ძველი პარლამენტის დანგრევის ოფიციალური დოკუმენტაცია გაქრა

ძველი პარლამენტის დანგრევის ოფიციალური დოკუმენტაცია გაქრა

"არავის არ შერჩება ამ შენობის დანგრევა. რამდენჯერმე თავზე ვადექი იმ მუშებს, რომლებიც ძალზე სწრაფი ტემპით ანგრევდნენ - ელიავადან ჰყავდათ ეს ხალხი მოყვანილი, დღეში 50 ლარს უხდიდნენ ბიუჯეტიდან. ამის შემდეგ უკვე კვალიფიციური მნგრეველები შეესივნენ შენობას - ვინც იცოდა რომელ კედლებში გადიოდა ელექტრობისა და ინტერნეტის ქსელები, სხვა საკომუნიკაციო საშუალებები და ეს ყველაფერი გაანადგურეს, რათა მის აღდგენაზე არავის ეფიქრა. ილია ჭავჭავაძის სახელობის, პირველი რესპუბლიკის სახელობისა და სხდომათა დარბაზები, ასევე კინოცენტრი სრულად გაანადგურეს. განადგურდა ის ისტორიული ტრიბუნა, რომლიდანაც ზვიად გამსახურდიამ 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა", - აცხადებს უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ძველი პარლამენტის დანგრევის ოფიციალური დოკუმენტაცია გაქრა / ვის დასჯიან თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და სახელმწიფო ქონების განადგურებისთვის.

"ამ შენობის აღდგენა 22 მილიონი ლარი დაჯდა და თუ უხეშად ვიტყვით, სწორედ ამდენით აზარალეს "ნაციონალებმა" ბიუჯეტი - უფრო ზუსტად ვერ გეტყვით, ამას კვალიფიციური გამოძიება დასჭირდება, ექსპერტიზები და ზარალის ზუსტი ოდენობაც ამის შემდეგ გაირკვევა. რაც შეეხება ნგრევაში მონაწილე კომპანიებს, ერთი ასეთი ტენდერით გამოვლენილი კომპანია ნამდვილად იყო, მას შენობიდან ინვენტარი გადაჰქონდა სხვადასხვა ადგილებში. ეს იყო ავტოსატრანსპორტო კომპანია, რამდენადაც მახსოვს "ნაციონალების" ახლობლებისა იყო, ისევ თავისიანებს აშოვნინეს ფული... ამ შენობის ნგრევა ვერ მოხდებოდა დავით ბაქრაძესა და მიხელ მაჭავარიანის გარეშე. ბაქრაძე პარლამენტის თავმჯდომარე იყო, მაჭავარიანი კი მისი მოადგილე. აი, მათგან უნდა დაიწყოს საქმის გამოძიება და მერე აუცილებლად გაირკვევა რომ მთავარი მნგრეველი მიხეილ სააკაშვილი იყო - ერთიც და მეორეც იტყვიან ამას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ცაგარეიშვილი.

"დავით ბაქრაძემ და მიხეილ მაჭავარიანმა რამდენიმე სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენეს, სახელმწიფო ქონება გაანადგურეს და სახელმწიფოს დიდი ოდენობით მატერიალური ზარალი მიაყენეს. სიმართლე გითხრათ, ცოტა ნაწყენი ვარ ჩემს კოლეგებზე, რომელთაც პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული და დღეს ამ თემაზე აღარ ლაპარაკობენ, მათ უნდა მოითხოვონ ამ საქმის სრულყოფილად გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა. იქ იყო ძვირადღირებული ინვენტარი, უნიკალური ჭაღები, უამრავი სხვა რამ. ნაწილი ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა, ნაწილი სხვა სახელმწიფო სტრუქტურებს, მაგრამ ბევრი რამ გაქრა - დიდი მაროდიორობა იყო იქ იმ დროს და დასწრებაზე იყვნენ, რაც შეიძლება მეტი და ღირებული ქონება წაეღოთ სახლებში. სწორედ ეს უნდა გაარკვიოს გამოძიებამ ვინ და რა წაიღო. მინდა მოვუწოდო მთავარ პროკურორ გიორგი ბადაშვილს, რომ სასწრაფოდ დაიწყოს მოკვლევა ანდა დაუყოვნებლივ აღძრას სისხლის სამართლის საქმე და დაიწყოს გამოძიება", - განაგრძობს რესპონდენტი.

"დანაშაულის ნიშნები სახეზეა და მათი ძებნა არ დასჭირდება პროკურატურას. კონკრეტულად უნდა გაარკვიოს, ვინ გასცა პარლამენტის შენობის დანგრევის ნებართვა ოფიციალურად, ასევე არაოფიციალურად ვინ იყვნენ ჩართულნი ამ საქმეში, ვინ რაშია დამნაშავე და ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ამ დანაშაულს ჰყავს ძალიან ბევრი თვითმხილველი, ეს ხალხი მოწმეებად გამოადგება და ამით დაიწყონ გამოძიება. მერე მთავარ დამნაშავეებამდეც მივლენ. ან ხალხის ნაწილი დღეს ისევ პარლამენტის აპარატში მუშაობს. ეს ამბავი არავის უნდა შერჩეს, ამის პატიება არ შეიძლება", - მიიჩნევს გია ცაგარეიშვილი.

"საკითხის გასარკვევად "ალია" პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე შოთა გოშაძეს დაუკავშირდა - "თქვენ წარმოიდგინეთ, არავითარი დოკუმენტაცია, არანაირი ინფორმაცია არ დამხვდა. ყველაფერი გამქრალია. არც იმ მნგრეველი კომპანიების ტენდერების შესახებ არ არის არანაირი ინფორმაცია - არც ზოგადი ინფორმაცია მაქვს და არც დეტალური. მე 2012 წლის არჩევნების შემდეგ მოვედი აქ და არანაირი ინფორმაცია არ დამხვედრია. ამ ინფორმაციას მთხოვენ ზემდგომები, მათ შორის პარლამენტის თვმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მაგრამ ვერ მათ მივაწოდე - რაც არ არის, რას მივაწვდიდი. ფაქტია, რომ დოკუმენტები სახელმწიფო ტენდერებისა და საბიუჯეტო ხარჯების შესახებ გამქრალია. ცხადია, ეს დანაშაულია და უნდა გამოიძიონ სად და რატომ გაქრა ეს დოკუმენტაცია", - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პარლამენტის აპარატის უფროსის მოადგილე და შეკითხვას - "ეს "ნაციონალების" გაკეთებულია?" - პასუხობს:

"სავარაუდოდ, მათი გაკეთებულია - სხვას რომ ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებოდა, ეს ფაქტია".