მარტა სტიუარტის ბიზნესი და წიგნები

მარტა სტიუარტის ბიზნესი და წიგნები

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძე]

მარტა სტიუარტი კარგა ხანია აშშ-ს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად ითვლება და პოპულარობის მხრივ ბევრად მდიდარ თანამემამულეებს უსწრებს. იგი ხომ ამერიკული ოცნების ჭეშმარიტი განსახიერებაა, რომელსაც უამრავი დიასახლისი თავის კერპად თვლის.

 

გამრჯე ბავშვი

მარტა სტიუარტი (ქალწულობისას კოსტირია) დაიბადა 1941 წლის 3 აგვისტოს ნიუ ჯერსის შტატში ღარიბ პოლონელ ემიგრანტთა ოჯახში. სამი წლის იყო, როცა მამამ პატარა ბაღჩის მოვლა ასწავლა. მოგვიანებით, ბავშვის აღზრდაში დედაც ჩაერთო და მარტამ უკვე საჭმლის მომზადება და კერვა დაიწყო. ხოლო მეზობელმა ნამცხვრების ცხობაც ასწავლა.

 

სხვა ბავშვების მსგავსად, მარტას დიასახლისობა როდი სურდა. მას ბევრად ამბიციური გეგმები ჰქონდა. იგი ბევრს კითხულობდა, განსაკუთრებით ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიებს ეტანებოდა და წარმატების რეცეპტის ამოცნობას ლამობდა.

 

სკოლაში კარგმა სწავლამ მარტას ნიუ იორკის ბარნარდის კოლეჯში სტიპენდიის მიღების საშუალება მისცა. თავდაპირველად ქიმიის შესწავლა დაიწყო, შემდეგ კი ხელოვნების ისტორიაზე გადაერთო. მშობლები მატერიალურად ვერ ეხმარებოდნენ და მან ფოტომოდელად მუშაობა დაიწყო.

 

ჯერ კიდევ კოლეჯის დამთავრებამდე მარტა იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტ ენდრიუ სტიუარტზე დაქორწინდა და მის გვარზე გადავიდა. 1967 წელს მათ შვილი ალექსეი შეეძინათ და მარტამ მთელი ყურადღება ბავშვის აღზრდაზე გადაიტანა. თუმცა, სახლში დიდ ხანს ვერ გაძლო და ორი წლის შემდეგ თავისი მამამთილის რჩევით ბირჟაზე ბროკერად მუშაობა დაიწყო.

 

სიძუნწის ქალღმერთი

1973 წლის ამერიკის ეკონომიკურმა კრიზისმა მარტას სხვა საქმიანობის მოძებნა აიძულა. მან უოლ სტრიტზე სამუშაო მიატოვა და მეუღლესთან ერთად კონექტიკუტის შტატის ქალაქ უესტპორტს მიაშურა, სადაც ძველისძველი ფერმა შეიძინა. მის გასაახლებლად დიდი დრო და ენერგია დახარჯა, თუმცა, დიზაინერისა და დეკორატორის გამოცდილება შეიძინა.

 

რემონტის დასრულების შემდეგ მან თავისი საქმის წამოწყება გადაწყვიტა. მეგობართა ერთად თავისი სახლის სარდაფში მიღებათა ორგანიზების ფირმა დაარსა. მალე „მარტას საღამოები“ ქალაქში ძალიან მოდურად იქცა. განსაკუთრებით კარგად მას სუფრებისა და კერძების ორიგინალურად გაფორმება გამოსდიოდა.

 

1979 წელს, ერთ-ერთი ამგვარი მიღებისას სტიუარტმა საგამომცემლო კომპანია Crown Publishing Group-ის პრეზიდენტი ალან მირკენი გაიცნო, რომელიც მარტას მანერებით იმდენად მოიხიბლა, რომ საღამოების ორგანიზების შესახებ წიგნის დაწერა შესთავაზა. სამი წლის შემდეგ გამოვიდა „მიღებათა მოწყობა“, რომელიც ამერიკელი დიასახლისების ბიბლიად იქცა. ამ დრომდე წიგნი 30-ჯერ გამოიცა და მისმა მთლიანმა ტირაჟმა ნახევარ მილიონს გადააჭარბა.

 

სტიუარტი მთელს ქვეყანაში ძლიერ პოპულარულად იქცა. მას სულ უფრო ხშირად უკვეთავდნენ სტატიებს მეოჯახეობის შესახებ და მალე პირველ წიგნს მეორე მოჰყვა. მარტამ გაიხსენა, როგორ უვლიდა ბავშვობისას ბაღს, როგორ განაახლა თავისი ძველი ფერმა და მიხვდა, რომ შეეძლო მკითხველთათვის ბევრი რამ ესწავლებინა. ასე გამოვიდა წიგნები: „მებაღეობა“, „ქორწინებისათვის მზადება“, „შობისათვის მზადება“. ყდაზე წარწერა „მარტა სტიუატრისაგან“ ბესტსელერად ქცევის გარანტია იყო.

 

სტიუარტის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო ეფექტური გარეგნობაა, რომელიც მას დიასახლისობის მცოდნე სტერეოტიპული მსუქანი ქალისაგან განასხვავების. მშვენიერი ქერა თმა, აღნაგობა და ღიმილი მას იმ ქალის იმიჯს ანიჭებს, რომელმაც საკუთარი ცხოვრება სრულად აიწყო და ახლა შეუძლია სხვასაც ბევრი რამ ასწავლოს.

 

კაცმა რომ თქვას, ეს მთლად მართალი როდია. სანამ მარტას ბიზნეს-კარიერა იფურჩქნებოდა, ენდრიუ სტიუარტთან მის ოჯახურ ცხოვრებას თანდათანობით წყალი შეუდგა. ყველაფერი განქორწინებით დამთავრდა, რომლის დროსაც სასამართლომ ენდრიუს მოთხოვნა ყოფილი ცოლისათვის ურთიერთობის ნებისმიერი ფორმით აკრძალვის შესახებ დააკმაყოფილა. თუმცა, მარტას თაყვანიმცემლებს მაინც სჯერათ, რომ თუ მის რჩევებს გაითვალისწინებენ, თავიანთ ცხოვრებას უკეთესობისაკენ შეცვლიან.

 

ცხადია, მას ბევრი მოწინააღმდეგეც გამოუჩნდა. პრესაში ხშირად მარტას კარიკატურები იბეჭდებოდა და ენამწარე ჟურნალისტებმა მას „სიძუნწის ქალღმერთი“ შეარქვეს. თუმცა, სტიუარტი არავის ყურადღებას არ აქცევდა, თავის როლს წარმატებით თამაშობდა, კვლავ პოპულარულად რჩებოდა და სარეკლამო რგოლებშიც მონაწილეობდა.

 

დროებითი მილიარდერი

1989 წელს მარტამ საგამომცემლო მაგნატს ნიუჰაუზ უმცროსს ჟურნალის გამოცემა შესთავაზა. მარტა თვლიდა, რომ სხვა ჟურნალებისაგან განსხვავებით, მისი პირმშო საზოგადოების მაღალ ფენებზე უნდა ყოფილიყო გათვლილი, რაც ნიუჰაუზს არ მოეწონა. სამაგიეროდ, მარტას იდეა სხვა საგამომცემლო გიგანტმა Time Inc-მა აიტაცა და მალე გამოვიდა ჟურნალი Martha Stewart Living.

 

ახალმა გამოცემამ ძალიან მალე პოპულარობა მოიხვეჭა. 2001 წელს ჟურნალის ტირაჟმა 2,4 მილიონს მიაღწია. თუმცა, იქამდე, 1995 წელს მარტამ Martha Stewart Living-ის Time Inc-ისაგან გამოსყიდვა მოახერხა და მას შემდეგ ეს ჟურნალი მისი სწრაფად მზარდი იმპერიის - Martha Stewart Living Omnomedia-ს საფუძვლად იქცა. გარდა ამისა, კომპანია კიდევ რამდენიმე ჟურნალს, მათ შორის საბავშვო გამოცემებს უშვებს.

 

პარალელურად სტიუარტი მედია-ბიზნესის სხვა სფეროში შეიჭრა. Martha Stewart Living Omnomedia სატელევიზო და რადიო გადაცემებსაც ამზადებს, უშვებს სხვადასხვა დღესასწაულისადმი მიძღვნილ კომპაკტ-დისკებს. გარდა ამისა, მეტად წარმატებულია Martha Stewart Living Omnomedia-ს ინტერნეტ-საიტი და ონლაინ-მაღაზია. ამასთან, შემოსავლის კიდევ ერთი წყარო ბნერდინგი გახლავთ. ნებისმიერ საოჯახო ნივთს „მარტა სტიუარტისაგან“ ხომ ყველა პატივმოყვარე დიასახლისი ყიდულობს.

 

1999 წელს Martha Stewart Living Omnomedia-ს აქციები ნიუ იორკის საფონდო ბირჟაზე გავიდა, სადაც მალე მათი ფასი თითქმის გასამმაგდა და 2005 წლისათვის მარტას კაპიტალმა მილიარდ დოლარს მიაღწია. მაგრამ, იმავე წელს იგი ინსაიდერული ინფორმაციის გამოყენებასა და სხვა კორპორაციულ დანაშაულებში ამხილეს და ხუთთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ცხადია, ამის შემდეგ Martha Stewart Living Omnomedia-ს აქციების ფასი დაეცა და ამჟამად მარტას ქანება 638 მილიონ დოლარს უტოლდება.

 

ამჟამად, 65 წლის მარტა სტიუარტი კვლავ ძალიან პოპულარულია. იგი დასვენებაზე არც ფიქრობს, ძველებური შემართებით საქმიანობს და დაკარგული პოზიციების აღდგენას ლამობს.