ნაციონალებმა ჩანერგილების ამოქმედება დაიწყეს

ნაციონალებმა ჩანერგილების ამოქმედება დაიწყეს

ვინ და რატომ ემუქრება გადაყენებით გარდაბნის გამგებელს

ნაციონალური მოძრაობა 15 ნოემბრის აქციისთვის ემზადება. უფრო ზუსტად კი, ძალიან სერიოზულად ემზადება და ცდილობს, მხარდამჭერთა მაქსიმალური რაოდენობა შეკრიბოს. საქმეში ჩახედულები ამბობენ, ნაციონალები გადამწყვეტ მომენტს (და 15 ნოემბერი გადამწყვეტი ნამდვილად არ არის) აღარ ელოდებიან და რამდენიმე რაიონში მათ მიერ ჩანერგილი ხალხი ღია კონფრონტაციაზე გადაიყვანესო. მართლაც, რამდენიმე რეგიონსა და რაიონში ,,ქართული ოცნების' რიგებიდან ისეთი ადამიანები გავიდნენ, კოალიციის თავგადაკლულ ქომაგად რომ ითვლებოდნენ და ღია დაპირისპირება დაიწყეს. ამ ყველაფერს ,,თავისუფალი დემოკრატების' გასვლაც დაერთო და მათაც დიდი გული მიეცათ...  

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში, გამგებლის წარმომადგენელმა (სოფლის რწმუნებულებს ამჟამად სწორედ წარმომადგენლები ჰქვიათ) გელა ნებუნიშვილმა პირველ ნოემბერს სოფელში აქცია გამართა. აქციაზე ორმოცამდე კაცი მივიდა. ნებუნიშვილმა კოალიცია ,,ქართული ოცნების' ემბლემით გაწყობილი ტრიბუნა დაიდო წინ და შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა. მე თანამდებობიდან მივდივარ და მივდივარ იმიტომ, რომ არ მინდა, გარდაბნის გამგებელი გარსევან ნიორაძე იყოს. მან გადაწყვიტა, მე ჩამომაშოროს საქმიანობას და ჩემზე ზეწოლას ახორციელებს. ამიტომ, მე დავაფუძნებ წინააღმდეგობის მოძრაობას და ნიორაძეს გამგებლობიდან მოვხსნიო, - ეს იყო ნებუნიშვილის განცხადების ძირითადი შინაარსი. ყველაზე საინტერესო კი ამის შემდეგ დაიწყო. გარდაბნის რაიონში ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ყოფილმა პარლამენტარმა რამინ ბაირამოვმა თბილისს შეუთვალა, 15 ნოემბრის აქციაზე 150-ის ნაცვლად, 300 კაცს ჩამოვიყვანო და წასაყვანი ხალხის რაოდენობა მან სწორედ ნებუნიშვილის განცხადების შემდეგ გააორმაგა.

პარალელურად, გამარჯვების აწ უკვე ყოფილმა წარმომადგენელმა გარდაბანში ოფისი იქირავა და მხარდამჭერების მოლოდინშია. საკმარისია ორასი კაცი, რათა გამგეობის შენობა შტურმით ავიღოთ, ნიორაძე კაბინეტში აღარ შევუშვათ, მე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გავხდები, ახალ არჩევნებს დავნიშნავთ და გამგებლის პოსტს ოფიციალურად გადავიბარებ, _ აცხადებს, თვითმხილველების თქმით, ნებუნიშვილი. ვერ გეტყვით, ეს განცხადება მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყურების შედეგია თუ ძველი ხელისუფლების ნოსტალგია, მაგრამ, გეტყვით, რომ ნებუნიშვილი რესპუბლიკური პარტიის წევრია და ამ დემარშის შემდეგ, პარტიაშიც დაიბარეს. თუმცა, ჩანს, იგი რესპუბლიკური პარტიის ლიდერებსაც აღარ ემორჩილება და ღია დაპირისპირებაზეა გადასული. მას გვერდით შვილი, რძალი, სიდედრი, ბიძაშვილ- მამიდაშვილები და ორი მეზობელი უდგას. გამარჯვებელები კი დაირაზმნენ, გარდაბნის გამგეობაში ჩავიდნენ და გარსევან ნიორაძესთან შეხვედრა ითხოვეს. ,,ჩვენ არ ვიცით, რას ფიქრობს ნებუნიშვილი, არც ის ვიცით, ვის წაყვანას თუ გამოყვანას აპირებს, ვიცით ის, რომ კოალიციას ვუჭერთ მხარს და თქვენს გვერდით ვართ. გამარჯვება ,,ქართული ოცნების' გვერდში იდგა მუდამ და ნებისმიერს, ვინც ამ გზას უღალატებს, სოფლიდან გავაძევებთ', - ასეთია გამარჯვებელთა პოზიცია. ,,ვერსია' შეეცადა გაერკვია, ვინ არის გელა ნებუნიშვილი - გამარჯვებელები არ მალავენ, რომ ნებუნიშვილს საინტერესო წარსული აქვს და რესპუბლიკურ პარტიაში მისი გაწევრიანება დღემდე უკვირთ. მათ ისიც გაუკვირდათ, რომ ნებუნიშვილს თავის დროზე ამხელა სოფლის წარმომადგენლობა ჩააბარეს და ისიც, რომ სწორედ 15 ნოემბრის წინ მოაწყო დემარში. 15 ნოემბრის აქციაზე გამარჯვებიდან წასვლას თურმე არავინ აპირებს, მაგრამ ნებუნიშვილი და მისი ოჯახის წევრები აცხადებენ, მერე ინანებთ, ნახავთ, რამდენი ხალხი გამოვაო, თუმცა იმასაც აფიქსირებენ, რომ აქციაზე ღიად გამოჩენა სარისკოა. გაირკვა ისიც, რომ ნებუნიშვილი გადადგომამდე გამგებლის მიერ ოფიციალურად იყო გათავისუფლებული და, უბრალოდ, გათავისუფლებას საკუთარი ნებით წასვლა დაარქვა. რაც შეეხება მის მიერ დაქირავებულ ოფისს. ოფისის წინ, 5 ნოემბერს, ერთი დაპირისპირება უკვე მოხდა - მისი მხარდამჭერები უბრალოდ დათვრნენ და დღის ბოლოს ერთმანეთს დაერივნენ. თვითმხილველები ჰყვებიან, ჩხუბი იმას მოჰყვა, ნებუნიშვილი გამგეობას შტურმით რომ აიღებს და გამგებელი გახდება, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს. მთვრალი ადამიანების ნაკლებობა არც პირველ ნოემბერს გამართულ აქციაზე იგრძნობოდა და სწორედ ეს მთვრალი ხალხი იყო, ჯიბეში დამალულ ქვებს რომ ყრიდა, გამგებელი არ ამოვიდა და ვიღას ვესროლოთო.

სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ფაქტია ის, რომ არამარტო გარდაბნის რაიონში, არამედ სხვაგანაც, ყოფილი ხელისუფლების მიერ ჩანერგილი ადამიანები შენელებული ნაღმის ეფექტს ატარებენ და კონკრეტულ მომენტში მოქმედებენ. ნებუნიშვილის მაგალითზე ნაციონალებმა დაინახეს, რომ ხალხი მზად არ არის მათ გასაყოლად და თუ სოფლის ყოფილი წარმომადგენელი აქამდე ამტკიცებდა, 15 ნოემბრის აქციაზე მთელ სოფელს ჩამოვიყვანო, ახლა ხვდება, რომ ოჯახის წევრების გარდა გვერდში არავინ ჰყავს. რამინ ბაირამოვმა კი თბილისში, 15 ნოემბერს წასაყვანი ხალხის რაოდენობა 150-დან 300-მდე სწორედ 1 ნოემბრის აქციის შემდეგ გაზარდა.