რატომ ახსენებენ კულუარებში ,,კაბელების საქმეზე’‘ საუბრისას გია ხუხაშვილს, ლაშა ნაცვლიშვილსა და დავით საგანელიძეს

რატომ ახსენებენ კულუარებში ,,კაბელების საქმეზე’‘ საუბრისას გია ხუხაშვილს, ლაშა ნაცვლიშვილსა და დავით საგანელიძეს

ქართულ პოლიტიკაში მითების მსხვრევის ჟამი დგას, რაც ნიშნავს, რომ მოსაზრება, ირაკლი ალასანია ,,ხმას არასოდეს აუწევსო’‘, წარსულს ჩაბარდა. ყოველ შემთხვევაში, ევროპული ტურნედან დაბრუნებულმა თავდაცვის მინისტრმა ვიღაც დუელში რომ გამოიწვია, ეს შემდეგი განცხადებიდანაც ჩანს: ,,მთავარი, რაზეც კონცენტრირებულნი უნდა ვიყოთ, ის არის, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ამას სჭირდება გამჭვირვალე გამოძიება. დარწმუნებული ვარ ჩემი თანამებრძოლების, ჩემი თანამშრომლების სრულ უდანაშაულობაში იმიტომ, რომ ვაკვირდებოდი შესყიდვების პროცესს და ვიცი, ყველაფერი კანონთან სრულ შესაბამისობაში კეთდებოდა, თუმცა, რადგან კითხვები გაუჩნდა ვიღაცას, ამას უნდა გაეცეს პასუხი’‘.     

ვინ არის ,,ვიღაც’‘? - ეს ,,ოცნების’‘ ხელისუფლების ორწლიანი მმართველობის ყველაზე დამაინტრიგებელი კითხვაა, კითხვა, რომელსაც პასუხი ან გაეცემა, ან თაროზე ნაციონალების რეჟიმის დროს მომხდარი მკვლელობების საქმეების მსგავსად, მტვერი შეჭამს. სხვათა შორის, დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა, რომ თავდაცვის სამინისტროში ,,აწეულ’‘ სკანდალზე საუბრისას, პრემიერი მკვეთრი განცხადებების გაკეთებას მოერიდა და კითხვა, ალასანია თანამდებობას დატოვებს თუ არა, ღიად დატოვა. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, რომ კორუფციის ფაქტის შესწავლა რამდენიმე თვის წინ ანუ მანამ დაიწყო, ვიდრე თავდაცვის მინისტრი განაცხადებდა, რომ 8 ნოემბერს პარტიის ყრილობას მართავს და ,,თავისუფალი დემოკრატების’‘ თავმჯდომარედ ბრუნდება. პოლიტიკური მიმომხილველები კარგა ხანია, ამბობენ, რომ ვიღაც ორი ირაკლის დაპირისპირებას ცდილობს. ამ მოსაზრების მიხედვით, ეს ვიღაც ისაა, ვისაც ქვეყნის დასუსტება აქვს განზრახული. ჩვენში დარჩეს და, ალასანიას განცხადებაც, პრინციპში, მსგავს მესიჯებს ,,შეიცავდა’‘.

ვის აძლევს ხელს ქვეყნის დასუსტება? - ეს რიტორიკული კითხვა, ბუნებრივია, არ არის, რამეთუ ყველამ კარგად ვიცით, რომ 200 წელია, საქართველოში რუსული ,,მეხუთე კოლონა’‘ მოქმედებს. ისინი, ვინც თავს კრემლისტებად მიიჩნევენ, ამ მოსაზრებას, უეჭველი, გააპროტესტებენ, მაგრამ ფაქტი ასეთია: მაშინ, როცა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გადარჩენისთვის იბრძვის და ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ მიილტვის; მაშინ, როცა ქვეყნის მთავარი სამხედრო სწორედ ამ ევროატლანტიკური სტრუქტურების წევრ ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ცნობილი ხდება, რომ თავდაცვის სამინისტრო დიდი კორუფციის ბუდეა. საერთოდ, საათივით აწყობილი ჯარი მხოლოდ ბრძოლისუნარიანობას კი არა, კორუფციასა და სხვა მერკანტილური მიდრეკილებებისგან გათავისუფლებასაც ნიშნავს და ესაა სწორედ ნატო- ს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა. ჰოდა, ამ ფონზე რამდენიმემილიონიანი კორუფცია მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას ჰგავს - ქვეყანას, რომელსაც კორუმპირებული თავდაცვა აქვს, ნატო- ში არაფერი ესაქმება! პარლამენტის თავმჯდომარეს, მართალია, ეს აზრი სიტყვასიტყვით ასე არ ჩამოუყალიბებია, მაგრამ დავით უსუფაშვილმა მკვეთრად განაცხადა: ,,როდესაც დილით აფრინდა თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავი და იგი საფრანგეთსა და გერმანიაში ნატო- ს საკითხებზე კოლეგებთან შეხვედრაზეა, ჩემი აზრით, არ არის სწორი საქციელი, ამ ვითარებაში ბერლინში ან პარიზში მინისტრმა პირველ ნიუსად, მისი თანამშრომლების დაკავების შესახებ შეიტყოს. პროკურორს ვერ ვეტყვი, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ როდესაც ებრძვის კორუფციას, ისიც უნდა იცოდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი არ დააზიანოს. არ მინდა დავიჯერო, ვინმემ სპეციალურად, ალასანია რომ გაფრინდა, მაშინ გამოიტანა ეს საკითხი საჯაროდ. რომ გავითვალისწინოთ ამ ტიპის საკითხები და თავიდან ავიცილოთ ზედმეტი აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, სწორი და კარგი იქნება’‘. მაშასადამე, ვიღაც ,,მესამის’‘ თემა, როგორც ზემოხსენებული კომენტარებიდან ჩანს, ქვეყნის უმაღლეს ეშელონებშიც განიხილება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, თავდაცვის სამინისტროს კაბელების სკანდალმა ე.წ. ტრაქტორების საქმის ბედი გაიზიაროს _ ბოლოს, ალასანიას ბოდიში მოუხადონ ან, სულაც, უფრო გასკანდალდეს და ყველაფერში დამნაშავენი საქმის მწარმოებელ- გამომძიებლები აღმოჩნდნენ. ამ ვერსიას, ვინმეს მოეწონება თუ არა, არსებობის უფლება აქვს, მით უფრო იმ ფონზე, როცა თეთრი სახლი, საქართველოში აშშ-ს ელჩის განცხადებით, ალასანიას სრულად ენდობა.

,,მეხუთე კოლონის’‘ გარდა, არის კიდევ ერთი ვერსია, რომელზეც კულუარებში შეფარვით საუბრობენ ანუ ამბობენ, რომ ჯერ კიდევ იმ დღიდან, როცა ,,ოცნებამ’‘ ჩასახვა დაიწყო, ვიღაც- ვიღაცები ცდილობდნენ, ორი ირაკლის ურთიერთობას ,,შლეიფად’‘ დაძაბულობა ჰქონოდა. ეს ტენდენცია, თურმე, დღემდე გრძელდება და ამ კუთხით, თუ კულუარებიდან გამოჟონილ ხმას გავყვებით, განსაკუთრებით რამდენიმე პიროვნება აქტიურობს. მაგალითისთვის, სახელდება უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე, რომლის კადრებითაც პარტია ,,ქართული ოცნების’‘ თბილისის ოფისები ყოფილა დაკომპლექტებული. ,,ვერსიის’‘ ინფორმატორის ინფორმაციითვე, ალასანიას წინააღმდეგ კამპანიის კვალი, შესაძლოა, გია ხუხაშვილსა და ლაშა ნაცვლიშვილამდეც მივიდეს. მართალია, ეს ადამიანები დღეს ,,ოცნებისგან’‘ დისტანცირებულნი არიან, მაგრამ პოლიტიკურ თამაშებში კარგად გამოწრთობილები ამბობენ, რომ ,,ოცნების’‘ ,,სტაფს’‘ თავდაცვის მინისტრზე ნეგატიურ ინფორმაციებს, შხამისა არ იყოს, წვეთ-წვეთად აწვდიდნენ. ასე რომ, ყველაფერი შეიძლება, რთულად კი არა, ძალიან მარტივადაც არის და საქმე ჩვეულებრივ პარტიულ ინტრიგასთან გვაქვს, რომლის მიზანიც ირაკლი ალასანიას ,,გვერდზე გაწევაა’‘. საგულისხმოა, რომ თავად კოალიციაში აზრთა სხვადასხვაობა. აი, მაგალითად, ,,მრეწველი’‘ ზურაბ ტყემალაძე პირდაპირ ამბობს, რომ ალასანიასთან, როგორც თავდაცვის მინისტრთან, კითხვები არ აქვს. „ირაკლი ალასანიასთან არანაირი კითხვა არ მაქვს. მინდა, მას გვერდში დგომა აღვუთქვა. დარწმუნებული ვარ, თავდაცვის მინისტრს პირადად არანაირი შეცდომა არ აქვს’‘, _ აცხადებს უმრავლესობის წევრი ტყემალაძე. თუ წმინდა იურიდიული კუთხით მივუდგებით, ,,კაბელების საქმეში’‘ ბევრი საეჭვო გარემოება იკვეთება. მაგალითად, საინტერესოა, რატომ ადევს გამოძიებას გრიფი ,,საიდუმლო’‘, მით უმეტეს მაშინ, როცა თავად თავდაცვის სამინისტრო ნაწილობრივ გასაიდუმლოებას ითხოვს. რა იმალება გრიფი ,,საიდუმლოს’‘ უკან? _ ეს ბევრი ვარიაციის საშუალებას იძლევა. შეიძლება, ,,ძაღლის თავი’‘ სწორედ ისაა, რომ სახეზე კლასიკური პოლიტიკური ინტრიგა გვაქვს, რომლითაც ვიღაც თუ ვიღაცები კარიერის აწყობას ცდილობენ, თუმცა კაბელების საქმე, მსგავსების მიუხედავად, ტრაქტორების საქმე არ არის ანუ ამჯერად ლაპარაკი ქვეყნის თავდაცვაზეა, რომელსაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, როგორც იტყვიან, გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და, შესაბამისად, ყველაფერს სკურპულოზურად შეისწავლიან.