მარგველაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგება?
როგორ გახდა “ვალუტჩიკი” შს მინისტრის მოადგილე, რა უთანხმოება მოუვიდა მერაბიშვილთან და რა კავშირი ჰქონდა ლუშკოვთან, “ჯავახკის” ლიდერ ნორიკ ტევონიანთან და სომეხ კრიმინალურ ავტორიტეტ კალუგელ სამოსთან ამირან მესხელს
ციტატა: “მესხელი წყაროა და ოპერატიულ მუშაკად ვერასოდეს გარდაიქმნება. წყაროსთვის, ანუ აგენტისთვის სახელმწიფოებრივი ხედვა უცხოა, ის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობს და შეიძლება, ნებისმიერი ჩაუშვას. აგენტების უმეტესობა პირადი მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და სწორედ ამით განსხვავდება აგენტის ფსიქოლოგია ოპერატიული მუშაკის ფსიქოლოგიისგან. ისიც სულელური და გაუთვითცნობიერებელი წარმოდგენაა, როცა ოპერატიულ მუშაკზე ამბობენ, სპეცსამსახურის აგენტიაო”.
ციტატა: “მარგველაშვილი ის ფიგურა არაა, რომ ძლიერი ოპოზიციური ფრთა შექმნას. მართალია, პრეზიდენტია, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა არ გახლავთ და პოლიტიკურ ფიგურად რომ ჩამოყალიბდეს, წლები დასჭირდება. დღეს მარგველაშვილის ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხზე კი საუბრობენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო და მარგველაშვილს კენჭი სხვა პოლიტიკური ძალიდან ეყარა, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ვერ გახდებოდა. ჯობია, ყველაფერს თვითონაც ამ კუთხიდან შეხედოს. ისე, მარგველაშვილის ადგილას რომ ვიყო, აუცილებლად გადავდგებოდი და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ან ახალ პოლიტიკურ პარტიას შევქმნიდი, ან ისეთ პოლიტიკურ ძალას შევარჩევდი, რომელიც იდეოლოგიურად ჩემთან ახლოს იქნებოდა”.
ერის რისხვა მიხეილ სააკაშვილის, ვანო მერაბიშვილის, ძმებ ახალაიებისა და ზურაბ ადეიშვილისკენაა მიმართული, თუმცა “ნაცმოძრაობის” მმართველობის დროს ისეთი ფიგურებიც იყვნენ, რომლებიც ავანსცენაზე არ ჩანდნენ, მაგრამ ბევრ რამეს წყვეტდნენ. ერთ-ერთი ასეთი “მგელი”, როგორც ირკვევა, შს მაშინდელი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და მარჯვენა ხელი ამირან მესხელი იყო, რომელიც შსს-ში ე.წ. უშიშროების ხაზს კურირებდა. მესხელმა საქართველო, არსებული ინფორმაციით, 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნებისთანავე დატოვა. უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე “ქართულ სიტყვასთან” ექსკლუზიური ინტერვიუების ციკლში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა ოპერაცია, რაც “ვარდოსნების” ბატონობისას უშიშროების კუთხით ჩატარებულა, სწორედ მესხელისგან იყო ვიზირებული. მიუხედავად ამისა, შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს არც საგამოძიებო უწყებები ახსენებენ და არც - დაზარალებულები. მაშ ასე, ვინ არის ამირან მესხელი, როგორ მოხვდა მერაბიშვილის მოადგილის სავარძელში და რა კავშირი ჰქონდა “ჯავახკსა” და მოსკოვის ყოფილ მერ იური ლუშკოვთან?
კონსტანტინე ფორჩხიძე: - ამირან მესხელი შსს-ს რუხი კარდინალი გახლდათ, რომელიც უშიშროების ორგანოებს კურირებდა, ანუ მათ საქმიანობას წარმართავდა.
- გავრცელებული ინფორმაციით, მესხელი ვანო მერაბიშვილის კადრი იყო...
- მხოლოდ კადრი კი არა, ზოგი იმასაც ამბობს, ნათესავები არიანო, თუმცა არ მჯერა... მოკლედ, ბოლო 9 წლის განმავლობაში, უშიშროების ორგანოებს სწორედ ეს ადამიანი მართავდა.
- უშიშროების ორგანოებში რას გულისხმობთ?
- კონტრდაზვერვას, კონსტიტუციური უსაფრთხოებისა და სპეციალურ ოპერატიულ დეპარტამენტებს და, ასევე, იმ სპეციალურ ოპერატიულ სამსახურებს, რომლებიც უცხოელი სპეცსამსახურების მიერ ჩვენი ქვეყნის ძირგამომთხრელი საქმიანობის გამოვლენაზე მუშაობენ, თუმცა ძალიან კარგად ვიცით, თუნდაც “ენვერის” მაგალითზე, “ნაციონალები” უცხო ქვეყნის აგენტებს როგორც ავლენდნენ.
- იმის თქმა გინდათ, რომ სპეცოპერაცია “ენვერი” ამირან მესხელმა დაგეგმა?
- ყოველ შემთხვევაში, ეს სპეცოპერაცია მისი კურატორობით ჩატარდა. როგორც გითხარით, მესხელი შსს-ში უშიშროების ორგანოებს კურირებდა, ე.წ. მოდულში იჯდა და მისი სანქციის გარეშე, ვერც ერთი ქვედანაყოფისა თუ დეპარტამენტის უფროსი ნაბიჯსაც ვერ გადადგამდა.
- ბატონო კოტე, თქვენი ინფორმაციით, მერაბიშვილი და, შესაბამისად, სააკაშვილი მესხელს რატომ ენდობოდა?
- მართალია, მერაბიშვილი ენდობოდა, მაგრამ 2011 წლის ბოლოს, როგორც ვიცი, მათ შორის შავმა კატამ გაირბინა.
- რა მიზეზით?
- ჩემი ინფორმაციით, მესხელს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდა, რომლის სააკაშვილისთვის გადაცემასაც მერაბიშვილის გვერდის ავლით ცდილობდა.
- ეს ინფორმაცია რას შეეხებოდა?
- სავარაუდოდ, მერაბიშვილის ფიგურას, მაგრამ მესხელი სააკაშვილს ვერ შეხვდა, რადგან ვანომ ყველაფერი გაიგო და მათ შორის დიდი უთანხმოება დაიწყო. მერაბიშვილისა და მესხელის დაპირისპირების შესახებ ინფორმაციას არ გამოუჟონავს, რადგან ეს შსს-ში და, საერთოდ, მთელ მმართველ გუნდში გარკვეულ ბზარს გააჩენდა.
- თუკი მესხელი “რუხი კარდინალი” და შავბნელი ფიგურა იყო, სისხლის სამართლის ერთ საქმეში მაინც რატომ არ ფიგურირებს? სხვათა შორის, მას ხელს არც დაზარალებულები ადებენ...
- საინტერესო შეკითხვაა... საერთოდ, ვანო, იცით, როგორ არის? - უნდა ვიცოდეთ, სისტემა რას წარმოადგენს. შსს და უშიშროების სამსახურიც იერარქიული სისტემაა, სადაც შესულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობისაა, მინისტრის იმ მოადგილის სანქციის გარეშე, რომელიც უშიშროების ხაზს კურირებს, ოპერატიული საქმიანობა არ დაიწყება. ეს ყველამ იცის, ვისაც ამ სისტემაში უმუშავია. მოკლედ, ნებისმიერი საქმის გამოძიება, რომელზეც დღეს პროკურატურა მუშაობს, მათ შორის, 7 ნოემბერი თუ “ენვერი”, სწორედ მესხელის პიროვნების შესწავლით უნდა დაიწყოს...
ისე, ვთვლი, რომ “ენვერის” დროს დაპატიმრებული ადამიანები საქართველოსთვის ძირგამომთხრელ საქმიანობას აწარმოებდნენ, მაგრამ ადრეც მითქვამს და ახლაც ვიმეორებ, რომ ჯაშუშების ასე გამოვლენა არ ხდება. მყარი მტკიცებულებები რომ გქონდეს, ადამიანი ძირგამომთხრელი საქმიანობის განხორციელების მომენტში უნდა გამოავლინო, მაგრამ მერაბიშვილის შსს-ს ერთი მყარი მტკიცებულებაც კი არ გააჩნდა.
- ყველაფერი ეს გასაგებია, მაგრამ მესხელმა კვალი არ დატოვა?
- ინფორმაცია რომ არ დაიკარგოს, მისი ქაღალდზე დატანა ხდება, ანუ დოკუმენტები იქმნება, რომელსაც ვიზას უმაღლესი თანამდებობის პირი და ის ადამიანი აძლევს, ვინც ამ სფეროს კურირებს. ასე რომ, მესხელს კვალი დატოვილი აქვს და გამოძიებამ ეს კვალი შსს-ში უნდა ეძებოს. თუკი გამოძიება მესხელით დაინტერესდება, ყველა ის დოკუმენტი უნდა შეისწავლოს, რომელზეც მისი ვიზირება არსებობს და ასე დაადგინოს, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებები კანონიერად წარმოებდა თუ არა.
- ბატონო კონსტანტინე, ოფიციალურად, არავინ არაფერს ერჩის, მაგრამ მესხელმა საქართველო მაინც დატოვა. ამას რითი ხსნით?
- როგორც ჩანს, საშიშროებას გრძნობდა. მესხელმა, ცხადია, იცოდა, რომ ის “ნაციონალები”, რომლებიც საქართველოში დარჩნენ, მის დაცვას არ დაიწყებდნენ.
- გამოდის, რომ ამირან მესხელი “ნაცმოძრაობის” “მარტოხელა მგელი” იყო?
- “მარტოხელა მგლად” იმ ინციდენტის შემდეგ იქცა, რომელზეც წეღან გითხარით...
- მესხელს პირადად იცნობთ?
- რა თქმა უნდა, ვიცნობ. უფრო სწორად, სულ ორჯერ მყავს ნანახი. პირველად მაშინ შევხვდი, როცა კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა, მეორედ კი, - როცა მათავისუფლებდნენ.
- ანუ, მესხელი უშიშროებაში მანამ გამოჩნდა, ვიდრე “ნაციონალები” კუდ-სა და სოდ-ს შექმნიდნენ?
- დიახ. კონსტიტუციური წყობილების დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგო ძაგნიძე გახლდათ. ამ უწყებაში ერთ-ერთ განყოფილებას ვხელმძღვანელობდი, თუმცა იმ დღეს, როცა ამირან მესხელი სამსახურში პირველად მოვიდა, ვერ შევხვდი, რადგან ავად ვიყავი. მოგვიანებით, ჩემი საქმიანობით დაინტერესდა, თავის კაბინეტში დამიძახა და ავუხსენი, რა მიმართულებითაც ვმუშაობდი.
- ახალ უფროსზე რა შთაბეჭდილება შეგექმნათ?
- მესხელი მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო და ერთმა რამემ გამაოცა.
- სახელდობრ, რამ?
- ვიცოდი, რომ უშიშროების ორგანოებში მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ უშიშროების თანამშრომლის ყველა თვისებას ფლობდა, ანუ კარგად იყო გათვითცნობიერებული, თუ საიდან იღებს და როგორ ამუშავებს სპეცსამსახური ინფორმაციას. ამის გამო გამიჩნდა შეკითხვა, რომ ადრე საქართველოს, ან რომელიმე უცხო სპეცსამსახურთან ხომ არ იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, მესხელს, როგორც ვიცი, სავალუტო ჯიხური ახალციხეში ჰქონდა და ეს ზონა რუსების ოპერატიული მომსახურების ქვეშ იმყოფებოდა, რადგან იქ რუსული არმია იდგა. საერთოდ, უცხო ადამიანს, რომელიც სისტემაში მოდის, ნიუანსებში გასარკვევად და ოპერატიულ თანამშრომლად ჩამოსაყალიბებლად წლები სჭირდება. ამ სავალუტო ჯიხურიდან მოსულმა მესხელმა კი, თითქმის ყველაფერი იცოდა...
როგორც გითხარით, მესხელს მეორედ მაშინ შევხვდი, როცა სამსახურიდან მიშვებდნენ. ამ საქმეში შს მინისტრის მაშინდელი მოადგილე, ლევან ნიკოლეიშვილი იყო ჩართული, ანუ ინიციატივა მისგან წამოვიდა, რომ სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დამეტოვებინა, თუმცა საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ განცხადების გარეშე გამომიშვეს და საბუთები გამიფუჭეს. მანამდე კი, ერთმა ნაცნობმა მაღალჩინოსანმა დამირეკა და მითხრა, მესხელს შენთან შეხვედრა უნდაო და ყველაფერი დარეგულირდებოდა. მაშინ მესხელი ჩიტაძის ქუჩაზე, უშიშროების სამინისტროს ყოფილი შენობის მეორე სართულზე იჯდა. მე მოსაცდელში დამტოვა, ნაცნობი მაღალჩინოსანი კი, მესხელთან შევიდა. უკან გამოსულმა მითხრა, პრობლემა არ იქნებაო და ამ მაღალჩინოსანს ვენდე, მაგრამ 2004 წლის 28 აგვისტოს, მარიამობას, გათავისუფლების ბრძანება ამაფარეს.
- მესხელს რომ შეხვედროდით, რას ეტყოდით?
- იმ დასკვნას, რომელსაც ხელს ვანო მერაბიშვილი აწერდა და რომლის საფუძველზეც გამათავისუფლეს, პრაქტიკულად, თავდაყირა დავაყენებდი.
- მაშასადამე, შსს-ა და, შესაბამისად, “ნაცმოძრაობის” რეალური “ხერხემალი” მერაბიშვილი კი არა, მესხელი იყო?
- დიახ, ასე გამოდის. ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას ოპერატიულ საქმიანობაშიც ღებულობდა, თუმცა მაინც პოლიტიკური ფიგურა იყო, სხვა გადაწყვეტილებებს მესხელი იღებდა... 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მესხელი უჩინმაჩინივით გაქრა...
- ზოგი მიიჩნევს, რომ ფარული ჩანაწერების ასლები ქვეყნიდან სწორედ მესხელმა გაიტანა...
- საერთოდ, მეგის ქარდავა და სხვები ჩვეულებრივი დაბალი რანგის მოხელეები, ანუ შემსრულებლები იყვნენ... იცით, მაშინდელ შსს-ში რა ხდებოდა? - ფარულ ჩანაწერებს უმეტესად პიროვნების დაკავების შემდეგ აკანონებდნენ და ამას ვიზირებას ამირან მესხელი აძლევდა.
- ბატონო კონსტანტინე, ფარული მიყურადება-გადაღების მეთოდს დასავლური სპეცსამსახურებიც იყენებენ?
- ამ მეთოდს ყველა იყენებს, მაგრამ საკითხავი ისაა, ყველაფერი ეს რამდენად კანონიერად ხდება. თუკი სახეზე სისხლის სამართლისა და, ვთქვათ, ქვეყნისთვის ძირგამომთხრელი საქმიანობის ნიშნებია, მაშინ ფარულ მოსმენა-გადაღებაში უკანონო არაფერია, მაგრამ კანონიერ ფარულ ჩანაწერს შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა ახლდეს. თუკი ასეთი დკუმენტაცია არსებობს, მაშინ გენერალურმა ინსპექციამ ის უნდა დაადგინოს, ფარულ მოსმენაზე ნებართვა კანონიერად გაიცა თუ არა.
- ერთი სიტყვით, კოტე ბატონო, საკმარისზე მეტი საფუძველი არსებობს, რომ ამირან მესხელის პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს?
- რა თქმა უნდა.
- და რაკი პასუხისმგებლობის საკითხი არ დგება, ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მესხელს მფარველები ახალ ხელისუფლებაშიც ჰყავს?
- გამორიცხული არაფერია...
ისე, მესხელთან დაკავშირებით ერთ ამბავს გავიხსენებ, რომელიც სამცხე-ჯავახეთთან მის მიჯაჭვულობას ადასტურებს:
2008 წლის სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ერთმანეთის ძირითადი კონკურენტები ლევონ ტერ-პეტროსიანი და სერჟ სარქისიანი იყვნენ, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ჯავახეთის სომხური მოსახლეობის მხარდაჭერა მოეპოვებინათ.
- ჯავახელი სომხები საქართველოს მოქალაქეები არიან და მათი მხარდაჭერა პრეზიდენტობის კანდიდატებს რისთვის სჭირდებოდათ?
- ალბათ, უბრალოდ, რეიტინგისთვის. მოკლედ, 2008 წლის 17 თებერვალს, სომხურ გაზეთ “ჩორრორდ იშხანუტიან”-ში, რომელიც მხარს ლევონ ტერ-პეტროსიანს უჭერდა, გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სომხეთის დღევანდელი პრეზიდენტის, სერჟ სარქისიანის მხარდამჭერ მიტინგზე ჯავახეთში მცხოვრები სომხები ჩაიყვანეს. ამავე გაზეთის მონაცემებით, ჯავახეთიდან ხალხის სომხეთში ჩაყვანის ოპერაციას ჩვენთვის კარგად ცნობილი, მიხეილ სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის მეგობარი ნორიკ ტევონიანი ხელმძღვანელობდა, რომელიც რუსეთში სომხური დიასპორისა და “ჯავახკის” ლიდერია.
ამასთან, ოპერაციას მეორე ხელმძღვანელიც ჰყავდა და ის საქართველოს შს მინისტრის მოადგილე, ამირან მესხელი იყო.
- ეს ამბავი მესხელის მამხილებელი მასალა რატომაა?
- სხვა თუ არაფერი, ჩნდება შეკითხვა, თუ რა კავშირი აქვს მესხელს ნორიკ ტევონიანსა და, საერთოდ, რუსეთთან.
სოხმური გაზეთის მონაცემებითვე, რუსეთში კიდევ ერთი უმდიდრესი სომეხი მოღვაწეობს, რომელიც კომპანია “ტაშირ გრუპში” 30-პროცენტიან წილს ფლობს. ამ კომპანიაში 30-30-პროცენტიან წილებს ისეთი ოდიოზური ფიგურებიც ფლობენ, როგორიც იური ლუშკოვის შვილი, მიშა ლუშკოვი და იოსებ კობზონი არიან. კომპანიის კიდევ ერთი მეწილე კალუგელი სამო, ანუ სამუელ კარაპეტიანია, რომელიც პოსტსაბჭოთა კრიმინალურ სამყაროში საკმაოდ გავლენიანი ფიგურაა. მას ბიზნესი კალუგაში აქვს და კალუგელი სამოც ამიტომ შეარქვეს.
- კრიმინალური სამყაროს გავლენიან ფიგურა კალუგელ სამოს ამირან მესხელი საიდან იცნობს?
- ალბათ, ნორიკ ტევონიანისგან, რომელიც ლუშკოვის კლანის წევრია. საერთოდ, რუსულ პოლიტიკაში ამიერკავკასიის ქვეყნებს თავის დროზე ლუშკოვი კურირებდა და საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ლუშკოვის სომხური ვოიაჟებით აშშ-ის ფედერალური ბიუროც დაინტერესდა. ფედერალური ბიურო, როგორც ვიცი, ლუშკოვისა და აშშ-ში სომხური დიასპორის ურთიერთობასაც სწავლობდა. ყველაფერ ამაში სერჟ სარქისიანის ძმა, საშიკაც იყო გარეული. მას შემდეგ, რაც სარქისიანი პრეზიდენტი გახდა, ნორიკ ტევონიანი და კალუგელი სამო ელოდნენ, რომ მათ ბიზნესებს სერიოზულ ლობირებას გაუწევდა, მაგრამ სარქისიანი კერკეტი კაკალი აღმოჩნდა.
- ტევონიანსა და კალუგელ სამოს ბიზნესები სომხეთშიც აქვთ?
- რა თქმა უნდა...
- ბატონო კონსტანტინე, ყველაზე ცუდი, რაც ამირან მესხელს უკავშირდება, რა არის?
- ყველა საქმე, რომელიც შეკითხვებს აჩენს, მესხელს უკავშირდება.
- მათ შორის, გირგვლიანის მკვლელობაც?
- არა, თუმცა ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეში მესხელის ხელი ერია...
- ესე იგი, მესხელმა “ნაციონალებზე” ბევრი რამე იცის, არა?
- ბუნებრივია... ჩანაწერების გაკეთებას კუტარია ისე ვერ გაბედავდა, ხელმძღვანელობისგან ნებართვა რომ არ ჰქონოდა.
- კუტარია ვინ არის?
- ე.წ. ოტო-ს ყოფილი ხელმძღვანელი...
- ფარული ჩანაწერები “ნაციონალებზეც” მესხელის დავალებით იქმნებოდა?
- ხომ გეუბნებით, მის გარეშე უშიშროების კუთხით არაფერი ხდებოდა.
- მესხელი ის ტიპია, რომ ახალ ხელისუფლებასთან ითანამშრომლოს?
- არ ვამტკიცებ, მაგრამ ლოგიკას მივყვეთ.
- რომელ ლოგიკას?
- რომელს და, - მესხელს, თუკი, მართლაც, რუსულ სპეცსამსახურებზეა მიბმული, სხვანაირი ფსიქოლოგია ექნება.
- რას გულისხმობთ?
- შეიძლება, სპეცსამსახურის მუშაობაში გათვითცნობიერებულია და ინფორმაციის მოპოვება-დამუშავებაც კარგად იცის, მაგრამ აგენტის, ანუ ოპერატიული წყაროსა და ოპერატიული მუშაკის უნარ-ჩვევები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.
- მესხელი ოპერატიული მუშაკია თუ წყარო?
- გამოდის, რომ წყაროა და ოპერატიულ მუშაკად ვერასოდეს გარდაიქმნება. წყაროსთვის, ანუ აგენტისთვის სახელმწიფოებრივი ხედვა უცხოა, ის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე ფიქრობს და შეიძლება, ნებისმიერი ჩაუშვას. აგენტების უმეტესობა პირადი მოსაზრებებით ხელმძღვანელობს და სწორედ ამით განსხვავდება აგენტის ფსიქოლოგია ოპერატიული მუშაკის ფსიქოლოგიისგან. ისიც სულელური და გაუთვითცნობიერებელი წარმოდგენაა, როცა ოპერატიულ მუშაკზე ამბობენ, სპეცსამსახურის აგენტიაო.
- ბატონო კოტე, მსენია, რომ გადაბირების სამი მეთოდი არსებობს. თქვენი ვარაუდით, ამირან მესხელი, თუკი რუსულ სპეცსამსახურებთან, მართლაც თანამშრომლობდა, კომპრომატებით გადაიბირეს, პატრიოტული მოტივით თუ ფულით?
- პატრიოტული მოტივი გამორიცხულია, ალბათ, უფრო ფულითა და კომპრომატებით.
- ვალუტის გადამცვლელის მეპატრონეზე რა კომპრომატი უნდა ჰქონოდათ?
- შეიძლება, გაჭირვებული იყო და მატერიალურად დააინტერესეს... ასე ყალიბდება “კროტი”, რომელიც შემდეგ, გავლენის აგენტი ხდება.
- გავრცელებული ინფორმაციით, მესხელი თავს ევროპას აფარებს და თუკი რუსებთან თანამშრომლობდა, რუსეთში რატომ არ გაიქცა?
- თქვენ, რა, გგონიათ, რომ რუსეთი მთელ თავის აგენტურას გაამჟღავნებს? რუსეთმა მოქალაქეობა ერთადერთი კახა თარგამაძეს მისცა...
- ისე, მართლაც, გაუგებარია, თავის დროზე თარგამაძეს საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა რისთვის დასჭირდა...
- ალბათ, იმის შეეშინდა, რაც ჩადენილი ჰქონდა...
- ბატონო კონსტანტინე, რა ამის პასუხია და, ისეთი პირი უჩანს, რომ მალე შეიძლება, ორი უშიშროების საბჭო გვქონდეს...
- ქვეყანას ორი უშიშროების საბჭო არაფერში სჭირდება. საერთოდ, მოდით, პიროვნებებს თავი დავანებოთ და ყველაფერს წმინდა სტრუქტურული თვალით შევხედოთ: თუკი ძლიერი პრეზიდენტისა და პარლამენტის, ანუ დაბალანსებული პოლიტიკის ქვეყანა უნდა ვიყოთ, მაშინ კონსტიტუციაც ანალოგიური უნდა გვქონდეს, მაგრამ თუ საპარლამენტო მმართველობის მოდელზე გადავდივართ, როგორიც, დაახლოებით, გერმანიასა და ისრაელშია, მაშინ ძლიერი პრემიერი უნდა იყოს. საერთოდ, ისრაელის მოდელი საუკეთესოა. სხვათა შორის, ისრაელში უშიშროების საბჭო არ არსებობს. ამ ქვეყანას, როგორც ადრე გითხარით, რამდენიმე სპეცსამსახური აქვს, რომლის ხელმძღვანელებისგან შექმნილ კომიტეტს პრემიერის თანაშემწე მეთაურობს. მოკლედ, ხელისუფლებამ ჯერ არჩევანი უნდა გააკეთოს, თუ რა გზით მივდივართ. ისე, ვემხრობი, რომ უშიშროების საბჭო პრემიერს ექვემდებარებოდეს, რადგან ეს ორგანო, როგორც წესი, აღსრულების საკითხებით უნდა იყოს დაკავებული - უშიშროების საბჭო ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც ქვეყანაში რისკებს ყოველ დღე სწავლობს, განსაზღვრავს და ყველა გამოწვევაზე ადექვატურ გადაწყვეტილებას იღებს.
- 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უშიშროების საბჭო, მგონი, სულ ერთხელ შეიკრიბა, ანუ პრაქტიკულად, უფუნქციოა...
- დიახ, ასეა. მხოლოდ ახლა კი არა, სააკაშვილის პრეზიდენტობის დროსაც ბუნდოვანი ფუნქცია ჰქონდა და უცხოელ კოლეგებს არაერთხელ მიუთითებიათ, საბჭოს როლი გაარკვიეთო.
სხვათა შორის, ამ თემაზე ბიძინა ივანიშვილს მედიით ჯერ კიდევ 2011 წელს მივმართე და ვკითხე, ის, რომ კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალებიდან ზოგი საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეა და ზოგიც - საპარლამენტოსი, მომავალში გარკვეულ პრობლემებს ხომ არ გამოიწვევს-მეთქი. დღეს, პრაქტიკულად, ამ პრობლემის წინაშე ვდგავართ.
- არსებობს ალბათობა, რომ უშიშროების საბჭოს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი “ოცნების” დაშლის საბაბი გახდეს?
- შეიძლება, თუმცა აქ ლაპარაკი “ოცნების” დაშლაზე კი არა, უფრო პრეზიდენტის ოპოზიციური ტალღისკენ გადასვლაზეა.
- გიორგი მარგველაშვილს, ასე ვთქვათ, დამოუკიდებელი მოძრაობა რომ არ დაეწყო, დღის წესრიგში უშიშროების საბჭოს ყოფნა-არყოფნის საკითხი მაინც დადგებოდა?
- არ დადგებოდა... დღეს უშიშროების საბჭო პარალიზებულია და თავის მოვალეობას ვერ ასრულებს. მოვალეობას ვერც პრემიერთან არსებული უსაფრთხოების საბჭო ასრულებს. ამიტომ, გადაწყვეტილება დროზეა მისაღები, თუმცა გადაწყვეტილებამდე ცვლილებები კონსტიტუციაში უნდა შევიდეს და ის, თუ ვის დაექვემდებარება უშიშროების საბჭო - პრეზიდენტს თუ პრემიერს სწორედ კონსტიტუციით უნდა განისაზღვროს.
- ვინაიდან უშიშროების საბჭო პარალიზებულია, ქვეყანა შესაძლოა, სერიოზული საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს?
- ქვეყნისთვის კარგი არაა, როცა ხალხის მიერ არჩეულ პრეზიდენტსა და ასევე, ხალხისგან არჩეული პარლამენტის მიერ დამტკიცებულ მთავრობას ერთმანეთთან ასეთი ურთიერთობა აქვს.
- ზოგი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი გიგა ბოკერიას დავალებებს ასრულებს...
- ეს არ ვიცი, მაგრამ თუკი დაპირისპირება გაგრძელდა, მარგველაშვილი შეიძლება, ისეთი ოპოზიციური ფრთის ქვეშ აღმოჩნდეს, რომელიც ქვეყანას დიდ ზიანს მოუტანს.
- ოფიციალურ გავლენას გულისხმობთ თუ არაოფიციალურს?
- ჯერ არაოფიციალურს, რომელიც შემდეგ, ოფიციალურში გადავა, ანუ გამორიცხული არაა, რომ მარგველაშვილმა მონაწილეობა “ნაცმოძრაობის” რებრენდინგში მიიღოს.
- ანუ, არსებობს ალბათობა, რომ მარგველაშვილი გადახალისებული “ნაცმოძრაობის” წევრი გახდეს?
- ამის ალბათობა არ არსებობს, მაგრამ შეიძლება, პოლიტიკური ნაბიჯი გადაადგმევინონ.
- იმასაც ამბობენ, რომ მარგველაშვილმა შესაძლოა, მთავრობა დაითხოვოს...
- ვერ დაითხოვს, რადგან მთავრობის დათხოვის პროცედურაში ბევრი მექანიზმია ჩადებული, თუმცა შესაძლებელია, მარგველაშვილი პრეზიდენტობიდან გადადგეს.
- როგორ, ან ეს “ოცნების” ინტერესშია?
- მარგველაშვილი ის ფიგურა არაა, რომ ძლიერი ოპოზიციური ფრთა შექმნას. მართალია, პრეზიდენტია, მაგრამ პოლიტიკური ფიგურა არ გახლავთ და პოლიტიკურ ფიგურად რომ ჩამოყალიბდეს, წლები დასჭირდება. დღეს მარგველაშვილის ლეგიტიმაციის მაღალ ხარისხზე კი საუბრობენ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო და მარგველაშვილს კენჭი სხვა პოლიტიკური ძალიდან ეყარა, პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ვერ გახდებოდა. ჯობია, ყველაფერს თვითონაც ამ კუთხიდან შეხედოს. ისე, მარგველაშვილის ადგილას რომ ვიყო, აუცილებლად გადავდგებოდი და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ან ახალ პოლიტიკურ პარტიას შევქმნიდი, ან ისეთ პოლიტიკურ ძალას შევარჩევდი, რომელიც იდეოლოგიურად ჩემთან ახლოს იქნებოდა.