კლინტონის ექვსსაათიანი სტუმრობის დეტალები

კლინტონის ექვსსაათიანი სტუმრობის დეტალები

[ნინო მიქიაშვილი]
ამერიკის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის ოფიციალური ვიზიტი, საქართველოს ხელისუფლებას ხელ–ფეხს გაუხსნის – ამიერიდან უფრო რიხიანად გვეტყვიან, რომ ქვეყანა დემოკრატიული გზით ვითარდება, ხოლო იმ პრობლემებს, რომელიც ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია და რომელთანაც ყოველდღიური შეხება გვიწევს, “ადამიანურ სისუსტეებს“ დაუკავშირებენ.

იმის ილუზია არ გვქონია, რომ აშშ–ს სახელმწიფო მდივნის საქართველოში სტუმრობის შემდეგ, ცენტრალური ტელეარხები პირდაპირი ეთერით გააშუქებდნენ, როგორ დაუქნევდა თითს ქალბატონი კლინტონი მიხეილ სააკაშვილს, იმისთვის, რომ საქართველოში სასამართლო თავისუფალი არ არის; იმისთვის რომ ხელისუფლება კანონს საკუთარ თარგზე ჭრის და ირგებს; იმისთვის რომ საინფორმაციო საშუალებებს და განსაკუთრებით ტელევიზიებს ხელისუფლება აკონტროლებს; იმისთვის რომ ვერა და ვერ ვეღირსეთ დემოკრატიულთან მიალხოებული არჩევნების ჩატარებას; იმისთვის საქართველოს ხელისუფლება უკაცრავად და წიხლით ტენის ადამიანებს საპყრობილეებში, სადაც სასჯელს რამდენიმე ათეული პოლიტიკური პატიმარი და უამრავი უკანონო პატიმარი იხდის; იმისთვის რომ ბიზნესმენებს ატერორებენ, ხელყოფენ კერძო საკუთრებას... ამისთვის სააკაშვილის საჯაროდ დატუქსვას არ ველოდით, მაგრამ არც ის გვეგონა, რომ აქ არსებული მდგომარეობით ამერიკელი სტუმარი აღფრთოვანდებოდა.

ჰილარი კლინტონის სტუმრობის არა კულუარულ დეტალებს, პრესა.გე ქართულ საინფორმაციო სააგენტოებზე – “პირველსა“ და ინტერპრესნიუსზე“ დაყრდნობით გთავაზობთ.

აეროპორტიდან ჰილარი კლინტონი პირდაპირ ეროვნულ ბიბლიოთეკაში მივიდა და ერთი საათის განმავლობაში “ლიდერ ქალებს“ ესაუბრა; ამგვარი ქალბატონების რიცხვი დაახლოებით 140–ს აღწევდა და მათ შორის იყვნენ, როგორც პოლიტიკოსები, ისე - ჟურნალის რედაქტორები, მინისტრის მოადგილეები, არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერები. მათ ნაწილს სპეციალურად ამ დღისთვის შეკერილი მაისურები ეცვათ, რომელზეც ქალბატონი კლინტონი იყო გამოსახული.

ამ შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ – საქართველოს ხელისუფლების გაჭირვების ტალკვესმა საერთაშორისო არენაზე, თინა ბურჯალიანმა ქვეყანაში კანონის უზენაესობისა და ეროვნული უსაფრთხოების კუთხით პრობლემების არსებობა აღიარა და ჰილარი კლინტონს, როგორც იურისტს, გამოცდილების გაზიარება სთხოვა, პენიტენციალურ სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად. ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ბურჯალიანს ურჩია, რომ აქცენტი ბავშვების მიერ ჩადენილ დანაშაულთან მიდგომაზე გაკეთდეს და ისიც დაისაჯოს, ვინც ბავშვს დანაშაულისკენ უბიძგებს.

ჰილარი კლინტონმა, არც საზოგადოებრივი მოძრაობა “სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ ლიდერის, ეკა ბესელიას თხოვნა დატოვა უყურადღებოდ, რომელმაც მას პოლიტიკურ პატიმრებზე, მედიაზე განხორციელებულ ზეწოლაზე და არასამართლიან სასამართლოზე შესჩივლა და სთხოვა ამაზე სააკაშვილთან აუცილებლად ისაუბრეთო.

“მე ამ პრობლემებზე მექნება საუბარი პრეზიდენტთან. ეს ჩემი სამუშაოა. თავად ვიცი ბევრი რამ, ქვეყანაში არსებობს საელჩო და ელჩი, რომელიც მაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდებაო“, – უთხრა ბესელიას და ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეკრებილ ათეულობით ქალბატონს, აშშ–ს სახელმწიფო მდივანმა.

როგორც “ინტერპრესნიუსი“ იუწყება, რესპუბლიკელ თინა ხიდაშელს, “ლიდერ ქალებთან“ გამართულ შეხვედრაზე დისონანსი შეუტანია და ამით კმაყოფილი დარჩენილა – “ჩემი როლი ამ შეხვედრზე იყო ძალიან მარტივი – მქონდა შესაძლებლობა, საყოველთაო ზეიმში მცირე დისონანსი შემეტანა. როცა საუბარია, რომ ქვეყნაში ფართო ნაბიჯებით მიდის წინ დემოკრატია, რბილად რომ ვთქვათ, ეს ღიმილისმომგვრელია“.

არ ვიცით რა უთხრეს ჰილარი კლინტონს ჟურნალ “ცხელი შოკოლადის“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, შორენა შავერდაშვილმა და პარლამენტარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, მაგრამ ვიცით ის, რომ ეს ორი ადამიანი იმათ რიცხვში იყვნენ, ვისაც კლინტონისთვის კითხვის დასმის შესაძლებლობა მიეცათ.

“შეხვედრაზე 10 შეკითხვა დაისვა. შეკითხვები დასვეს და თავისი აზრი გამოხატეს სანდრა რულოვსმა, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა, პარლამენტარმა ჩიორა თაქთაქიშვილმა, ოპოზიციიდან - თინა ხიდაშელმა და ეკა ბესელიამ, საზოგადოების წარმომადგენლებიდან - შორენა შავერდაშვილმა, მანანა ღურჭუმელიძემ და სხვებმა“, – იუწყება “ინტერპრესნიუსი“.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის განმარტებით, ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემები, ქვეყნის დემოკრატიულად განვითარებას ხელს ვერ შეუშლის, თუ ერთდროულად ვიმუშავებთ ორი მიმართულებით – ერთის მხრივ ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და რუსეთის წინააღმდეგობის დაძლევის, ხოლო მეორეს მხრივ, ქვეყანაში დემოკრატიისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით.

“აშშ ამაში თქვენს გვერდზეა. ჩვენ საქართველოში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მხარდაჭერას გავაგრძელებთ. შედეგები კარგია, თუმცა არის ბევრი პრობლემაც, რომელიც ძირითადად ადამიანური სისუსტეებით არის გამოწვეული. თქვენ ამის შეცვლას უნდა მიაღწიოთ“, – უთხრა ჰილარი კლინტონმა “ლიდერ ქალებს“ და იქვე ისიც დასძინა, რომ ხელისუფლების სათავეში “ნაცმოძრაობის“ მოსვლამდე იყო ბნელი და უკუნი და რომ “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ საქართველო განათდა – “ვარდების რევოლუციამდე“ ქვეყანა მძიმე ვითარებაში იყო. მას შემდეგ დიდი ნაბიჯები გადაიდგა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველო დღეს დიდი პრობლემების წინაშეა, მოხდა ქვეყნის ოკუპაცია. მომავალში ცვლილებები ერთიანი ძალისხმევით უნდა განხორციელდეს“.

როგორც ამერიკელი საპატიო სტუმრის თბილისში ყოფნისას შევიტყვეთ, იგი აქ არსებული დემოკრატიით აღფრთოვანებული ყოფილა – “როდესაც გარედან უყურებ და ხედავ, დემოკრატიის მიმართულებით როგორი ცვლილებები ხორციელდება, ძნელია ამით არ აღფრთოვანდე“.

აშშ–ს სახელმწიფო მდივანი დაგვპირდა, რომ აშშ–რუსეთის ურთიერთობის გაუმჯობესებას საქართველო არ შეეწირება. მანვე თქვა ის, რის გაკეთებასაც საქართველოს ხლეისუფლება არ ცდილობს – “საქართველოს შეუძლია, რუსეთთან შეხების წერტილებიც იპოვოს და დემოკრატიაც ააშენოს“.

ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ, ამჯერად – ჰილარი კლინტონის საშუალებით, კიდევ ერთხელ გვითხრა, რომ აქ რუსეთის გავლენას ასე ადვილად ვერ შეეგუებიან – “ჩვენ შოკში ჩავვარდით, როდესაც საქართველოს ოკუპაცია და დაპყრობა მოხდა. ამას ვერასდროს შევეგუებით, მაგრამ უნდა ვთქვათ, რომ ეს არ არის იოლად მოსაგვარებელი პრობლემა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ჟენევის ფორმატის მოლაპარაკებებს, ჩვენ სათქმელს საქართველოს შესახებ რუსეთს ღიად ვეუბნებით. აშშ ცდილობს, საქართველოს მომავალი საფრთხეები აარიდოს“.

“ლიდერ ქალებთან“ შეხვედრაზე ჰილარი კლინტონმა სანდრა რულოვსიც შეაქო, რომელიც ამ შეხვედრაში მონაწილეობდა – “მე ვიყავი პირველი ლედი და ვიცი, ეს როგორი სამუშაოა. ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მოღვაწეობა. ვაფასებ იმას, რასაც ჯანდაცვის სფეროში ქალთა უფლებების დაცვისთვის აკეთებთ“.

დღეის შემდეგ თუ ვინმე იტყვის, რომ საქართველოს მთავრობაში კორუცფიონერები არიან, იმას მოუტრიალდებიან და ეტყვიან – მერე რა?! კორუფცია ამერიკის მთავრობაშიც არის და ჩვენთან რომ იყოს დიდი ამბავიო. ჰილარი კლინტონმა თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს, აშშ–ს მთავრობაში არსებულ კორუფციაზეც ისაუბრა – “საქართველოში კორუფციის დაბალი მაჩვენებელია. ეს არ ნიშნავს, რომ კორუფცია საერთოდ არ არის, კორუფცია ჩემს მთავრობაშიც არის, მაგრამ მნიშვნელოვანია მასთან ბრძოლა. ქვეყნისთვის აუცილებელია პასუხისმგებლიანი მთავრობა, საბაზრო ეკონომიკა, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოება ეფუძნება. ამ ყველაფრის ასაშენებლად ერთმანეთს უნდა შეენაცვლოთ და ერთად იმუშაოთ“, - განაცხადა კლინტონმა, “ლიდერ ქალებთან“ შეხვედრის დროს.

ეროვნული ბიბლიოთეკიდან ჰილარი კლინტონმა ავლაბრის რეზიდენციაში გადაინაცვლა, სადაც გაფართოებული შეხვედრა გაიმართა – ამერიკული მხრიდან, ჰილარი კლინტონთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდნენ: აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი; სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ფილიპ გორდონი; ენერგეტიკულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი, რიჩარდ მორნინგსტარი; ეროვნული უშიშროების საბჭოს დირექტორი, ელისაბედ შერვუდ-სანდალი და სახელმწიფო დეპარტამენტის ქალთა საკითხების განყოფილების ხელმძღვანელი მელანი ვერვეუსი.

ქართული მხრიდან კი, მიხეილ სააკაშვილთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ეკა ტყეშელაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა სამინისტროს აშშ-ს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ ბერძენიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკა ვაშაკიძე და აშშ-ში საქართველოს ელჩი ბათუ ქუთელია.

გაფართოებული შეხვედრის შემდეგ, სააკაშვილმა და კლინტონმა პირისპირ ილაპარაკეს, რის შემდეგაც განცხადებები ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთეს, რომელზეც კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ნატო–ში გაწევრიანების კუთხით, აშშ–ს პოზიცია რუსეთისას ეწინააღმდეგება; რომ აშშ-ს მოსწონს საქართველო რასაც აკეთებს, განვითარების კუთხით – “ამერიკა საქართველოს დიდი მეგობარი და პარტნიორია და სურს, ამ ქვეყანამ წარმატებას მიაღწიოს“.

ჰილარი კლინტონმა მსოფლიოს “მერვე საოცრება“, მტკვარზე გადებული შუშის ხიდიც დაათვალიერა და სასტუმრო “თბილისი მერიოტში“ ირაკლი ალასანიას და გიორგი თარგამაძეს შეხვდა. სანამ ეს შეხვედრა შედგებოდა, სააგენტო “პირველმა“ ამერიკის საელჩოსგან კომენტარი ჩაიწერა, რომელშიც ამერიკელები ირმუნებიან, რომ ჰილარი კლინტონთან შესახვედრი ხალხის სიის შედგენაში საქართველოს ხელისუფლება არ ჩარეულა:

“როგორც “პირველს“ აშშ-ის საელჩოში განუცხადეს, ჰილარი კლინტონის მიერ თბილისში გასამართი შეხვედრების განრიგი და ამ შეხვედრების მონაწილეთა ვინაობა, აშშ–ს საელჩომ მხოლოდ ამერიკულ მხარესთან კონსულტაციების საფუძველზე დაადგინა, რაც ზოგადად ამ რანგის სტუმრების ვიზიტების დაგეგმვისას მიღებული პრაქტიკაა.

რაც შეეხება იმას, თუ რა პრინციპით შეირჩნენ ამ შეხვედრისთვის მხოლოდ “ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი გიორგი თარგამაძე და პარტიის “ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები“ ლიდერი ირაკლი ალასანია, როგორც საელჩოში განმარტეს, “ამერიკული მხარე ოპოზიციასთან შეხვედრის დაგეგმვისას იმ მოტივით ხელმძღვანელობდა, რომ ეს ორი პარტია საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობდა და საუკეთესო შედეგები აჩვენა“.

ამ 20–წუთიანი შეხვედრის შემდეგ, ირაკლი ალასანია კიდვე ერთხელ დარწმუნდა, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის განვითარებისა და უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.

ყოფილმა სახალხო დამცველმა თუ “ქართული იდეა“ შემოგვთავაზა, ჰილარი კლინტონთან შეხვედრის შემდეგ, გავიგეთ, რომ გიორგი თარგამაძეს “დიდი ქართული გეგმა“ ჰქონია. “ინტერპრესნიუსის“ ცნობით, გიორგი თარგამაძე იმედოვნებს, რომ ჰილარი კლინტონთან ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხები უახლოეს მომავალში განხორციელდება. მისი თქმით, საუბარი შეეხო საქართველოს მომავალს და იმ “დიდ ქართულ გეგმას“, რომლის გარშემოც აუცილებელია ქართველი ხალხის კონსოლიდაცია – “ამ დიდი ქართული გეგმის განხორციელება მიუღწეველი იქნება ქართველი ერის კონსოლიდაციისა და ჩვენი ძლიერი საგარეო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე“.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის საქართველოში რამდენიმესაათიანი ოფიციალური ვიზიტი ექვს საათზე დასრულდა. როგორც სააგენტო “პირველი“, საგარეო საქმეთა მინისტრზე, გრიგოლ ვაშაძეზე დაყრდნობით იუწყება, უახლოეს ხანში თბილისის მორიგი საპატიო სტუმარი ეყოლება – ქართული მხარის მოწვევით დევიდ ქემერონი გვესტუმრება.