ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი უელსში ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში უკვე იმყოფება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და სხვა ოფიციალური პირები.
ნატოს უელსის სამიტის ფარგლებში, დღეს საერთაშორისო ურთიერთობათა სამეფო ინსტიტუტში პირველი შეხვედრა გაიმართა. „ჩეთემ ჰაუზში“ საქართველოს პრეზიდენტი ფართო საზოგადოების წინაშე გამოვიდა სიტყვით. მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო უელსის სამიტსა და იმ შედეგს, რომელიც ქვეყანას ამ სამიტიდან აქვს.
„ჩეთემ ჰაუზში“ საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილიც დაესწრნენ. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის მიერ საქართველოსთვის „გაძლიერებული თანამშრომლობის“ პაკეტის მინიჭების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.