საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვილდფლეკენის სამხედრო ბაზას ესტუმრა. ირაკლი ალასანიამ ის ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მოინახულა, რომლებიც ავღანეთში გასაგზავრებლად წვრთნას გადიან. ირაკლი ალასანიამ ქართულ ქვედანაყოფს სიტყვით მიმართა და ქვეყნის საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა მოგესალმოთ ყველას. ძალიან შთამბეჭდავი არის ის, რომ ასე საფუძვლიანად, დამატებით გამოცდილება შეიძინეთ უკვე ჩვენი გერმანელი მეგობრების დახმარებით. მისია, რომელსაც თქვენ შეასრულებთ და მალე შეუდგებით, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის უმნიშვნელოვანესი. გერმანელებთან ერთად რომ დავიწყებთ ამ მისიაში ჩვენს ოპერაციას, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენი ქვეყანა თქვენი მეშვეობით, თქვენი საქმის მეშვეობით ხდება აქტუალური. ჩვენს ქვეყანას თქვენ გააცნობთ კიდევ სხვა, ახალ თანამებრძოლ ქვეყნებს, რომ მათ ჰქონდეთ ნდობა საქართველოსი. მე არ გადავაჭარბებ და პირდაპირ გეტყვით, ის რასაც თქვენ აკეთებდით და ახლა კიდევ გააკეთებთ, არის იმ წარმატების საფუძველი, რომლითაც ჩვენ ნატოს სამიტზე მივიღეთ ნატო-საქართველოს პაკეტი და არის საფუძველი, რომ ასეთი დიდი ნაბიჯებით მივდივართ ნატოსკენ და ევროკავშირისკენ. ასე რომ თქვენ, არა მარტო თავდაცვის კუთხით ხართ ჩართული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაში, საგარეო პოლიტიკაშიც უდიდესი წვლილი შეგაქვთ. ამიტომ, მე მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ, გადავუხადო თქვენს ოჯახებს, რომ ასე მოთმინებით მხარს გიჭერენ და ელოდებიან თქვენს ამ დიდ სამხედრო ოპერაციაში წასვლას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თავს გაუფრთხილდებით. ის ტექნიკა, ის ახალი ტაქტიკური თვისებები, რაც შეიძინეთ გამოგადგებათ იმაში, რომ მისია შეასრულოთ და მშვიდობით, სახსალამათი დაუბრუნდეთ საქართველოს და თქვენ ოჯახებს. მე ვიცი რა რთულია ამ თვეების განმავლობაში იყო ოჯახიდან ასე შორს და შემდეგ უკვე წახვიდეთ ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში დედამიწის ზურგზე - ავღანეთში. მაგრამ უამრავი თქვენთაგანი უკვე ყოფილა მისიებში და ეს ცოდნა, გამოცდილება, რომელსაც აგროვებთ, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დაცვაში გამოგვადგება მომავალში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენ.
ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ჩვენს გერმანელ მეგობრებს დიდი მადლობა გადავუხადოთ, რომ საშუალებას გვაძლევენ ასეთი მაღალი დონის წვრთნები გავიაროთ მათთან ერთად. გენერალს და მეთაურს მადლობას ვუხდი მთელი საქართველოს სახელით, რომ ასე ყურადღებით და ასეთი გვერდში დგომით გამოირჩეოდნენ თქვენი წვრთნების პერიოდში. ჩვენ კიდევ გელოდებით საქართველოში. ცოტა ხნით ჩამოხვალთ ოჯახებს ნახავთ და შემდეგ უკვე გაგაცილებთ მისიაში მონაწილეობის მისაღებად. მე მინდა მადლობა ვუთხრა თქვენ მეთაურს, მე მინდა მადლობა გითხრათ სათითაოდ ყველას, რომ თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის წარმატებაში, საერთაშორისო პოლიტიკურ, საგარეო პოლიტიკურ წარმატებაში არის - ლომის წვლილი, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავლისთვის. მე მეამაყება, რომ დღეს მომეცა საშუალება ჩამოსვლის, გნახოთ, კიდევ ერთხელ გაგამხნევოთ და გითხრათ, რომ გვეამაყებით ყველას.“