თბილისში მინისტრებმა კაბინეტები ერთიმეორის მიყოლებით დატოვეს. მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ისინი თანამდებობებიდან ყველა საკუთარი ნებით მიდიან: თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია თვითონ არ გადამდგარა, იგი თავისმა შეფმა - პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოხსნა. რაც შეეხება საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრებს - მაია ფანჯიკიძეს და ალექსი პეტრიაშვილს, ისინი იძულებულნი გახდნენ, მხარი დაეჭირათ ირაკლისათვის - პირველი მისი ცოლისდაა, მეორე კი - უახლოესი თანაპარტიელი, სხვანაირად არ გამოვიდოდა. ასეა თუ ისე, ეს სამეული საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებაში პროდასავლური ორიენტაციის გარანტებად და ბურჯებად ითვლებოდნენ, დღეს კი ოპოზიციაში არიან.
ახლა უკვე აღარაა ისეთი მნიშვნელოვანი, რამდენად საფუძვლიანია ირაკლი ალასანიას თანამშრომლების წინააღმდეგ მიმართული ბრალდებები, რის გამოც ეს აჯაფსანდალი დაიწყო. მთავარია, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა ეს ყველაფერი პროდასავლურ ორიენტაციაზე თავდასხმად შეაფასა. როგორც კავკასიის მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის დირექტორი, პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, ქართული პოლიტიკური ელიტის შიგნით არის იმის ეჭვები, რომ კოალიციის ზოგიერთი წევრი, უპირველესად კი ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება" თავის დასავლურ ორიენტირს ნელ-ნელა ჩრდილოურზე შეცვლის. „ბევრი ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დასავლური მიმართულება მხოლოდ ფორმალურად გამოაცხადა, სინამდვილეში კი მას დაგეგმილი აქვს, გეზი რუსეთისაკენ აიღოს. ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან გათავისუფლება ამ გეგმის ნაწილია. ცხადია, კატეგორიულად ამ ეჭვების მტკიცება რთულია, მაგრამ მე პირადად მგონია, რომ კოალიციის ბევრი წევრი პოსტსაბჭოთა სივრცეს უფრო ამჯობინებს, ვიდრე ევროპულს", - ამბობს გია ნოდია.
„ქართული ელიტა უკვე ერთმანეთის მოწინააღმდეგე ბანაკებად გაიყო და ისინი ურთიერთშეურაცხმყოფელ განცხადებებს აკეთებენ. არსენალი ერთნაირია. შემდეგი ეტაპი იქნება კომპრომატების ომი, - თვლის რუსეთის საფინანსო უნივერსიტეტის პოლიტიკური კვლევების ცენტრის დირექტორი პავლე სალინი, - ომმა კი შეიძლება ახალი „ფერადი" რევოლუცია გამოიწვიოს - იმის მსგავსი, რომლის მეშვეობითაც ათი წლის წინათ საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი ვიხილეთ... ორივე ჯგუფმა - ერთი მხრივ, „პროდასავლურმა" ირაკლი ალასანიას მეთაურობით და მეორე მხრივ, ჩავთვალოთ პირობითად, „პრორუსულმა" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გადაწყვიტა, რომ უკვე დროა, თავიანთი უთანხმოება სააშკარაოზე გამოტანონ, რომ დამალვა უკვე აღარ მოხერხდება. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება აქტიურად ისარგებლებს ადმინისტრაციული რესურსით და კომპრომატებით... ქართველები ძალიან ემოციური და [ტემპერამენტიანი] ხალხია, ისინი სწრაფად ღიზიანდებიან, იოლად ბრაზდებიან, ამიტომაც, ალბათ, ქუჩის უწესრიგობები იქნება..."
ახალი „ვარდების რევოლუცია" საშიშია არა მარტო პოლიტიკური ელიტისათვის, არამედ ისედაც საკმაოდ შეფერთხილი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის. საკმარისია, გავიხსენოთ 2004 წლის დროინდელი აჭარის კრიზისი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტად არჩევას მოჰყვა. მართალია, რთული სიტუაცია იყო, მაგრამ იმ პერიოდში მაინც მოხერხდა ურჩი ავტონომიური რესპუბლიკის გაკონტროლება, დღეს კი... ამ წლების განმავლობაში აჭარამ, რომელიც ადრე ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა და მისი ერთ-ერთი ვილაიეთი (პროვინცია) იყო, უკვე თურქეთთან ძალიან მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირები გააბა - ბევრად უფრო მეტი, ვიდრე ივანიშვილმა რუსეთთან ან ალასანიამ ბრიუსელთან... და როცა მომენტი დადგება, ბათუმმა შეიძლება უარი განაცხადოს მორიგი ცივილიზაციური არჩევანის გაკეთებაზე საქართველოსთან ერთად.
იური მაცარსკი, „კომერსანტ FM"-ის პოლიტიკური მიმომხილველი