“ევროპული ორიენტაცია ქართველობის დაბრუნებაა!”

“ევროპული ორიენტაცია ქართველობის დაბრუნებაა!”

გეორაფიულად ევროპასა და აზიას შორის გაჩხერილი ქვეყანა ვართ, მენტალიტეტით კი, საით ვიხრებით, დღემდე ვერ გადაგვიწყვეტია. მსოფლიო ბრენდებით ვიმოსებით და პრეტენზია გვაქვს, რომ განვითარებული სამყაროს ნაწილი გავხდეთ, მაგრამ ნოვაციებს ძნელად ვეგუებით... რა პრობლემებს ქმნის არაინფორმირებული საზოგადოება და რატომ არ მიეწოდება ხალხს სრულყოფილი ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებებზე? - ,,ქართულ სიტყვასსაზოგადოებრივი მართვის კომუნიკაციების სპეციალისტი არჩილ გამზარდია ესაუბრა.

 

- მავანნი გვიმტკიცებენ, რომ დემოკრატიისთვის ჯერ მზად არ ვართ. არჩილ, რა არის და როგორ მოვემზადოთ დემოკრატიასთან შესახვედრად? შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საზოგადოებრივი განვითარების ისტორიული ფორმაციაა?

- ეს რთული და სამეცნიერო შეკითხვაა, თუმცა ჩვენს კონტექსტში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ დემოკრატია საზოგადოების უფლება და პასუხისმგებლობაა, რათა საკუთარი თავი და მთლიანად სახელმწიფო მართოს. როცა ამბობენ, დემოკრატიისთვის მზად არ ვართო, უპირველეს ყოვლისა, ალბათ, იმას გულისხმობენ, რომ, ჩვენ, საქართველოს საზოგადოება, მართალია, უფლებების მოთხოვნაში ვართ, მაგრამ ამ უფლებების პასუხისმგებლობით რეალიზაციისთვის მზად არ ვართ. საქართველოს თანამედროვე საზოგადოებას საკმარისი ცნობიერება არ გაგვაჩნია, სახელმწიფოს ცნებასა და საზოგადოების დანარჩენ წევრებთან შინაგანი კავშირი დაკარგული გვაქვს, რის გამოც არაერთი მოვლენა დრამატული და ტრაგიკული ხდება. ჩვენ, საზოგადოება, მცირეწლოვანი ბავშვის განვითარების რეჟიმში ვართ, ანუ არსებობს „მინდა“ და არ არსებობს პასუხისმგებლობის საზომი „უნდა“. ამავე ლოგიკით, ჩვენ, როგორც ამომრჩეველი და ჩვენ, როგორც ლიდერები, ჯერ კიდევ ვერ გამოვედით პოსტსაბჭოური ცნობიერებიდან. საბჭოთა კავშირი, როგორც ფსევდოსახელმწიფოებრივი წარმონაქმნი, რა თქმა უნდა, დიდი ხანია, დაიშალა, მაგრამ ჩვენში საბჭოური იდეოლოგია ჯერ კიდევ ცოცხალია. ჩვენ ვირჩევთ ლიდერებს ბელადობისთვის და ისინიც, შესაბამისად, უფრო ბელადობენ, ვიდრე ლიდერობენ. ჩვენში ,,მოქალაქის” ცნება სახელმწიფოსთან ჯერ კიდევ ვერ გაიგივდა. ჩვენს ცნობიერებაში, სახელმწიფო რაღაც სხვა არის, რომელიც მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო საკუთარი, პირადი კმაყოფილებისთვის. პრაქტიკულად, არ არსებობს სახელმწიფოს მიმართ ვალდებულების ცნება. ესაა ქართული მენტალიტეტი. ისტორიული ქართველი საკუთარ თავს, როგორც წესი, სახელმწიფოს, ღმერთისა და ადამიანის მიმართ ავალდებულებდა. დღეს კი, ეს დამოკიდებულება მოშლილია. საბჭოური იდეოლოგია, რომელმაც ამ ცნებებთან შინაგანი კავშირი დაგვინგრია, ძალისმიერად შეგვძინეს და ამიტომ დღეს დემოკრატიისათვის, როგორც მმართველობის ხერხისათვის, მზად არ ვართ.

- მაინც, როგორ უნდა მოემზადოს საზოგადოება თავისუფლებისთვის?

- რთული შეკითხვაა, რომლის პასუხიც, ალბათ, იმ სისუსტეების გამოსწორებაშია, რომლებიც გვაქვს... ეს უფრო საკუთარ თავთან დაბრუნებას ჰგავს, რადგან ბუნებით, ისეთები სულაც არ ვართ, როგორც დღეს ვჩანვართ.

- ერების ისტორიაში დგება პერიოდი, როცა ერს თავისუფლების სურვილი არ აქვს, არჩილ, არ გეჩვენებათ, რომ დღევანდელ ქართულ საზოგადოებასაც სწორედ ეს პერიოდი უდგას?

- ამ რეჟიმში ცნობიერად კი არა, შეიძლება, ქვეცნობიერად ვართ. თავისუფლებას ვითხოვთ, მაგრამ საკუთარ თანამონაწილეობასა და თანავალდებულებას ვერც ვგრძნობთ და არც ვაღიარებთ, რაც თავისუფლების არასწორი გააზრებაა.

- საზოგადოების დიდი ნაწილი ევროპული ორიენტაციისაა, მაგრამ იცის კი, როცა ევროპული ოჯახის წევრი გახდება, შეგუება რასთან მოუწევს?

- საქართველო და საქართველოს საზოგადოება, წარსულის შინაარსით, ევროპული სახელმწიფო და საზოგადოებაა. გავიხსენოთ საზოგადოებრივი განვითარების მახასიათებლები - ქართულ-ევროპული რენესანსი, თამარის დროის მმართველობა, ილიას შეხედულებები სახელმწიფოსა და ადამიანზე; ბოლოს და ბოლოს, შიდა საზოგადოებრივი ურთიერთობები - ადამიანის დამოკიდებულება სახელმწიფოსთან და ა.შ. ჩვენი ტრადიციები თანამედროვე ევროპასთან მნიშვნელოვან კავშირშია, ამდენად, ეს უცხო სივრცე არაა, პირიქით, საბჭოეთისგან გადაგვარებულები, ევროპასთან დაახლოებით, საკუთარ თავსა და ფესვებს უფრო მეტად დავუახლოვდებით.

- იქნებ, საჭირო არცაა, რომ ერმა ზნე შეიცვალოს?

- არ ვფიქრობ, რომ ევროპული ორიენტაცია „ზნის შეცვლაა“, პირიქით, ეს გადავიწყებული ზნისა და, თავისებურად, ქართველობის დაბრუნებაცაა.

- არჩილ, ,,ძლიერნი ამა სოფლისანი”, მწვერვალზე ასვლის მერე, თავიანთ უფლება-მოვალეობებს ივიწყებენ, რეალობას წყდებიან და ,,სხვა სამყაროდან”, ანუ კაბინეტებიდან აღარც იხედებიან...

- ესეც საბჭოური მემკვიდრეობაა, ბოლომდე მენეჯერებად ვერ ვიქეცით და ისევ ჩინოვნიკური მიდგომები მოგვყვება. ამდენად, ჩვენი მართვის სტილს შეგვიძლია, ჯერ კიდევ პოსტაბჭოური ვუწოდოთ. როგორც კი ადამიანები სახელისუფლებო წარმომადგენლები ხდებიან, საოცრად იცვლებიან, საკუთარ თავში იკეტებიან და ცდილობენ, არ გაუშვან შესაძლებლობა, პირადი სარგებელი მიიღონ თანამდებობით, ან სტატუსით. ეს როგორც ინდივიდუალური, ასევე, კოლექტიური ვერშემდგარობის ბრალია.

- ,,გთხოვთ, გაითვალისწინოთ საზოგადოებრივი აზრი” - ინტერნეტსივრცე ამ მოწოდებითაასავსე”. შრომის, სოციალური დაცვისა და ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ შემოთავაზებულმა .. საყოველთაო რეცეპტებმა კი, საბოლოოდ დაგვარწმუნა, რომ უწყებებს რეფორმებზე საზოგადოებრივი აზრი მხოლოდ პოსტ-ფაქტუმ აინტერესებთ...

- რეცეპტების თემა, ვფიქრობ, უფრო სახელისუფლებო სივრცის გაიძვერობაა, ვიდრე - პროგრესისკენ სწრაფვა. გასაგებია, რომ პროცესი მართვადი და კონტროლირებადი უნდა იყოს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო სექტორი მოქალაქეების მდგომარეობას, პრაქტიკულად, სრულად ანადგურებს, მართვადი პროცესი თავისებური დიქტატის ფორმად უნდა განვიხილოთ. საერთოდ, საქართველოში ჯანდაცვასთან დაკავშირებული პროცესები თითქმის კატასტროფულია და ამ ფონზე ხელისუფლება მაინც ცდილობს, სხვებთან მოქალაქეების მძიმე ტვირთის ფასად იკეკლუცოს. ეს არაკეთილსინდისიერება, არაეთიკურობა და გაიძვერობაა. ასე რომ, ამ პროცესს ძალიან უარყოფითად ვაფასებ. სრულიად განუვითარებელი ფონია და ამ გადაწყვეტილების ნეგატიურ უკუკავშირსაც მალე მივიღებთ.

- რეცეპტის შემოღების მომხრეები ამბობენ, რომ ასე იქცევიან განვითარებულ ქვეყნებში...

- „ასე იქცევიან განვითარებულ ქვეყანაში“ პროპაგანდისტური ფრაზაა და მსგავს მიდგომას ადგილი „ნაცმოძრაობის“ მმართველობის დროს ჰქონდა. მათ, ვინც ამ ფრაზას ამბობს, ვთხოვ, შეადარონ, თუ რა მდგომარეობაში არიან მოქალაქეები განვითარებულ ქვეყნებში და ჩვენთან, სადაც ზოგს თერმომეტრიც არ აქვს და ამ დროს ხელისუფლებამ შეზღუდვები სასწრაფოს გამოძახებაზე დააწესა. არაკვალიფიციური ექიმების მომსახურებამ არაერთი მოქალაქე დაღუპა და, ექიმების კვალიფიკაციის მართვის ნაცვლად, მოქალაქეებს მათთან კავშირს ავალდებულებენ. ამასთან, რეგიონებში კომუნიკაცია მოუწესრიგებელია და იქ მცხოვრებ ადამიანებს, ან სტუმრებს მსგავს სიტუაციაში სრულიად პრობლემური სიტუაცია შეექმნებათ. არაერთი დაავადება არსებობს, რომელიც ელემენტარულ შეუძლოდ გახდომაზეც კი, მნიშვნელოვან საშიშროებებს ქმნის, მაგალითად, მე, როგორც ასთმიანს, უბრალო გაციებამ შეიძლება, ძალიან სერიოზული პრობლემები შემიქმნას. ამიტომ, შესაბამისი რეაგირება გაციების პირველივე ნიშნებზე მჭირდება. თავად განსაჯეთ, ჯანდაცვის მინისტრის წყალობით, შესაძლოა, უყურადღებოდ დამტოვოს სასწრაფომ, ვერ მოვახერხო ექიმთან მისვლა და ა.შ. და შესაბამისად, ჩემი ჯანმრთელობის გაუარესებაზე პასუხს არავინ აგებს. ჩვენი ქვეყანა ამ რეგულაციებისთვის ჯერჯერობით სრულიად მოუმზადებელია, თან ეს რეგულაციები ნელ-ნელა და ეტაპობრივად უნდა იქნეს მიღებული.

საერთოდ, სახელმწიფო საიდუმლოების გარდა, საზოგადოებასთან ურთიერთობის გარეშე ერთი საკითხიც არ უნდა წყდებოდეს.

- სახელმწიფო საიდუმლოებაზე პრეზიდენტისა და პრემიერის ბოლოდროინდელი კინკლაობა გამახსენდა...

- საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ როგორი კომუნიკაციაა მის მიერ არჩეულ ხელისუფლების შტოებს შორის. ასევე, ხელისუფლების წევრებმა უნდა იცოდნენ, რომ საზოგადოება მათ აკვირდება.

- ინტერნეტში წერენ, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილის სიძე, ნარკოტიკების გამო, საავადმყოფოში მოხვდა. ასევე, არსებობს მოსაზრება, რომ მარგველაშვილი ოჯახის წევრების ცხოვრების სტილის გამო, უხერხულობას არ განიცდის და მიაჩნია, სწორედ ისაა დემოკრატია და თავისუფლება, რომ ვისაც როგორ უნდა, ისე იცხოვროს. მარგველაშვილმა კიდევ ერთი სტერეოტიპი დაარღვია - ქვეყნის მმართველს მეუღლე კი არა, მეგობარი ქალი ჰყავს...

- პრეზიდენტი, არასრუწლოვანი შვილის გარდა, ოჯახის წევრებისა თუ ნათესავების საქციელზე პასუხისმგებელი არაა. მივესალმები, რომ პრეზიდენტი ძლიერი ადამიანია და მეგობარი ქალი თუ სხვა დანარჩენი მის წესიერებას, არ ლახავს. ამასთან, ტრადიციული ოჯახი ამა თუ იმ პირის წესიერების მაგალითად არ გამოდგება. ოჯახი ურთიერთობის გვირგვინია და არა - იძულება, ან ვალდებულება, როგორც შუასაუკუნეებში იყო. ამ მხრივ სრულიად სოლიდარული ვარ მარგველაშვილის მიმართ და, როგორც ადამიანს, მხარსაც ვუჭერ.

- რა უშლის ხელს, ამა თუ იმ მოვლენის, კანონპროექტის შესახებ საზოგადოების ყურამდე სწორი ინფორმაცია მივიდეს? არჩილ, როგორ ფიქრობთ, ხალხიკაზანტიპზე”, როგორც მოვლენაზე, სრულადაა ინფორმირებული?

- სათანადოდ ინფორმირებული, მგონი, არავინაა. ზოგჯერ საკითხზე ზედაპირული წარმოდგენა უხეში და აგრესიული უკუკავშირის მიზეზი ხდება, მით უმეტეს, თუკი ამ პროცესში უვიცი, ან ამა თუ იმ ჯგუფისთვის ავტორიტეტული პირები ერთვებიან.

- გლობალიზაცია ის მეტეორი ხომ არაა, ზეციდან ვიღაცამ რომ უნდა გვესროლოს?

- გლობალიზაცია რთული თემაა, თუმცა მეტეორისგან განსხვავებით, არცთუ საშიშია.