“ვარდოსნების” ჰეგემონიის დროს მომხდარი ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის გამოძიება დასასრულს უახლოვდება - პროკურატურამ ე.წ. გირგვლიანის საქმეში ახალი გარემოებები გამოკვეთა. ასევე, ისეთი პიროვნებებიც გამოჩნდნენ, რომლებსაც ვანო მერაბიშვილის მინისტრობისას შსს საგულდაგულოდ მალავდა...
გურამ გირგვლიანი, სანდრო გირგვლიანის მამა: - დარწმუნებული ვიყავი, რომ სანდროს მკვლელების დასჯის დრო, ადრე თუ გვიან, აუცილებლად დადგებოდა. ეს პროცესი ახალმა ხელისუფლებამ დააჩქარა, თორემ წინა საქმის გაყალბებით იყო დაკავებული. ჩემი შვილის მკვლელობის ძირითადი მოწმე მელნიკოვია, რომელიც ე.წ. შარდენის სუფრის წევრი იყო. ამიტომ, მის აღიარებით ჩვენებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 8 წლის განმავლობაში ვერ მივაღწიეთ, რომ ამ სუფრის წევრებისგან გარკვეული ინფორმაცია მიგვეღო. ბოლოს, მელნიკოვმა, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და ალაპარაკდა.
- ბატონო გურამ, როგორ ფიქრობთ, მელნიკოვი ნამუსმა შეაწუხა და სიმართლე ამიტომ თქვა?
- არა, ასე არ ვფიქრობ... მელნიკოვს რა ნამუსი უნდა მოვკითხო? - შეხედავ თუ არა, სახეზე აწერია, რომ მკვლელია, დაქირავებული ქილერი. მისი აღიარებითი ჩვენება სხვა მიზანს ემსახურება - იფიქრა, სადაც მე, იქაც სხვებიო, ესაა და ეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ სანდროს მკვლელობა ზემოხსენებული სუფრიდან დაუკვეთეს, მაგრამ წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ გამოძიების მასალებში სუფრა ნახსენები არ ყოფილიყო. ამიტომ, ამ საქმეს ისე ჭრიდნენ და კერავდნენ, როგორც სურდათ. ვასილ სანოძისა და დათა ახალაიას კაბინეტებში იწერებოდა სცენარი, თუ რა უნდა ელაპარაკათ სანდროს მკვლელებს, დაზეპირებულ სისულელეს ბოდავდნენ და ბევრ შეცდომასაც უშვებდნენ. კიდევ კარგი, მელნიკოვმა აღიარა, რომ შეკვეთა მოდიოდა თაკო სალაყაიასგან, რომელმაც დაურეკა დათა ახალაიას. ამ უკანასკნელმა კი, პირადად დაავალა მელნიკოვს, რომ გირგვლიანისა და ბუხაიძესთვის მიეხედა. შემდეგ რაც მოხდა, ყველასათვის ცნობილია... ისე, გამომძიებლებიც კითხულობენ, გირგვლიანის საქმის მოწმეები აქამდე ხმას არ იღებდნენ და ახლა საქმე რაშიაო, მაგრამ მოწმეებს ეს ფაქტები აქამდე რომ გაესაჯაროებინათ, შესაძლოა, სანდროზე უარეს მდგომარეობაში ჩავარდნილიყვნენ. “ნაციონალები” ამბობენ, მელნიკოვზე ზეწოლა ხდებაო, მაგრამ ეს მტკნარი სიცრუეა. მელნიკოვი დაქირავებული მკვლელია, რომელიც ბინძურ დავალებებს ასრულებდა, ასეთ კაცს ვისი უნდა ეშინოდეს? ე.წ. შარდენის სუფრის წევრები - სანოძე და ახალაია მაშინ 24-25 წლის ბიჭები იყვნენ, მელნიკოვი კი, 40-ის იქნებოდა და გამოცდილებაც მათზე მეტი ჰქონდა.
- აღიარებით ჩვენებაში მელნიკოვი ამბობს, რომ სუფრაზე კონფლიქტი სანდროსა და თათია მაისურაძეს მოუვიდათ. მაისურაძეს ამ თემაზე ესაუბრეთ?
- მათ შორის ჩხუბი არ მომხდარა. სანდრომ არ იცოდა, რომ თათია “შარდენ ბარში” დახვდებოდა, ანუ თათიამ არ გაუმხილა, რომ ბარში მიდიოდა და როცა ამ ხალხთან ერთად დაინახა, სანდროს ეწყინა და უსაყვედურა, რატომ დამიმალე, აქ რომ იყავი, რა გინდა ამ ხალხთანო. ამის შემდეგ, თათია თავის სუფრაზე გადაიპატიჟა. თათია და სანდრო, ხელებით, თურმე, ემოციურად ლაპარაკობდნენ, მაგრამ საქმე ჩხუბამდე არ მისულა. თათია ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა, კარგი ოჯახის შვილია და ცუდს არაფერს ჩაიდენდა, უბრალოდ, შესაძლოა, ისეთი დეტალი იცოდა, რაზეც ვერ ლაპარაკობდა.
- რას გულისხმობთ?
- გამორიცხული არაა, რომ თათიას გაეგო, თუ როგორ ავალებდა თაკო სალაყაია დათა ახალაიას სანდროს მოკვლას, თუმცა ამას, ცხადია, ვერ იტყოდა, რადგან მასაც ცუდი დღე დაადგებოდა. ამ საზარელი მკვლელობის შემდეგ, თათია ჩვენთან ამოვიდა და ყველაფერი გვიამბო, მაგრამ მგონია, რომ კიდევ რაღაც იცის. თუ გამბედაობა ეყოფა, ყველაფერს ნათელი უნდა მოჰფინოს. მასთან სხვა პრეტენზია არ მაქვს.
- თათიას ვერსიით, ჩხუბი რის ნიადაგზე დაიწყო?
- მას შემდეგ, რაც სანდროს სუფრასთან გადაჯდა, თათიასთან თაკო სალაყაია ორჯერ მისულა და უკითხავს, თუ რამე გიჭირს, დაგეხმარებიო. ყველაფერი წესრიგშია, სანდრო ჩემი მეგობარიაო, - უპასუხა თათიას. მიუხედავად ამისა, სალაყაიამ მაინც არ მოისვენა. მას მაისურაძის დაცვა კი არ ადარდებდა, უბრალოდ, ის იუკადრისა, ვიღაც სანდრო გირგვლიანმა მათი სუფრის წევრი რომ წაიყვანა.
- სანდრო სუფრის წევრებიდან ვინმეს იცნობდა?
- გურამ დონაძის გარდა, - არავის, უფრო სწორად, ტელევიზორში ჰყავდა ნანახი.
- ადასტურებთ მოარულ ინფორმაციას, რომ მკვლელები სანდროს ხმას თაკო სალაყაიას ტელეფონით ასმენინებდნენ...
- ამის დადასტურება გამიჭირდება. ისე კი, სატელეფონო ჩანაწერების მიხედვით, იმ ავბედით ღამეს, სალაყაია და სანდროს მკვლელები ხშირად საუბრობდნენ. სანდროს საქმე პირდაპირ პროკურატურაში გააყალბეს - სააკაშვილმა ერთხელ ჩხატარაშვილი ახსენა, რომელიც ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელი იყო და რომელსაც ამ საქმის გაყალბება ჰქონდა დავალებული.
- მელნიკოვის აღიარებიდან ისეთი რა გაიგეთ, რაც აქამდე არ იცოდით?
- წინ პროცესები კიდევ გველოდება და ამიტომ არაფერს ვიტყვი. აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ ბევრი რამ ვიცოდი და ვერ ვამბობდი. ჩემთვის ახალი მხოლოდ ის იყო, რომ მელნიკოვმა ხელი პირდაპირ თაკო სალაყაიას დაადო. აქამდე სალაყაიას ყველა ხელს აფარებდა - “ნაციონალების” მიზანი იყო, რომ სანდროს მკვლელობის მთავარი დამკვეთი არ გამოჩენილიყო. მელნიკოვის აღარების შემდეგ კი, სალაყაიას ბრალი უნდა წაუყენონ, რადგან დამკვეთს უფრო მეტი ცოდვა აწევს, ვიდრე - შემსრულებელს. სალაყაიამ განაცხადა, თუ შეკითხვები აქვს, გამოძიებასთან ვითანამშრომლებო. როცა გირგვლიანის საქმე ძალიან გახმაურდა, იძულებული გახდნენ, ოთხი მკვლელი სიმბოლურად დაეპატიმრებინათ. “ნაციონალებს” ეგონათ, რომ ამით ხალხის უკმაყოფილებას ჩააცხრობდნენ. მართალია, მკვლელებს 7-8 წელი მიუსაჯეს, მაგრამ დაპირდნენ, რომ წელიწადნახევარში გამოუშვებდნენ. ისინი ციხეშიც პრივილეგიებით სარგებლობდნენ და ყოველ თვე ბარათებზე სოლიდურ თანხას ურიცხავდნენ. ასევე, საუბარი იყო მათთვის ბინებისა და მანქანების ჩუქებაზე, ყველაფერი ეს ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა აღიარეს.
- გამოჩნდა მძღოლი, რომელიც მეხუთე მკვლელად იკვეთება. მისგან რა შეიტყვეთ?
- აქამდეც ვიცოდით, რომ “შარდენ ბარში”, როგორც “ნაციონალებისგან” მოსყიდული პროკურორი ამტკიცებდა, ოთხი კი არა, შვიდი თუ რვა ადამიანი იმყოფებოდა. წარმოუდგენელია, ლევან ბუხაიძე, მართლაც, სამს ეცემა, სანდროსთვის კი, ყელში 14 ჭრილობა მხოლოდ ერთს მიეყენებინა. თავის დროზე ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, სანდრო, მინიმუმ, ორი ადამიანისგანაა ნაცემიო. სანდრო ვარჯიშობდა, ძალა ერჩოდა და ერთი ვერ მოერეოდა...
რაც შეეხება მძღოლს ქოქიაშვილს, თავის დროზე ამ საქმიდან იმიტომ “მოხსნეს”, რომ მისი იმედი არ ჰქონდათ - ახალი თანამშრომელი იყო და არ ენდნენ. მასთან ერთად გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, იოსებ ხასაია, ვალერიან მეტრეველი იმყოფებოდნენ. მალე სხვა გვარებსაც გავიგებთ.
- ბატონო გურამ, მელნიკოვის აღიარებითი ჩვენების შემდეგ რას ითხოვთ?
- რას და, - პასუხისგებაში, თაკო სალაყაიასთან ერთად, სააკაშვილიც მიეცეს! პასუხი, ასევე, უნდა აგოს ე.წ. შარდენ-სუფრის ყველა წევრმა...
ყველას დაავიწყდა სტარასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გირგვლიანის საქმეზე ხელახალი ძიება უნდა დაწყებულიყო. ამ გადაწყვეტილებაში გარკვევით წერია, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს სააკაშვილმა და უბრალო ჩინოვნიკებმა. ევროსაბჭომ სახელმწიფო დაავალდებულა, წარედგინა, თუ რა ხდებოდა ამ ამბის გარშემო, თუმცა “ნაციონალებმა” ეს მოთხოვნა ყურადაც არ იღეს და სისულელე თქვეს, სანდრო გირგვლიანი შემთხვევით მოკვდაო. ადამიანს ბასრი საგნით 14 ჭრილობას რომ მიაყენებ, ესაა შემთხვევითობა? სანდრო სასიკვდილოდ გამიზნულად გაიმეტეს! ეს საქმე ევროსაბჭოს მინისტერიალის მონიტორინგზეა აყვანილი და თუ ევროსასამართლოს მოთხოვნას არც დღევანდელი ხელისუფლება დააკმაყოფილებს, ეს დიდ დანაშაულად ჩაეთვლება!
P.S. არსებული ინფორმაციით, სანდრო გირგვლიანის საქმიდან ოლეგ მელნიკოვის ბრალდების საქმე ცალკე ეპიზოდად გამოიყო, რისი საფუძველიც ბრალდების მხარესა და მელნიკოვს შორის საპროცესო გარიგებაზე მიღწეული შეთანხმება გახდა. აქვე, შეგახსენებთ: ოლეგ მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში აღიარებითი ჩვენება ორი კვირის წინ მისცა და როგორც აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, დათა ახალაია ჯერ გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი, მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა და ამ დროს მელნიკოვი ავტომობილში ელოდებოდა. მელნიკოვის თქმითვე, მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი შსს-ს ოთხი თანამშრომლის დაკავებით ჩაეხშოთ. მელნიკოვის თქმითვე, ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისგან, ასევე, მიხეილ სააკაშვილისგან. მაღალჩინოსნების შეთანხმების მიხედვით, შსს-ს ოთხ თანამშრომელს დააკავებდნენ და შემდეგ კი, გაათავისუფლებდნენ. მელნიკოვის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, ყოველთვიურად პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ერიცხებოდა.