„კოალიციური ძალებისთვის აფრიკული ნავთობი მნიშვნელოვანი პრიზია“

„კოალიციური ძალებისთვის აფრიკული ნავთობი მნიშვნელოვანი პრიზია“

[მერაბ ბრეგაძე]

ლიბია ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების არენად გადაიქცა. გაერო-ს უშიშროების საბჭოს 17 მარტის რეზოლუციის საფუძველზე ქვეყანა არასაფრენ ზონად გამოცხადდა და კოალიციური ძალები კადაფის სამხედროებზე მასირებულ იერიშს ახორციელებენ.

როგორ ჩანს, მუამარ კადაფის მრავალწლიანი დიქტატორობის დღეები დათვლილია. ლიბიის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და პერსპექტივებს ანალიტიკოსები აფასებენ.

 

პოლიტოლოგ სოსო ცინცაძის აზრით, „კოალიციური ძალებისთვის აფრიკული ნავთობი მნიშვნელოვანი პრიზია, თუმცა ლიბიაში მიმდინარე პროცესების განმსაზღვრელი ერთადერთი ფაქტორი არ არის“:

 

„როცა ნავთობის ისეთ ელდორადოში, როგორც ლიბია, საუდის არაბეთი, ეგვიპტე და სხვები არიან, ისეთი მღელვარება იწყება, რომელიც სამოქალაქო ომში გადადის, ცხადია, შავი ოქროს მომენტი უმნიშვნელოვანესია, თუმცა ერთადერთი არ არის.

 

ნებისმიერ შემთხვევაში, ნავთობზე კონტროლის დამყარება კოალიციისთვის დიდი პრიზია, თუმცა ლიბიაში მიმდინარე მოვლენების განმსაზღვრელი დასავლური ფასეულობების დაცვა და კადაფის მიერ საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება იყო. 21-ე საუკუნეში მსგავსი რამ დაუშვებელია“.

 

პოლიტოლოგ ვაჟა ლორთქიფანიძის შეფასებით, „ლიბიაში მიმდინარე პროცესებს მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს“. როგორც „პირWელს“ ლორთქიფანიძემ განუცხადა, „მუამარ კადაფის მიერ საკუთარი მოსახლეობის დაბომბვა ყოვლად მიუღებელია და დასავლეთის რეაქცია და ჩარევა ამმხრივ გასაგებია, თუმცა ის დოზირებული უნდა იყოს“:

 

„ლიბიაში მიმდინარე მოვლენები მარტივი არ არის და მას მხოლოდ ერთი მიზეზი არ აქვს. კადაფის 42 წლიანმა დიქტატურამ დრო მოჭამა და ხალხი გულწრფელად აღშფოთებულია. ეს მთავარი მიზეზია, თუმცა მხოლოდ დემოკრატიისკენ სწრაფვასთან არ გვაქვს საქმე.

 

არ გამოვრიცხავ, რომ ისლამური ფუნდამენტალიზმის მკვეთრ გააქტიურებას ჰქონდეს ადგილი და რაც ხდება, ამ ძალებისა და დემოკრატიული იდეების ნარევია. რაც შეეხება ნავთობის ფაქტორს, მისი კონტროლი რაღაც დოზით მნიშვნელოვანი საკითხია, თუმცა არა მგონია, ამ სიტუაციაში გადამწყვეტი იყოს“.

 

ამასთან, ექსპერტი იმედოვნებს, რომ მოვლენები ლიბიაში დემოკრატიულად განვითარდება და რევოლუცია ხელისუფლებაში ფუნდამენტალისტების მოსვლით არ დამთავრდება, როგორც ეს 1970-იანი წლების ირანში მოხდა:

 

„დასავლეთის ჩარევა სწორი და გამართლებულია, თუმცა ის დოზირებული უნდა იყოს და მართლა ნავთობის კონტროლს არ ემყარებოდეს. დასავლეთის ჩარევა ადექვატური უნდა იყოს და არა მხოლოდ კადაფის დამხობას, არამედ მის შემდეგ ხელისუფლებაში დემოკრატიული ძალების მოსვლასაც ისახავდეს მიზნად“.

 

საერთაშორისო საკითხებში ექსპერტ კახა გოგოლაშვილის აზრით, იმ შემთხვევაში თუ ლიბიაში სამოქალაქო ომი გაგრძელდება, გაეროს უშიშროების საბჭო ქვეყანაში სახმელეთო ინტერვენციის გადაწყვეტილებასაც მიიღებს:

 

„ლიბიაში მიმდინარე პროცესები სერიოზულად აზარალებდა სამოქალაქო მოსახლეობას, თან აშკარად ჩანდა, რომ დაპირისპირება მოლაპარაკებით ან სხვა გზებით არ დასრულდებოდა, რის გამოც ლიბიაში კოალიციური ძალების მიერ სამხედრო ოპერაციის დაწყება გამართლებულად შეიძლება ჩაითვალოს.

 

წინაღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს შესაძლოა კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი მოჰყოლოდა, რაშიც საბოლოო ჯამში, ისევ საერთაშორისო თანამეგობრობა იქნებოდა დამნაშავე“.

 

ამასთან, გოგოლაშვილი ეჭვობს, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი საკუთარი მოსახლეობისა და მსოფლიოს წინააღმდეგ ბრძოლაში დამარცხდება, რადგან ერთადერთი უპირატესობა, რასაც ის აჯანყებულების წინააღმდეგ ფლობდა, აღარ გააჩნია:

 

„საქმე იმაშია, რომ კადაფის უპირატესობა იყო ჰაერი და მას ეს უპირატესობა უკვე აღარ აქვს. აქედან გამომდინარე, მას გაუჭირდება აჯანყებულებთან გამკლავება. ასეთი საერთაშორისო მხარდაჭერის ფონზე, წესით, ის უნდა დამარცხდეს და ამას გააკეთებს თვითონ ლიბიელი ხალხი - მის მომხრეებს შორის დაიწყება დაპირისპირება...

 

თუ ლიბიაში მიმდინარე პროცესებს სამოქალაქო ომი მოჰყვება, რომელსაც დასასრული არ ექნება, მაშინ გაეროს უშიშროების საბჭო ახალ რეზოლუციას მიიღებს და იქ სახმელეთო ინტერვენციას დაუშვებს“.

 

უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი ირაკლი სესიაშვილი ლიბიის ლიდერის „ალ- ქაიდანასთან“ გაერთიანებას ნაკლებსავარაუდოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მუამარ კადაფის მუქარა მხოლოდ დასავლეთის დაშანტაჟების მცდელობას წარმოადგენს:

 

„ალ-ქაიდასთან“ შეკვრის თაობაზე კადაფის მუქარა შანტაჟია. ამასთან, საკითხავია ისიც, სურს თუ არა თავად „ალ-ქაიდას“ რომ კადაფი მის გვერდით დადგეს? - ალბათ არა, იმიტომ, რომ ლიბიის ლიდერმა საკუთარი მოსახლეობის, მათ შორის მუსულმანური მოსახლეობის წინააღმდეგ ძალა გამოიყენა.

 

„ალ-ქაიდა“ არ ისურვებს კადაფისთან თანამშრომლობას, ეს არ სჭირდება. ის საკმაოდ ორგანიზებული მოძრაობაა და ლიბიის ლიდერმა შეიძლება უფრო მეტად ხელი შეუშალოს მას, ვიდრე რაიმე შედეგი მოუტანოს. ასე რომ, მუამარ კადაფის ეს მუქარა შეიძლება განვიხილოთ მხოლოდ როგორც შანტაჟი და მისთვის ერთგვარი ხელჩასაჭიდი, რომ ლიბიასა და მის წინააღმდეგ თავდახხმა როგორმე შეეჩერებინა“.

 

რაც შეეხება კოალიციური ძალების მიერ ლიბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას, უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტის შეფასებით, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ეს აუცილებელი იყო:

 

„ქვეყანა ორი არჩევანის: ძალადობის შეჩერებისა და ძალადობის გაგრძელების წინაშე იდგა. თუ დასავლეთი კადაფის შეჩერებას არ ეცდებოდა, ლიბიის მეთაური გაიმარჯვებდა და ის გაუსწორდებოდა ყველას, ვინც მის წინააღმდეგ გამოდიოდა.

 

კადაფიმ ჩაიდინა დანაშაული, რაზეც მან საერთაშორისო საზოგადოების წინაშე უნდა აგოს პასუხი. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელებისთვის მიუღებელი იყო ძალადობის ფორმა, ამ შემთხვევაში მას სხვა გზა არ რჩებოდა“.

 

ამასთან, ირაკლი სესიაშვილის აზრით, ის რაც დღეს ლიბიაში ხდება, „კადაფის ბოლო გაფართხალებაა“, რის კონტექსტშიც, ექსპერტი უახლოეს დღეებში ლიბიის მეთაურის ქვეყნიდან გაქცევას ვარაუდობს:

 

„ვფიქრობ, რომ კადაფი გაიქცევა და ამით ომი დასრულდება, მაგრამ სავარაუდოდ, ქვეყანაში გარკვეული წინააღმდეგობები კიდევ გაგრძელდება, რის გამოც, უნდა ველოდოთ, რომ გაეროს მშვიდობისმყოფელები ლიბიაში ისევ შევლენ და იქ იქამდე დარჩებიან, ვიდრე ლიბიაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნები არ ჩატარდება“.