ავღანეთში ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული ქართული ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანებს წარმატებით ახორციელებენ.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები ყანდაღარის პროვინციაში აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორების უსაფრთხოებას უკვე თვეზე მეტია იცავენ. ისინი კონტრაქტორების გადაადგილებასა და ავღანურ ბაზაზე მათი საქმიანობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ქართველ სამხედროებს სამოქალაქო კონტრაქტორები ყანდაღარის საავიაციო ბაზიდან ბაზა "HERO"-ზე ამერიკული ჯავშანტრანსპორტიორებით გადაჰყავთ. კონტრაქტორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ადგილზე, ბაზა "HERO"-ზეც გრძელდება. აშშ-ის სამოქალაქო კონტრაქტორები ავღანელებს სამხედრო ბაზა "HERO"-ზე სამხედრო ტექნიკის ექსპლუატაციას და რემონტს ასწავლიან.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვევრო ბატალიონის სამხედროებს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის სერთიფიკატებიც გადაეცათ.
ყანდაღარის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სამთო-სადაზვერვო ბატალიონი ISAF-ის მისიას რამდენიმე თვეში დაასრულებს და სამშობლოში დაბრუნდება.