როგორ ჩაუშვა ნარკომანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტის ნათესავის მკვლელები
თენგიზ მ. პოლიციაში 25 წელი მუშაობდა, მაგრამ ასეთი სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა პირველად ნახა.
,,გარდაცვლილი 8 თვის ფეხმძიმე ქალია. დანა მუცელში ისე აქვს ჩარტყმული, ნაყოფი ლამის შუაზეა გადაჭრილი. ამ ყველაფერს მისმა ქმარმაც უყურა და ნერვული შოკი აქვს, ვერაფერს ამბობს, მხოლოდ ღმუის. ერთადერთი სამხილი გვაქვს _ ყაჩაღებიდან ერთ-ერთს მოთეთრო ზედა ეცვა. ანუ, ისინი არაპროფესიონალები არიან, თორემ კაცი ღამე საყაჩაღოდ რომ მიდის, თეთრ ზედას არ ჩაიცვამს. ეს საქმე თუ ვერ გავხსენით, ყველას სახლში მოგვიწევს წასვლა, რადგან...’‘ _ თათბირზე ესაუბრებოდა ბატონი თენგიზი თანამშრომლებს. ეს ,,რადგან’‘ ყველამ იცოდა. გარდაცვლილი აზერბაიჯანის პრეზიდენტის დეიდაშვილის შვილი იყო და ბაქოდან გამომძიებელთა სამკაციანი ჯგუფი საქართველოში ჩამოვიდა.
სამი თვე ამაოდ იმუშავეს ქართველმა და აზერბაიჯანელმა გამომძიებლებმა. ვერაფერი გაიგეს, ყაჩაღები თითქოს მიწამ ჩაყლაპა. გარდაცვლილის ქმარი ექიმებმა გონზე ბოლომდე ვერ მოიყვანეს, იგი აზერბაიჯანულად მხოლოდ ორ სიტყვას იმეორებდა _ ხანჯლით მოკლეს, ხანჯლით მოკლეს...
,,რაც გინდათ, ის ქენით, ვისაც გინდათ, იმას შეტენეთ საქმე. ალიევი ანგრევს ყველაფერს, ჩვენს პრეზიდენტს ყოველდღე ურეკავს და ეკითხება _ დააკავეს მკვლელები?! დაიჭირეთ ვინმე, ხვალვე გახსნილი საქმე მაგიდაზე მედოს’‘, _ მინისტრის მოადგილე თენგიზ მ-ს უყვიროდა.
,,პატივცემულო, ეს რომ ერთი კაცი იყოს, ვინმეს ვნახავდით, მაგრამ ოთხკაციანი ყაჩაღური ჯგუფი როგორ შევკრა და რაც მთავარია, ოთხივე ისეთ მკვდარ სროკზე უნდა გავუშვა, სანამ ბოლომდე არ მოიხდიან, გარეთ ვერ გამოვლენ. 8 თვის ორსული ქალის მკვლელს ციხეშიც არ დაადგება კარგი დღე. ტყუილად იქ კაცი რომ გავუშვა, იქიდან რომ გამოვა, მართლა მოკლავს ვინმეს. პირველ რიგში მე და ჩემი ოჯახის წევრებს’‘.
ის იყო, სპეციალურად ამის სათქმელად რეგიონში ჩასული მოადგილე კაბინეტიდან უნდა გასულიყო, რომ უბნის ერთ-ერთი რწმუნებული შემოვარდა და ბოლო ხმაზე იღრიალა _ საქმე გავხსენით, აღიარება გვაქვს!
თენგიზმა და მოადგილემ ერთმანეთს გაოცებულებმა გადახედეს.
,,ჩემს უბანში დამპალი ნარკომანი რომ არის, დათო გ. მაგას სამ თვეში ერთხელ ვიჭერ ხოლმე, ორი დღე აქ მყავს, მესამე დღეს ლომკა ეწყება, ძმაკაცებს ურეკავს და 200-300 დოლარი მოაქვს. რა ვქნა, პურის ფული ხომ მინდა. ახლა უწევდა მორიგი დაჭერა, მაგრამ ლამის ერთი კვირაა აქ არის, ცოლი გამიხდა ცუდად და ეს აღარც მახსოვდა. დღეს რომ მოვედი, ადამიანს არ ჰგავდა, რაც გინდა, მთხოვე, ოღონდ წამალი მომიტანეო. ვუთხარი, ის საქმე გაგვახსნევინე, თორემ კიდევ ერთი კვირა ამ დღეში იქნები-თქო და ყველაფერს მოჰყვა. ჩვენებაც ავიღე, ხელიც მოვაწერინე და წამალიც მივუტანე’‘, _ ჩააბულბულა რწმუნებულმა.
ორ წუთში დათო გ. უკვე თენგიზის კაბინეტში იჯდა და ჰყვებოდა _ ,,მე, სოსო ტ. ალეკო დ. და ვაჟა ჯ. შევედით სახლში. პირველი სოსო ტ. მიდიოდა, ხანჯალიც მაგას ეჭირა, მოულოდნელად მივარდა იმ ქალს და მუცელში ბოლომდე ჩაარტყა. მაშინვე გამოვცვივდით უკან, სულ ეს იყო’‘.
ერთ საათში სამართალდამცავებმა დანარჩენი სამი ეჭვმიტანილი დააკავეს. პირველმა სოსო ტ-მ აღიარა, მეტი არ შემიძლიაო, მერე კი დანარჩენებმა და იმის გათვალისწინებით, რომ მაშინ შეკრებითობის სისტემა არ არსებობდა, ყველას მაქსიმუმი, 15-15 წელი მისცეს...
* * *
როცა პატიმარი #0578 ზონაზე მიიყვანეს, მისი ყურადღება ერთმა პატიმარმა მიიქცია. თითქმის მუხლამდე წვერი ჰქონდა და დღეს და ღამეს ლოცვაში ასწორებდა. უთხრეს, ეგ სოსო ტ.-ა, ზონაზე შემოსვლის შემდეგ ასეთ დღეშია, 13 წელია ზის, ორი დარჩა. უდო-ს ჩალიჩობდნენ მაგისიანები და უარი თქვა, ბოლომდე უნდა მოვიხადო, დავიმსახურეო.
,,კი, მაგრამ, მასეთი მკვლელობა აქ საქათმით ისჯება და ეს წითელი კვერცხია?!’‘, _ იკითხა #0578-მა.
,,მკვლელობა ქურდებთან ახსნა და გადაწყვიტეს, რომ საქათმის პასაჟირი არაა’‘...
,,რა ახსნა, ბიჭო, 8 თვის ორსული ქალის მკვლელობა?! იცით, რომ იმ ქალს ისე ჰქონდა დარტყმული ხანჯალი, ბავშვს შუაზე ჰქონდა თავი გაჩეხილი. რა ახსნა, ნუ გადამრიეთ’‘, _ უფრო გაბრაზდა #0578 და კამერაში ავიდა.
რამდენიმე დღის შემდეგ #0578-მა სოსო ტ-ს კამერის კარი შეაღო, თვალებით მოძებნა, ვისთანაც იყო და მისი ნარისკენ უხმოდ გაემართა. სოსოსთვის ხელი არ ჩამოურთმევია, ისე უთხრა _ არ ვიცი, რა აუხსენი ქურდებს, მაგრამ ეგ ყველაფერი მეც უნდა ამიხსნა. ვერ ვხვდები, 8 თვის ორსული ქალის მკვლელობა როგორ გეპატია. ეგ წვერი გაიპარსე, ვერ მომატყუებ. ტოჟე მნე, სვიშეჩნნიკ’‘.
სოსომ მოსული შეათვალიერა და ჩუმად ჰკითხა _ კაიბიჭი ხარ?!
,,არა, კაიბიჭობის პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ მაინც უნდა ამიხსნა’‘.
,,მაშინ ვალდებული არ ვარ, რამე ავხსნა, ქურდებთან ავხსენი, ბლატატამ იცის. საკმარისია’‘.
,,მაინც ამიხსნი. დღეს თუ არა, ხვალ მაინც... იკითხე ჩემზე, გეტყვიან, ვინ ვარ’‘, _ ჯიუტად გაიმეორა #0578-მა და კამერიდან გავიდა.
ორი დღის შემდეგ უკვე სოსო შევიდა #0578-ის კამერაში: ,,მარტო იმიტომ მოგიყვები, რომ, ერთხელ და სამუდამოდ, ყველამ იცოდეს, რა მოხდა. იმ საქმეზე მე არ უნდა ვყოფილიყავი, შემთხვევით გადავაწყდი იმ ტიპებს, ნარკომანები არიან. მითხრეს, კარგი პონტია, დიდი ფული აქვთო. არავის უთქვამს, რომ დიასახლისი ორსულად იყო. ოთახში რომ შევედით, ქალი სკამზე იჯდა ჩემსკენ ზურგით, ქმარი დივანზე, სახით ჩემსკენ. ვიფიქრე, შევაშინებ-თქო და ქალს მივვარდი, პირზე ხელი ავაფარე, ხანჯალი მოვიქნიე და ჩემი აზრით იქ გავაჩერე, სადაც მუცელი უნდა დაწყებულიყო თურმე იმ ქალს მუცელი ნიკაპამდე ჰქონდა გაზრდილი და ხანჯალი ტარამდე ჩავიდა. იმ კაცის სახე არასდროს დამავიწყდება, ჩემსკენ ამოხედვა ქალმაც მოასწრო. ეს იყო სულ’‘.
* * *
სოსომ 15 წელი მოიხადა და ციხიდან გავიდა. ორ წელიწადში #0578-იც მიჰყვა. თავისუფლებაზე ერთმანეთს შეხვდნენ. სოსოს ქალი და პატარა ბავშვი ახლდა.
,,ცოლი მოვიყვანე, გოგონა მყავს, ბიჭს ველოდები. ღმერთის წყალობით სამსახურიც ვიშოვე მშენებლობაზე’‘, _ სიხარულს არ მალავდა სოსო.
შეხვედრიდან ერთ თვეში საშინელი ავარია მოხდა. ავტომობილს, რომელსაც სოსო მართავდა, კამაზი დაეჯახა და სოსო, მისი ორსული მეუღლე და ბავშვი ადგილზე მოკლა. ავტომობილში მეზობლის კაციც იჯდა, მაგრამ უვნებელი გადარჩა.
,,მაინც არ აპატია ღმერთმა’‘, - ასეთი იყო საერთო მოსაზრება. #0578 გასვენებაში მივიდა და გაახსენდა, როგორ უთხრა ციხიდან გასვლამდე რამდენიმე დღით ადრე სოსომ _ იმას ვნატრობ, თუ დასასჯელია ვინმე, ღმერთმა მე დამსაჯოს და არა ისეთი ადამიანი, ჩემთვის რომ ძვირფასიაო. მაშინ მას არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი და აქცენტს დისშვილებზე აკეთებდა... ეს ისტორია კი მას შემდეგ გამახსენდა, რაც ცოტა ხნის წინ, სოსოს დის შვილი მკვლელობაზე დაიჭირეს... ქალის მკვლელობაზე.
პატიმარი #0578