საშუალო ფენიდან ღარიბებში 10%-მა გადაინაცვლა

საშუალო ფენიდან ღარიბებში 10%-მა გადაინაცვლა

[გიორგი ბექაური]

საქართველოში სტატისტიკის სამსახური თითქმის არაფერს ითვლის. ამიტომ ძნელია მოიპოვო მეტ-ნაკლებად ზუსტი ინფორმაცია თუ რამდენდა დააზარლა მოსახლეობა ბოლო 5-6 თვეში მუდმივად მზრადმა და ნახტომისებურმა ინფლაცია. ექსპერტები კი ვარაუდობენ, რომ მოსახელეობის ღარიბ ფენას კიდევ 10% დაემატა.

ეკონომიკის ექსპერტის ნოდარ კაპანაძის განმარტებით, სურსათზე ფასების ზრდა, პირველ რიგში, ღარიბი მოსახლეობის მდგომარეობაზე ახდენს გავლენას.

„ღარიბი მოსახლეობის ხარჯების 60-70 პროცენტი სწორედ სურსათზე მოდიოდა. ახლა მათ ხარჯების ზრდა მოუწევთ, რაც გვაფიქრებს, რომ მოთხოვნებს მინიმალურადაც ვერ დაიკმაყოფილებენ. რაც შეეხება საშუალო ფენას, ასეთ ტერმინს საქართველოში სიმბოლური დატვირთვა უფრო აქვს, ვიდრე მას საშუალო ფენის კლასიკური გაგება მოიცავს. ასეთი გაგებით საშუალო ფენა ჩვენს ქვეყანაში მდიდრად ითვლება. მდიდარი კი ძალიან ცოტაა. საშუალო ფენას წარმოადგენს ის ადამიანი, ვისაც აქვს იმდენი შემოსავალი, რომ პირველადი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს, უზრუნველყოს გართობა-დასვენება და ა.შ.

როდესაც საშუალო ფენა 50%-ზე მეტია, ვითარება სტაბილურია, მაგრამ როდესაც საშუალო ფენა ამ ნიშნულზე დაბლაა, საზოგადოება არის პარალიზებული“, - განმარტავს კაპანაძე და დასძენს, რომ სურსათის გაძვირების გამო არ არის გამორიცხული, საშუალო ფენის წარმომადგენელებმა სიღარიბის კატეგორიაში გადაინაცვლონ.

უფრო კონკრეტულ მონაცემებზე საუბრობს ექსპერტი ავთო სილაგაძე. იგი ვარაუდობს, რომ მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო, საშუალო ფენის 5-10 პროცენტი, შესაძლოა, სიღარიბის კატეგორიაში აღმოჩნდეს.

„აქ უნდა ვივარაუდოთ, მასა სურსათზე რამდენს ხარჯავს.  ჩემი აზრით, არის საკმაოდ დიდი მაჩვენებელი, შეიძლება, 50-60 პროცენტის ფარგლებში. ღარიბები უმეტესად სურსათს ყიდულობენ და ამიტომაც, ბუნებრივია, გაძვირების კოეფიციენტი ამ მოქალაქეებისთვის გაცილებით მაღალია.

ცხადია, სურსათის გაძვირება საშუალო ფენაზე მწვავედ იმოქმედებს. მათი გარკვეული რაოდენობა სიღარიბის ზღვრის ნაწილში გადავა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის, დაახლოებით, 24 პროცენტია მოქცეული. გაცილებით მაღალია მსოფლიო ბანკის მონაცემები, რის მიხედვითაც მოსახლეობის 52 პროცენტი იმყოფება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საშუალო ფენის 5-10 პროცენტი ნებისმიერ შემთხვევაში დაემატება მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა. გარკვეული ნაწილი უკვე წავიდა სიღარიბისკენ და მათი მატერიალური მდგომარეობა უახლოეს მომავალში არც გამოსწორდება“, - ამბობს ავთო სილაგაძე.

ფასებთან დაკავშირებული ვითარება რომ ასე მალე არ შეიცვლება, ამას მთავრობაც აღიარებს როდესაც ამბობს, რომ ინფლაციის კლებას წლის მეორე ნახევრიდან უნდა ველოდოთ. თუმცა კიდევ უფრო დამაფიქრებელ პროგნოზებს აკეთებენ ექსპერტები.  მაგალითად, რევაზ საყევარიშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოში სამომხმარებლო ფასების ზრდა კიდევ 2-3 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ამის თქმის საფუძველს ის იძლევა, რომ ინფლაციის მაჩვენებელი კვლავ მზარდია, ამასთან, გაზაფხულზე ფასების მატების შემამსუბუქებელი სეზონური გარემოებები არ არსებობს. კერძოდ, ამ დროს მოსავლის აღებამდე ძალიან შორია, ელექტროენერგიის მოხმარება ჯერ კიდევ არ არის შემცირებული და ა.შ.

ექსპერტი აქვე იმასაც შენიშნავს, რომ იმის თქმაც რთულია, რამდენად შეჩერდება ფასების ზრდა 2-3 თვის შემდეგ. მისი მოსაზრებით, ფასების სტაბილიზაცია, სავარაუდოდ, წლის მეორე ნახევრისთვის გახდება შესაძლებელი, რასაც თუნდაც ცალკეული სექტორის გამოცოცხლება განაპირობებს. თუმცა, ამ პროცესზე გავლენის მოხდენა ბევრ ფაქტორს შეუძლია, იმავე მსოფლიო არსებულ ვითარებასა თუ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებს.

ექსპერტი აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ სამომხმარებლო ფასები უსაზღვროდ ვერ გაიზრდება, რადგან ასეთ შემთხვევაში რეალიზატორი მომხმარებელს დაკარგავს.