რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის ეს უცნაური კვირა იყო
ორშაბათს ის ქვეყნის ორ ხელმძღვანელს შორის ღია უთანხმოების იშვიათი გამოვლენის მოწმე გახდა. პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა მკვეთრად გააკრიტიკა ლიბიაში მოკავშირეების მოქმედება (მსგავსი პროტესტი თან ახლდა დასავლეთის ინტერვენციას ერაყსა და კოსოვოში), ხოლო პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომელმაც უფრო პრო-დასავლური მოსაზრებები გამოსთქვა, საკუთარი დამრიგებელი დატუქსა და პუტინის განცხადებებს „მიუღებელი“ უწოდა.
ამასთან დაკავშირებით კრემლის მხარდამჭერ პოლიტიკოსთა არმია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა, რადგან ლავირება მოუხდა იმ ორ ადამიანს შორის, რომელთაგან მომავალ წელს ნებისმიერი შეიძლება გახდეს რუსეთის პრეზიდენტი. როგორც ბავშვები, რომლებიც მოჩხუბარ მშობლებს შორის აღმოჩნდებიან ხოლმე, ამოძრავებთ რა თვითგადარჩენის ინსტიქტი, რაც ყველა მათგანს ახასიათებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ იმისთვის რომ როგორმე თავი აარიდონ ამ ორ ადამიანს შორის არჩევანის გაკეთებას. როდესაც ოთხშაბათს რუსეთის პარლამენტმა ამ საკითხზე საკუთარი განცხადება ჩამოაყალიბა, პოლიტიკოსებს რეალობის აღიარება მოუხდათ.
„მე მესმის რომ თქვენ კრემლის ორ კოშკს შორის გაეჭედეთ, მაგრამ ამის გამო რატომ უნდა დაზარალდეს რუსეთის საერთაშორისო რეპუტაცია?“ – იკითხა დეპუტატმა ”კომუნისტური პარტიიდან” ლეონიდ კალაშნიკოვმა, რომელიც საავიაციო დარტყმების არ დაშვების მიზნით მხარს უჭერდა რუსეთის მხრიდან გაერო-ში ვეტო-ს უფლების გამოყენებას. მისმა კოლეგა ანატოლი ლოტოვმა დუმას კომპრომისულ განაცხადებას, სადაც თანაბრად ჟღერს კრიტიკა, როგორც პოლკოვნიკ კადაფის, ასევე დასავლეთის მიმართ, „ორ სკამზე ჯდომის ხელოვნება“ უწოდა.
2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე წელიწადზე ნაკლები დრო რჩება, მაგრამ დღემდე გაურკვეველია დარჩება მედვედევი მეორე ვადით, თუ გვერდით გადგება და პუტინს დაუთმობს გზას, რომელიც ქვეყანაში ძველებურად ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია. ოფიციალური პირები მუდმივად უარყოფენ ხმებს იმის თაობაზე, თითქოს ამ ადამიანებს შორის კონკურენციაა, მაგრამ ეს კვირა გამონაკლისი იყო. სახელმწიფო ტელევიზიებმა შეძლებისდაგვარად შეფუთეს ლიბიის საკითხზე მათი უთანხმოება და ამ მომენტმა ჩაიარა, თუმცა რუსული პოლიტიკა კვლავ გაურკვეველ მდგომარეობას დაუბრუნდა. მსგავსი სიტუაცია კი შეიძლება მრავალი თვის განმავლობაში შენარჩუნდეს.
მაგრამ როგორც სჩანს, ორი მომენტი გაირკვა. ჯერ ერთი, ამ ადამიანთა კავშირის მიუხედავად, მათ დასავლეთთან დამოკიდებულების მხრივ უთანხმოება აქვთ. მეორეც, ადამიანებს მათ ირგვლივ ეშინიათ რომელიმე მხარეს დადგომა.
„საზოგადოებრივი შეთანხმება, რომელიც პოლიტიკური ელიტის სათავეში ყოფნის უფლებას გაძლევს, არჩევანს არ გულისხმობს. ამ შეთანხმების თანახმად, შენ ორი ბატონის მსახური უნდა იყო“ – ამბობს ლონდონში სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი ოქსანა ანტონენკო.
ამ პოლიტიკოსების ინსტიქტი მათ „უბრძანებს არა არჩევანის გაკეთებას, არამედ ნებისმიერი არჩევანის ჩანასახშივე ჩაკვლას – ამბობს იგი – ეს ჭაობივითაა – ისინი კონფლიქტის ნებისმიერი ნაპერწკალის ჩაქრობისკენ მიისწრაფვიან“.
ერთ-ერთი პირველი, ვინც ეს გააკეთა, პუტინის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი იყო, რომელმაც უკვე მეორე დღეს განაცხადა, რომ საგარეო პოლიტიკას მედვედევი ხელმძღვანელობს, ხოლო პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ საკუთარი მოსაზრება გამოსთქვა. პარლამენტის დეპუტატი მმართველი პარტია „ედინაია რასია“-დან ანდრეი კლიმოვი ამბობს, რომ ადამიანები რომლებიც მოვლენებს გარედან აკვირდებიან, ჩვეულებრივ აბუქებენ რუსეთის საქმეებში პუტინის ძალაუფლებას და მედვედევთან მის უთანხმოებას: „მე ვიცი ათობით შემთხვევა, როდესაც პუტინს ერთი რამ სურდა, ხოლო საბოლოო ჯამში სხვა რამ ხდებოდა“.
„ცოლ-ქმარსაც კი ოჯახში ერთსა და იმავე საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები აქვთ – თქვა კლიმოვმა, რომელიც პარლამენტის საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა – ტყუპებსაც კი შეიძლება ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეთ, ამიტომ არაფერი უცნაური არ არის იმაში, რომ ადამიანთა მიდგომებში განსხვავებული ნიუანსები ჩნდება“.
მიუხედავად ამისა, ლიბიის საკითხი მეორე პლანზე არ გადადის. ამის მიზეზი კი ის ღრმა პოპულისტური უკმაყოფილებაა, რომელიც 1999 წელს ნატო-ს მიერ სერბეთის დაბომბვის პერიოდიდან არის შემორჩენილი.
ხუთშაბათს, რუსეთის ყოფილი ელჩი ლიბიაში, რომელიც მედვედევმა ამ თვეში თანამდებობიდან გაათავისუფლა, რუსეთის მედიაში გამოჩნდა. მან უარყო ცნობა იმის თაობაზე, თითქოს მედვედევს „მოღალატე“ უწოდა, თუმცა აღიარა დეპეშის გაგზავნის ფაქტი, სადაც წერდა, რომ ლიბიასთან კომერციული კავშირების შერყევა „შეიძლება შეფასდეს, როგორც რუსეთის ინტერესების ღალატი“.
შემდეგ მან მხარი დაუჭირა პუტინის განცხადებას, რომელშიც გაერო-ს რეზოლუცია დაბომბვაზე თანხმობის შესახებ, შედარებულია „შუა საუკუნეების მოწოდებასთან ჯვაროსნული ლაშქრობისკენ“.
„ვლადიმერ ვლადიმერის ძე, რაც მე მასში განსაკუთრებით მომწონს, ძალიან მკაფიო, მოკლე და მოცულობით განმარტებებს აკეთებს“ – განაცხადა ვლადიმერ ჩამოვმა ინტერვიუში პოპულარულ გაზეთთან „მოსკოვსკი კომსომოლეცი“ – „ვფიქრობ რომ აქ ის სიმართლესთან ახლოსაა“.
კომუნისტმა დეპუტატმა კალაშნიკოვმა სთქვა, რომ ლიბიის საკითხმა ზედაპირზე ამოიტანა პუტინსა და მედვედევს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე დასავლეთთან ეკონომიკური ინტეგრაციის მომხრეა, პუტინი დიდი უნდობლობით ეპყრობა დასავლური სახელმწიფოების გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს. კალაშნიკოვის თქმით, მისი კოლეგები „ედინაია რასია“-დან ძალიან ფრთხილად უდგებიან ამ საკითხებს, რადგან არ იციან მომავალ წელს ვინ გახდება რუსეთის ხელმძღვანელი და ეს მათში „პერსონალურ სტრესს“ იწვევს.
„რაც უფრო დიდხანს შენარჩუნდება გაურკვევლობა, მით უფრო გაუჭირდებათ მათ მუშაობა – აღნიშნავს კალაშნიკოვი – ერთის მხრივ ადამიანები სიგნალს ელოდებიან, მკაფიო და გასაგებ სიგნალს იმის შესახებ, თუ ვინ იქნება კანდიდატი. მეორეს მხრივ, წარმოიქმნება კოლიზიები ისეთ საკითხებზე, როგორიც ლიბიაა. ეს იწვევს პირად დაძაბულობას. როგორ უნდა მოახდინონ ამაზე რეაგირება?“
რუსული ელიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ფაქტობრივად ამ ორ ადამიანს შორის ჩამოეკიდა და იმედოვნებს რომ პირველს „მას არ მოუწევს ჩხუბში ჩაბმა – აცხადებს „ნეზავისიმაია გაზეტას“ მთავარი რედაქტორი კონსტანტინე რემჩუკოვი - მოლოდინი თავად ლიდერებსაც ეტყობა, ასევე მათი უახლოესი წრის ჩინოვნიკებს და ბიზნესმენებს" – ამბობს იგი.
„მათ ნერვები ღალატობთ – აღნიშნავს რემჩუკოვი – ისინი ჩივიან „მეც ხომ უნდა ვიცოდე სად ვიქნები ერთი ან ორი წლის შემდეგ. უნდა ვიცოდე, ვიქნები თუ არა ამ მონოპოლიის სათავეში“. პუტინთან და მედვედევთან დაახლოებულ ადამიანებსაც სჭირდებათ სიცხადე“.
[foreignpress.ge]