რუბრიკა ,,პრეს-ვერსიის’‘ დღევანდელი სტუმარი კონსერვატორი ბიძინა გუჯაბიძეა, რომელიც ბევრს ეროვნული მოძრაობიდან ახსოვს, ბევრს მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერობიდან, ბევრსაც კი, ე.წ. ქუჩის ოპოზიციონერობიდან, როცა ნაციონალთა მმართველობას ხან კარავში აპროტესტებდა, ხან საკანში და ხანაც რუსთაველზე... მას მერე კი, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, ძალიანაც რომ შეეცადოთ, მის ერთ მკვეთრ გამოსვლასაც ვერ გაიხსენებთ. ერთი სიტყვით, ბიძინა გუჯაბიძე ,,ვერსიას’‘ პასიურობის მიზეზებზე ესაუბრა.
- დეპუტატი გახდით, ჩოხა ჩაიცვით, ქამარ- ხანჯალი შემოირტყით და პოლიტმოღვაწეობაც დაამთავრეთ, არა?
- რას ჰქვია, დავამთავრე?! საკანონმდებლო პროცესში ყველანი ვმონაწილეობთ, ოღონდ არ ვყვირით. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვარ და იმ კანონებზე ვმუშაობ, რაც კომიტეტში შემოდის - 70-ზე მეტი კანონი მივიღეთ და არსებულ კანონში ცვლილებაც შევიტანეთ.
- რა ვიცი, ჩვენს გარემოს მაინც არაფერი ეტყობა...
- ჩვენი კომიტეტისა და გარემოს დაცვის სამინისტროს უფლებამოსილება ენერგეტიკის სამინისტროს ჰქონდა, რაც ნონსენსი იყო - ენერგეტიკის სამინისტრო გარემოს რესურსებს მოიხმარს და გარემოს როგორ დაიცავდა?! ასე რომ, გარემოს დაცვაზე კონტროლი გავამკაცრეთ.
- საამისოდ 2 წელზე მეტი დაგჭირდათ?
- არა, ეს შარშან გავაკეთეთ.
- წელს რაღა გააკეთეთ?
- წელს მივიღეთ კანონები დაცულ ტერიტორიებზე, გამოვყავით 18-დე დაცული ბუნების ძეგლი.
- ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ ხალხს ტყის მეგობარი კი არა, ის ბიძინა გუჯაბიძე სჭირდება, რომელიც 2012 წელს საარჩევნო კამპანიას კარვიდან აწარმოებდა?
- არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად რევოლუციურ რეჟიმში ცხოვრობდეს. როცა ხელისუფლება შესაცვლელი იყო, მაშინ აქტიურებიც ვიყავით და ჰიპერაქტიურებიც, ახლა კი ამის არც ასპარეზია და არც საჭიროება.
- შიმშილობდით, კარავში იჯექით, ყველა მოვლენაზე თქვენი აზრი გქონდათ. დღეს, როცა ამდენ ქალს კლავენ და ხალხს ქუჩაში ხოცავენ, ხმას რატომ არ იღებთ?
- მკვლელობების სტატისტიკა შემცირებულია. მაინცდამაინც რიცხვებს ნუ გამოვეკიდებით.
- აბა, ქუთაისიდან თბილისამდე თქვენს ბრონირებულ ჯიპებს გამოვეკიდოთ?
- სხვათა შორის, ჩვენი სამსახურეობრივი მანქანები, რომელიც ,,ოცნებას’‘ ექსპლუატაციაში 2 წელია ჰყავს, მანამდე, 5 წლის განმავლობაში, ნაციონალებს ჰყავდათ. ამ ძველი ავტოპარკის შენახვა ორჯერ მეტი გვიჯდება, ვიდრე ახლის შესყიდვა, თუმცა იმის გამო, რომ ამან ხალხში მითქმა- მოთქმა არ გამოიწვიოს, ახალ მანქანებს არ ვყიდულობთ. მომავალ წლამდე ავტოპარკის განახლებას ვერიდებით.
- გაისად რამდენი მანქანა უნდა იყიდოთ?
- ალბათ, რამდენიმეს შევიძენთ და ვეცდებით, ძალიან ძვირადღირებული მანქანები არ იყოს. იაფი მანქანების მეტი რა არის? პარლამენტში სულ 30 ადამიანს ჰყავს მანქანა, ავტოპარკი დიდი არაა, მაგრამ რაცაა, იმასაც განახლება სჭირდება.
- მოდით, რეალურ პრობლემებზე ვისაუბროთ, მაგალითად რუსეთ- აფხაზეთის ფაქტობრივ ინტეგრაციაზე...
- ამაზე პარლამენტმა განცხადება გააკეთა და ჩემი პოზიციაც იგივეა. კეთილგონივრულია აფხაზებისთვის პრემიერ ღარიბაშვილის შეთავაზება, რუსეთთან ყოფნას, დემოკრატიული საქართველოს ფარგლებში იყავით და გქონდეთ ავტონომიაო. ნაციონალებმა ეს ფრაზა სამასხარაოდ აიგდეს, მაგრამ, როცა აფხაზეთს შენთან თანაცხოვრების ყველა შანსს უსპობ, იძულებულია, აგრესორსაც კი შეეკრას. აფხაზურ საზოგადოებაშიც არის განსხვავებული აზრი - იციან, ამ ხელშეკრულების ხელმოწერით, რუსეთი მთლიანად ჩაყლაპავს და ეს არ სურთ.
- ბატონო ბიძინა, იმის თქმა გინდათ, აფხაზეთი რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შეეკრა?
- აფხაზეთი რუსეთს საკუთარი თავის წინააღმდეგ შეეკრა. ეს ცუდი პროცესია, მაგრამ ჩვენ არ დაგვიწყია და ნაციონალებისგან მემკვიდრეობით მივიღეთ.
- ორი წლის წინ ადიგენის მაჟორიტარობისთვის იბრძოდით და იქაურებს სწორედ მძიმე მემკვიდრეობისგან გათავისუფლებას პირდებოდით. მას მერე, რაც მაჟორიტარულ არჩევნებში დამარცხდით, ადიგენზე ხელი დაიბანეთ?
- იმ ადამიანებთან, ვინც ნაციონალების პროვოკაციებს არ წამოეგო, ურთიერთობა დღემდე მაქვს, მათთან კი, ვინც არაადეკვატური ბრალდებები წამომიყენა, კავშირი გავწყვიტე. ეს ჩემი შტაბის ზოგიერთ წევრსაც ეხება. ჯერ ამბობდნენ, თითქოს 4 მილიონი ავიღე და მაჟორიტარის მანდატი ამიტომ დავთმე, მერე ეს თანხა შემცირდა და 300 000 ლარი გახდა, ბოლოს, 100 000-ს ჩამოვცდი.
- ბოლოს და ბოლოს, რამდენი აიღეთ? ისიც ითქვა, კოალიციის სიით იყო დაზღვეული და მანდატს ადვილად ამიტომ შეელიაო.
- ჯერ ერთი, როცა ადიგენში მაჟორიტარად გამამწესეს, პარტიულ სიაზე ლაპარაკი არც იყო. ადიგენში წასვლა ბიძინა ივანიშვილმა პირადად შემომთავაზა, რადგან ამ რაიონს ყველა ერიდებოდა. პოლიტიკურ ვითარებას ასე დასჭირდა, ბრძოლას არ გავექეცი და ამ რაიონში, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის ორ სოფელშიც - უდე-არალში იმაზე მეტი ხმა მივიღე, ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა.
- ახლა, როცა სადავო შენობის გამო 14 ადამიანი დაიჭირეს და ჭელაში, რელიგიური მოტივით, მინარეთი ჩამოიღეს, პოზიციის ქონა პოლიტიკურ ვითარებას აღარ სჭირდება თუ რატომ დუმხართ?
- ადგილზე მუსლიმთა თემი, პოლიცია, გამგეობა მუშაობს. თუ რამეს შემეკითხებიან ან შუამავლად გამოვდგები, მზად ვარ. ახლა კი ჩემი ჩარევა რომელიმე რელიგიური ჯგუფის სასარგებლოდ, არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენს. როგორც ვიცი, იმ სადავო შენობაში არც მეჩეთი ყოფილა. ეს იყო მართლმადიდებლური ტაძრის ნანგრევზე აშენებული ნაგებობა, რომელიც 1941 წელს იქ დასახლებულმა ე.წ. თურქმა მესხებმა მიისაკუთრეს. ახლა ორივე რელიგიურ ჯგუფს ერთი და იგივე პრეტენზია აქვს. ვეძებთ გამოსავალს - იმ შენობაში კულტურულ- საგანმანათლებლო კერა შეიქმნას და მუსლიმებმაც ისარგებლონ და მართლმადიდებლებმაც. რა, ეს შენობა რომელიმე ერთ ჯგუფს მივაკუთვნოთ და მეორე დავაზარალოთ?! გარკვეულწილად, ეს მართლაც რელიგიური შუღლია, ოღონდ საწყის ეტაპზე და ხელისუფლება სწორედ მის განეიტრალებაზე მუშაობს.
- ნაციონალების მაჟორიტარის, ზურაბ ჩილინგარაშვილის თქმით, ამ შუღლს ,,ოცნება’‘ აღვივებს.
- ჩილინგარაშვილს თავის ცოდვები აქვს და იმას მიხედოს. ამ კაცის თემა ჯერ არ დახურულა. ვიცი, მის წინააღმდეგ საქმე იყო აძრული - სტადიონზე შენობის დაწვა, კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა და ა.შ. გამოძიება ახლაც მიდის, მაგრამ დეტალებით აღარ ვინტერესდები. არ ვაპირებ, ამ საქმეში კატალიზატორის როლი შევასრულო, მერე რომ არ თქვან, რაკი არჩევნები წააგო, სამაგიეროს უხდისო. რომ მეუბნებით, რატომ არ ხართ აქტიურიო, მაშინ რეჟიმს ვებრძოდი და ახლა რომელ რეჟიმს ვებრძოლო - ,,ოცნებაა’‘ ხელისუფლებაში, ნაციონალების რეიტინგი კი კვდება.
- აბა, რაღას გაიძახის მთავრობა, 15 ნოემბერს გადატრიალებას აწყობენ და ქართულ მაიდანს აპირებენო?
- ჩემი აზრით, აქციაზე 1 500-2 000 ადამიანი გამოვა, რაღაცას იყვირებს და დაამთავრებს. სულაც არ ვფიქრობ, რომ სააკაშვილი წაღებულ მილიონებს უკან მოიტანს და ამ 15 ნოემბრის აქციაში ჩადებს.
- ბატონო ბიძინა, პარლამენტში თქვენც პულტზე თითისდამჭერი ხართ?
- არა, გენაცვალე, ყველაფერი შეგნებული და გააზრებული გვაქვს და ისე ვმუშაობთ. არავითარი თითისდამჭერები ჩვენ არ ვართ.
- დეპუტატი ბიძინა გუჯაბიძე მოგწონთ?
- უფრო მეტი შეიძლება გაკეთდეს. რეფორმები საჭიროა, მთელი სისტემა დასახვეწია და ამ პროცესში ჩემი აქტიურობა ჯერ გამოკვეთილი არაა, თუმცა ყველაფერ ამას მოთმინება სჭირდება.
- და კიდევ ერთი სადეპუტატო ვადა?
- არა, არა! პოლიტიკურ პროცესებში ჩემი მონაწილეობის საჭიროებას 2016 წლიდან ვეღარ ვხედავ, არ ვარ დარწმუნებული, რომ მომავალ არჩევნებში კიდევ საჭირო ვიქნები - პოლიტიკიდან წასვლას ვაპირებ! სხვებზე არ ვიტყვი, თუმცა შემდეგ პარლამენტში ჩემს ადგილას უკეთესი დეპუტატი უნდა შევიდეს. თავს მომავალ პარლამენტში ვეღარ ვხედავ, შემდეგი პარლამენტი კი ამჟამინდელზე გაცილებით უკეთესი უნდა იყოს!