“ნაცმოძრაობა” განგაშის ზარებს არისხებს, პერმანენტული აქციებისთვის ქუდზე კაცს ითხოვს და იმუქრება, რომ ცივ შემოდგომას პოლიტიკურ ცეცხლს შეუნთებს, რომ... რუსთაველზე “მაიდანი” არაა გამორიცხული. აკი, “თბილისობას”, “რუსთავი 2”-ის ეთერში, სააკაშვილმა ღიადაც განაცხადა, რომ 2016 წლის არჩევნებს აღარ დაელოდება. მოკლედ, “შავი პრინცი” მორიგ რევოლუციას გეგმავს! ქართული ანდაზა გვასწავლის: “გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო”, მაგრამ პოლიტიკაში უკვე იმდენი გიჟი გვყავდა, რომ დავიღალეთ. მართალია, სააკაშვილზე სრული სერიოზულობით ლაპარაკი შეუძლებელია, მაგრამ საქმე არცთუ სახუმაროდ გვაქვს, რადგან საქართველო რთული გლობალური პოლიტიკის სუბიექტია, გამოწვევებიც დიდია და ჩვენს ქვეყანაში საშინაო ვითარებაც არასტაბილურია... “ქართული სიტყვა” საზოგადოებრივი ურთიერთობის სპეციალისტ არჩილ გამზარდიას ესაუბრა.
- ბატონო არჩილ, მიხეილ სააკაშვილმა, პრაქტიკულად, ახალი რევოლუცია დააანონსა. იგივე საფრთხე ხომ არ გველოდება, რაც უკრაინაში მოხდა?
- სამწუხაროდ, სააკაშვილისა და მთლიანად, „ნაცმოძრაობის“ მესიჯები კონსტრუქციულ სახეს დღითიდღე კარგავს და დესტრუქციის პროპაგანდაში გადადის. სულ უფრო და უფრო საგანგაშოა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები: “2016 წელს არის არჩევნები, მაგრამ მანამდე მოცდა არ შეიძლება... კლასიკური პოლიტიკური თამაშების დრო აღარ არის... იმ სახლში ზის ვიღაც აფხაზი...” და ა.შ. ერთის მხრივ, ამგვარი ფრაზები აგრესიული და სიძულვილის შემცველია, მეორეს მხრივ კი, სამოქალაქო ომისა და სამოქალაქო შუღლის ჩამოგდებისკენაა მიმართული.
“ნაცმოძრაობა” უკვე ოპოზიცია კი არა, ძალაუფლებადაკარგული განრისხებული ხელისუფლება გახდა და პოლიტიკური თამაშების მიღებულ წესზე მაღლა ამბოხს აყენებს. ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ შეფასებული 2003 წლის მოვლენები. სხვათა შორის, მაშინ პარლამენტში რამდენიმე პარტია მოვიდა და შესაძლებელი იყო, გზა მრავალპარტიულ მმართველობას გახსნოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეიძლება ითქვას, რომ “ნაცმოძრაობის” მმართველებსა და იდეოლოგებს აქვთ ერთგვარი კომპლექსი, მათთვის ხელისუფლებაში მოსვლა მიღებული სტანდარტული წესით მიუღებელია და მუდმივად რევოლუციურ რეჟიმში არიან. ეს რამდენადმე ხსნის იმ დიქტატის მიზეზებს, რაც მათი მმართველობისას საქართველოში იყო.
თუ თვალს გადავავლებთ სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდს, დავინახავთ რომ „ნაცმოძრაობა“ წინ კი მიდიოდა, მაგრამ არ გააჩნდა თვითშეფასების უნარი და არ ჰქონდა ნებისყოფა, რომ მოვლენების ნორმალური განვითარებისთვის ეცლიათ. ამგვარი წინაპირობა იქმნება დღესაც, პრაქტიკულად, იგივე პროპაგანდისტული კომუნიკაციების მართვის მოდელით მუშაობენ, როგორითაც - 2003-ში, ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებით: დღეს მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა ბევრად მცირეა. ეს კარგად აქვთ გაცნობიერებული და ერთადერთი გზა, რაც „ნაცმოძრაობას“ რჩება, ხელისუფლებაში ძალისმიერი ფორმით დაბრუნებაა.
- როცა ექსრეზიდენტი ასეთ განცხადებას აკეთებს, ამას გამოწვევაც აღარ ჰქვია, ეს ომის გამოცხადებას ნიშნავს. ქართული ანდაზა მახსენდება, გიჟი მიუშვი ნებასა, თვით შეეყრება სნებასაო, მაგრამ ხომ შეიძლება, პირიქითაც მოხდეს?!
- ეფექტური ხელისუფლების პირობებში, “ნაცმოძრაობის” აგრესიული სწრაფვა მასვე შეუტრიალდებოდა, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ დღეს საკმარისად გონიერი, ან ეფექტური ხელისუფლება გვყავს, რომელიც წარმატებული მმართველობის ნიშან-თვისებებს ამჟღავნებს. ამ მხრივ პროგნოზს ვერ გავაკეთებ, მაგრამ იმედია, რომ საზოგადოებას გვაქვს ჯანსაღი მეხსიერება, განსჯის უნარიც და ქვეყანას წარსულში - “ნაცმოძრაობის” მმართველობის რეჟიმში არ დავაბრუნებთ!
- ბატონო არჩილ, ერთხელ აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პრეზიდენტ მარგველაშვილსა და დანარჩენ ხელისუფლებას შორის კინკლაობას დადებითად აფასებთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ადგილი აქვს “გადამლაშებას”. “გადამლაშებაში” რას გულისხმობთ?
- დადებითი მხარე ისაა, რომ ამჟამინდელი ხელისუფლება, წინას მსგავსად, ერთსახოვანი არ არის. დღეს ხელისუფლებაში არსებობს ურთიერთდავები, განსხვავებული მოსაზრებები და გარკვეული ქიშპობაც. ეს ნორმალურია, რადგან საქმე კოალიციურ მთავრობასთან გვაქვს. აბა, გავიხსენოთ წინა წლების გერმანია, მერკელამდე არსებული კოალიციები ისეთ ურთიერთქიშპობაში იყვნენ, რომ მმართველობა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. იმის ფონზე, როცა საქართველოს კოალიციური მმართველობის გამოცდილება არა აქვს, მე თუ მკითხავთ, პროცესი კიდევ მშვიდად მიდის - ხელისუფლება პარალიზებული არაა. ჩვენ, როგორც სახელმწიფომ, ბოლო 2 წელიწადში არაერთი ისეთი სიახლე გავიარეთ, რომლის გამოცდილებაც არ გვქონია. ეს იყო კოჰაბიტაციური, კოალიციური მმართველობა და ა.შ. ზოგიერთ შემთხვევაში, შეგვიძლია ისიც ვთქვათ, რომ ამ სიახლეებს არათუ რიგითმა მოქალაქეებმა, პოლიტიკოსებმა და ხელისუფლების წევრებმაც კი ფეხი ბოლომდე ვერ აუწყვეს. ამიტომ, საჭირო იყო ჩატარებულიყო გარკვეული სამუშაოები საზოგადოებასთან, რათა მოქალაქეებს გაეაზრებინათ კოალიციური მმართველობის უპირატესობები და სისუსტეები.
ეს პროცესი ჩვენთან, ძირითადად, პრეზიდენტ-აღმასრულებელზე გადადის და ამაში განსაკუთრებული არაფერია, თუმცა მაინც მგონია, რომ გარკვეულ მომენტებში ადგილი აქვს “გადამლაშებას” და ის, რაც შიგნით უნდა მიმდინარეობდეს, ზედმეტად გარეთაა გამოტანილი. ეს პროცესი, ერთის მხრივ, დადებითად აისახა პრეზიდენტის იმიჯმეიქინგზე, რადგან იგი აღიქმება არა როგორც სახელისუფლებო პარტიის, არამედ, როგორც ქვეყნის ლიდერი, თუმცა ეს მომენტი მსუყე ლუკმა აღმოჩნდა ოპონენტებისთვის, რომლებმაც უკიდურესად ნეგატიურად წარმოადგინეს კოალიციაში არსებული დაპირისპირება პრეზიდენტ მარგველაშვილთან დაკავშირებით.
- დაძაბული ფონი, რომელსაც “ნაციონალები” ქმნიან, საზოგადოების რა სეგმენტზეა გათვლილი, რატომ და რა მიზნით დაიწყო ისტერიკა ბაჩო ახალაიაზე, რატომ იმეორებს ხელისუფლება “ნაციონალების” შეცდომებს პრემიებსა და მივლინებებთან დაკავშირებით?
- იმას, რაც ბაჩო ახალაიასთან დაკავშირებით ხდება, კომუნიკაციათმცოდნეობაში მითად ქმნადობის პროცესს ვუწოდებთ. ეს ერთგვარი ხერხია, ფანდი, რომ შეიქმნას მიზეზი ან რომელიმე სუბიექტის „გმირად ქმნადობისა“, ან დესტრუქციის გამოხატვის გამართლებისთვის. “ნაცმოძრაობა” პერმანენტულად ცდილობს, პროცესები დესტრუქციაში გადაიტანოს. ესეც ერთგვარი კომპლექსია, რადგან თავის დროზე „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, დაიწყო საზოგადოებრივი გამოსვლები მის წინააღმდეგ. განსხვავება ისაა, რომ ძველი ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლებს ყოველთვის ჰქონდა ფართო საზოგადოებრივი პროტესტის სახე, დღეს კი, საპროტესტო აქციებს, ასე ვთქვათ, კორპორატიული, ანუ ვიწრო პარტიული ხასიათი აქვს.
რაც შეეხება ყბადაღებულ პრემიებსა და მივლინებებს, ფაქტია, რომ ხელისუფლება გულგრილად ეკიდება საკუთარ იმიჯს. რიგითი ადამიანისთვის რთულად აღსაქმელი და მიუღებელია ასეთი დიდი ხარჯები. ვერ გეტყვით, ხელისუფლება მეტ სიფხიზლეს რატომ არ იჩენს, მაგრამ ამის გარკვეული ახსნა მაინც მაქვს; კოალიციის შიდა სუბიექტები გულგრილობას იჩენენ საერთო იმიჯის მიმართ და ცდილობენ, ვიწრო სარგებელი იმ იმედით მოიპოვონ, რომ ჯამში, თავიანთი კი არა, არამედ, პარტია „ქართული ოცნების“ იმიჯი დაზარალდება. …
- სხვათა შორის, დავით ბერძენიშვილმა თქვა, “რესპებისა” და ალასანიას წინააღმდეგ სტატიებს თავად “ოცნება” აფინანსებსო...
- კოალიცია დასაშლელად ემზადება, ეს საიდუმლო არაა და ამაზე არაერთი განცხადება გაკეთებულა, ანუ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ კოალიციაში შესული პარტიები დამოუკიდებელი ნიშის დაკავებისთვის ემზადებიან. ესეც ნორმალური პროცესია და კოალიციაში შემავალი პარტიების მხრიდან ერთმანეთთან ოპონირება სრულიად გასაგებია, მაგრამ კოალიციის შიდა კომუნიკაციებში გადაცდომებიც ხდება, რაც გარედან ნეგატიურად აღიქმება.
- ბოლო დროს სიტუაცია რელიგიურ ფონზე - ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ძალიან დაიძაბა. არსებობს საფუძვლიანი მოსაზრება, რომ საქართველოში სუნიტური ფრთის გაძლიერება დაიწყო და ექსტრემისტული რელიგიური ლიტერატურაც შემოაქვთ. ანტიტერორისტული ცენტრის ექსპერტები თვლიან, რომ ამ კუთხით მკაცრი კონტროლი სახელმწიფო დონეზე უნდა განხორციელდეს...
- სახელმწიფოს სახელმწიფო იმიტომ ჰქვია, რომ ტოლერანტულ პოლიტიკას სახელმწიფო ინტერესები არ შსეწიროს. გარკვეული პროცესები „საზოგადოებრივი საჭიროების“ ეგიდით იმართება, ოფიციალურად, ამის წინააღმდეგ წასვლა არ შეიძლება და ვიწრო ზღვარიც აქ გადის.
დღეს უმთავრესი გამოწვევა ადამიანთა უფლებების დაცვაა და შესაბამისად, უმცირესობების მიმართ არატოლერანტული პოლიტიკის გატარება, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. უმცირესობების უფლებების დაცვა აქსიომაა, მაგრამ სახელმწიფომ ის რისკებიც უნდა აიცილოს, რომლებიც სახელმწიფოსთვის ზიანის მომტანი იქნება.
- ბოლოს, ბატონო არჩილ, საქართველოში ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის კუთხით, გადაჭარბებული არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ შემზარავი სურათია. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამ პრობლემას მხოლოდ ერთი გზით - ცნობიერების გაფართოებით მოევლება. თქვენი აზრით, თუნდაც პირველ ეტაპზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?
- ჩვენს ქვეყანაში მხოლოდ ქალთა კი არა, საერთოდ, ადამიანის უფლებებია სრულიად დაუცველი. ეს ფართო, მოცულობითი პრობლემაა. ამგვარ ვითარებაში, პერიოდულად ადგილი აქვს სოციალური ხასიათის აფეთქებებს. ყველაფრის თავი და თავი კი ის გახლავთ, რომ საქართველო 21-ე საუკუნესთან ადაპტირებული არაა.
დღევანდელ ვითარებას კრიტიკული თვალით რომ გადავხედოთ, აღმოვაჩენთ, რომ თითქმის ყველა ტიპის ურთიერთობა კრიზისშია. არ გვაქვს გააზრებული, თუ როგორი საზოგადოების შექმნა გვინდა... თანამედროვე გამოწვევები იმდენად დიდი, რთული და მრავლისმომცველია, რომ ოჯახის მართვის კლასიკური, ტრადიციული მექანიზმები სრულიად არაეფექტურია. ტრადიციული ტიპის ოჯახში მთელი პასუხისმგებლობა მამაკაცს აწევს - მას უნდა ერჩინა ოჯახი, მიეღო გადაწყვეტილებები და ამ გადაწყვეტილებებით მიღებულ შედეგებზეც პასუხისმგებლობა აეღო. დღეს კი, ამგვარი ვალდებულებების მხოლოდ მამაკაცის მხრიდან შესრულება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან გაიზარდა ქალის როლი. ამდენად, საქართველოში ქალის უფლებები მამაკაცის უფლებებთანაა გასათანაბრებელი.
მთელი პრობლემა ისაა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ქალთა უფლებების საკითხს აყენებს არა როგორც დროით ნაკარნახევი პროდუქტის საჭიროებას, არამედ, როგორც აგრესიულ და კონკრეტული სუბიექტების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას. არასწორი დისკურსის გამო კი, მატულობს აგრესია საზოგადოებაში. არ შეიძლება, უმნიშვნელოვანესი ბმა - ქალისა და მამაკაცის უფლებები გავწყვიტოთ - ქალის უფლება მამაკაცის უფლებაა და რამდენად ქალთა უფლებები იქნება დაცული, იმდენადვე იქნება მამაკაცის უფლებებიც დაცული. ფართოდ სწორედ ეს დისკურსი უნდა გავრცელდეს, რომ გაუმჯობესებული, სტაბილური ოჯახები და, მთლიანობაში, სტაბილური საზოგადოება მივიღოთ.