყვნენ, რა ვნახეთო. ის კაცი მაპოვნინეთ და ყველაფერს მე გამოვიძიებ - იმ კაცის საშუალებით შევძლებ, დავადგინო, ვინ იყო შემკვეთი, ის ხომ თავისი ნებით ვერ გაბედავდა ამის გაკეთებას-მეთქი.

- ის კაცი იპოვეთ?

- რა თქმა უნდა, - ვერა... რომ მეპოვა, ის მიხეილ სააკაშვილამდე მიმიყვანდა. პროკურორებსაც ვუთხარი, თქვენ ამის გამკეთებელი არ ხართ და პატარა ბავშვი არ ვარ, რომ მომატყუოთ და დაგიჯეროთ, წამების ფაქტს გამოიძიებთ-მეთქი...
- სულხანი ევროგანაჩენით კმაყოფილია?

- სულხანი, როგორც პიროვნება, თავს ძალიან შეურაცხყოფილად გრძნობდა... არ დამავიწყდება ერთი პროცესი: მოსამართლე, თუ არ ვცდები, მეიშვილი იყო და განაჩენის გამოცხადებისას თქვა, მოეხსნა რამდენიმე მუხლიო. გაგვიკვირდა და ერთმანეთს გადავხედეთ, მგონი, სულხანს დარბაზიდან უშვებსო. საბოლოოდ კი, ერთი წელი დააკლო და სასჯელად განუსაზღვრა რვა წელი. ყველაფერი ეს სულხანზე ძალიან მოქმედებდა - რასაც გაუძლო, ხანდახან დავფიქრდები და ვიტყვი ხოლმე, რა მაგარია ჩემი შვილი-მეთქი.

- “ნაცრეპრესიებიოჯახის ყველა წევრს შეგეხოთ, არა?

- დიახ, ყველას. თორნიკე, აბა, რისთვის დაიჭირეს? - ისეთი რაღაცები გაუკეთეს, რომ მეტი არ შეიძლება და მხოლოდ იმიტომ, რომ სულხანის ძმა იყო.

- თქვენ როგორ გადარჩით?

- არ ვიცი, რას გაუწიეს ანგარიში, შეიძლება, - ჩემს ასაკს, შეიძლება იმას, რომ მეტი ხმაური აღარ უნდოდათ. ისე, რა ხელჩასაჭიდი უნდა ეპოვათ პედაგოგი კაცისთვის?

- თქვენი აზრით, ამ განაჩენით სამართლიანობა აღდგა?

- არა. სამართლიანობა მაშინ აღდგება, როცა ყველა პასუხს აგებს დაწყებული პირველივე სასამართლოდან, როცა მანუჩარ კაპანაძემ საქმე გაარჩია და ყური არ დაუგდო ადვოკატების მოთხოვნებს, დამთავრებული შემკვეთებით.

ისიც მახსოვს, როცა შავგულიძემ მოსამართლეს უთხრა, დოკუმენტები და მტკიცებულებები არის, მაგრამ არ იღებთ და დედას ვერ დავიფიცებ, რომ  სიმართლეში დაგარწმუნოთო. ამ კაციდან დაწყებული, ყველა სასამართლოში იმდენი უსამართლობა გვხვდებოდა, რომ ვერ აგიხსნით. პროკურატურაც მხოლოდ ერთი მიმართულებით იყურებოდა. ყველა პროცესი ჩაწერილი მაქვს - მაშინ ამის ნებას ჯერ კიდევ მაძლევდნენ... ალბათ, მოვა დრო, როცა ჟურნალისტებს ისიც დაგაინტერესებთ, თუ როგორი სასამართლო პროცესები იმართებოდა სააკაშვილის დროს და შემიძლია, ამაში დაგეხმაროთ. ეს იქნება ნიმუში, მაშინ როგორი “უსამართლო სამართალი” გვქონდა. ეს ხომ ფაქტია და ამას ვერ გაექცევიან! ყველას ეშინოდა, ეხათრებოდა, სკამს უფრთხილდებოდა, თუ რა იყო, არ ვიცი. ამიტომDდაწყებული პირველი მოსამართლიდან, დამთავრებული კუბლაშვილით, ყველამ უნდა აგოს პასუხი. იმას კი არ ვამბობ, რომ დაიჭირონ და ცოცხები გაუკეთონ, მაგრამ უნდა გამოიყვანონ და ან ბოდიში მოახდევინონ ან სხვა ფორმა მოუძებნონ. ჰუმანისტი ვარ და ვერ ვიტყვი, დაიჭირეთ და თავი მოჭერით-მეთქი. უბრალოდ, მინდა, ყველას დავუმტკიცო, რომ არ იყვნენ მართლები!

არც საზოგადოება იყო მართალი. სულხან მოლაშვილი რომ აწამეს, მაშინ მთელი ხალხი ფეხზე რომ დამდგარიყო, დღეს გირგვლიანი ცოცხალი იქნებოდა,  ვაზაგაშვილიც ცოცხალი იქნებოდა, ჩაცხრილული ბიჭებიც ცოცხლები იქნებოდნენ. წაყრუებამ მიიყვანა ეს ქვეყანა იქამდე, სადამდეც მივედით! სულხან მოლაშვილი პირველი იყო, ვისგანაც დაიწყეს  და შემდეგ, რაც მოჰყვა ამ ამბავს, ყველამ ვიცით. საბერძნეთში “რიკოშეტით” კაცს ტყვია მოხვდა და მთელი საბერძნეთი ფეხზე დადგა. ამის გაკეთება ჩვენს ხალხს არ შეეძლო? ყველას ეშინოდა. ორასამდე ადამიანმა სულხან მოლაშვილს მხარი დაუჭირა და მიშამ სულ ჩარეცხილები ეძახა.

ახლა ისეთ რამეს მოგიყვებით, რაც სულხანმაც არ იცის: ბოკერიას ერთმა ნათესავმა, იცით, რა მითხრა? სხვათა შორის, ისიც გვარად ბოკერიაა.

- რა გითხრათ?

- როცა უკითხავს, ამ კაცისგან რა გინდაო, სია უჩვენებია, ვინ უნდა დაეჭირათ, როცა ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. იქ იყო სულხანის გვარიც. ასეთი არაადამიანური და არაკაცური საქციელით უდგებოდნენ ყველა საქმეს. მე რა შემეძლო? - კახელი კაცი ვარ და ერთს დილით შევიგინებოდი, მეორეს - საღამოს, შუაღამეს გამეღვიძებოდა და ვამბობდი, ბალიშზე როგორ უნდა მედოს თავი, როცა ჩემი შვილი ამ დღეშია-მეთქი... ახლაც მეტირება.

- როგორ გაგრძელდება სულხან მოლაშვილის და სახელმწიფოს ურთიერთობა? - რას ითხოვს სულხან მოლაშვილი, როგორც დაზარალებული?

- არ მინდა, რაც სულხანს გაუკეთეს, სხვასაც ის გაუკეთონ! უბრალოდ, ჩვენმა მთავრობამ საქმე იქამდე მიიყვანოს, რომ თავისი დანაშაული ყველამ აღიაროს.

- რაც შეეხება ფინანსურ მხარეს, ქონება სასამართლოს გადაეცით...

- ახლა, წავკისის სახლზე რომ არის ლაპარაკი, იცით, სინამდვილეში, რა მოხდა? - არ მახსოვს, რომელი წელი იყო, დღე მახსოვს - 14 ივლისი... გვითხრეს, რომ თუ სახელმწიფოს ქონებას გადავცემდით, სულხანს გამოუშვებდნენ. ატყდა ერთი ამბავი, ნათესავებმა და ახლობლებმა შეკრიბეს ფული და ვიყიდეთ ეს სახლი. სააკაშვილს უნდოდა, აქ ლენტი გაეჭრა. როცა ასეთი შემოთავაზება მივიღეთ, ბევრნი შევიკრიბეთ. ჩემმა რძალმა შუბლზე ხელი შემოიკრა და თქვა, უარი რომ ვთქვათ, სააკაშვილი ქმარს მომიკლავს და სამ შვილს რა ვუყოვო. სასწრაფოდ გამაგზავნა პროკურატურამ გარდაბანში, საიდანაც უცებ წამოვიღე საბუთები იმიტომ, რომ უკვე ყველაფერი გამზადებული ჰქონდათ. 17 ივლისს კი, ჩემმა რძალმა საჩუქრად გადასცა ეს შენობა ეკონომიკის სამინისტროს. მეორე დღეს, 12 საათზე ველოდით, რომ სულხანს გამოუშვებდნენ, მაგრამ გვითხრეს, ვერ გამოვუშვებთო. დავიწყე კახური გინება და ვეღარ გამაჩერეს. ჟურნალისტები მომცვივდნენ, პრეზიდენტს აგინებთო? პრეზიდენტს - არა, მიშა სააკაშვილს ვაგინებ, მაგისი-მეთქი.

- ეს შენობა ახლა ვისია?
- სიმართლე გითხრათ, არ დავინტერესებულვარ... ვიღაცამ თქვა, რამდენიმე ქალი ცხოვრობსო.

- როგორც ვიცი, ერთი დაპირება კიდევ გქონდათ...

- დიახ, ნათქვამი მაქვს და ნეტავ, შემასრულებინა: როცა სამსახურში, ორხევში მივდიოდი, ყოველ დილას, “რეზბალნიცაზე” სულხანისთვის გაზეთები მიმქონდა. დაცვის თანამშრომლები ხუმრობით ფოსტალიონსაც მეძახდნენ. ერთ-ერთი მისვლისას ბიჭებს დავპირდი, მიშა აქ რომ მოხვდება, ორმოცი დღის განმავლობაში, გაზეთებს შევუგზავნი-მეთქი.
- ბატონო თამაზ, რამდენის გადახდა დააკისრა სასამართლომ სახელმწიფოს?

- ჩვენ ლარიც არ მოგვითხოვია. სასამართლომ დააწესა, რომ სახელმწიფომ, სამი თვის განმავლობაში, სულხანს 20 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვალდებულია, პროცენტი დაამატოს. ამის შესახებ განაჩენში დაწვრილებითაა აღნიშნული. გარდა ამისა, სასამართლო ვალდებულს ხდის საქართველოს მხარეს, ერთი წლის განმავლობაში, გამოიძიოს სულხან მოლაშვილის წამების საქმე, რასაც მონიტორინგს ევროპელები გაუწევენ.
- ხომ არ იცით, დაიწყო თუ არა პროკურატურამ ხელახალი გამოძიება?

- ჯერ არავინ შემხმიანებია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საქმე მიხეილ სააკაშვილამდე მივა. სიბერე კი გამიმწარეს მაგ შობელძაღლებმა, მაგრამ გულს იმით ვიფხან, რომ ვაგინებ! კიდევ რომ ყელყელაობენ! კაცურად, გამოდი და თქვი, აღიარე, რა! ეს მაგიჟებს: არ უნდათ, აღიარონ, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეები არიან.