სალომე ზურაბიშვილის ერთი კომენტარის თაობაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე

სალომე ზურაბიშვილის ერთი კომენტარის თაობაზე 2008 წლის აგვისტოს ომზე

ჩემი ეს სტატია გამოხმაურებაა for.ge-ში მ.წ. 15 აგვისტოს გამოქვეყნებული დავით ზარდიაშვილის შესანიშნავ სტატიაზე (http://for.ge/view.php?for_id=54335&cat=12) „მტრის არ მცნობი მოყვრის მგმობი“.

კარგადაა ცნობილი, რომ აგვისტოს თვე საქართველოს ისტორიაში რაღაც მისტიკური და ავი „შარავანდედითაა“ მოსილი, რის დასტურადაც 2008 წლის აგვისტოს საბედისწერო „ხუთდღიანი ომისა“ და ბოლშევიკების მიერ 1924 წლის აგვისტოში საერთო ეროვნული აჯანყების სისხლიანი ჩახშობის გახსენებაც კმარა.

მით უფრო გამაოცა 2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის კომენტარის შემდგომ, ქართულ მედია და სოციალურ სივრცეში ატეხილმა სამარცხვინო „ჟივილ-ხივილმა“, რომლის ანალოგიად მხოლოდ 1930-იანი წლების ტოტალიტარულ საბჭოთა კავშირში სტალინური პროპაგანდის მიერ ინიცირებული და მართული „ხალხის მტრების“ გმობის ბინძური გნიასი თუ გამოდგებოდა.

ნუთუ იმ უამრავი ადამიანებისათვის არნახული ბოღმა და სიძულვილი რომ გადმოანთხიეს სალომე ზურაბიშვილის მიმართ უცნობი იყო ანბანური ჭეშმარიტება იმის თაობაზე, თუ ვინ იყო პასუხისმგებელი 10 წლის წინანდელი და საქართველოსთვის კატასტროფული შედეგების მომტანი სამხედრო კონფლიქტის გაჩაღებაზე?

ვისთვისაც უცნობი იყო ეს, სრულიად უდანაშაულო ადამიანის საჯარო ლანძღვა-გინების (რაც სამართლებრივადაა დასჯადი) დაწყებამდე, ჯერ კიდევ 2008 წელს გამოქვეყნებული ჰაიდი ტალიავინის „ფაქტების დამდგენი კომისიის“ საბოლოო დასკვნის წაკითხვა იქნებოდა უპრიანი (სხვათა შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2008 წლის №1633 რეზოლუციას „რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ“, სადაც სწორედ რომ ტალიავინის დასკვნის მართლზომიერება იყო ხაზგასმული, საქართველოს მაშინდელი ხელისუფლებაც დაეთანხმა, რაც დადასტურებულია საგარეო საქმეთა მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის ხელმოწერით).

და, ათი წლის შემდეგ კოლექტიური ამნეზია რამ შეჰყარა „მიშისტებს“, „ბოკერიისტებს“, მათ ამფსონებსა თუ გაუგებრობაში მოყოლილ პოლიტიკურად უმეცარ მრავალ სხვა ადამიანს?

რამ დაუკარგა მათ ზომიერების გრძნობა, ელემენტარული ზრდილობა და სირცხვილი? იმის გაცნობიერებამ ხომ არა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალბატონი სალომე პირწმინდად დაამარცხებს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს - კარიკატურული გრიგოლ ვაშაძესა თუ 2008 წლის აგვისტოს ომში ბლაგვი დანა-ჩანგლით რუსულ ტანკებსა და შავი ზღვის ფლოტთან მებრძოლ დათო ბაქრაძეს?

სანამ სტატიის თემასთან უშუალოდ დაკავშირებულ ზოგიერთ სპეციფიკურ ასპექტზე გავამახვილებდი ყურადღებას, წერტილი მინდა დავუსვა საჯარო სივრცეში გადმონთხეულ არნახული სიცრუისა და უმსგავსობის კორიანტელს 2008 წლის აგვისტოს ომსა და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის საქართველოს პრეზიდენტად არჩევის ვითომ და მიუღებლობის შესახებ.

დათო ზარდიაშვილის ზემოთნახსენებ სტატიაში დეტალურადაა გაანალიზებული 10 წლის წინ, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად ჩვენი ქვეყნის მიერ წაგებული ომისა და საქართველოს ძირძველი ტერიტორიების დე-იურე დაკარგვასთან დაკავშირებული ბევრი სამართლებრივი ასპექტი.

გამოთქმულია ძალიან გონივრული ეჭვი იმის თაობაზე, რომ ადგილი ჰქონდა უმძიმესი დანაშაულის - სამშობლოს ღალატის მრავალ გამოვლინებას, რაზედაც პასუხისმგებლობა უნდა დაკისრებოდა იმდროინდელ საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით.

ჩემის მხრიდან დავამატებდი მხოლოდ ერთს, დღემდე, საქართველოს ხელისუფლებას ფაქტობრივად არ აქვს პოლიტიკურად შეფასებული 2008 წლის აგვისტოს ეროვნული ტრაგედია, ქართულ მაღთლმსაჯულებას კი არ აქვს გამოძიებული ზემოთაღნიშნულ ომთან დაკავშირებული ყველა ფაქტი. არ ჰყავს გამოვლენილი და, რა თქმა უნდა, არც ჯეროვნად დასჯილი ჩვენი ერისა და სახელმწიფის წინააღმდეგ ჩადენილი არნახული ღალატის არც ერთი ფიგურანტი. ყველაფერი ეს კი არა მარტო სამარცხვინოა, არამედ დანაშაულებრივიც, რისი უშუალო და სავალალო შედეგიცაა ჩვენი საზოგადოების ერთი ნაწილის (მხედველობაში მყავს მიხეილ სააკაშვილის თანამოაზრეები) უტიფრობა და მეორე ნაწილის უმეცრება.

ნაციონალთა მომხრეებსა თუ ზემოთნახსენებ უმეცრებს ერთ ანბანურ ჭეშმარიტებას შევახსენებდი იმის თაობაზე, რომ ყველას უნდა ახსოვდეს ისტორია, მათ შორის სხვა ქვეყნებისაც. მაგალითად, ჩვენგან არც თუ ისე შორეული საბერძნეთისა, სადაც 1922 წელს დასრულდა სისხლისმღვრელი სამწლიანი ომი საბერძნეთსა და თურქეთს შორის. ბერძნულმა არმიამ კატასტროფული მარცხი იწვნია; ეთნიკური ბერძნებით ათასწლეულების განმავლობაში დასახლებული ისტორიული ტერიტორიებზე დაიღუპა უამრავი მშვიდობიანი მოსახლე. ბევრად უფრო მეტი ბერძენი ეთნიკური წმენდის მსხვერპლი გახდა. საბერძნეთის საზოგადოებამ ადეკვატურად უპასუხა ეროვნულ კატასტროფას. საბერძნეთის მეფე კონსტანტინე აიძულეს გადამდგარიყო ტახტიდან. 1922 წლის ოქტომბერში კი საგანგებო ტრიბუნალმა სიკვდილი მიუსაჯა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს დიმიტრიოს გუნარისს, მისი მთავრობის წევრ ოთხ მინისტრსა და ბერძნული არმიის მთავარსარდალს ხაძიანესტისს. იმავე წლის 15 ნოემბერს სასიკვდილო განაჩენი სისრულეში იქნა მოყვანილი.

ვურჩევდი „ქართულ ოცნებას“ დაფიქრებულიყო ყველაფერ ამაზე, სანამ გვიანი არ იქნება, ვინაიდან არ არის გამორიცხული მომავალში, ნამდვილ მოღალატეებთან ერთად, მათაც მოეთხოვოს მკაცრად პასუხი დანაშაულის დაფარვისათვის „კოაბიტაციას“ რომ უწოდებს ზოგიერთი ჩვენში.

დავუბრუნდები მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებს. სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად ღირსეულ კანდიდატად მიმაჩნია. კარგად ვიცნობ ქალბატონ სალომეს. სამი წელი ერთადაც გვიმუშავია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მერწმუნეთ, როგორც მაღალპროფესიული დიპლომატი იგი ძალიან წარმატებული მინისტრიც იყო.

ვისაც ქალბატონი სალომეს საფრანგეთის მოქალაქეობა ეხამუშება (და არ ახსენდება ამ დროს გრიგოლ ვაშაძის რუსეთის მოქალაქეობა), გავახსენებ, რომ 2003 წელს სალომე ზურაბიშვილმა, როგორც ქართველი ერის ღირსეულმა შვილმა და სახელოვანი ოჯახის წარმომადგენელმა უყოყმანოდ ანაცვალა საქართველოში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის პრესტიჟულ პოზიციას, თავისი სამშობლოს - საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის ერთობ შარიანი თანამდებობა. შარმაც არ დააყოვნა და ჩვენში ესოდენ ჩვეულმა უმადურობამაც იმძლავრა. 2006 წელს სააკაშვილმა თანამდებობა დაატოვებინა სალომე ზურაბიშვილს. იმისთვის ხომ არა, რომ სწორედ ქალბატონმა სალომემ დაასრულა წარმატებით საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანა საქართველოდან? იმ სამხედრო ბაზებისა უკან რომ შემოაბრუნა მიშამ 2008 წლის აგვისტოში მის მიერ სულ რამოდენიმე დღეში წაგებული ომის შემდეგ?

აი, ახლა კი, ზემოთ რომ ვახსენე იმ სპეციფიკურ ასპექტებზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას.

არ ვამართლებ, მაგრამ შემიძლია გავიგო ის მოტივი (ბანალური პირადი გამორჩენა), რომელიც ამოძრავებს „ნაციონალური მოძრაობის“, მისი „ნამსხვრევევისა“ თუ სატელიტების რეალურ მომხრეებს, მაგრამ რა ვუყოთ იმ ფაქტს, სოციალურ ქსელებში სალომეს ლანძღვა-გინებით „გამორჩეული“ ადამიანების რაოდენობა ბევრად რომ აღემატებოდა ნაციონალების რაოდენობას?

რითი აიხსნება ეს საოცრება? - მხოლოდ ზემოთაღნიშნული ადამიანების საკმაოდ დიდი მასის პოლიტიკური სიბრიყვით, რაც ზოგადად მათი ინტელექტის დეფიციტთან უნდა იყოს დაკავშირებული. ფსიქიატრიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიასთან, თუნდაც არაპროფესიულად დაკავშირებული (რომ არაფერი ვთქვათ ექიმებსა და პათოფსიქოლოგებზე) ბევრი ადამიანისთვისაც კი ნათელია, რომ ოლიგიფრენიის (თანდაყოლილი გონებასისუსტის) ნიშნებს მიეკუთვნებიან: კრიტიკული აზროვნების არარსებობა, განზოგადოების უნარის ნაკლებობა, ზერელე აზროვნება, ბრმა წამხედურობა და მრავალი სხვა.

ბევრი დამეთანხმებოდა, რომ ზემოთაღნიშნული პათოლოგიის ნიშნები უხვად იყო სალომე ზურაბიშვილის ზღვარგადასული ლანძღვის შემცველ ფეის-ბუქ პოსტებში.

თუმცა, ერთს კი დავსძენდი.

ძალიან მინდა რომ ვცდებოდე, მაგრამ მომეჩვენა, რომ 2018 წლის აგვისტოს მედია სივრცესა და სოციალურ ქსელებში ბრიყვების ხმები გაცილებით მძლავრად ჟღერდა, ვიდრე იმ გონიერი ადამიანების ხმები, ვალდებულები რომ იყვნენ სიმართლე დაეცვათ.

ვითომ ამ ადამიანებს ის ამყოფებდათ სიჩუმეში, რომ ელოდებოდნენ როდის გახდებოდა სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ ოფიციალური საპრეზიდენტო კანდიდატი?

ვინ იცის?

ასეა თუ ისე, იმაში კი ვარ დარწმუნებული, რომ „ქართული ოცნების“ რეალური და ოფიციალური მხარდაჭერის შემთხვევაში აჭრელდებოდა „ფეისბუქი“ ზემოთაღნიშნული ადამიანების მიერ დაწერილი სალომეს მხარდამჭერი პოსტებით.

ასეა, „დრონი მეფობენ და არა მეფენიო“ უთქვამთ, მაგრამ ეს საქართველოს ნამდვილად არ ეხება.

ჩვენში მედროვენი მეფობენ მხოლოდ, ყოველთვის...

ისე, არ ჭირდება არაფერში ქალბატონ სალომეს ჩემი დაცვა, ვინაიდან ის საოცრად ძლიერი და ბრძოლისუნარიანი პიროვნებაა! არც მე მჭირდება მისი გაპრეზიდენტების შემთხვევაში ჩემთვის ნაწყალობევი თანამდებობა, ვინაიდან საკმაოდ წარმატებული ვარ ჩემს დღევანდელ პროფესიულ (საექიმო) საქმიანობაში!

მე ვალდებული ვარ სიმართლე დავიცვა მხოლოდ, ისე როგორც მე მესმის, ვინაიდან ბევრი ჩემი თანამემამულისაგან განსხვავებით სხვაგვარად არ ძალმიძს!

მიშისტები კი ნამდვილად ვერ ეღირსებიან „ნაციონალური მოძრაობისა“ თუ მისი „ნამსხვრევების“ კანდიდატების გაპრეზიდენტებას, რაც 2008 წლის აგვისტოს მსგავსი კატასტროფული შედეგების მომტანი იქნება ჩვენი ქვეყნისათვის.

დარწმუნებული ვარ, რომ ის, რაც საქართველოს წაადგება ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევაა.

ძია მიხო ქალბატონი სალომეს სახით რომ საქართველოს ღირსეული პეზიდენტი ჰყავს ამის უარყოფა მხოლოდ სრულიად უვიცებს შეუძლიათ. დანარჩენი პრეზიდენტობის კანდიდატები მის გვერდით იმდენად უბადრუკად გამოიყურებიან, რომ მათი შედარებაც კი უხერხულია.
3 წლის უკან