თბილისში 1 500 ბავშვი ქუჩაში ცხოვრობს
მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრთან” ხშირად ვხედავ ორ ბავშვს, ერთი თხუთმეტ წლამდე იქნება, მეორე - უფრო პატარაა, რომელიც გამვლელებს დასდევს, მოწყალებას ითხოვს, დიდი კი, შორიდან აკვირდება და თუ დაინახა, რომ ვინმემ უხეშად მიმართა, ხელად “შემთხვევის ადგილას” ჩნდება და გავროშს ეხმარება. ჩემი დაკვირვებით, ბიჭები ძმები არიან - ერთმანეთსაც ძალიან ჰგვანან... ძმები ქუჩაში ცხოვრობენ.
ამას წინათ, ბიჭებს თვალთვალი დავუწყე: დაახლოებით, ნახევარი საათი არ იქნებოდა გასული, პატარამ ცოტა ფული მოაგროვა, მერე, ძმასთან მივიდა და უთხრა, ახლა გვეყოფა, თორემ მეტი აღარ შემიძლია, ძალიან დაცხაო და იქვე, საცხობისკენ გაიქცა, ორი ხაჭაპური, წვენი იყიდეს და... ძმები პოლიციის აკადემიისკენ მიმავალ გზას მხიარულად გაუდგნენ.
გავყევი... შესაფერის მომენტს ვეძებ, რომ გამოველაპარაკო.
- ბავშვებო, პოლიციის აკადემია აქეთაა? - როგორც იქნა, საუბრის დაწყება მოვახერხე.
- ხო, - დამიბღვირა პატარამ.
- ამ გზას გაუყვებით და ქუჩის ბოლოს, ზემოთ აუხვევთ, - უფროსი უფრო კონტაქტური აღმოჩნდა, - ჩვენც იქით მივდივართ, წამოდი, დეიდა, გზას გაჩვენებთ...
გავყევი...
- აქეთ ცხოვრობთ? - ვეკითხები.
- ჩვენ ცოტა ქვევით, ვაგონში, მაგრამ გზას დაგანახებთ...
საუბარი ნელ-ნელა აეწყო, ჯერ ვკითხე, ვაგონში ვისთან ერთად ცხოვრობთ-მეთქი.
- გლდანში რაც ქუჩის ბავშვია, ყველა აქ ვიკრიბებით.
ძმებმა თავიანთი ამბავიც მიამბეს:
უფროსი გიორგი გორიდან 6 წლის ჩამოსულა, შინიდან გამოქცეულა.
- დედა მომიკვდა, ჩემს ძმაზე მშობიარობას გადაყვა... მამა ჯერ დაიჭირეს, მერე, ლოთობისგან მოკვდა და ბებიასთან დავრჩით მე და ჩემი ძმა... ბებიაც ავადმყოფი იყო, მაგრამ კარგად გვივლიდა, მე არ ვუჯერებდი... ერთხელ, გორში, ერთ ბიჭს შევხვდი, ისიც ქუჩაში ცხოვრობდა. მითხრა, თბილისში უფრო კარგია და იქ წავიდეთო. ერთ ღამეს ტრაილერის “კუზაოში” შევიპარეთ, სულ დატვირთული იყო, სული ძლივს ჩამოვიტანეთ თბილისამდე.
- რატომ გამოიქეცი?
- ვატყობდი, რომ ბებიას ჩვენი გამოკვება უჭირდა. ვიფიქრე, წავალ, უკვე დიდი ვარ და ჩემს თავს მივხედავ, ბებიას კი რაც აქვს, ჩემს პატარა ძმას აჭმევს და აღარ გაუჭირდებათ-მეთქი.
- ბებიამ ძებნა არ დაგიწყო?
- ვისთან ერთადაც ჩამოვედი, ის ბიჭი მეორე დღესვე დავკარგე, ვეღარ ვიპოვე... პოლიციამ დამიჭირა და, გლდანში რომ თავშესაფარი იყო, იქ წამიყვანა... რამდენიმე დღე იქ ვიყავი, მერე დამსვეს ავტობუსზე და ისევ გორში გამიშვეს, ბებია გეძებსო.
- მარტო გაგიშვეს?
- აბა, ჩემთვის ვის ეცალა?.. თავშესაფარში რაღაც ჩხუბები ხდებოდა, თან არაფერს გვაჭმევდნენ... ყველა ისევ ქუჩაში გარბოდა
- ვინ ჩხუბობდნენ, ბავშვები?
- არა, იქ რომ მუშაობდა, ის ხალხი...
- ბებია როგორ შეგხვდა?
- ჩავედი, ვნახე და ორ დღეში ისევ უკან წამოვედი
- შენი ძმა თბილისში შენ ჩამოიყვანე?
- როცა ფულს ვშოულობდი, ჩავაკითხავდი ხოლმე, ბებიასა და ძმასთან საჩუქრები ჩამქონდა.
- ფულს როგორ შოულობდი?
- ზოგს ვმათხოვრობდი, ზოგსაც ვიპარავდი. ბიჭები რასაც იღებდნენ, სულ წებოში ხარჯავდნენ. მე კი, წებო არ მიყვარს და ფულს ვინახავდი.
- მერე?
- ერთხელაც, ჩავედი და ბებია საავადმყოფოში დამხვდა, ჩემი ძმა კი, მეზობლებთან იყო... ბებია მოკვდა, მისი სახლი მამაჩემის ბიძამ წაგვართვა... რა უნდა მექნა? - მოვიპარე ღამით ჩემი ძმა და წამოვედი ისევ თბილისში. იმის მერე აქ ვართ..
გიორგის და მისი ძმის ცხოვრებით თბილისში 1 500 ბავშვი ცხოვრობს. ყოველ შემთხვევაში, ასეთია 2013 წლის სტატისტიკა. ბავშვებზე თითქმის არავინ ზრუნავს, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე ორგანიზაციას, რომელიც მიუსაფარი ბავშვების პრობლემებითაა დაკავებული.
ერთადერთი ადგილი, სადაც მიუსაფარ ბავშვებს ჭერი მაინც ჰქონდათ, სწორედ გლდანის ე.წ. მიმღებ-გამანაწილებელი, ანუ ადაპტაციის ცენტრი იყო, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიხურა და ალტერნატიული თავშესაფრის მოწყობაზე სახელმწიფოს აღარც უფიქრია.
დღეს შენობა, რომელიც ერთ დროს მიუსაფარი ბავშვების თავშესაფარს წარმოადგენდა, დაკეტილია. მიუხედავად ამისა, როგორც ადაპტაციის ყოფილი ცენტრის მეზობლად მცხოვრებნი აცხადებენ, ეს მედლის მხოლოდ ერთი მხარეა. უსახლკარო ბავშვებიც ეჭვობენ, რომ ყოფილ თავშესაფარში ყოფილი ბენეფიციარები ღამეს მაინც ათევენ. ისე, ცენტრში შესასვლელი ჭიშკარი დაკეტილია, მაგრამ გარედან კარგად ჩანს ღია ფანჯრები და თოკზე გასაშრობად გაკიდული მოზარდის ტანსაცმელი.
გლდანელებთან გასაუბრებისას მივხვდი, რომ გიორგიმ მომატყუა - ამ ტერიტორიაზე ვაგონი არ დგას. უბრალოდ, ბავშვები “კონსპირაციას” იცავენ და ასე ამბობენ, რათა არავინ გაიგოს, რომ ისევ ადაპტაციის ცენტრში ცხოვრობენ.
რა გამოვიდა? - სახელმწიფომ თავიდან ზედმეტი თავის ტკივილი აიცილა და ბავშვებს დაფინანსება შეუწყვიტა, თუმცა ისინი ღამეს ისევ იქ ათევენ...
2005 წლამდე, ზემოხსენებული ორგანიზაცია შსს-ს ბალანსზე იყო და შესაბამისად, ე.წ. ქუჩის ბავშვებზეც ეს უწყება ზრუნავდა, თუმცა მათ დაფინანსებაზე სამინისტრომ რატომღაც უარი თქვა და საქმე თბილისის მერიამ გადაიბარა. როგორც “ქართულმა სიტყვამ” გაარკვია, ეს იყო “ფულის საჭრელი მანქანის” ნებაყოფლობითი გადაბარება - უკვე ყველამ იცის, რომ ყველა “თავისუფალი” ლარი მერიაში აკუმულირდებოდა და ეს ფული “ნაცმოძრაობას” ხმარდებოდა. შსს-მაც ბავშვთა თავშესაფარი, როგორც ჩანს, ამიტომ დათმო.
ცენტრი წელიწადში 300 000 ლარით ფინანსდებოდა, თუმცა ბავშვებს, როგორც ამბობენ, ამ თანხის მეოთხედიც არ ხმარდებოდა. ცენტრის ხელმძღვანელობა მხოლოდ პერსონალის ხელფასსა და ბავშვების ერთჯერად კვებას უზრუნველყოფდა. ვინაიდან ადაპტაციის ცენტრი თავისუფალი ტიპის დაწესებულება იყო, დღის განმავლობაში ბენეფიციარებს უფლება ჰქონდათ, სადაც უნდა წასულიყვნენ. ამიტომ ცენტრის ხელმძღვანელობას სულ არ აინტერესებდა, დღის განმავლობაში ბავშვები რას ჭამდნენ.
სხვათა შორის, ეს ცენტრი არაერთხელ გამხდარა სერიოზული დაპირისპირების მიზეზი. მერიიის დაქვემდებარებაში გადასვლიდან მესამე თვეს, ორგანიზაციაში ფინანსური მონიტორინგი შევიდა და გაათავისუფლა დირექტორი. სამი თვის შემდეგ, ახალი დირექტორიც მოხსნეს... მაშინ ყველა ამბობდა, რომ ყველაფერი ეს წილების გადანაწილების გამო ხდებოდა.
ისე, ურიგო არ იქნება, თუკი “ოცნების” ხელისუფლება იმის გარკვევასაც შეეცდება, თუ რა ხდებოდა გლდანის ადაპტაციის ცენტრში და სად, ვისთან მიდიოდა სახელმწიფოს მიერ მიუსაფარი ბავშვებისთვის გამოყოფილი არცთუ პატარა თანხა...