1990-იანები, რომელიც მუდამ ჩვენთანაა

1990-იანები, რომელიც მუდამ ჩვენთანაა

პირველი გვამი, რომელიც უშუალოდ, ახლოდან ვნახე, ჩემი ნაცნობი ბიჭის იყო. თავისი სახლის წინ მოკლეს მეზობელი უბნის ბიჭებმა. „მთელი აბოიმა ჩააცალესო“, ჩურჩულებდა პანაშვიდებზე მოსული ხალხი. „აბოიმა“ რა იყო, კარგად არ მესმოდა, მაგრამ ამ ფრაზას მეც აცრემლებული ვიმეორებდი.

მაშინ ის ბიჭი დიდად მეჩვენებოდა. ვაკის ერთ-ერთი ელიტარული სკოლის მოსწავლე იყო და პოპულარულ ბიჭად ითვლებოდა, თავის მეგობრებთან, ან, როგორც მაშინ ამბობდნენ, „სასტავთან“ ერთად. არადა, მგონი სულ ერთი წლით იყო ჩემზე უფროსი. როცა მოკლეს, მაქსიმუმ თექვსმეტი წლისა იქნებოდა.

მერე მიჰყვა და მიჰყვა. კლასელი, პარალელურკლასელი, სკოლელი, მეზობელი ბიჭების მიერ ერთმანეთის უმოწყალოდ ხოცვის ამბები ისე გახშირდა, რომ რაღაცნაირად საზარლად ჩვეულებრივი გახდა. გვწყინდა, განვიცდიდით, ვტიროდით - მაგრამ აღარ გვიკვირდა, თავზარს აღარ გვცემდა.

ხშირად მკვლელის ვინაობაც ვიცოდით. გვესმოდა, რომ ის „პაბეგშია“, მოკლულის მეგობრების შურისძიებას გაქცეული. ისეც ხდებოდა, რომ მკვლელად მიჩნეულ ბიჭს უცებ ძვირფასი უცხოური მანქანით მოსეირნეს დავინახავდით თბილისის ცენტრში. გავლენიანი მამების კონტაქტების და ფინანსების წყალობით ასეთ ბიჭებს პატიმრობა არ ემუქრებოდათ.

ძალადობა სხვაგვარად აისახებოდა გოგოების ბედზე. ძალით მოტაცება, გათხოვება, ორსულობა, შემდეგ ქმრისგან ცემა, გაშორება ან დაქვრივება ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ამბავი იყო. პირადად მე ამ უბედურებას გადავურჩი - ჯიმ მორისონში შეყვარებული, მსუქანი და სათვალიანი გოგო ვიყავი, ტიპური თინეიჯერული დეპრესიით და ბიჭები დიდად არც მე მაინტერესებდა და არც მე - მათ. მაგრამ ჩემს გარშემო არასრულწლოვან გოგონებს ერთმანეთის მიყოლებით ენგრეოდათ ცხოვრება.

ასე დამთავრდა ბავშვობა ჩემი თაობისთვის. ასეთ გარემოში გავხდით სრულწლოვანები. გარემოში, რომელშიც არც ერთი უმთავრესი მორალური იმპერატივი აღარ მუშაობდა. ძალადობა, მკვლელობა და კორუფცია ყოველდღიური ყოფის ნაწილი იყო და თან ისე, რომ ამის შემზარაობასაც ვეღარ ვაცნობიერებდით. პირიქით - ეს ყველაფერი მაჩოისტური რომანტიკის პერვერსიულ საბურველში იყო გახვეული.

ეს განსაკუთრებით ერთ სოციალურ ფენას ეხება - იმ ჯგუფებს, „ელიტას“ რომელსაც ვუწოდებთ ხოლმე. კი, იმპერიის კოლაფსმა, სამმა ომმა, ძალადობამ, განუკითხაობამ, იარაღმა და ნარკოტიკებმა უმძიმესი დაღი ნამდვილად მთელ თაობას და მთელ ქვეყანას დაგვასვა სოციალური კუთვნილების მიუხედავად. მაგრამ ეს ტრაგიკული ვითარება განსაკუთრებული მანკიერებით მაინც თბილისის ცენტრში წარმოჩინდა. იქ, სადაც აშკარა იყო პრივილეგირებული სტატუსიდან გამომდინარე დაუსჯელობა და უპასუხისმგებლობა. იმ უბნებში, რომლებიც ელიტარული ოჯახების შვილებმა და შვილიშვილებმა აღვირახსნილი ძალადობის სფეროდ და სხვადასხვა “საძმოს” თუ დაჯგუფების სათარეშო სივრცედ გადააქციეს.

დღეს - ბევრი წლის შემდეგ - მაშინ მიღებული ტრავმების გააზრებისგან კვლავაც შორს ვართ. გადალახვისგან - მით უმეტეს. „ბნელი 1990-იანები“ მყარ სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, ზედაპირზე მოტივტივე კლიშეებით: “ყაჩაღობა”, „უშუქობა“, „ომი“, „პურის რიგი“, „მხედრიონი“... მაგრამ ამ კლიშეების მიღმა შესვლას და მტკივნეული კითხვების დასმას ვერ ვახერხებთ.

შეიძლება იმის გამოც, რომ ვგრძნობთ - კითხვას, მაინც რამ მოიტანა ძალადობის ასეთი აღზევება, ვერც ცალსახა პასუხებს გავცემთ და ერთი კონკრეტული დამნაშავის გამოძებნაც გაგვიჭირდება. ცხადია, ადამიანის - თანატოლის - მოკვდინების ჩვეულებრივ ამბად ქცევაზე და მოძალადეების რომანტიზაციაზე პასუხი უწინარესად ჩვენივე თაობამ უნდა აგოს - თუმცა მაშინ უმწიფარი ბავშვები ვიყავით და ჭკუა დიდად არ მოგვეკითხებოდა. პასუხისმგებლობის დიდი წილი მოდის ჩვენი მშობლების თაობაზეც - მათ ფუნდამენტურად გვიმტყუნეს, ვერ დაგვიცვეს და, ფაქტობრივად, მარტო დაგვტოვეს ძალადობის პირისპირ. მაგრამ მათი გაგებაც შეიძლება - გვიანდელი საბჭოეთის ყოვლისმომცველ სიყალბეში და ზედაპირულ კეთილდღეობაში გაზრდილები, თავად აღმოჩნდნენ უმწეოები სისტემის კოლაფსის პირობებში. ყველაზე დიდი დამნაშავეები კი ალბათ მაინც ქვეყნის ლიდერები იყვნენ - შევარდნაძის პერიოდის პოლიტიკური “ელიტა.” ისინი, ვინც პოლიტიკა, კრიმინალი და კორუფცია ერთმანეთისგან განუყოფლად აქცია, ქვეყანა ომებს გააჩანაგებინა და იარაღი და ნარკოტიკები მასობრივად გახადა ხელმისაწვდომი. მაგრამ, მეორე მხრივ, სხვა აბა რის გაკეთება შეეძლოთ. ისინი ხომ თავად წარმოადგენდნენ საბჭოეთის ძალადობრივი სისტემის, კორუფციული სტრუქტურების და კრიმინალური სამყაროს ნაყოფს.

მოკლედ, კითხვებს - რატომ გადავეშვით ძალადობის უფსკრულში, რატომ გახდა მკვლელობა ურბანული ყოველდღიურობის ნაწილი, რატომ მოხდა ეს მაინცდამაინც პოსტსაბჭოთა საქართველოში - მარტივად ვერ გავცემთ პასუხს. საამისოდ ბევრი კომპლექსური ფაქტორის გააზრება მოგვიწევს - იქნება ეს საბჭოთა წარსულით განპირობებული მორალური ვაკუუმი; ის მანკიერი გავლენა, რომელიც “კაცურობის” დომინანტურ განსაზღვრებაზე საბჭოთა ციხეების ნაყოფმა, კანონიერი ქურდების ინსტიტუტმა იქონია; თუ ის წარუშლელი შთაბეჭდილება, რომელიც ჩემი თაობის კოლექტიურ წარმოსახვაზე მოახდინა განგსტერების და მაფიოზების რომანტიზაციამ ამერიკულ კინოში - ისეთ ფილმებში, როგორებიცაა “ერთხელ ამერიკაში” და “ნაიარევი სახე.”

მაგრამ, სირთულეების მიუხედავად, ამ თემებზე ფიქრი და ლაპარაკი მაინც უნდა დავიწყოთ. გაცნობიერების, რაციონალიზაციის, თვალის გასწორების გარეშე, განდევნილმა და მიჩქმალულმა ტრავმებმა სხვადასხვა, ხშირად შენიღბული ფორმით იცის დაბრუნება - რაც ჩვენს თავზე უკვე არაერთხელ გამოვცადეთ.

ამ ჭრილში თუ შევხედავთ, სწორედ ამ ტრავმის გამოძახილი იყო წინა ხელისუფლების პირობებში შექმნილი რეალობა. ლოზუნგები - “ნულოვანი ტოლერანტობა” და “ყველანი ციხეში”; აღტკინება, რომ “წესრიგი დამყარდა” და “სახელმწიფო შედგა”; ფეტიშის რანგში აყვანილი სახელმწიფოს ძალისმიერი მექანიზმები და მანტრასავით გამეორებული ბანალური ჭეშმარიტება - რომ “თანამედროვე სახელმწიფოში მთავრობა უნდა ფლობდეს მონოპოლიას ლეგიტიმურ ძალადობაზე”. სწორედ განუკითხაობისგან, დაუსჯელობის სინდრომისგან და კრიმინალისგან ჩვენმა დაღლილობამ მოიტანა ის, რომ ასე სწრაფად გადავვარდით მეორე უკიდურესობაში. ქუჩებში, ყოველდღიურ საზოგადოებრივ ყოფაში ძალადობა და კრიმინალი ნამდვილად შემცირდა; მაგრამ მალე უკვე თავად სახელმწიფო მოგვევლინა თავზეხელაღებულ და უკონტროლო მოძალადედ.

და ამავე ტრავმის შედეგებს ვიმკით დღესაც - როცა გახშირებული ძალადობის, მკვლელობების, დაჭრის შესახებ ინფორმაციის მიღებისას “90-იანებში დაბრუნების” შიში გვიპყრობს. ეს შიში, თავისთავად, ირაციონალურია - ორჯერ ვერც ერთ მდინარეში შევალთ და, საბედნიეროდ, ვერც იმ მანკიერ და ტრაგიკულ ათწლეულში დავბრუნდებით. მაგრამ თავად განცდა, რომ დღესაც ძალადობრივ გარემოში ვცხოვრობთ, რეალურია და ლეგიტიმური. მარტო ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სულ მცირე ექვსი ადამიანის მკვლელობის შესახებ შევიტყვეთ.

ეს, სამწუხაროდ, არ ესმის დღევანდელ ხელისუფლებას, რომელიც შემაშინებელი არაკომპეტენტურობის გამო უკვე კომიკურ ფიგურად ქცეული მინისტრის პირით ირწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა და კრიმინალი “შესანიშნავ მდგომარეობაშია”. სხვა ბევრი პრობლემის მსგავსად, ეს საკითხიც პოლიტიკურ კონიუნქტურას ეწირება. ძალადობის გახშირების განცდის შექმნას ხელისუფლება მედიას და ოპოზიციურ ძალებს აბრალებს და გულგრილად ამბობს უარს რეალობის აღიარებაზე. შინაგან საქმეთა სამინისტრო დიდი ხნის განმავლობაში საერთოდ არ აქვეყნებდა კრიმინალის შესახებ სტატისტიკურ ინფორმაციას; როცა დათმო და გამოაქვეყნა, ჟურნალისტებმა მონაცემებში დანაშაულის რაოდენობის ხელოვნურად შემცირების ტენდენცია აღმოაჩინეს.

ამასობაში კი წინა ხელისუფლების და მისი მომხრეების მხრიდან სულ უფრო და უფრო ომახიანად ისმის მინიშნება, რომ უწინდელი ვითარება სწორი და მართებული იყო. რომ რეპრესიული სისტემით და ციხეებში არაადამიანური ყოფით თუ არ დაგვაშინეს, ჩვენში კრიმინალი არასოდეს აღიკვეთება.

და სწორედ ესაა ძალიან სახიფათო. სწორედ ამ უკიდურესობებს - “კრიმინალი შესანიშნავ მდგომარეობაშია”-ს და “ცოცხების გარეშე არაფერი გამოვა”-ს შორის მერყეობა მოწმობს, რომ კვლავაც არ შეგვიძლია თვალი გავუსწოროთ და მართლა ვებრძოლოთ ძალადობას, რომელიც უკვე ათწლეულებია ჩვენი კოლექტიური ყოფის განუყოფელ ნაწილადაა ქცეული. ხელისუფლებას ნება და კომპეტენცია არ ჰყოფნის ძალადობას და კრიმინალს კანონის ფარგლებში და, ამავე დროს,   გადამწყვეტად და სიღრმისეულად დაუპირისპირდეს; საზოგადოება ამაზე არ ფიქრობს და არ საუბრობს; წესით, მორალური ღირებულებების მთავარი დამცველი, ეკლესია კი ერთი წლის წინ, 17 მაისს, თავად მოგვევლინა სიძულვილით შთაგონებული ძალადობის ბაკქანალიის მთავარ სულისჩამდგმელად. ყოფილი თუ მოქმედი ქმრების მიერ ცოლების სერიულად დახოცვის ფონზე, ეს ინსტიტუტი ოჯახურ ძალადობაზე არ ლაპარაკობს - საჯაროდ, ყოველ შემთხვევაში. პირიქით, ისევ ქალებს მოუწოდებს ქმრების მიმართ მორჩილებისკენ.

არადა, წესით, ახლა ორი რამაა საჭირო - ჯერ თავად პრობლემის აღიარება და შემდეგ უკვე მის მიზეზებზე დაფიქრება. ეს არ იქნება ადვილი საქმე; იოლად ვერ ამოვეფარებით მარტივ არგუმენტს, რომ ძალადობას და კრიმინალს უმძიმესი სოციალური ფონი, სიღარიბე და უმუშევრობა იწვევს. ეს თავისთავად სწორია - კრიმინალთან ბრძოლაში ახალ-ახალი ციხეების აშენებაზე და სასჯელის გამკაცრებაზე უფრო ეფექტიანი შედეგი მოაქვს სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ხალხის დასაქმებას და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას. მაგრამ, სოციალური და ეკონომიკური მიზეზების გარდა, ჩვენში ძალადობას - საუბედუროდ - კულტურული საფუძვლებიც აქვს. ჩემს ბავშვობაში ეს ნათლად გამოჩნდა - მაშინ, როცა სწორედ ქალაქის ცენტრალური, „ელიტარული“ უბნები გადაიქცა „საძმოების” მიერ ერთმანეთის ხოცვის სივრცედ. და ნათლად ჩანს დღესაც, როცა საზოგადოება გულგრილად, შემგუებლურად და ზოგჯერ რომანტიკულადაც კი ეკიდება აგრესიის თუ ძალადობის გამოვლინებას.

ამიტომაც მგონია, რომ პირველ რიგში ეს კულტურული კოდები უნდა შეიცვალოს. აღარ უნდა ითვლებოდეს, რომ ძველბიჭური აგრესია და “კაცური” გარჩევები ვაჟკაცური და რომანტიკული ამბავია, სიძულვილის დანაშაული - გარდაუვალი რამ, ხოლო ოჯახური ძალადობა ჩვენ - საზოგადოებას და სახელმწიფოს - არ გვეხება. უნდა შეიცვალოს საკუთრივ “კაცურობის” განსაზღვრებაც - აგრესიის კულტივაციის ნაცვლად, პატარა ბიჭებს პასუხისმგებლობა, თანაგრძნობა და განსხვავებულის პატივისცემა უნდა ვასწავლოთ. ახლა სწორედ ეს არის ყველაფერზე მნიშვნელოვანი. თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა მაინც იცხოვრონ მშვიდ და მშვიდობიან საზოგადოებაში.

მაგრამ აქამდე ჯერ ძალიან შორია. დღეს ვცხოვრობთ გარემოში, რომელშიც ფიზიკურად ისჯება ერთ წლამდე ასაკის (!) ბავშვების 19 პროცენტი, თერთმეტ წლამდე ასაკში კი ძალადობა უკვე თითქმის 80 პროცენტს აქვს გამოცდილი - სკოლაში ბულინგი იქნება ეს, თუ სახლში განცდილი აგრესია. გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ გამოკითხული მოქალაქეების თითქმის ნახევარი ბავშვთა მიმართ ძალადობას დასაშვებად მიიჩნევს და თვლის, რომ ფიზიკური დასჯის გარეშე ბავშვი “გაფუჭდება”.

ძალადობა კი, მოგეხსენებათ, ციკლურია - მოძალადეთა დიდი ნაწილი თავის დროზე, ბავშვობაში, თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. შესაბამისად, გადამწყვეტი და რადიკალური ცვლილებების გარეშე, ძალადობის მანკიერ წრეს არც ჩვენს შემდგომ თაობებში უწერია გაწყვეტა. 1990-იანები, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს იქნება “ჩვენთან.”