როგორ გააუბედურეს როლანდ ახალაიამ და მეგის ქარდავამ ოჯახი ,,შეუსრულებელი მისიის’‘ გამო

როგორ გააუბედურეს როლანდ ახალაიამ და მეგის ქარდავამ ოჯახი ,,შეუსრულებელი მისიის’‘ გამო

როგორ გააუბედურეს როლანდ ახალაიამ და მეგის ქარდავამ დათოს ოჯახი ,,შეუსრულებელი მისიის’‘ გამო 

წინა ხელისუფლების პირობებში, არცთუ იშვიათად, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთდროულად ოჯახის რამდენიმე წევრი იხდიდა სასჯელს. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ასეთი რამ მაშინ ხდებოდა, როცა ყოფილი ხელისუფლება ,,ურჩი ოჯახების’‘ დასჯას გადაწყვეტდა. მიზეზს მნიშვნელობა არ ჰქონდა...

დათო შ. და ავთო შ. სასჯელს რუსთავის #17 დაწესებულებაში იხდიდნენ, მათი მესამე ძმა #16 დაწესებულებაში იჯდა, დედა კი ქალთა კოლონიაში. ერთი ოჯახის ოთხი წევრი მართლაც მეტისმეტი იყო და თან თითოეულს მინიმუმ 6 წელი ჰქონდა მისჯილი. დილით, როცა ზონა იღვიძებდა, დათოს და ავთოს კამერიდან ყოველდღე ისმოდა - მეგის, მე შენი... მათი გინების ობიექტი ყველასთვის კარგად ცნობილი მეგის ქარდავა გახლდათ. ოჯახის ისტორია თითქმის ყველამ იცოდა, მაგრამ ისე, გადმოცემით და ცოტა დამახინჯება-გაზვიადებით.

,,დავით, შენი ისტორია რომ მომიყვე, არ იქნება ცუდი. ამბობენ, ოჯახის წევრებიც და საკუთარი თავიც ვიღაც ჩერქეზი ძუკნას გამო გაწირაო. მართალია?!’‘ - პატიმარმა #0578-მა დათოს ეს მაშინ ჰკითხა, როცა აცნობეს, დედაშენს სასჯელი გაუნახევრეს და ციხიდან ორ თვეში გავაო.

,,ჯერ ერთი, ის ჩერქეზი ძუკნა არ იყო. მეორეც, ჩემი ბრალი არაფერია. მეგის, მე შენი...’‘ 
,,აბა, რა მოხდა? დავიჯერო, მეგის ქარდავამ არაფრის გულისთვის ამდენი ხალხი გაგწირათ?!’‘ _ არ მოეშვა #0578.
,,მამაჩემს რომ არ გაესწრო, იმასაც დაიჭერდა და ჩემს ცოლ-შვილსაც. არ იცნობ მაგას, მე მაგის...’‘ _ ისევ ,,მოიკითხა’‘ დათომ ქარდავა. მერე კედელს თვალი გაუშტერა და ჩუმად დაიწყო: ,,მე, ჩემი ძმა და დედაჩემი ზუგდიდში, ერთ-ერთ ბიზნესმენთან ვმუშაობდით. ის კაცი წლების წინ წავიდა რუსეთში, აქეთ ააწყო ბიზნესი და ადგილობრივები დაასაქმა. მესამე ძმას ვულკანიზაცია ჰქონდა და არ ვემდუროდით ბედს. ერთ დღეს დაბრუნდა ბიზნესმენი. 65 წელს გადაცილებული იყო და თან 23 წლის ანგელოზივით გოგო ჩამოიყვანა. ზალინა ჩერქეზი იყო. არ ვიცი, როგორ აღგიწერო მისი სილამაზე. ჯეირანივით დაყვებოდა მოხუც ქმარს. მუდამ თავშალი ეკეთა. მხოლოდ თვალები და სახე უჩანდა, მაგრამ მაინც აგიჟებდა ნახევარ ზუგდიდს... მე და მეგისა ბავშვობიდან ვძმაკაცობდით. მითხრა კიდეც თავის დროზე, ჩემთან წამოდი, იმუშავეო, მაგრამ ისეთ ამბებს ჰყვებოდნენ ზუგდიდში, უარი ვუთხარი. მაგ ბიზნესმენის ჩამოსვლის შემდეგ, დამიბარა, ,,სუბუტექსი’‘ მომცა, იმ კაცის კაბინეტში დადეო. ვიცოდი, ბიზნესმენი ამათ ხარკს უხდიდა. ვუთხარი, თუ გადახდა დააგვიანდა, აცადე, გადამხდელია-თქო. რა გადამხდელი, ვერ ხედავ, რა ქალი ახლავს. მაგას წამალზე დავიჭერ, მერე მაგის ლამაზი ცოლი მოვა, გაშვებას მთხოვს და როგორც დაიმსახურებს, ისე მოვექცევი ქმარსო’‘.
,,რატომ გამოართვი სუბუტექსი?!’‘ - მოიღუშა #0578.

,,უარი ვუთხარი, მაგრამ მოიფიქრეო. ორ დღეში, მეგისა ჩემ დაბადების დღეზე მოვიდა. შეთვრა და მამაჩემს უთხრა, შენი ბიჭი არ მიჯერებს, თავს დაიღუპავს და თქვენც დაგღუპავთო. მამა დაინტერესდა, რას არ ვუჯერებდი იმ დედააფეთქებულს. როცა მოვუყევი, გაგიჟდა. გავიდა ორი კვირა. მეგისა ყოველდღე მირეკავდა, რას აპირებო. ვხვდებოდი, რაღაც უნდა მექნა. ბიზნესმენს ვუთხარი, დიდი ფულის ახევას გიპირებენ, წამალს ჩაგიდებენ, გაასწარი-მეთქი. იმას როგორ ვეტყოდი, შენი ცოლი მეგის ქარდავას მოსწონს და მაგიტომ უნდა დაგიჭირონ-თქო. იმ შტერმა ახალაიას გადაურეკა, როლანდას და შეხვედრა სთხოვა. ზუგდიდი მაგას ებარა, ბაჩო და დათა განსაკუთრებულ შემთხვევებში ერეოდნენ საქმეში. მივხვდი, კარგი არაფერი მელოდა. მეორე დღეს მეგისამ დამირეკა, რაც გაგატანე, მომიტანე, შენგან არაფერი გამოვაო. ,,სუბუტექსი’‘ წავუღე, მაგრამ გზაში პატრულმა გამაჩერა, გამჩხრიკა და დამიჭირეს. მეგისასთან მიმიყვანეს, როლანდაც იქ იყო. ,,შეწუხდნენ’‘, ამას როგორ ვიფიქრებდითო და გამიშვეს ზუგდიდის ციხეზე... ორ დღეში წინასწარი პატიმრობა შემიფარდეს. სანამ ციხეზე დამაბრუნებდნენ, მეგისამ მნახა. მკითხა, თვლა სადამდე იციო?! გაკვირვებულმა შევხედე. მან კი, ხვალიდან დათვლა დაიწყეო, მითხრა. მეგონა ,,სროკზე’‘ მეუბნებოდა, მაგრამ... მეორე დღეს ჩემი ძმა დაიჭირეს, ისიც ,,წამლით’‘. კიდევ ერთ კვირაში _ მესამე ძმა, მასაც ,,სუბუ’‘ უპოვეს. კიდევ ერთ კვირაში დედაჩემიც აიყვანეს, ასევე ,,სუბუტექსით’‘. მამაჩემმა მოკიდა ჩემი და ჩემი ძმის ცოლ-შვილს ხელი და ზუგდიდიდან გაიქცა. სასაცილო, იცი, რა არის? მაგ საქმეში იმ პოლიციელებმა პრემიები მიიღეს და დაწინაურდნენ. ახლა მე მკითხე, რა დღეში ჩავვარდი?! ადვოკატის პირით იმ კაცს შევუთვალე, შენ რომ წამალი არ დაგიდე, ხედავ რა მიქნეს-თქო. მან კი, იცი, რა თქვა?! - თურმე ამდენი წელი ნარკომანების ოჯახს ვარჩენდიო. მეგისას დაუჯერა. ვერ წარმოიდგინა, რომ ამას იკადრებდა. მე ექვსი წელი მომცეს, ავთოს რვა, მესამე ძმას 10, დედაჩემს _ 12. შევუთვალე მეგისას, დედაჩემს მაინც შეეშვი, ჩვენ მოვიხდით-თქო და შეწყალებით ,,სროკი’‘ გაუნახევრეს. ახლა, ,,ვლასტი’‘ რომ შეიცვალა, დედას კიდევ გაუნახევრეს სასჯელი. მალე გავა. მე და ავთოც მივყვებით და ცხოვრებას თავიდან დავიწყებთ, თუ რამე გამოვიდა. მამაჩემი ზუგდიდში დაბრუნდა და წვალებით არჩენს ორ ოჯახს. ჩვენ კი ბალანდას ვღეჭავთ ყოველდღე, აბა რა ვქნათ?!’‘, _ დაასრულა მონოლოგი დათომ.

,,იმ ბიზნესმენს რა ბედი ეწია?!’‘
,,წავიდა დიხას, არ მოვა დიდ ხანს! - დიხა, მეგრულად მიწაა. ჰოდა, წავიდა მიწაში, ჩვენი გასამართლებიდან ერთ თვეში, კაბინეტში ჩხრეკა ჩაუტარეს და ,,სუბუტექსი’‘ უპოვეს. ინფარქტმა ხია და მოკვდა ერთ კვირაში.’‘
,,ანუ, ის ჩერქეზი ქალი მეგისას დარჩა?!’‘
,,არა, ცოლი ქმარს თავზე ადგა, პალატიდან არ გამოდიოდა. მერე კი, როცა მოკვდა,  ძმებმა ჩამოაკითხეს, ბიზნესი კაპიკებში მიყიდეს როლანდა ახალაიას დისშვილს და რუსეთში გაბრუნდნენ. იქაც ჰქონდა იმ კაცს ბიზნესი და ალბათ იმას მიხედავენ’‘. ,,ძმები თუ ჰყავდა იმ გოგოს, ამ ბაბუას რატომ გაატანეს თავის და?!’‘
,,რასაც გეტყვი, შეიძლება არ დამიჯერო. იმ გოგოს თვალები მაქვს ნანახი და... უყვარდა ქმარი, ძალიან უყვარდა’‘.
,,ქმარი თუ ფული?!’‘
,,შენ რა იცი, რა არის სიყვარული ჯიმა?’‘
,,თუ რამ საგანძური და ჯილდო მიუნიჭებია ღმერთს ადამიანისათვის, სიყვარულის ნიჭია. ცოდოა ის კაცი, რომელიც ამ დიდი ნიჭის განცდის გარეშე წავა ამ ქვეყნიდან...’‘
,,ვა, ეგ შენ მოიფიქრე?!’‘
,,არა, ჯერ დუმბაძემ და მერე ათქმევინა ქალბატონ ანიკოს’‘.
,,დუმბაძე ვიცი, ანიკო ვინ არის?!’‘
,,არის რა...’‘

* * *
დათო თავისუფლებაზე გლდანში, ახმეტელის მეტროსთან ვნახე. მოკითხვის შემდეგ თქვა, დედაჩემი გამოვიდა, მე და ავთოც, მესამე ძმას კი 3 წელი დარჩაო. ,,მეგისა არ მინახავს, მაგრამ ვესაუბრე. მითხრა, გულში არაფერი ჩაიდოო. დამირეკა გამოსვლიდან მესამე დღეს. გავგიჟდი, ის ნომერი ორი დღის აღებული მქონდა და სულ რამდენიმე კაცმა იცოდა. მითხრა, სოჭში ვარ, გენდობი და ადგილსამყოფელს იმიტომ გეუბნები, ძმები ვართ, იცოდეო. ტელეფონში რა უნდა მექნა? მოვა დრო, შევხვდები, როცა იქნება’‘, _ დათოს ხმაში აშკარად მუქარა იგრძნობოდა.
პატიმარი #0578