რაც ცივილიზებული სამყარო შეიქმნა, ხელისუფლება კრიმინალს ებრძვის. თანაც, ყველა ხელისუფალი მუდმივად იმეორებს, რომ კრიმინალის დასამარცხებლად რეფორმებს ატარებს. არანაკლებაა საომარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რადგან კრიმინალები იქაც ცდილობენ გავლენის შენარჩუნებას და ადმინისტრაციის თავის ჭკუაზე მოყვანას. უმკაცრესმა რეჟიმმა და პატიმრების (განურჩევლად ყველასი) ცემა-ტყეპამ არ გაამართლა. არც ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნაა გამოსავალი და ახალმა ხელისუფლებამ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ისევ ,,მოუჭირა'. თუმცა, ძველებურად არა და ცდილობს, ის ოქროს შუალედი იპოვოს, რომლითაც უკმაყოფილო არც თავად იქნება და არც პატიმრები. ეს კი ძალიან ძნელია, რადგან ხელისუფლების რეფორმის პარალელურად, რეფორმებს კრიმინალებიც ატარებენ.
,,გგონიათ, მხოლოდ ჩვენ გვაქვს რეფორმები დაგეგმილი და კრიმინალები მშვიდად სხედან? ისინი კონტრრეფორმებზე ფიქრობენ. ესაა ფაქტი. მაყურებლების გარეშე ციხე არასოდეს ყოფილა', _ ამ სიტყვების ავტორი სასჯელაღსრულების მინისტრის ახლადდანიშნული მოადგილე კახი კახიშვილია. ეს იყო ბოლო წლების ყველაზე თამამი და რაც მთავარია, სიმართლესთან ახლოსმდგომი განცხადება.
მაყურებლები ზონებზე ნაციონალური მოძრაობის დროსაც იყვნენ. შევარდნაძის დროს ზონებს ,,ქურდები' აკონტროლებდნენ და ახლაც არავინ მალავს, რომ მაყურებლები ციხეში ისევ არიან. რაც შეეხება კრიმინალთა რეფორმებს...
2011 წელს, რუსთავის #17 კოლონიის დირექტორმა ლაშა ბრეგვაძემ ზონაზე ჯინსის შეტანა აკრძალა. ხილიდან მხოლოდ ვაშლი დაუშვა, კარცერში კი სიგარეტისა და ჩაის ჩატანის გზა გადაკეტა. პატიმართა მასას ხილი და ჯინსები ადარდებდა, ე.წ. ბლატატას კი ჩაი და სიგარეტი, რადგან, თუ კარცერი არ ,,თბება', ანუ სიგარეტი და ჩაი თუ არ ჩადის, ზონა წითელია და იქ მაყურებელს არაფერი ესაქმება. როგორ გადაწყდა მაშინ ეს პრობლემა, წინა ნომრებში მოგიყევით (ჩაისგან მძივი გაკეთდა, დაპრესილი თუთუნის ბურთულები კი რეზინის ქოშებში დაიმალა). დღეს კი, ჯინსსა და ხილზე გიამბობთ.
,,განცხადება დაწერეთ სახალხო დამცველის სახელზე. ჯინსისა და ხილის გარდა, ანტიბიოტიკების შემოტანაც მოითხოვეთ და რაც მთავარია, ხილთან ერთად აუცილებლად მოითხოვეთ კიტრი და პომიდორი. განსაკუთრებით კიტრს ,,მიაწექით'. ზონას სჭირდება', _ მაყურებელმა გიორგი კ-მ ორგანიზება ე.წ. კაი ბიჭებს დაავალა.
მათაც ერთ-ერთ პატიმარს განცხადება დააწერინეს, მერე ყველა საკანი დაიარეს და კაიბიჭების გარდა (ისინი ასეთ განცხადებას ხელს არ აწერენ) ხელი ყველას მოაწერინეს. შესაბამისად, 1 500 პატიმრის ხელმოწერილი განცხადება მეორე დღეს სახალხო დამცველის მაგიდაზე იდო.
პატიმრებს პასუხი ათ დღეში უნდა მიეღოთ, მაგრამ ათი დღე ისე გავიდა, პასუხი კი არა, ისინი არც არავის მოუკითხავს. მაყურებელმა ბლატატა ისევ შეკრიბა და გამოაცხადა: ,,ახლა ჩვენი სამოქმედოა, პეხოტამ შესაძლებლობები ამოწურა. ხვალ კამერებთან ათი პატიმარი ვენას გადაიჭრის. ბიჭები შეარჩიე. თან ისეთები, ვენის გადაჭრა რომ იციან, ტრუპები არ გვინდა. კიდევ ათი კაცი ,,კუსაჩკის' თავს გადაყლაპავს. ამან უნდა გაამართლოს. წერილი გაამზადეთ და გაუშვით, ხვალ 12 საათზე მზად იყავით'.
მეორე დღეს, ზუსტად 12 საათზე, ზონის ტერიტორიაზე დამონტაჟებულ ერთ-ერთ ვიდეოთვალთან 20 პატიმარი იდგა, დანარჩენები კი თვალს ადევნებდნენ. ათმა ,,კუსაჩკის' თავი გადაყლაპა, მეორე ათმა კი, ბრიტვით ვენები დაისერა.
ზონაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ყველა პატიმარი საკანში დააბრუნეს. ის ოცი კი, სასწრაფოდ გააქანეს ციხის საავადმყოფოში. ბრეგვაძე გიჟს ჰგავდა. მაშინვე მაყურებელი იხმო. იმანაც მშვიდად განუცხადა: ,,ხვალ კიდევ 20 პატიმრის წაყვანა მოგიწევს საავადმყოფოში. მერე კიდევ ოცის. მერე კიდევ. აირჩიე _ ან ხილი, კიტრი, პომიდორი და ჯინსები, ან სკანდალი'.
მეორე დღიდან ციხეში ჩამონათვალი ,,გამწვანდა' და ზონამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა ცხოვრება, თუმცა მორიგი სკანდალი ზუსტად ექვს თვეში მოხდა. ადმინისტრაციამ კიტრში დამალული ჰეროინი იპოვა. არადა, ვიზუალურად ბოსტნეულს არაფერი ეტყობოდა. ვერავინ მიხვდა, როგორ აღმოჩნდა ჰეროინი კიტრში ისე, რომ თავად ნაყოფი დაზიანებული არ იყო.
,,ამის გაკეთება მარტივია. საწერი პასტის გულს კარგად გარეცხავ, მერე ერთ ბოლოს მოუწვავ და შიგნით ჰეროინს ჩატენი. მეორე ბოლოსაც მოწვავ და ჰეროინის მცირე კონტეინერი მზად არის. შემდეგ ამ პასტის გულს კიტრის ყვავილს უკეთებ. ასიდან შეიძლება ორმა გაამართლოს და გაიხაროს, დანარჩენი ლპება. კიტრი პასტის გულის გარშემო იზრდება და მალავს მთლიანად. შეხედავ კიტრს, ჩვეულებრივია, არადა შიგნით ჰეროინია', _ აუხსნეს პატიმარ 0578-ს, რომელიც კიტრისა და ჰეროინის ამბავმა ძალიან დააინტერესა.
ბრეგვაძემ ისევ ყველაფერი გადაკეტა. უკვე რიგითი პატიმრები აუჯანყდნენ მაყურებლებს _ იმის გამო, რომ ვიღაც კაიფობდა, ჩვენ ხილის, კიტრისა და პომიდვრის გარეშე დავრჩითო. ბრეგვაძე სიამოვნებისგან ხელებს იფშვნეტდა და დეპარტამენტიდანაც ,,მწვანე' შუქი ჰქონდა ანთებული, ვისაც უნდა, ვენები გადაიჭრას, არაფერი დაუთმოო. ვითარება ძალიან დაიძაბა, უკმაყოფილო პატიმრებმა ბუზღუნს უმატეს, მაყურებლები კი გამოსავალს ვერ პოულობდნენ. პატიმარი #0578 მაყურებლების კამერაში შევიდა და მოწყენილ ბლატატას ღიმილით უთხრა _ მე ვიცი, რა უნდა ვქნათ.
მაყურებლებმა ჯერ ერთმანეთს გადახედეს, მერე პატიმარს და საკნის კარი ჩაკეტეს.
,,ზონაზე სამი ათასამდე პატიმარია. უფრო ზუსტად _ 2857. ყოველდღე 2857 პური მოაქვთ და საჭმელიც 2857 კაცზე კეთდება. თანაც დღეში სამჯერ. პრაგონი გაატარეთ და მთელმა ზონამ შიმშილობა გამოაცხადოს. არ ავიღოთ პური და საკვები. ეს ნიშნავს, რომ სამ დღეში ათი ათასამდე პური რჩება ჰაერში, პროდუქტზე არაფერს ვამბობ. წერილი დავწეროთ პარლამენტარებისა და ლტოლვილთა მინისტრის სახელზე. პური, რომელზეც უარს ვამბობთ, ჩვენმა სამინისტრომ კი არ დაიტოვოს, ლტოლვილებს დაურიგდეს უფასოდ. ამით მათ გულსაც მოვიგებთ, საზოგადოებასაც მოეწონება ჩვენი ნაბიჯი. სამი ათასამდე კაცს საქართველოში შიმშილობა ჯერ არ გამოუცხადებია. არასამთავრობოები, საერთაშორისო ორგანიზაციები ისეთ ამბავს ატეხენ, ბრეგვაძემ, ეგებ, თავის ხელით მოგვიტანოს ხილი, შიმშილობა შეწყვიტეთო. ზონის საავადმყოფოს პატიმრებმაც უნდა იშიმშილონ. 17 კაცია და ავადმყოფების შიმშილობა კიდევ ცალკე თემაა. მოთხოვნა ხილი, კიტრი და პომიდორია. ბრეგვაძე ვერ იტყვის, ჰეროინი შემოდიოდა კიტრითო. მაშინ თანამდებობა უნდა დატოვოს. ეგ კი ბაჩო ახალაიას ძმაკაცია და წასვლა არც თავად აწყობს, არც ბაჩოს. აუცილებლად დათმობენ', _ დაასრულა მონოლოგი #0578-მა.
მეორე დილით, როცა ,,ბალანდიორებმა' პურის დარიგება დაიწყეს, უარი ჯერ ერთმა კამერამ თქვა, მერე მეორემ, მესამემ... ნახევარ საათში გაირკვა, რომ ზონა პურის აღებაზე უარს ამბობდა. სამი ათასამდე კაცმა შიმშილობა დაიწყო. ეს ნამდვილი შოკი იყო. თანაც, უკვე გაფრთხილებული ჟურნალისტები და არასამთავრობოები ბრეგვაძეს კაბინეტთან ელოდნენ. ბრეგვაძემ კომენტარი არ გააკეთა, ზონაზე შევარდა და ყვირილი დაიწყო _ ყველას დაგხოცავთო. გარეთ უკვე პატიმრების მშობლები და ახლობლები გროვდებოდნენ და მოშიმშილეებს სოლიდარობას უცხადებდნენ. ვიღაც კიოდა, ვიღაც ტიროდა, ბრეგვაძე თმებს იგლეჯდა და ზონის ეზოში გიჟივით დარბოდა. შემდეგ გაჩერდა, #0578-ის კამერასთან მივიდა და ბოლო ხმაზე იღრიალა: ,,ის გველის წიწილი გამოახედეთ, ეგ მოიფიქრებდა მაგას, მაყურებლებს სად აქვთ მაგის ტვინი... გამოახედეთ-მეთქი...'
პატიმარმა ფანჯრიდან გაიხედა და მშვიდად იკითხა: ,,ვის ეძებთ, ბატონო ლაშა?!'
ბრეგვაძე გაფითრდა, მერე კი ჩუმად და დამარცვლით თქვა: ,,უკუღმა მოწყობილ ტვინს ამოგიღებ თავიდან და შეგაჭმევ. მე ლაშა ბრეგვაძე არ ვიყო, თუ ეს არ გავაკეთო. გგონია, მოგიცილებ აქედან? შენ თუ ოდესმე ციხიდან გახვიდე, დაიტრაბახე. აქ ამოგხდება სული...'
,,ბატონო ლაშა, ჩვენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვის უფლება გვაქვს. ეს არის პროტესტი, აქცია, რომელიც მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას ვნებს. ამას ვერავინ დაგვიშლის და ისე, ცნობისათვის, 12 საათი ხდება უკვე და როგორც ვიცი, ტელევიზიებიც მოსულები იქნებიან', _ გაუღიმა პატიმარმა და ბრეგვაძეც ფანჯარას გინებით მოშორდა.
საღამოს ციხის ადმინისტრაცია ყველა დათმობაზე წავიდა, თუმცა მეორე დღეს ზონამ პური ისევ არ აიღო. ბრეგვაძე დასაბმელი გახდა, ზონაზე შემოვარდა და იღრიალა _ ახლა რაღა გინდათ?!
,,არაფერი, უბრალოდ ჩვენი წილი პური გვინდა დევნილებს ჰქონდეთ დღესაც', _ უპასუხა მაყურებელმა.
,,ესეც იმ გველის წიწილის იდეა იქნება', _ ჩაილაპარაკა ბრეგვაძემ.
* * *
სწორედ ეს არის ის კონტრრეფორმები, რომლებზეც კახი კახიშვილი საუბრობდა და თუ ვინმეს ჰგონია, კრიმინალური სამყარო მშვიდად ელოდება, რას მოიმოქმედებს ადმინისტრაცია და როგორ შეზღუდავს მათ უფლებებს, ცდება. ეს არის ფარული ომი, ნერვების ომი, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს.
პატიმარი #0578