Parmalat რეანიმირირებას ცდილობს

Parmalat რეანიმირირებას ცდილობს

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

Parmalat-ის პროდუქცია მსოფლიომ სწრაფად გაიცნო. სულ რაღაც 40 წელში პატარა იტალიური ქარხანა 8 მილიარდი დოლარის წლიური ბრუნვისა და 162 საწარმოს მქონე კვების პროდუქტების მწარმოებელ მსოფლიო გიგანტად იქცა. თუმცა, Parmalat-ის დაღმასვლა გაცილებით სწრაფად მოხდა და განთქმული კომპანია ყოფნა-არყოფნის წინაშე აღმოჩნდა. დღეისათვის Parmalat სიძნელეებს გულმოდგინედ ებრძვის და მკვდრეთით აღსადგომად ემზადება.

მეხორცის მერძევე შვილი

იტალიის პროვინცია ემილ-რომანის, რომელსაც ადგილობრივები „საკვების ველს“ ეძახიან, ცენტრ პარმაში ყველა თავმოყვარე ოჯახი მეხორცეობას, ან მერძევეობას ეწევა. ტანცის ოჯახი „მეხორცეთა კლანს“ ეკუთვნოდა და რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გემრიელი შაშხით ვაჭრობდა. ასე იყო 1961 წლამდე, როცა მელხიორ ტანცის გარდაცვალების შემდეგ ოჯახური ბიზნესი მემკვიდრეობით მის ვაჟს, 22 წლის კალისტო ტანცის ერგო, რომელმაც მოულოდნელად ტრადიციებს ზურგი აქცია და მეხორცეობას მერძევეობა ამჯობინა.

კალისტომ იმავე, 1961 წელს დაარეგისტრირა კომპანია Parmalat, რომელიც პარმას სიმბოლოდ იქცა. მან თავისი ფირმა საკმაოდ მარტივად მონათლა, უბრალოდ, ქალაქის სახელს Latte-ს (იტალიურად რძე) შემოკლებული ვარიანტი დაუმატა.

ახალგაზრდა ტანცი თვლიდა, რომ რძის კონსერვატულ ბაზარზე უამრავი გამოუყენებელი შესაძლებლობა არსებობდა. ამიტომაც თქვა მეხორცეობაზე უარი და თავისი ახალი ბიზნესი უახლესი ტექნოლოგიების დანერგვით განავითარა. შედეგმაც არ დააყოვნა.

პარმას გარეუბან კოლეკიოში პირველმა ტანციმ ააშენა პასტერიზებული რძის, რომლის შესახებაც იტალიაში არავის სმენოდა, მწარმოებელი ქარხანა. ერთი წლის შემდეგ კომპანიის პროდუქცია უკვე მთელს ქვეყანაში იყიდებოდა. რომაელ მონოპოლისტებთან ბრძოლაში რომ არ დამარცხებულიყო, ტანცი იძულებული იყო

მომხმარებელი სხვა სიახლეებითაც გაეოცებინა და მათ უცხიმო რძე შესთავაზა.

კიდევ ერთი წლის შემდეგ კი Parmalat-მა კონკურენტებს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა და რძის ბაზრის უპირობო ლიდერად იქცა. 1963 წელს იტალიაში ყველასათვის უცნობმა შვედურმა კომპანია Tetra Pak-მა ტანცის თხევადი საკვები პროდუქტისათვის განკუთვნილი მუყაოს პაკეტები და ახალი, Ultra Heat Treatment      ტექნოლოგია შესთავაზა. გამჭრიახი ტანცი უმალ მიხვდა, რომ ეს პაკეტები მინის ჭურჭელზე იაფი იყო, მეორადი შეგროვება საჭირო აღარ იქნებოდა და მათი გაფორმებაც გაიოლდებოდა. მან პირველმა სამხრეთ ევროპაში შვედებთან უმალ ხელშეკრულება გააფორმა და იტალიის მაღაზიებში გამოჩნდა უჩვეულო სამკუთხა პაკეტები, რომლებზეც პატარა შრიფტით „რძე“, დიდით კი Parmalat ეწერა.

ასე რომ, პასტერიზებული რძითა და მუყაოს პაკეტებით ტანციმ რძის ბაზარზე ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. ამიტომაც იყო, რომ იტალიელთა  უმრავლესობისათვის სიტყვა Parmalat ხარისხიან რძესთან ასოცირდებოდა.

ახალი ბაზრები და პროდუქტები

ტანცის კომპანია Tetra Pak-თან ერთად მიაბიჯებდა. როცა შვედებმა აგურის ფორმის Tetra Brik გამოიგონეს, Parmalat-იც ამ უფრო მოსახერხებელ პაკეტზე გადავიდა. ამასთან, ტანცი კიდევ უფრო მეტი სიახლის დანერგვას ცდილობდა. 1968 წელს გამოვიდა რძე Zymil ლაქტოზის გარეშე, რომელიც ძალზე პოპულარული გახდა დაავადებული საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე მომხმარებელთა შორის. ცოტა მოგვიანებით გამოჩნდა ვიტამინიზირებული რძე Vita.

დაარსებიდან 8-9 წელში Parmalat იტალიაში რძის პროდუქტების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიად იქცა. ტანცი ყოველწლიურად ახალ ქარხანას აშენებდა და პერსონალის რიცხვს აორმაგებდა. 1970 წლისათვის Parmalat-ის წლიურმა ფინანსურმა ბრუნვამ 5 მილიონი დოლარი შეადგინა. ოთხი წლის შემდეგ კალისტომ გადაწყვიტა, რომ იტალიური ბაზარი მისი კომპანიისათვის ძალიან პატარა იყო და უცხოეთში, კერძოდ კი ბრაზილიაში პირველი ქარხანა გახსნა. იქედან მოყოლებული Parmalat-მა განვითარებული ქვეყნების ბაზრებზე თავისი პოზიციების გამყარებას შეუდგა. 80-იანი წლების ბოლოსთვის ევროპაზე კომპანიის მოგების მხოლოდ მესამედი მოდიოდა, დანარჩენი კი სამხრეთ და ცენტრალურ ამერიკას და სამხრეთ აფრიკას მოჰქონდა.

ამასთან, ტანცი ბაზრის ახალ-ახალი ნიშების ათვისებაზეც ფიქრობდა და კომპანიის ასორტიმენტს ნელა, მაგრამ პერიოდულად აფართოვებდა. შედედებული რძის გამოშვებას წარმოებაში ზეთის ჩაშვება მოჰყვა. შემდეგ თანდათანობით გამოჩნდა Parmalat-ის ემბლემით დამშვენებული ყველი, არაჟანი და სხვა რძის პროდუქტები. 70-იანი წლების ბოლოს ტანციმ პირველი საცხობი იყიდა და ორცხობილების, ნამცხვრების და კრეკერების წარმოება დაიწყო. ცოტა მოგვიანებით Parmalat-მა პიცაც გამოუშვა.

80-იან წლებში კი კომპანია შერეულ ბაზარზე გავიდა და ხილისა და ბოსტნეულის პროდუქტების: საწებლების, წვენების, სოუსების, სუპების წარმოებას შეუდგა. წვენებისათვის შეიქმნა ბრენდი Santal, საწებლებისათვის კი Pomi. 1983 წელს გამოუშვეს ნამცხვარი Mister Day, 1987 წელს კი სწრაფი მომზადების სუპი Pais. ამავე პერიოდში გამოჩნდა ვიტამინიზირებული რძე Dietalat და შეიქმნა უცხიმო პროდუქტების ხაზი Punto Weight-Watchers. ყველა ამ ბრენდმა ბაზრის თავის სეგმენტზე ლიდერობა მოიპოვა.

მსოფლიო ლიდერი

1990 წელს კომპანია სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. გარდა ამისა, Parmalat-მა სტრატეგია შეცვალა. ისეთ გიგანტებთან წარმატებული კონკურენციისათვის, როგორებიც Nestle, Kraft Foods და Unilever იყვნენ, ტანცი პირველად შეუდგა სხვა კომპანიების შეძენას და ამ გზით სამფლობელობის გაფართოვებას.

1993 წელს Parmalat-მა 17 კომპანია შთანთქა: 4 იტალიაში, 6 ბრაზილიაში, 4 აშშ-ში, დანარჩენები კი არგენტინაში, ვენესუელაში, ურუგვაიში და უნგრეთში. ერთი წლის შემდეგ ტანციმ შეიძინა მსხვილი ვენესუელური კომპანია Indulac და ბავშვებისათვის მშრალი რძისა და სხვა პროდუქტების გამოშვება დაიწყო. 1998 წელს Parmalat-მა 1 მილიარდ დოლარად შთანთქა ავსტრალიური კომპანია Pauls.

ამ პერიოდში ტანცის საქმე ყოველმხრივ კარგად მიდიოდა. 1987 წელს Parmalat-მა შეიძინა საფეხბურთო კლუბი «პარმა», რომელიც ტანცის ხელმძღვანელობით ერთ-ერთ იტალიურ გრანდად იქცა, ევროპაშიც გაიბრწყინა და 1993 წელს თასების მფლობელთა თასს, 1995 და 1999 წლებში კი უეფას თასს დაეუფლა. გარდა ამისა, მარკის პოპულარიზაციისათვის Parmalat-მა განთქმული ბრაზილიური კლუბი „პალმეირასიც“ შეიძინა, რომელმაც ამის შემდეგ ძველი დიდების დაბრუნება და ოცწლიანი პაუზის შემდეგ ქვეყნის ჩემპიონატის მოგება შეძლო. უნდა ითქვას, რომ კალისტო ყოველთვის სპორტის დიდი გულშემატკივარი იყო. ჯერ კიდევ 1974 წელს Parmalat-მა სპონსორული კონტრაქი გააფორმა ფორმულა 1-ის „ფერარის“ გუნდთან.

2002 წლისათვის Parmalat თავისი სფეროს ერთ-ერთი ლიდერი იყო. კომპანიას ეკუთვნოდა მსოფლიოს 30 ქვეყანაში მდებარე 162 ქარხანა, რომლებშიც 37 ათასი ადამიანი, და 23 ბრენდი.

რძის უკანასკნელი წვეთი

2003 წელს Parmalat გაბანკროტების წინაშე აღმოჩნდა და მთელი იტალიის ეკონომიკა საფრთხეში ჩააგდო, რადგან მის აქციებს ქვეყნის უმსხვილესი ბანკები ფლობდნენ. არადა, ვერავინ იფიქრებდა, რომ ტანცის იმპერია ეგზომ შავ დღეში ჩავარდებოდა. ამის მიზეზი წინდაუხედავია ექსპანსია გახლდათ: კომპანიების შესაძენად რომ საჭირო სახსრები მოეპოვებინა, Parmalat-მა გვარიანი ვალები დაიდო. 21-ე საუკუნის დასაწყისში კი ევროპულ ეკონომიკაში დაღმასვლა დაიწყო, კონცერნის შემოსავალმა იკლო და მის ანგარიშზე გიგანტური, 7 მილიარდი ევროს ოდენობის ვალი აღმოჩნდა.

2003 წლის დეკემბერში კონცერნმა Parmalat-მა განაცხადა, რომ 700 მილიონი დოლარის ოდენობის დივიდენდების გაცემას ვერ ახერხებდა. ამან აქციონერთა მოთმინების ფიალა აავსო და Parmalat-ის დამაარსებელმა, მფლობელმა და 42 წლის განმავლობაში მისმა პრეზიდენტმა კალისტო ტანციმ თანამდებობა დატოვა.

კონცერნის ხსნა მისი მენეჯმენტის ერთ-ერთ წარმომადგენელს ენრიკო ბონდის დაევალა. ცხადია, ჩატარდა გამოძიება და ტანცი დააპატიმრეს. მას ფინანსური მაქინაციებისათვის ჯერ 2008 წელს 10 წლიანი ციხე მიუსაჯეს. შარშან კი კიდევ ერთი სასამართლო ჩატარდა 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

ამ დროისათვის გაბანკროტებული Parmalat აქციონერი ბანკების დახმარებით წელში გამართვას ცდილობს. ცხადია, კონცერნს უდიდესი სიძნელეების გადალახვა მოუწევს, მაგრამ თუ რეანიმირება შეძლო და მეორედ დაიბადა, თქმა არ უნდა, კვლავინდებურად მსოფლიო ლიდერობისათვის იბრძოლებს. ამის ნიშნები კი უკვე არსებობს. კერძოდ, შარშან კონცერნმა 4 მილიონი ევროს ოდენობის მოგება ნახა.