გავლენიანობა – როკ  მუსიკის ფუნდამენტური საკითხი

გავლენიანობა – როკ მუსიკის ფუნდამენტური საკითხი

და არამარტო... როკ მუსიკა, როგორც ხელოვნების დარგი, ითავისებს ზოგადსაკაცობრიო ტენდენციებს, რაც ითვალისწინებს როგორც სწორუპოვარ – თვითმყოფად შედევრებს, ასევე მიმბაძველობას, ზოგჯერ ეფექტურსა და აუცილებელს, ზოგჯერ კი უნიჭოსა და არაფრისმთქმელს.

ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მაგალითები ბევრია და ზოგიერთ მათგანს მომავალში შევეხებით, მაგრამ საფუძველი ყოველივე ამისა – ამა თუ იმ შემსრულებლის გავლენიანობაა, რომლის საფუძველზეც გადაიმღერებაზოგჯერ „ქავერი“, ზოგჯერ კი გაცილებით მნიშვნელოვანი რამ – მთლიანი მუსიკალური ხელწერა, რაც შესაძლოა უბრალოდ რომელიმე კომპოზიციის გადამღერებას, არც კი მოიაზრებდეს.

ამისი ნათელი მაგალითია Genesis პროგრესივ როკში ან Deep Purple ჰარდ როკში (უხეში ჟანრობრივი დაყოფით), რომელთა კვალზე უამრავი ჯგუფი აღიზარდა ისე, რომ მათი სიმღერები ტრიბიუტ ალბომებში ან რომელიმე მიჩუმათებულ და გამოუქვეყნებელ კონცერტზე თუ შეუსრულებიათ.

ამა თუ იმ ჯგუფსა თუ შემსრულებელზე რომელიმე ბუმბერაზის გავლენიანობა კი პოპულარობისა და კომერციული წარმატების საწინდარია.

ეს არის შემოქმედებითი მანქანა, რომელზედაც დგას დასავლეთის მთელი მუსიკალური შოუ ბიზნესი. რაიმე ახლის შეტანა აქ წარმოუდგენელია და არც არავინ ცდილობს, რადგან ამისთვის არც დრო არის საკმარისი, არც იდეები სრულიად ახალი მუსიკის შესაქმნელად, ხოლო შვიდი ნოტისგან შემდგარი მუსიკალური კომბინაციები კი კაცობრიობამ ფაქტობრივად ამოწურა, ჭადრაკის სვლებისა არ იყოს...

მაგრამ იბადებიან ფიგურები, რომლებითაც ეს მუსიკალური სვლები ხორციელდება და მათ უკან დგანან პროდიუსერები, მენეჯერები და სხვადასხვა „ჩრდილოვანი“ ადამიანები, ვის ხელთაცაა პოპულარობის მოხვეჭის სადავეები.

ნიჭი? – რა თქმა უნდა უპირველეს ყოვლისა, რადგან თუკი მაღალი დონის როკ ხელოვნებაზე ვსაუბრობთ, ნედლი მასალის გარეშე ვერც ბრაიან ეპშტაინი, ვერც ჯორჯ მარტინი, ვერც აჰმეტ ერტეგანი, ვერც მაიკ მოსტი, ვერც მარტინ ბირჩი, ვერც ედი კრამერი, ვერ განახორციელებდნენ იმ საოცარ ჩანაწერებს, ყველაზე გავლენიანად რომ იქცნენ გასული საუკუნის 70–იან წლებში.

მაგრამ ჩვენი საუბრის მიზანია, რომ ერთმანეთთან დავაკავშიროთ თვით ჯგუფის სტრუქტურაში გავლენიანობისა და აქედან გამომდინარე პოპულარობის ფაქტორი.

მოდით გავარკვიოთ ეს Led Zeppelin–ისა და ზოგიერთი სხვა ბუმბერაზები ჯგუფის მაგალითზე.

ფაქტია, რომ ტყვიის დირიჟაბლი ციდან არ ჩამოფრენილა და პოპულარობის მოსაპოვებლად, საფუძვლად მას ზოგადად თეთრი და შავი ხალხური მუსიკა დახვდა.

ახლად შექმნილმა კოლექტივმა დაურთო ამ პლაცდარმს იმ პერიოდისათვის მოზღვავებული როკ’ნ’როლი, დაამძიმა ჟღერადობა და შექმნა პროდუქტი, რომელიც ვეღარასოდეს დაძველდება მისი 50–იანი და 60–იანი წლების უმრავლეს წინაპართაგან განსხვავებით, რადგან ამ უკანასკნელთა ჟღერადობა, უკვე 70–იან წლებშივე, იმავე Led Zeppelin–მა არქაიზმად აქცია...

ესეც თქვენ გავლენიანობის უმნიშვნელოვანესი მაგალითი, რამაც პოპულარობა განაპირობა. მაგრამ შიგნით? Led Zeppelin ათწლიან მოღვაწეობას 4 მუსიკოსით შეუდგა და ამდენივეთი დაასრულა. ვინ იყო მათ შორის ყველაზე გავლენიანი?

ირკვევა, რომ  ჯონ ბონემის დრამის განუმეორებელი ბგერის შემოქმედიც კი ჯიმი პეიჯია, რომელსაც ზოგადად არ აკმაყოფილებდა ამ ინსტრუმენტის ჟღერადობის სიძლიერე, ადარებდა რა იმდროინდელი დრამერების გამოცემულ ბგერებს, მუყაოს ნაჭერზე დარტმით გამოწვეულს...

მაგრამ პლანტთან დაკავშირებული წინა თემაში განხილული ფაქტორიდან გამომდინარე, Led Zeppelin–ის შემთხვევაში სრულ ნონსენსს ვღებულობთ. როგორც კომპოზიტორი, ორანჟერი, ჟღერადობის ფუძემდებელი, აშკარად ყველაზე გავლენიანი მუსიკოსი აქ ჯიმი პეიჯია, მაგრამ პოპულარობისათვის გადამწყვეტი ფიგურა კი რობერტ პლანტია, რადგან მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა Led Zeppelin–ის წინსვლა. ეს ხომ მომავალში ცხადყო ჯიმი პეიჯის თანამშრომლობამ ნებისმიერ სხვა მომღერალთან.

მაგალითად პეიჯ/ქოვერდეილის 1993 წლის ერთობლივი ალბომი, ფაქტობრივად მხოლოდ მომღერლის იდეებითაა გამსჭვალული და ჯონ საიკსისა თუ დაგ ოლდრიჯის შემთხვევაში, ნამუშევარი თავისუფლად დაამშვენებდა Whitesnake–ის დისკოგრაფიას ჯიმი პეიჯის ყოველგვარი კვალის გარეშე.

აბსოლუტურად განსხვავებულ სურათს ვაწყდებით Deep Purple–ში, სადაც გავლენიანობისა და პოპულარობის თანხვედრა სრულიად აშკარაა. არსებობის საწყის ეტაპზე წამყვანი ფიგურა ჯონ ლორდია, გილანის პერიოდში ბლექმორ–ლორდის ტანდემი, ხოლო ქოვერდეილის პერიოდში კი ბლექმორი, რომელიც ამ თვალსაზრისით რეპეტიციასაც კი გადიოდა  მომავალ ჯგუფ Rainbow–თვის.

საინტერესო კი ისაა, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მეტყველებს ვთქვათ პლანტის უპირატესობაზე გილანთან შედარებით. „პლანტისებრთა ოჯახს“ შეიძლება მივაკუთვნოთ ფრედი მერკური და ნოდი ჰოლდერი, რომლებიც გავლენიანობის თვალსაზრისით, პლანტს აშკარად აღემატებოდნენ თავ–თავიანთ ჯგუფებში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი პლანტზე დიდი მომღერლები იყვნენ.

თუნდაც უკვე დაჩიავებული ნოდი ჰოლდერის გარეშე, Slade–მა სცადა არსებობა, მაგრამ იმდენად უაზრო აღმოჩნდა ჯგუფისთვის ახალი რეალობა, რომ შეხედეს რა საკუთარ თავს, 70-იანების გლემ როკ რისხვა, ელვის სისწრაფით საბოლოოდ დაიშალა... 

შეიძლება საკამათოა, მაგრამ როგორც გავლენიანობის, ასევე პოპულარობის თვალსაზრისით, Black Sabbath-ის უმნიშვნელოვანესი ფიგურა ტონი აიომია და მას ამ თვალსაზრისით ოზი ვერ შეეცილება. თუმც ეკზოტიკურობიდან გამომდინარე, ჯგუფის პოპულარიზაციის საქმეში, ოზის ფატორი Black Sabbath-ში, ალბათ აღემატება გილანისას Deep Purple–ში, ოღონდ 70–იანების პერიოდში და არა დღეს, როდესაც ფაქტობრივად იან გილანთანაა დაკავშირებული ლეგენდარული ჯგუფის ზოგადად არსებობა...

გავლენიანობისა და პოპულარობის ლოგიკური თანხვედრის შესანიშნავი ნიმუშია  Colosseum–ის განუმეორებელი ინსტრუმენტული ანსამბლი, რის ფონზედაც  დიდებული მომღერალი ქრის ფარლოუ „დამალულია“.

გავლენიანობისა და პოპულარობის სინთეზის მაგალითია ჯეი ჯეი ქეილისა და ერიკ კლაპტონის თანამშრომლობა. პირველი შესანიშნავ სიმღერებს წერდა, თუმც პოპულარობა აკლდა. მეორეს კი დიდი პოპულარობის მიუხედავად, დაჭირდა ახალი მელოდიური სიმღერები, რომელთა დეფიციტსაც განიცდიდა.

ქეილისა და კლაპტონის შემთხვევაში სქემა მარტივია. კლაპტონზე ჯეი ჯეი ქეილის გავლენამ მას პოპულარობა შემატა როგორც მუსიკოსს, ხოლო სიმღერების კლაპტონისეულმა ვერსიამ კი თავის მხეივ პოპულარობა უკვე კომპოზიტორსაც მოუტანა...

ახლა კი მოდით, სხვა მომღერლებზეც ვისაუბროთ და ვფიქრობ, რომ საკვირველი სურათი წარმოგვიდგება ზოგიერთი მათგანის საკუთარი ჯგუფის პოპულარიზაციასთან მიმართებაში.

დავიწყოთ მაგალითად იან გილანით, რომელიც ლეგენდარული Deep Purple-ს თითქმის ნახევარსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე, კოლექტივის აშკარა ლიდერად ჩამოყალიბდა და ამაში ნაცნობი კომპოზიტორული ხელწერა არ არის უმთავრესი. როგორ არ გავიხსენოთ ამ დროს სტივ მორსის შეფასება, რომელიც აცხადებს, რომ "გილანი ამ ქვეყანას Deep Purple-ს მომღერლობისთვის მოევლინა".

ვერც შეედავები, მაგრამ მოდით გადავავლოთ თვალი Deep Purple -ს წარსულს და დავრწმუნდებით, რომ ჯგუფმა შეძლებისდაგვარად (და ვინძლო საკმაოდ უმტკივნეულოდ) გადაიტანა იან გილანის ვოკალის ჩანაცვლება ჯერ დევიდ ქოვერდეილით, ხოლო შემდგომში კი "დღევანდელი გილანით".

Perfect Strangers-დმი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, მისი ხმა აქ უკვე ძველებურად ვეღარ ჟღერს, რომ აღარაფერი ვთქვათ ჯგუფის ახალ ნამუშევრებზე სტივ მორსთან ერთად.

მიუხედავად ამისა, Deep Purple-ს ვუსმენთ, მოგვწონს, ვეგუებით და განსაკუთრებით დღევანდელ მსმენელს ზოგჯერ ურჩევნია კიდეც ახალი ნამუშევრები In Rock -სა თუ Machine Head-ს, იმდენად მნიშვნელოვანია ინსტრუმენტული ფაქტორი კოლექტივში და ეფექტურადაა იგი მორგებული ამ „ახალ ვოკალზე“.

თუკი Led Zeppelin-თან პარალელს გავავლებთ, რომლის დაშლის შემდეგაც რობერტ პლანტის გარეშე, ვერც ჯიმი პეიჯმა, ვერც ჯონ პოლ ჯონსმა, ღირებული ვეღარაფერი შექმნეს, Deep Purple-ს ძლევამოსილი და მრავალრიცხოვანი ოჯახიდან, მარტო რიჩი ბლექმორის Rainbow არის საკმარისი ლეგენდარული ხუთეულის დაშლის შემდეგ თუ მასთან პარალელურ რეჟიმში არსებობისას, გილანის გარეშე ჯგუფის სხვა წევრების შემოქმედების უმაღლეს დონეზე წარმართვაში დასარწმუნებლად.

რაშია საქმე. რითაა ნაკლები გილანი თუ წინა წერილში მოყვანილი პიტერ გებრიელი  პლანტსა და მერკურიზე, რომლებიც თავ–თავიანთ ჯგუფებში პოპულარობის გადამწყვეტ ფიგურებად გვევლინებიან.

სანამ ამაზე ვეცდებოდეთ პასუხის გაცემას, მოდით Black Sabbath–იც გავიხსენოთ, რომლის მთავარი მომღერლის – ოზი ოსბორნის ხმა იმდენად გამორჩეულია როკ სამყაროში, რომ თუნდაც რობერტ პლანტისგან განსხვავებით, რომელსაც Kingdom Come – ში კლონი გამოუჩნდა, მისი მიბაძვა ოდნავადაც კი არ უცდია არცერთ ჭკუათმყოფელ მომღერალს, რომ აღარაფერი ვთქვათ Black Sabbath–ში ოსბორნის მემკვიდრეებზე – დიოზე, მარტინზე, იმავე გილანსა თუ გლენ ჰიუზზე, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ მათგანს უწევდა ოსბორნის პერიოდის სიმღერების შესრულება კონცერტებზე.

აქ მსმენელთა აზრი ორად იყოფა და გილან–ქოვერდეილის წყვილისგან განსხვავებით, რომლის მიმართაც როკ მუსიკის მოყვარულთა რადიკალიზმი ნაკლებად შესამჩნევია, Black Sabbath–ის მრავალი თაყვანისმცემელი საერთოდ უგულვებელყოფს ოსბორნის შემდგომი პერიოდის ჯგუფის შემოქმედებას.

მაგრამ ალბათ საღი აზრი და თუნდაც Black Sabbath–ის 1980 და1981 წლების ალბომები საპირისპიროზე მეტყველებენ.

თუკი რობერტ პლანტის და ფრედი მერკურის წასვლის შემდეგ, Led Zeppelin და Queen ხელწერას აუცილებლად დაკარგავდნენ, ოსბორნს გარეშე დარჩენილი Black Sabbath–ის არცერთ ალბომში არ იგრძნობა იმ მძლავრი ფუნდამენტის მოშლა, რასაც დღემდე ემყარება კვლავაც უკვე ოსბორნის დროინდელი ჰარდ ენდ ჰევი ბუმბერაზი.

მეტიც, ტონი აიომი, მარტინის პერიოდის ერთ–ერთ ინტერვიუში აცხადებდა, რომ დიომ ოსბორნის შემდეგ მისი გიტარის პარტიებს უფრო ფართო დიაპაზონი შესძინა, ხოლო მარტინმა კი ფანტაზია საერთოდ გაუასმაგა...

ახლა კი გავავლოთ პარალელი პეიჯ–პლანტის ტანდემთან, სადაც რამდენიმე პოპულარული გამოცემის მიხედვით მსოფლიოს უძლიერეს გიტარისტად წოდებულ პეიჯს, რეალურად 1976 წლის მერე, ახალი არაფერი შეუქმნია პირადი შემოქმედებითი დაკმაყოფილებისთვისაც კი, რომ აღარაფერი ვთქვათ გიტარის, როგორც მუსიკალური ინსტრუმენტის სფეროში, რაიმე სიახლის დანერგვის თვალსაზრისით.    

საინტერესოა დევიდ ქოვერდეილის ფაქტორი  Deep Purple-თან და Whitesnake–თან მიმართებაში. პირველ შემთხვევაში იგი გილანის საქმის გამგრძელებელი და უდავოდ ძლიერი მომღერალია, ხოლო მეორე შემთხვევაში კი მისივე ჯგუფის სულისჩამდგმელი და პოპულარობისათვის უმთავრესი ფიგურა.

აქ, თითქოს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თავსატეხამდე მაინც მივდივართ. როგორ ხდება, რომ Whitesnake-ის კონცერტებზე ქოვერდეილი, Deep Purple–ს სიმღერების შესრულებისას ისეთივე წამყვანი ფიგურაა, როგორც Whitesnake-ის რეპერტუარის დაკვრისას, თანაც იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ნამღერი Burn სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით – საცოდაობაა 1974 წლის ვერსიებთან შედარებით, სადაც მისამღერს აქ ნამდვილად არავინ ამღერებდა ქოვერდეილს?

გადავინაცვლოთ King Crimson–ში, რომელშიც 1969–1974 წლებში 5(!)–მა ვოკალისტმა იმღერა. თითქოს ვერც წარმოგვიდგენია ლეიკის გარეშე პირველი ორი, თუ უეტტონის გარეშე ბოლო სამი ალბომი, მაგრამ საწინააღმდეგოზე მეტყველებს პროგრესივ მონსტრის შემოქმედება, რომლის ლიდერ რობერტ ფრიპს, მეორეს მხრივ, 70–ებში არასოდეს ჰყოლია გიტარ სოლოებზე აწყობილი ჯგუფი და რომელიც ყოველთვის განსაკუთრებული ეფექტურობით ცვლის (დღემდე) შემადგენლობას.

ასე რომ, აქ ჯონ ანდერსონის Yes–თან პარალელის გავლება ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელის სახელი King Crimson–ის ზემოთხსენებულ ვოკალისტთა ხუთეულში მოიპოვება.

ალბათ უმჯობესია, თუ თვით რობერტ ფრიპის სიტყვებს მოვიშველიებთ საკუთარი ჯგუფის დახასიათებისთვის: „King Crimson-ში მთავარი არასოდეს ვყოფილვარ. უბრალოდ აქ ყოველთვის თავს იყრიან საუკეთესო მუსიკოსები, რომლებიც კონკრეტულ მომენტში საკუთარი განწყობების ნაზავ მუსიკას ჰქმნიან“...

ალბათ ამომწურავია აზრი, მაგრამ რა ვუყოთ სხვა ჯგუფების დახასიათებას ვოკალისტებიდან გამომდინარე, რომელთაგან ზოგიერთი ამა თუ იმ ჯგუფის პოპულარობის წინაპირობაა, ხოლო ზოგიერთი (და მათზე თითქოს არაფრით ნაკლები) კი არა?

ვფიქრობ, რომ ამ საკითხზე მეტნაკლებად ზუსტი პასუხის გასაცემად, კიდევ ერთი კრიტერიუმი – გავლენიანობა უნდა მოვიშველიოთ და სწორედ ამ კრიტერიუმს მივუსადაგოთ პოპულარობის ფაქტორი სხვადასხვა მომღერლებთან და აუცილებლად ჯგუფის ინსტრუმენტულ პალიტრასთან მიმართებაში, რასაც მომავალ კვირას გავაკეთებთ.