რატომ დაბლოკეს ტელევიზიებმა, როდის ჩაატარებს კომიტეტის სხდომას პანკისში და რას ურჩევს ნაციონალებს გუბაზ სანიკიძე
კითხვაზე, რატომ აღარ ჩანხართ და აქტიურობთ, ხელისუფლებაში მოსული ყველა ექსოპოზიციონერი ბრაზობს. არგუმენტიც ყველას ერთი აქვს _ იმიტომ, რომ ახლა ხელისუფლებაში ვართო, ამბობენ. არადა, საყვირალი და სატკივარი ამ ქვეყანაში, აშკარად არ გამოლეულა. იგივე არგუმენტი მოიშველია ქუთაისის მაჟორიტარმა და დიასპორებისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გუბაზ სანიკიძემაც. იმის მიუხედავად, რომ არც ქუთაისი აყვავებულა, არც ჩვენი დიასპორები გაძლიერებულა და უცხოეთში გაფანტული ქართველობა დაბრუნებულა და არც ნაციონალური მოძრაობა გამქრალა რადარებიდან. სამაგიეროდ, ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც სანიკიძეს ერთ წელზე მეტია არავისთვის მიუცია, ბევრ საინტერესო რამეს გვიყვება და აცხადებს, რომ კახა შარტავა ისევ პარტიაშია და ეროვნული ფორუმის სტრუქტურებს აქტიურად აშენებს, რამდენიმე ტელევიზიამ მისი კომენტარი მიზანმიმართულად დაბლოკა, მალე კომიტეტი გასვლით სხდომას პანკისში ჩაატარებს, დიასპორების ბიუჯეტი კი გაისად მინიმუმ ორჯერ გაიზრდება. გუბაზ სანიკიძე აანალიზებს გარესაფრთხეებს, სამეზობლოში მიმდინარე ორ ომს, რუსულ-აფხაზურ პროცესებს, ერს სააკაშვილის დაცინვისკენ მოუწოდებს და ნაციონალებს პრაქტიკულ რჩევებსაც აძლევს.
- ბატონო გუბაზ, როგორ ხართ, სად ხართ და რატომ აღარ აქტიურობთ?
- კარგად ვარ და ვარ საქართველოში. როცა პოლიტიკოსი ოპოზიციიდან ხელისუფლებაში ინაცვლებს, რა თქმა უნდა, მისთვის ვითარება იცვლება, თუმცა ვერ გამიგია, აქტიურობა რას დავარქვა. იმას გულისხმობთ, ტელევიზორში ხშირად რატომ არ ვჩანვარ?
- არც პარლამენტში ჩანხართ, არც ქუთაისში... ასე ის ხალხი ფიქრობს, ვინც ჯერ კიდევ 1 წლის წინ მერიაში, მაჟორიტარის ოთახის კარზე ლენტები გაგიკრათ.
- სხვათა შორის, კარი შეეშალათ, ჩემი კარი არ იყო. მე ჩემი საქმე მაქვს - დიასპორებთან ურთიერთობასა და კავკასიის საკითხებზე ინტენსიურად ვმუშაობ.
- ეროვნული ფორუმი, პარტიულად, რა მდგომარეობაშია და სად არის კახა შარტავა, აქტიურ პოლიტიკაში აღარასოდეს დაბრუნდება?
- პოლიტიკაში დაბრუნებას რას ეძახით, გამაგებინეთ. ხშირად გამოჩენას ტელევიზორში? შარტავა არსად წასულა, პარტიაშია და ჩემთან ერთად ინტენსიურად მუშაობს, ოღონდ ფუნქციები გვაქვს გაყოფილი - მე საპარლამენტო საქმიანობას ვეწევი, პარტიულ სტრუქტურებს კახა შარტავა აგებს და ამ საკითხზე პრესკონფერენციების ჩატარება საჭიროდ არ მიმაჩნია. დღეს ჩვენი პარტია ძალიან ძლიერი და მრავალრიცხვოვანია და ამ საქმეში შარტავა და რეზო შავიშვილი აქტიურად არიან ჩართულნი. პარტიას ერთი თავმჯდომარე აღარ ჰყავს, პოლიტსაბჭო მართავს და ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა.
- ერთი წლის წინ ,,ფორუმისა’‘ და ,,ქართული ოცნების’‘ გაერთიანებაზეც იყო საუბარი, რატომ გადაიფიქრეთ?
- გადავწყვიტეთ, რომ ორი ერთს სჯობია.
- ე.ი. კოალიცია რომ დაიშალოს, 2016 წელს პარლამენტში მაინც შეხვალთ?
- ეგ მარჩიელობას ჰგავს. აქ იმდენი დაშვებაა, შესვლა-არშესვლა შემთხვევითობას ემსგავსება. ,,ოცნებაში’‘ 6 პარტია ვართ და ცალკეული განცხადებების მიუხედავად, ცალკე გასვლას არავინ ფიქრობს. ეს ხომ სიმპათია-ანტიპათიაზე კი არა, პრაგმატულ ინტერესებზეა დამოკიდებული. პირდაპირ ვთქვათ, ასეთი ინტერესი დღეს არავის აქვს. ეს არც ქვეყნის ინტერესში შედის, რადგან ახლა საქართველოს შიდაპოლიტიკური რყევები არ სჭირდება.
- ასეთი რყევები უკვე არის და ამას, პირველ რიგში, ხელისუფლება უწყობს ხელს შიდაკინკლაობით.
- ამ თემების გაშლა ,,ოცნებას’‘ არ აწყობს, მაგრამ რასაც ხალხი და მედია უკვეთავს, იმას აკეთებენ პოლიტიკოსები და არა პირიქით. სხვათა შორის, რამდენჯერმე სხვადასხვა მედიასაშუალებას კომენტარიც მივეცი პრემიერ-პრეზიდენტის ე.წ. დაპირისპირებაზე და არ გაუშვეს, რადგან სკანდალური არაფერი მითქვამს. ახლა სათქმელს თქვენი საშუალებით ვიტყვი - ეს ე.წ. კინკლაობა პერსონების კი არა, კონსტიტუციის პრობლემაა. ანუ კანონში მარტივ ქართულ ენაზეა ჩასაწერი, ვის რა უფლება-მოვალეობები აკისრია. გუბაზ სანიკიძის გაუჩინარების მითი მარტო ჩემი ბრალი არ არის! თემები, რაც დღეს ქვეყანაში ტრიალებს, არ მაინტერესებს, სისულელეა. აი, მონიტორინგი კი, ვინ რამდენი დახარჯა და საქმიანი კრიტიკა, კარგია, რადგან პოლიტიკოსმა არ უნდა ჩამოიძინოს. ადამიანი ფხვიერი არსებაა და ყოველთვის კომფორტს ეძებს.
- თქვენც ეძებთ კომფორტს?
- მუშაობის დროს კი. თავად ხედავთ, ძალიან კარგი კაბინეტი და ბიბლიოთეკა მაქვს. ეს ჩემთვის უმაღლესი დონის კომფორტია. ჩემს ბიბლიოთეკაში 8 000 წიგნია და კაბინეტში ,,1000 რჩეული’‘ მიდევს.
- ალბათ, დუმილშიც არის გარკვეული კომფორტი. თუმცა ერთი ,,არაკომფორტული’‘ განცხადება თქვენც გააკეთეთ - თუ დიასპორების ბიუჯეტი გაისად არ გაიზრდება, კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს დავტოვებო. რა პრობლემები აქვს კომიტეტს და კონკრეტულად რაში არ გყოფნით ფული?
- საკითხი სხვანაირად დგას - ჩვენი ერის მეოთხედი ქვეყნის გარეთაა და მათ გარეშე ქვეყანას ფეხზე ვერ დავაყენებთ. აზერბაიჯანი ნახევარ მილიარდ დოლარს ხარჯავს დიასპორებზე, ჩვენ კი მილიონ ლარსაც არა. საქმე მარტო ფულში არ არის, დიასპორებთან ურთიერთობა თუნდაც ქვეყნის უსაფრთხოების საკითხია. ძველის გარდა, ახალი დიასპორებიც გვაქვს, რომლებიც საქართველოს მოწყვეტილია. რამდენიმე პროექტიც განხორციელდა, მაგალითად, ინტერნეტტელევიზია, ტელეგაკვეთილები... თუმცა, მარტო ქართული ცეკვითა და ჩოხა-ახალუხის ჩატანით ქართველობას ვერ შევინარჩუნებთ. დიასპორებთან ურთიერთობის გრძელვადიანი პროექტები გვჭირდება. გაისად ჩვენი ბიუჯეტი 2, 3 მილიონამდე მაინც უნდა გაიზარდოს. კომიტეტის გასვლითი, დახურული სხდომის ჩატარებას ვაპირებთ პანკისის ხეობაში. მანამდე, ნოემბრის შუა რიცხვებში, ახმეტაში ჩასვლას ვგეგმავთ. მინდა, სხდომები ახალქალაქსა და მარნეულშიც ჩავატაროთ. ამ პროცესში დავით უსუფაშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი აქტიურად არიან ჩართულნი.
- პრეზიდენტს არც თქვენ ელაპარაკებით?
- არა, რა შუაშია. პრეტენზიები არავის მიმართ მაქვს. უბრალოდ, ეს საკითხები პრემიერის გადასაწყვეტია. თორემ პრეზიდენტთან შეხვედრაც მქონდა და ჩვენი საქმიანობის შესახებ მოკლე ინფორმაციაც მივაწოდე. რაც შეეხება კომიტეტის მუშაობას, დახურული სხდომები ძალიან ხშირად გვაქვს და მათ პირდაპირ ეთერში არ ვუშვებთ, რადგან რაღაც თემების გახმაურება ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს. დღე და ღამე ვმუშაობ და არაა საჭირო, ეს ტელევიზიაში ჩანდეს. ძალიან ბევრი მტერი ჰყავს ამ ქვეყანას, რომ ყველაფერი სააშკარაოზე გამოვიტანოთ.
- ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, დიასპორების როლი უნდა გაძლიერდესო. ეს უბრალოდ განცხადება იყო განცხადებისთვის, თუ კონკრეტული სტრატეგია არსებობს?
- კონკრეტულ მაგალითს გეტყვით - ძალიან მალე სტამბოლის ქართული კათოლიკური მისიის ფონდის საკითხის საჩვენოდ გადაწყვეტას ველი. იქ 85 000-მდე ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტია და 30 წელია, ეს საკითხი ვერ გადაწყდა. ახლა პროცესი დაიძრა. რამდენიმე დღის წინ, პრემიერის დავალებით, სტამბოლშიც ვიყავი. ამ საქმეს კარგი პირი უჩანს. თუმცა ამას, რა თქმა უნდა, არავინ აშუქებს.
- ასეთ საკითხებს ალბათ, შიდაკონფლიქტები ჩრდილავს. ჭელაში მინარეთის მოხსნა, ქობულეთში ღორის თავის დაკიდება, ადიგენში 14 მუსლიმის დაკავება, სადავო შენობის გამო. ეს რელიგიური შუღლის გაღვივების მცდელობაა?
- გამეხარდა, ეს რომ მკითხეთ. საქართველოში რელიგიური შუღლი არც ყოფილა, არც არის და არც იქნება. ღრმად ვარ დარწმუნებული, თითოეული ეს მოვლენა ქვეყნის გარედანაა ინსპირირებული.
- კიდევ კარგი, ყველაფერს თქვენც ,,ნაციონალების 9-წლიან ბოგინს’‘ არ აბრალებთ.
- რა შუაში არიან ნაციონალები, მაგათ თავისი ცოდვები ეყოფათ. ამ რელიგიური შუღლის გაღვივებას ქვეყნის შიგნით ვერავის დავაბრალებ. გარკვეული ეჭვიც მაქვს და ინფორმაციაც, რომ ეს პროცესი ქვეყნის გარედან იმართება. სხვათა შორის, რელიგიურ თემატიკაზე დაძაბულობა მხოლოდ რუსეთს კი არა, სხვა ქვეყნებსაც აწყობთ საქართველოში. ჩვენ დაპირისპირების კი არა, დიალოგის კერა უნდა ვიყოთ. ქვეყანაში ძალიან ცუდი პროცესები მიდის და ახლა ამ კერების ჩაქრობაზე უნდა ვიმუშაოთ. კიდევ უფრო მძიმე პროცესებია ქვეყნის გარეთ: სამეზობლოში ორი ომია - უკრაინასა და ერაყში, საიდანაც ამერიკამ ჯარები უკვე გაიყვანა და ახლა თალიბებს ვინ გააჩერებს, კაცმა არ იცის. ქვეყანას ეს გარე საფრთხეებიც ავარიდოთ. მთელი ჩემი დრო და ყურადღება იმისკენაა მიმართული, ყველა მოვლენის საქმის კურსში ვიყოთ და მეტი პარტნიორი გავიჩინოთ. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამაზე მნიშვნელოვანი ტელევიზორში გამოსვლა და ვინმეს გამოთათხვაა, ცდება. სააკაშვილი ჯერ კიდევ მაშინ ვთათხე, როცა ამას სხვა ვერ ბედავდა.
- ლანძღვა ადვილია, მაგრამ ადეკვატურ და კომპეტენტურ ანალიზს აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებსა და ევრაზიული სავაჭრო კავშირის შექმნაზე დღეს ძალიან ცოტა აკეთებს. თქვენი შეფასებაც არსად მომისმენია.
- ჯერ ერთი, აფხაზეთი ევრაზიულ კავშირში ქვეყნის სტატუსით ვერ შევა, რადგან მაშინ მისი დამოუკიდებლობა ყაზახეთმა, სომხეთმა, ყირგიზეთმა, ტაჯიკეთმა და ბელორუსმა უნდა აღიარონ, რაც არასოდეს მოხდება. რაც შეეხება იქ განვითარებულ მოვლენებს, რუსეთმა აფხაზეთი სამხედრო თვალსაზრისით და სტრუქტურულად დაიქვემდებარა. ახლა რასაც ვიტყვი, ამას კარგად გააზრება სჭირდება - აფხაზეთის საქმეებში არ უნდა ჩავერიოთ. ჩემი აზრით, 1 და 2 წლის შემდეგ აფხაზეთში უკუპროცესები დაიწყება. აფხაზებმა ეს პროცესები ბოლომდე თავად მიიყვანონ, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვარ, ეს მათთვისვე იქნება სავალალო. ჩვენი მხრიდან ნებისმიერი ტიპის ჩარევა აფხაზებს ისევ აიძულებს, ანტიქართული პოზიცია დაიჭირონ და რუსეთს დაუთმონ. თუ არადა, მითხარით, რა ბერკეტები გვაქვს აფხაზეთში?
- ვაცადოთ აფხაზეთს, როგორ გადაიჩეხებაო, ეს სწორია? რატომ არ უნდა გამოვიყენოთ საერთაშორისო ზეწოლის ბერკეტები რუსეთზე, აფხაზეთს კი უნდა დავანახოთ, რომ სჯობს, დემოკრატიული სახელმწიფოს ნაწილი იყოს, ვიდრე რუსეთის. ასე არაა?
- ახლა ნებისმიერი ჩარევა შეიძლება ჩვენს წინააღმდეგ უფრო შემოტრიალდეს. აფხაზეთში მიმდინარე პროცესი მიქცევა-მოქცევასავითაა. ანქვაბი გადადგა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის უკანმდგომი ჯგუფი გაჩერებულია. ამ საკითხზე მეტის თქმა არასწორია. რაც შეეხება რუსეთთან ჩვენს ურთიერთობას, კარასინი-აბაშიძის შეხვედრასაც ვემხრობი. რაც უნდა დაძაბული იყოს ორ ქვეყანას შორის ვითარება, ერთი არხი მაინც უნდა არსებობდეს. ერთი ქართველი და ერთი რუსი სადღაც რაღაცაზე უნდა ლაპარაკობდნენ, თუნდაც უაზროდ და უშედეგოდ, ამ ეტაპზე.
- და არ ვისაუბროთ ლარსის გამშვებ პუნქტთან მიმდინარე პროცესებზე, საზღვრის გადმოწევაზე, აფხაზეთის ჩაყლაპვაზე, დევნილების დაბრუნებაზე?
- უნდა ვისაუბროთ, მაგრამ ამ საუბრებს, ჯერჯერობით, შედეგი არ ექნება. ზურაბ აბაშიძეს კი არც არასოდეს გამოუცხადებია, რომ პოლიტიკაზე საუბრობს.
- როგორც ვიცი, რუსეთში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს, მათთან რაიმე კონტაქტი აქვს სახელმწიფოს?
- დიახ, იქ ჩვენი 700 000 მოქალაქეა და ჩვენს შორის არანაირი კავშირი არ არის. ეს საკითხი ხელისუფლების წინაშე უკვე დავაყენე და ახლა განხილვის პროცესშია - რას ვუშვრებით იქ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, უარს ვამბობთ მათზე თუ არა-მეთქი. უფრო კონკრეტულად მეტს ვერაფერს გეტყვით.
- მაშინ ქუთაისზე ვილაპარაკოთ - თქვენი განცხადება იყო, ქუთაისი კავკასიის ინტელექტუალურ დედაქალაქად უნდა იქცესო, მაგრამ ვიდრე ამ სიმაღლეებს დავიპყრობთ, სასმელი წყლისა და კანალიზაციის პრობლემა მოგვარდა მეორე დედაქალაქში?
- სასმელი წყალი დღემდე ბევრი დიდი ქალაქის პრობლემაა. ქუთაისში უკვე დავიწყეთ პროექტი და ქალაქის წყალმომარაგების სისტემა მთლიანად 2017 წელს დასრულდება. ბევრი ქუჩა გადათხრილია, მაგრამ ადგილობრივები ამ დისკომფორტს იტანენ. გამზადებულია სანიაღვრე სისტემებისა და კანალიზაციის პროექტიც. ისე, სააკაშვილი ბევრს არ მოსწონდა, მაგრამ მისი მეთოდებით გვინდა ვიცხოვროთ, სააკაშვილივით ყოველდღე ვატარო ბრიფინგები და ვიძახო, გაიჭრა 300 მეტრი, დაემატა 200-მეთქი?
- ეს უკვე საკითხის უტრირებაა - დაგროვილ კითხვებს რაღაც პერიოდულობით არ უნდა უპასუხოთ და პიარის პრობლემა რომ გაქვთ, ესეც არ უნდა აღიაროთ?
- ეს პრობლემა ნამდვილად არის, მაგრამ ძალიან სუსტი ვარ ამ საქმეში. არ მჭირდება ,,პიარშიკი’‘. არ მსიამოვნებს იმის ძახილი, რა გავაკეთე, პრიმიტივიზმის ნიშანი მგონია. ჩემი მიზანი რეიტინგის აწევა არ არის.
- ამ პრივიტივიზმზეა დამოკიდებული თქვენი მომავალი დეპუტატობა.
- ამ სკამზე ჯვარი არ დამიწერია. მეოთხე მოწვევის დეპუტატი ვარ და ბოლო ბოლო, დამოუკიდებლობის აქტზე ხელი მაქვს მოწერილი. მაშინ 23 წლის ბიჭი ვიყავი და ათასობით ადამიანი საქართველოში ამ პატივს ჩემზე მეტად იმსახურებდა, მაგრამ ეს ჩემი ბედისწერა აღმოჩნდა, ამიტომ დღეს მთავარია, საქმე გაკეთდეს და ამას ვინ მიიწერს, მნიშვნელობა არ აქვს. ,,სამზარეულოს რეიტინგის’‘ შენარჩუნება არ გამომივა, ამაში მაგარი ვერ ვიქნები.
- ნაციონალებზეც გკითხავთ - 15 ნოემბერს დიდი აქცია დაანონსდა რუსთაველზე. ხელისუფლება უკვე ამბობს, რომ პროვოკაციებს უნდა ველოდეთ. ეს ,,თბილისური მაიდნის’‘ მცდელობაა?
- არა მგონია... ეს შიში და საუბრები, ნაციონალები უკან არ მობრუნდნენო, სისულელეა. ჩემი მტერი და დამაწყევარი მობრუნდეს უკან ისე, ესენი რომ მობრუნდებიან. საქართველოში ყოფილი ხელისუფლებები ვეღარ ბრუნდებიან. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ, ასეა. ჩაატარონ ეს აქცია, 5 წუთითაც არ შევიწუხებ თავს იმაზე ფიქრით, რამე არ მოხდეს-მეთქი. თუმცა როგორც კი ვინმე რაიმე ანტისახელმწიფოებრივის გაკეთებას შეეცდება, ჩვენი სტრუქტურები ამას მაშინვე აღკვეთენ. ჩემი პოზიცია ასეთია - დღეს შიგნიდან ქვეყანაში ვითარების აფეთქება გამორიცხულია. ნაციონალურ მოძრაობას ამის რესურსი არ აქვს და სხვათა შორის, ნაცებშიც არიან ისეთები, ვინც ამაზე არ წავლენ. მიხეილ სააკაშვილი კი მომთაბარე პოლიტიკოსია, რომელსაც ბინადრობის ადგილი არ აქვს და ეთიოპიის იმპერატორივით, ივლის ასე და იქნება. რაც ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ და ნაკლებად ვინერვიულებთ მასზე, მით უკეთესი. რამდენჯერაც სააკაშვილი გამოჩნდება, თუ იმდენჯერ რყევას დავიწყებთ, ეს სახელმწიფო საერთოდ არსებობის ღირსი არ ყოფილა.
- მტრის ხატს მისგან ,,ოცნება’‘ ხელოვნურად ქმნის!
- დაანებეთ თავი ამ ,,ოცნებას’‘. სააკაშვილი ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინ არ მეშინოდა მისი და ახლა რატომ უნდა მეშინოდეს?! გაიცინეთ, ხალხო, ბოლო ბოლო მის ინტერვიუებზე. სააკაშვილმა ოპოზიციაში ყოფნა არ იცის, მას ნახევარმა მსოფლიომ ხელისუფლება ლანგრით მიართვა. ოპოზიციაში ყოფნა ხვადი მგლის ცხოვრების წესს ნიშნავს და რა ეტყობათ ამათ ამ წესის? ამიტომ ვამბობ, ჩაატარონ ეს მიტინგი, პრობლემა არ არის. ნაციონალებს კი ვურჩევდი - თუ შენ ასე გწადია რუსეთთან ომი, შენს ქვეყანას რომ არ შეუქმნა პრობლემა, გადადი უკრაინაში, აიღე ავტომატი და იბრძოლე რუსებთან, თუ ასეთი მაგარი ბიჭი ხარ. თუ სროლა და კაცისკვლა არ შეგიძლია, წადი, ზურგში იმუშავე, კარტოფილი გაფრცქვენი და საჭმელი გააკეთე. ბევრი საშუალება არსებობს, უკრაინელებს დაეხმარო, მაგრამ შენი წადილის გამო შენს ქვეყანას საფრთხე არ უნდა შეუქმნა!