ეროსი კიწმარიშვილის საქმე მკვლელობად გადაკვალიფიცირდება?

ეროსი კიწმარიშვილის საქმე მკვლელობად გადაკვალიფიცირდება?

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება განცხადების გაკეთებისგან კვლავ თავს იკავებს, ამ ბურუსით მოცული საქმის შესახებ ახალი და საგულისხმო, ოფიციალურად, ჯერჯერობით არაფერია. გარდაცვლილის ძმამ, ზურაბ კიწმარიშვილმა 1-ელ სექტემბერს ინფორმაცია გაავრცელა, რომ მიმდინარე კვირის ბოლოს ორი ექსპერტიზა ჩატარდება. "ერთი ექსპერტიზა ჩანიშნული ჰქონდა გამოძიებას, რომელიც ტყვიის  ტრაექტორიას უკავშირდება და რომელსაც ჩვენ დავესწრებით. მეორე ჩვენი ინიციატივით ვთხოვეთ გამოძიებას. ეს ექსპერტიზა არის იმ ტიპის, რომელიც ცოტა ხნის წინ შემთხვევის ადგილზე შსს-მ ჩაატარა. თუმცა ამ შემთხვევაში ექსპერტიზა მანქანის სივრცეში ჩატარდება. ამასაც ჩაატარებს პროკურატურა და ამ ექსპერტიზასაც დავესწრებით. ამით ყველა ექსპერტიზა, რომელიც ნივთმტკიცებებს, საგნებს, მანქანას, იარაღსა და გარდაცვალებას უკავშირდებოდა, გაკეთდა. ეს ექსპერტიზები ერთი გასაღების ფუნქციას იძენს და ეს ყველაფერი მთლიანობაში სწორად უნდა იქნეს გამოყენებული", - განაცხადა ზურა კიწმარიშვილმა. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ეს იყო დანაშაული და მაქსიმალურად ეცდება, "ყველაფერი უკვალოდ არ წაიშალოს". 
"სამწუხაროდ, გამოძიების პროცესში არ გვაქვს საშუალება, თუნდაც ჩვენი ცნობისმოყვარეობა დავიკმაყოფილოთ და გამოვკითხოთ გამოძიებას, ხომ არ იყო ვინმეს ჩვენება მნიშვნელოვანი, რაიმე საეჭვო ხომ არ ფიქსირდება ვიდეომასალაში და ასე შემდეგ. მაქვს მოლოდინი, რომ შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში დანაშაული გადაკვალიფიცირდეს, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს მტკიცე რწმენა, რომ ეს იყო დანაშაული. პირადად მე, როდესაც რაღაცებს ვაანალიზებ და ჩნდება კითხვა, რატომ არ ჩანს ასე ნათლად დანაშაულის ნიშნები, ვუშვებ, რომ ეს არის საკმაოდ მაღალ დონეზე ჩატარებული დანაშაული. თუმცა ნამდვილად ვერ დავუშვებ, რომ ყველაფერი უკვალოდ წაიშალოს. რაღაც კვალი მაინც უნდა არსებობდეს, რასაც პროფესიონალმა გამოძიებამ ფარდა უნდა ახადოს. ამის შემდგომ, ბუნებრივია, უნდა მოხდეს კვალიფიკაციის შეცვლა. მაგალითად, შეიძლება შეკვეთილ მკვლელობად, ან პირად ანგარიშსწორებად გადაკვალიფიცირდეს. რაც შეეხება დროს, როდის დაიდება საბოლოო დასკვნა, ამას ვერ გეტყვით. როგორც კი ყველაფერი გაირკვევა, პროკურატურა ამას გაასაჯაროებს", - განაცხადა ზურაბ კიწმარიშვილმა 

"ალია" საქმეში უფრო დეტალურად გასარკვევად ზურაბ კიწმარიშვილს დაუკავშირდა: 

- ზურაბ, თქვენ აცხადებთ, რომ ყველაფერი უკვალოდ არ წაიშლება და ის დანაშაული იყო. ეჭვი ხომ არ გაგიჩნდათ, რომ თქვენი ძმის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების საქმე შესაძლოა, გამოძიებული არ იქნას და მასაც იგივე ბედი ეწიოს, რაც ზურაბ ჟვანიასა და გიორგი სანაიას მკვლელობებს? 
- რა ვიცი, მაინც ოპტიმისტი ვარ ამ საქმეში, გამორიცხული არაფერია. გარდა იმ მაგალითებისა, რაც ჩამოთვალეთ, კიდევ სხვა შემთხვევებიც ვიცით გაუხსნელი დანაშაულებისა. არის შემთხვევები, ჩადენილია დანაშაული, თუმცა, დანაშაულის კვალი არსად მიდის, რა მოტივია, ბოლომდე არაა გარკვეული და არც დამნაშავეები ჩანან. არ მინდა, წინასწარ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე მათ რიგებში ჩავწერო. თუმცა, გულახდილი ვიქნები და ვიტყვი, რომ გამოძიება მცდელობას არ აკლებს, რომ ყველაფერი დროულად და კვალიფიციურად გამოიძიოს. ამ მხრივ, გამოძიებასთან სასაყვედურო არ მაქვს. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ამდენი ხნის მანძილზე უფრო წინ რომ იყოს წასული გამოძიება, ნამდვილად გამიხარდებოდა. თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასეც არის და ჩვენ, ოჯახის წევრებს, საქმის ყველა დეტალს არ გვიმხელენ. 

- ოჯახის წევრებსა და თქვენს ექსპერტებს უკვე მეორედ გიწევთ გამოძიებისთვის მიმართვა და თქვენი ინიციატივით ექსპერტიზების დანიშვნა და ჩატარება. რატომ ხდება ასე? ეს ექსპერტიზები ხომ გამოძიებამ ისედაც უნდა ჩაატაროს და ეს მათი მოვალეობაა? მით უფრო, ოჯახის მიერ მოთხოვნილი პირველი ექსპერტიზის დროს, როცა გამომძიებლებთან ერთად ხელახლა დაათვალიერეთ გარაჟი, იქ საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი აღმოაჩინეთ. 
- არა, ვერ ვიტყვი, რომ გამოძიება არ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს. უბრალოდ, ჩემი ძმის ცხედარი ნაპოვნი იქნა ძალიან დიდ გარაჟში, დიდ სივრცეში...
 

- კი, ნამყოფი ვარ იმ გარაჟში, მართლაც დიდი ტერიტორიაა. 
- გცოდნიათ... 3-სართულიანი გარაჟია, იქ თითოეული კვადრატული სანტიმეტრია გამოსაკვლევი, ნებისმიერ ადგილას შეიძლება, დანაშაულის კვალი, რაღაც მამხილებელი დეტალი აღმოჩნდეს. ჩემთვის არც დაუმალავთ გამომძიებლებს, რომ მათ პირველად უწევთ მუშაობა ასეთ დიდ სივრცეში მომხდარი დანაშაულის გახსნაში, სადაც ამხელა ტერიტორიაა გამოსაკვლევი და შესასწავლი. ამიტომაც, მათ ექსპერტიზები კი ჩაატარეს, მაგრამ ყველა ადგილი, გარაჟის მთელი ტერიტორია არ იყო გამოკვლეული. ამიტომ ჩვენ დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება გადავწყვიტეთ და ამან შედეგი გამოიღო - ჩემი აზრით, გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი დეტალი აღმოჩნდა გარაჟში. ახლა კი ავტომობილის ხელახალი დათვალიერება გვინდა. ვნახოთ, რა შედეგს გამოიღებს ეს ექსპერტიზა. 

- გამომძიებლები უკვე დაგთანხმდნენ ექსპერტიზის ჩატარებაზე? 
- კი, ექსპერტიზა მათთან ერთად ჩატარდება, ოფიციალურად, შსს-ს კრიმინალისტებთან ერთად, მათივე ტექნიკური საშუალებებით. 
- უკვე თვე-ნახევარი გავიდა ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან. მრჩება შთაბეჭდილება, რომ გამოძიება ძალიან ჭიანურდება. თქვენ ასე არ ფიქრობთ? 
- არა, მე ასე არ ვფიქრობ. ბუნებრივია, მეც მინდა, უფრო სწრაფად გაიხსნას ეს საქმე, მაგრამ გამოძიება გვარწმუნებს, რომ ყველაფერი წესისა და რიგის მიხედვით მიდის, ყველაფრის გარკვევას დრო სჭირდება. ჩატარებულია მრავალი ექსპერტიზა, დაკითხულია ძალიან ბევრი ადამიანი, მოპოვებულია სხვა სახის ინფორმაციები და სამხილები და ამ ყველაფრის დალაგებას, ანალიზს დრო სჭირდება. თუმცა, ვიმეორებ, მე უფრო ჩქარა მინდა გაიხსნას ეს საქმე. 

- გამოძიების პროცესში უცხოელი დეტექტივების ჩართვაზე ხომ არ გიფიქრიათ? 
- იმის საშუალება არ გვაქვს, რომ აქ "ეფ-ბე-აი"-ს გამომძიებლები ჩამოვიყვანოთ. არც ჩვენი გამომძიებლების მუშაობით ვარ უკმაყოფილო. ვფიქრობ, რაც შეუძლიათ, იმას ნამდვილად აკეთებენ. 

- რაც შეუძლიათ, იმას კი აკეთებენ, მაგრამ იქნებ იმდენი არ შეუძლიათ, რაც საქმის გამოსაძიებლადაა საჭირო? აუცილებელი ხომ არ არის "ეფ-ბე-აი"-ს გამომძიებლები, ზოგადად, ჩვენებზე უფრო კვალიფიციური დეტექტივები ამ საქმის გამოძიებას, ნამდვილად წაადგება. 
- რაც მეტი მაღალი კვალიფიკაციის გამომძიებელი იქნება ჩართული ამ პროცესში, მით უკეთესი. ამის წინააღმდეგი როგორ შეიძლება ვიყო? თუმცა, ხომ გითხარით, იმის საშუალება არ გვაქვს, რომ უცხოელი დეტექტივები დავიქირაოთ. თუმცა, ვიმეორებ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროებას ვერ ვხედავ, ვფიქრობ, გამოძიება კარგად მუშაობს. მთელი თბილისის სამმართველოს ერთი (საგამოძიებო) განყოფილება ამ საქმეშია ჩართული და ამ ხალხზე როგორ ვთქვა, რომ არ მუშაობენ მთელი მონდომებით? მართლა ყველაფერს აკეთებენ, რაც შეუძლიათ. 

- თქვენ აცხადებთ, რომ შესაძლოა, ეს საქმე შეკვეთილ მკვლელობად გადაკვალიფიცირდეს. რის საფუძველზე ამბობთ ამას? თქვენი ვარაუდია თუ პროკურატურიდან გაქვთ ინფორმაცია, რომ საქმე შეკვეთილ მკვლელობად გადაკვალიფიცირდება? 
- არა, ამას საკუთარი ინფორმაციის საფუძველზე ვაცხადებ, გამოძიებას ამის შესახებ არაფერი უთქვამს ჩემთვის. მე ვესწრებოდი ექსპერტიზებს, მაქვს გარკვეული ინფორმაციები, ვიცოდი ჩემი ძმის ბოლოდროინდელი საქმიანობისა და მისი გეგმების შესახებ... ამ ყველაფრის ანალიზის საფუძველზე ვფიქრობ, რომ მას თვითმკვლელობის არანაირი საბაბი არ ჰქონდა. სავარაუდოდ, მკვლელობამდე მიყვანის მუხლი შეკვეთილ მკვლელობად გადაკვალიფიცირდება. ვნახოთ, დაველოდოთ გამოძიებას, იმედი მაქვს, რომ ჩემი ვარაუდი საფუძვლიანია. 

- ადვოკატმა რომეო საჯაიამ განაცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა ბარბარე რაფალიანცის საქმეს უკავშირდება, ვითომ ეროსი წინააღმდეგი იყო, რომ "ქართული ოცნების" გამარჯვებისთვის, პატარა ბავშვი მოეკლათ. საჯაია აცხადებს, რომ ეროსი "ქართული ოცნების" ლიდერებთან ერთად ესწრებოდა იმ თათბირს, სადაც, თითქოს, რაფალიანცის მკვლელობა დაიგეგმა. ამბობს, რომ თქვენს ძმას ამის თაობაზე გადაწყვეტილი ჰქონდა განცხადების გაკეთება, მერე პროკურატურისთვის შესაბამისი ჩვენების მიცემა და ამიტომ მოკლესო. მოკლედ, ისე გამოდის, რომ ეროსის რაფალიანცის საქმის გახსნა უნდოდა და ამიტომ მოკლეს. არაპირდაპირ ხელს ხელისუფლებისკენ იშვერს საჯაია, რომ მისი მოკლულია ეროსი. თქვენ რა იცით ამის შესახებ? საერთოდ, ეროსის 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან და "ქართულ ოცნებასთან" შეხება ჰქონდა? 
- არა, ამ არჩევნებთან შეხება არ ჰქონია, ჩემს ძმას ფეხდაფეხ არ დავყვებოდი, მაგრამ ნამდვილად ვიცი, რომ "ქართული ოცნების" მთავარ პერსონებთან წინასაარჩევნო პერიოდში არანაირი პოლიტიკური კავშირები, თანამშრომლობა არ ჰქონია. ეს, თქვენი კითხვის პასუხად, ზოგადად კი ამ ვერსიაზე საერთოდ არც ვფიქრობ და არც მსურს საუბარი, უბრალოდ, ყველას ვთხოვდი ჩემს ძმას თავი დაანებონ და ნუ ეცდებიან მომავალში მისი სახელით სპეკულირებას. 

- თქვენმა ერთმა მეზობელმა განმიცხადა, რომ ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა წარსულში მომხდარ დიდ დანაშაულს უკავშირდება, ეს დანაშაულის ერთი ჯაჭვია და მკვლელობები, შესაძლოა, კიდევ გაგრძელდესო. ეს, ვერსიის სახით, "ალიაშიც" დაიბეჭდა. ამაზე რას იტყვით, რამდენად რეალურია ეს ვერსია და ხომ არაფერი გსმენიათ იმის შესახებ, რომ ეროსის წარსულში რაღაც სერიოზულ კრიმინალთან ჰქონდა კავშირი? 
- ვიცი ეს წერილი და მინდა გითხრათ, რომ ეს ვერსია სრულიად უფორმოა, რომელსაც არც თავი აქვს და არც ბოლო და სიურრეალიზმთან უფრო ახლოსაა, ვიდრე რეალობასთან. გამოვრიცხავ, რომ ჩემს ძმას წარსულში რაიმე სერიოზულ და დიდ დანაშაულთან ჰქონოდა შეხება. ხალხს ლაპარაკს ვერ დავუშლი. მას (ხალხს) ეს ძალიან ხიბლავს და ვერც ფანტაზიის ნაკლებობას დააბრალებ...