“ნაცმოძრაობა” მოქმედების ახალ რეჟიმზე გადადის - ხელისუფლების შიგნიდან დასუსტებისა და საზოგადოებრივი რეიტინგის დასაწევად განხორციელებული სხვა არაერთი აქტივობის შემდეგ, ქუჩაში გადის და 15 ნოემბერს აქციის გამართვას გეგმავს. აქციის საბაბი მეტად მნიშვნელოვანი და მტკივნეულია - ოკუპირებული ტერიტორიები. “ნაციონალები” სწორედ ასეთ თემებზე მანიპულირებით ცდილობენ “ბედის ბორბალის” შემობრუნებას. ისე, 15 ნოემბერი, ალბათ, ერთგვარი ტესტიც იქნება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენადაა ხალხი მზად, “ავადსახსენებელი” ცხრა წელი დაივიწყოს და გაყვეს პარტიას, რომელიც აცხადებს, რომ საპროტესტო აქცია ზეპარტიული და ქვეყნის ინტერესებისთვის აუცილებელია... ერთი სიტყვით, “ნაცმოძრაობის” მორიგი ექსპერიმენტი დაანონსებულია. ვნახოთ, რა მოხდება 15 ნოემბერს და დაიწყება თუ არა რევოლუცია, რომლის შესახებაც აქტიურად საუბრობენ?.. “ქართული სიტყვა” “ნაციონალების” მთავრობის ყოფილ წევრს, დიმიტრი შაშკინს ესაუბრა. განათლებისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ აქტიურ პარტიულ საქმიანობაში ჩაბმული არაა და ვერც ამის საჭიროებას ხედავს.
- ბატონო დიმიტრი, “ნაცმოძრაობა” 15 ნოემბერს აქციას მართავს. კულუარებში ამბობენ, რომ აქცია მანამდე დაიგეგმა, ვიდრე დღის წესრიგში აფხაზეთის საკითხი დადგებოდა. მართლაც, ასეა?
- ყოველდღიურ პარტსაქმიანობაში ჩართული არ ვარ და ამიტომ, ისე გიპასუხებთ, როგორც პარტიის რიგითი წევრი და როგორც რიგითი მოქალაქე: აფხაზეთი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე და დიდი პრობლემაა, რადგან რუსეთი დე ფაქტო ანექსიიდან დე იურე ანექსიაზე გადადის. ხელშეკრულება, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის ახლა იხილება, ამ ტერიტორიის იურიდიულ ანექსიას ნიშნავს. ეს ჩვენთვის უმძიმესი მოვლენაა, ამიტომ, ამ პრობლემის წინაშე, ჩემი აზრით, მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს!
მინდა, საზოგადოებას ისიც შევახსენო, რომ 2008 წლის ომის დროს სამი ფაქტორი იყო, რამაც რუსეთს საშუალება არ მისცა, აეღო დედაქალაქი და ჩვენს ტერიტორიებზე სრული კონტროლი დაემყარებინა: პირველი ჯარი იყო, მეორე - პარტნიორების მხარდაჭერა, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საზოგადოების ერთობა გახლდათ. ზუსტად ამ სამმა ფაქტორმა მოგვცა საშუალება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა რუსული აგრესიისაგან გადარჩენილიყო. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ახლაც ერთიანი იყოს, მთავრობა კი, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში აწუხებდეს პარტნიორებს, საერთაშორისო თანამეგობრებსა და მთელ მსოფლიოს. მოკლედ, 15 ნოემბრის აქცია, ჩემი აზრით, დროული და მნიშვნელოვანია.
- პარტიის საქმიანობაში აქტიურად ჩართული რატომ აღარ ხართ?
- მოდით, ასე ვთქვათ: პარტიის ლიდერი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ, მთავრობის წევრი ვიყავი.
- პარტიულ საქმიანობაში ჩართვის სურვილი ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებითაც არ გაგჩენიათ?
- სხვა საკითხია, თუ საჭიროება იქნება, მაგრამ ამ საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ.
- მოდით, ისევ 15 ნოემბრის აქციას დავუბრუნდეთ, მით უმეტეს, არ მიპასუხეთ, აქცია მანამდე დაიგეგმა, ვიდრე დღის წესრიგში აფხაზეთ-რუსეთის ხელშეკრულების საკითხი დადგებოდა? ისე, ნოემბერი “ნაცმოძრაობისთვის” სიმბოლურია - ახალ რევოლუციას მართლა გეგმავთ?
- დარწმუნებული ვარ, რომ 15 ნოემბერს რუსთაველზე საზოგადოების ერთობას ვნახავთ. ეს პარტიული კი არა, ზეპარტიული ღონისძიებაა, რომელმაც ერის ერთობა კიდევ ერთხელ უნდა აჩვენოს. ასევე, იმასაც აჩვენებს, რომ იმ ნაბიჯებს, რომელსაც რუსეთი აფხაზეთის დე იურე ანექსიისთვის დგამს, ქართველი ერი არ შეეგუება. საერთოდ, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე უფრო დიდი ტკივილი არ გვაქვს. ამიტომ, არსებობს რაღაც საკითხები, რომლებიც გვერდზე უნდა გადავდოთ, მათ შორის, პარტიული კუთვნილება, სიმპათია-ანტიპათია და ქვეყანა დავიცვათ!
- “ნაცმოძრაობას” მორალური უფლება აქვს, რომ ამ ტიპის ღონისძიებებში იაქტიუროს? ზოგი თვლის, რომ აგვისტოს მოვლენები სწორედ სააკაშვილის გუნდის კისერზეა...
- “ნაცმოძრაობამ” და მისმა ლიდერმა, მიხეილ სააკაშვილმა არარსებული სახელმწიფოსგან რეალური სახელმწიფო შექმნეს. 2003 წლამდე, ქაღალდზე კი ეწერა “საქართველოს რესპუბლიკა”, მაგრამ ამ წარმონაქმნის გარდა, სხვა ატრიბუტი არ არსებობდა, ანუ იყო დროშა, იყო გერბი, დასახელება და სახელმწიფო, როგორც ინსტიტუცია, მხოლოდ ამით შემოიფარგლებოდა. არარსებულიდან ცხრა წელიწადში მიხეილ სააკაშვილმა შექმნა სახელმწიფო, რომელსაც მთელ მსოფლიოში ცნობდნენ და პატივს სცემდნენ. ამიტომ, მინდა, ზოგიერთს კენედის ძალიან ცნობილი სიტყვები შევახსენო: “ვიდრე რამეს მოსთხოვ შენს სახელმწიფოს, დაფიქრდი, მას რა გაუკეთე!” ვიდრე ვინმე პირს გააღებს და იმაზე ისაუბრებს, ვის რა მორალური უფლება აქვს, შეადაროს, ამ ქვეყანას თვითონ რა გაუკეთა.
- დაანონსებულ რევოლუციასა და ნოემბრის სიმბოლურობაზე რას იტყვით, ბატონო დიმიტრი?
- კიდევ ერთხელ გეტყვით: აქ საუბარია საზოგადოების ერთობაზე იმ მწვავე პრობლემასთან დაკავშირებით, რასაც აფხაზეთის დე იურე ანექსია ჰქვია.
- რაც შეეხება გამოძიებას, რომელიც 315-ე მუხლით მიმდინარეობს...
- შეთქმულებების თეორიების მომხრე არ ვარ და ამას ყოველთვის ღიმილით ვხვდები. არსებობს თემები, რომლებიც ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია. რეალურად, ქვეყანა ზღვარზე დგას. თუ ვინმე კითხულობს და თვალს ადევნებს, რა ხდება მსოფლიოში, იცის, რომ ახლა, როგორც არასოდეს, გვჭირდება ერთობა ისეთი პრობლემის გარშემო, როგორიც აფხაზეთია.
სხვათა შორის, ახლა რუსეთის სახელმწიფო დუმა-ში იხილება კანონპროექტი, რომელიც კერძო ჯარის შექმნას ითვალისწინებს. ეს ჩვენთვის პირდაპირი მუქარაა იმიტომ, რომ თუ რუსეთი უკრაინაში რეგულარულ ჯარს აგზავნიდა, მერე კი, განეიტრალებას ცდილობდა და ამბობდა, რომ მისი ჯარისკაცები არ იყვნენ, კერძო ჯარის შექმნის შემდეგ, შეუძლია, ადამიანები, რომლებსაც “ნაიომნიკებს” ეძახიან, აქ გამოაგზავნოს და, როგორც სახელმწიფომ, პასუხისმგებლობა მოიხსნას. ის პროცესები, რაც ახლა რუსეთში მიმდინარეობს, ჩვენს ქვეყანაზე პირდაპირ კორელაციას ახდენენ და იმაზე ლაპარაკი, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მიამიტობაა. რუსეთი ახლა იმას აკეთებს, რის გაკეთებაც 2008 წლის შემდეგაც ვერ გაბედა, ანუ მხედველობაში აფხაზეთის იურიდიული ანექსია მაქვს.
- მიხეილ სააკაშვილმა მიანიშნა, რომ “ნაცმოძრაობა” ხელისუფლებაში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დაბრუნდება. ბატონო დიმიტრი, როგორ ფიქრობთ, ხალხი ამას დაუშვებს?
- ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. დემოკრატიის პლუსი ზუსტად ისაა, რომ გადაწყვეტილებას ხალხი იღებს.
- ხელმეორედ გეკითხებით: იმ “ავადსახსენებელი” ცხრა წლის გათვალისწინებით, ხალხის იმედი კიდევ გაქვთ?
- პროგნოზებს არ ვაკეთებ და ხაზს მხოლოდ იმას ვუსვამ, რომ თემა, რომელიც აფხაზეთს ეხება, ზესახელმწიფოებრივი და ზეპარტიულია. ამ საკითხმა მთელი საზოგადოება უნდა გააერთიანოს. აფხაზეთის დე იურე ანექსიას ბუნებრივად ცხინვალის რეგიონის დე იურე ანექსიაც მოყვება. რუსეთმა ეს მაშინაც კი ვერ გაბედა, როცა ჯარი თბილისიდან ათ კილომეტრში ჰყავდა. ახლა სწორედ ამ ნაბიჯს დგამს და ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ერთობა და იმის ცოდნაა, რომ ქყეყანაში “მეხუთე კოლონა” არ იქნება.