კიდევ ერთი სასამართლო ხელისუფლების სასარგებლოდ

კიდევ ერთი სასამართლო ხელისუფლების სასარგებლოდ

[ნატო გოგელია]

ვლადიმერ სიხარულიძე შევარდნაძის მთავრობაში ჩოხატაურის საკრებულოს თავმჯდომარე გახლდათ. თვითმართველობაში კარგად განსწავლულმა, თავის დროზე შევარდნაძის რამდენიმე გადაწყვეტილება უკანონობის გამო შეაჩერა და ამით ბევრის სიმპატიაც დაიმსახურა, თუმცა, „ვარდოსანმა ხელისუფლებამ“ სიხარულიძის პრინციპულობაც გარკვეული დროით შეაჩერა...

 

მერე იყო სამსახური კერძო სექტორში... მერე – არჩევნები და საკრებულოს რიგითი წევრობა... ცოტა მოგვიანებით, 9 აპრილის აქციები და ჩოხატაურის საკრებულოს სხდომებზე მკაცრი გამოსვლები, თუმცა, ამ ყველაფერს წერტილი 2009 წლის აგვისტოში დაესვა, რადგან სიხარულიძე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაინიშნა.

 

დანიშვნიდან ძალიან მალე გურიის რეგიონალურ გაზეთ, „გურია ნიუსთან“ საუბარში სიხარულიძე ამბობდა, რომ მისი კანდიდატურა გუბერნატორთან შეთანხმდა. ამბობდა იმასაც, რომ ყველა გადაწყვეტილებაში დამოუკიდებელი იქნებოდა. თუმცა, ეს სიტყვები მხოლოდ გაზეთის ფურცლებს შემორჩა, რადგან სამსახურში მუშაობის 1 წლის მანძილზე, სიხარულიძე ხელმძღვანელების ურჩობისთვის არ გაუფრთხილებიათ.

 

არადა, სწორედ მისი სამსახურის ფუნქცია იყო, რომ საკრებულოს წევრების ახლობლებ ნათესავების, საჯარო პირების და მათი მეგობრების კუთვნილ ობიექტებზე კონტროლი განეხორციელებინა და საჭიროების შემთხვევაში, ჯარიმაც გამოეწერა.

 

როგორც აღვნიშნეთ 1 წლის განმავლობაში ამის საჭიროება არ დამდგარა.

სიხარულიძემ მას შემდეგ გააქტიურდა, რაც გამგებელმა, მოვალეობის შეუსრულებლობის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლა. თუმცა, გათავისუფლებამდე რამდენიმე თვით ადრე, მან არჩევნებში მოანაწილეობა „ალიანსი საქართველოს“ სახელით მიიღო.

 

როგორც სიხარულიძემ პრესაგე.ტვ-ის განუცხადა არჩევნებში ერთი მარტივი მიზეზის გამო მიიღო მონაწილეობა: „ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა საკრებულოს წევრობას. „ნაციონალებმა“ უარი მითხრეს. ამიტომ სხვასთან წავედი. სამწუხაროდ, არჩევნები გააყალბეს და საკრებულოში ვერ მოვხდი. მერე კი აბსურდული ბრალდებით სამსახურიდან გამომიშვეს.“

 

სიხარულიძეს ბრალი მოვალეობების შეუსრულებლობაში დასდეს. როგორც ჩოხატაურის გამგებელი, გია გიორგაძე ამბობს, ზედამხედველობის სამსახური თვეების განმავლობაში  უმოქმედოდ იყო:

 

„მარტო ბახმაროს თემა კმარა. დღისით, მზისით იჩეხებოდა ტყეები, მიმდინარეობდა უკანონო მშენებლობები და ამ ყველაფრის შესახებ ინფორმაციულ ვაკუუმში იყო ზედამხედველობის სამსახური.“

 

სიხარულიძე კი ამბობს, ბახმაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველა საქმის კურსში იყო და სამსახურიდან გათავისუფლების უკან პოლიტიკურ მოტივს ხედავს. უკანონოდ დათხოვის ბრძანების გაუქმების მოთხოვნით მან ჯერ ჩოხატაურის საკრებულოს მიმართა და უარის მიღების შემდეგ სარჩელი სასამართლოში შეიტანა. რამდენიმე თვიანი განხილვა ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდა. სიხარულიძე ამბობს, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო.

 

„ბევრჯერ ვთხოვე გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს დაესაბუთებინა ჩემი გათავისუფლების მიზეზი, რაზეც მპასუხობდა რომ ეს ეხებოდა ბახმაროს, თუმცა დაკონკრეტებისგან თავს იკავებდა. ვინაიდან გიორგაძიდან მიზეზები ვერ გავიგე „ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად გასული წლის 28 სექტემბერს, ადმინისტრაციული საჩივრით მივმართე საკრებულოს, სადაც ავღიშნავდი, რომ გაუგებარი იყო ჩემი სამსახურიდან დათხოვნის მიზეზი და, რომ მას არ ახლდა დასაბუთება ჩემს მიერ შესაძლო განხორციელებული არაკანონიერი ქმედებების და დარღვევების შესახებ.

 

ადმინსტრაციული საჩივარი სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიას მოსამზადებლად და საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დაეწერა.  კომისია შეიკრიბა, იმსჯელა და დადო დასკვნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ ჩემი გათავისუფლება მოხდა უკანონოდ. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა საკრებულოს ბიუროზე შეცვლილი დასკვნა შევიდა,“ – გვითხრა სიხარულიძემ.

 

„კომისიამ შეისწავლა რა ვლადიმერ სიხარულიძის ადმინსტრაციულ საჩივარში მითითებული დასკვნები მიიჩნია, რომ ადმინისტრაციულ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა გაუქმდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2010 წლის 17 სექტემბრის N452 ბრძანება“ – ვკითხულობთ დასკვნაში, თუმცა, ამ დასკვნას არანაირი იურიდიული ძალა არა აქვს, რადგან მასზე არც ხელმოწერა და არც ბეჭედია დასმული.

 

მეორე დასკვნაში კი, რომელსაც საკრებულოს კანცელარიის ბეჭედი აქვს  წერია: „ვლადიმერ სიხარულიძის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოხდა სწორად“.

 

სიხარულიძე ამბობს, რომ კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ურიდიამ, სხვა წევრებთან ერთად თავდაპირველი დასკვნა შეცვალა:

 

„თამაზ ურიდია, ლია ჩიგოგიძე, ზაზა ბასილია, თემურ კოროშინაძე ეს ადამიანები დამნაშავეები არიან. ისინი ჩიტაიშვილის მიერ შექმნილი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებია არიან. მახსოვს, როცა თქვენ საკრებულოზე მოდად დამკვიდრებული ტაშის კვრის შესახებ დაწერეთ, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და წერილების წერა დაიწყეს. საინტერესოა, ახლა არ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად?

 

ისინი ჩიტაიშვილის და თავართქილაძის მონები არიან. დანარჩენი საკრებულოს წევრებიც არ არიან გამონაკლისები. რაც ჩოხატაურში ხდება, ამას ლელა თავართქილაძის სინდრომი ჰქვია და მინდა ჩემი სიტყვები  კარგად ჩაიწეროთ. ყველამ უნდა გაიგოს და დაინახოს რეალურად რა ხდება,“ – აღნიშნა სიხარულიძემ, რომელიც, მისივე განმარტებით, საკრებულოში აქტიურობის გამო არ სჭირდებოდათ.

 

ბატონო ვლადიმერ, როცა ზედამხედველობის სამსახურის უფროსად დაგნიშნეს, მითხარით რომ დანიშვნამდე გუბერნატორთან გაიარეთ .. კონსულტაციები... გამოდის, თქვენც მისი მონა იყავით...

–მე არასდროს არავის მონა არ ვყოფილვარ და არც ვიქნები. გუბერნატორს როცა შევხვდი, ჩემი პოზიციები გარკვევით ვუთხარი და ავუხსენი რომ არც ანტონის ჭკუაზე გავივლიდი ოდესმე და არც დოლიძის.

 

ჭკუაზე გავლას რას ეძახით? კარგად მახსოვს იმ საკრებულოს სხდომა როცა თქვენი სამსახური შეიქმნა. მაშინ ითქვა, რომ თქვენს მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს კანონმდებელი ორგანო 6 თვეში მოუსმენდა, თუმცა ეს არ მოხდა... უფრო მეტიც, როდესაც თქვენი სამსახურის მუშაობით ჩვენ დავინტერესდით, აღმოჩნდა რომ ოქმები მხოლოდ ჩვენი ოფიციალური წერილის შემდეგ, ერთი კვირის განმავლობაში იწერებოდა...

–ჩემი სამსახური ანგარიშვალდებული იყო გამგებლის და საკრებულოს წინაშე. ხოლო გამგეობა და საკრებულო თავისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტს ღებულობს. ისინი ვალდებულები იყვნენ კონტროლი გაეწიათ ჩემი სამსახურისთვის.  ვერ დამისახელებენ ვერცერთ ფაქტს, რომ ჩემი სამსახურის ანგარიშს მოუსმინეს კომისიის, ფრაქციის ან ბიუროს სხდომაზე ან ამის მცდელობა იყო. მათ ძალიან კარგად იცოდნენ რაც ხდებოდა და ამიტომაც არ სურდათ ჩემთვის მოესმინათ. 2009 წლის აგვისტოში შეიქმნა ზედამხედველობის სამსახური. იმავე წლის სექტემბრის ბოლოს რაიონის ხელმძღვანელობამ იცოდა ბახმაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

 

გინდა თქვათ რომ დოლიძე და ხუნდაძე ბახმაროში მიმდინარე მოვლენების შესახებ დიდი ხნის წინ ფლობდნენ ინფორმაციას?

–ჯერ კიდევ 2009 წელს, მათ უშუალოდ ჩემგან იცოდნენ რომ ბახმაროში უკანონო ჭრები მიმდინარეობდა. ჩემი საკრებულოდან გაყვანა სწორედ ამ მიზნით მოხდა. როცა ზედამხედველობის სამსახურს ჩავუდექი სათავეში ვიცოდი რა უნდა მეკეთებინა, თუმცა მათ მუშაობის საშუალება არ მომცეს.

 

ბატონო ვლადიმერ, თუკი გავიწროებდნენ  და არ გამუშავებდნენ პრესას რატომ არ შეატყობინეთ ამის შესახებ? თუ კარგი იყო 700 ლარიანი ხეფასი, ბენზინი და სატელეფონო ბარათები?

–მე რაც საჭირო იყო გავაკეთე. ბახმარო დიდი თემაა და ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებ. მე თქვენ მოგაწვდით იმ მასალებს და დოკუმენტაციას, რომელიც ზედამხედველობის სამსახურში მუშაობისას შევაგროვე და დასკვნებიც მერე გავაკეთოთ.

 

სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამაზ ურიდია ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ სიხარულიძეს შეუძლია სამართალდამცავებს მიმართოს.

 

„დოკუმენტების გაყალბება დანაშაულია და ეს ძალიან კარგად იცის ბატონმა ვლადიმერმა. თუკი აქვს იმის მტკიცებულება, რომ მე დასკვნა გავაყალბე მიმართოს შესაბამის ორგანოებს. ეს ის თემაა, რომელზეც კომენტარის გაკეთება, ვფიქრობ, არც კი ღირს.“

 

ამავე კომისიის წევრი და საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა ბასილია ამბობს, რომ ორი განსხვავებული დასკვნის შესახებ არაფერი იცის და გაყალბებაში მონაწილეობა არ მიუღია. მისივე თქმით, კომისიამ სიხარულიძის საჩივარი შეისწავლა და მიიჩნია, რომ გიორგაძემ მისი გათავისუფლების ბრძანებას კანონის ფარგლებში მოაწერა ხელი.

 

ამავე კომისიის წევრი თემურ კოროშინაძე ამბობს რომ დასკვნის შინაარსი არ ახსოვს: „არ მახსოვს რა დასკვნა დავწერეთ, შესაბამისად ვერ გერტყვით მისი გათავისუფლება კანონიერად მივიჩნიეთ  თუ უკანონოდ. ისე, მგონი უფრო კანონიერად. აღვიდგენ და დაგირეკავთ.“

 

აღიდგენთ თუ ზემდგომთან შეათანხმებთ?

–აღვიდგენ, – გვითხრა კოროშინაძემ, თუმცა „აღდგენილი“ ინფორმაციით აღარ შეგვხმიანებია.

 

ვახო გაჩეჩილაძე, რომელიც ჩოხატაურის საკრებულოში „ახალ მემარჯვენეებს“ წარმოადგენს ამავე კომისიის წევრია. იგი სიხარულიძის სიტყვებს ადასტურებს და ამბობს, რომ დასკვნა გაყალბდა. მისივე თქმით, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, გიორგაძის ბრძანება უკანონო იყო. გაჩეჩილაძე ამბობს, რომ ამ საკითხს უახლოეს საკრებულოზე დააყენებს.

 

საკრებულოს თავმჯდომარე, ანტონ ხუნდაძე ვლადიმერ სიხარულიძეს საკუთარი სიმართლის დამტკიცებას სასამართლოში ურჩევს. გურიის გუბერნატორი, ვალერი ჩიტაიშვილი კი ამბობს, რომ მსგავს არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებს. სიხარულიძის განცხადებაზე კომენტარის გაკეთება ლელა თავართქილაძემაც მიზანშეუწონლად მიიჩნია.

 

ვლადიმერ სიხარულიძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს. მის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს, რომლებმაც უკვე შეიტანეს სარჩელი სააპელაციო სასამართლოში.