ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა მანამდე მომხდარ დიდ დანაშაულს უკავშირდება?

ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა მანამდე მომხდარ დიდ დანაშაულს უკავშირდება?

ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების საქმე კვლავ ბურუსითაა მოსილი. პროკურატურა ახალს არაფერს ამბობს ამ საქმესთან დაკავშირებით. ახალსა და კონკრეტულს არც ოჯახის წევრები აცხადებენ რაიმეს. ჯერ ისიც გასარკვევია, მოკლეს ეროსი თუ თავი მოიკლა. მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებული ინფორმაციისა და მტკიცებულებების საფუძველზე, თვითმკვლელობის ვერსიას უმცირესი საფუძველიღა შერჩა, სს საქმე ისევ 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც პიროვნების თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე, დუმილს ამჯობინებენ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი და ოჯახის მიერ საქმეში ჩართული ექსპერტები - ბალისტიკოსი ზაზა ალთუნაშვილი და სამედიცინო ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი. მათ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ საუბრის უფლება არ აქვთ. მართალია, ისინი კომენტარებზე უარს არასდროს აცხადებენ, მაგრამ მნიშვნელოვანსა და ფასეულს, იმას, რაც საზოგადოებას აინტერესებს ამ საქმესთან დაკავშირებით, ვერაფერს ვერ ამბობენ. 

ერთადერთი მნიშვნელოვანი სიახლე ის არის, რომ ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები, გარდაცვლილის მანქანის ხელახალ ექსპერტიზას ითხოვენ. ეროსის ძმა, ზურაბ კიწმარიშვილი აცხადებს, რომ კრიმინალისტიკური ტექნიკის გამოყენებით, ე.წ. თვალით უხილავი კვალის შემოწმება უნდა მოხდეს. მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვა, მანქანა ულტრაიისფერი სხივებით უნდა დაათვალიერონ და თუ რაიმე კვალი გამორჩა ექსპერტიზას, კვალს აღმოაჩენენ. 

საინტერესოა, რატომ არ ჩაატარა გამოძიებამ ამგვარი ექსპერტიზა და რატომ დასჭირდა ოჯახს, ინიციატივა გამოეჩინა და გამოძიებისთვის ამგვარი თხოვნით მიემართა? აქვე გავიხსენოთ, რომ სწორედ ოჯახის თხოვნით მოხდა ამავე მეთოდით, ულტრაიისფერი სხივებით სრულ სიბნელეში იმ ავტოფარეხის დათვალიერება, სადაც კიწმარიშვილი საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. ამ ექსპერტიზას კონკრეტული შედეგიც მოჰყვა - ავტოსადგომში ქსოვილის დეტალი, მიკროსკოპული ზომის ძაფის ნაგლეჯი იპოვეს. როგორც ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა "ალიას" განუცხადა, ამ დეტალის პოვნამ, პირადად მისთვის, ეროსი კიწმარიშვილის საქმე კიდევ უფრო ჩახლართა და დამატებითი კითხვები გაუჩინა. მოკლედ, ეროსი კიწმარიშვილის ოჯახსა და მათ ექსპერტებს, უკვე მეორედ უწევთ პროკურატურისთვის თხოვნა, რომ ექსპერტიზა ჩაატარონ. ძალაუნებურად, გიჩნდება ეჭვი, რომ, ჯერ ერთი, კიწმარიშვილის ოჯახი ბოლომდე არ ენდობა გამოძიებას, თუმცა ამას არ აცხადებს. სხვაგვარად ძნელია იმის ახსნა, რატომ ცდილობენ კიწმარიშვილის ოჯახის წევრები, გავლენა მოახდინონ საგამოძიებო პროცესზე. ოჯახს უკვე მეორედ მოუწია იმ საკითხის დაყენება გამოძიების წინაშე, რაც, ყველანაირი კანონითა და ლოგიკით, გამოძიებას უკვე გაკეთებული უნდა ჰქონოდა. 

ზურაბ კიწმარიშვილი ერთ მეტად  საგულისხმო რამეს ამბობს. მისი თქმით, ამ თვალით უხილავმა ექსპერტიზამ, შესაძლოა, ის გაარკვიოს, ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში იჯდა თუ არა სხვა პიროვნებაც, ცხადია, იმ დროს, როცა ეროსი გარდაიცვალა. ერიჰაა! მე მეგონა, გამოძიება უკვე ბოლოში იყო გასული და კიწმარიშვილის მკვლელობას დღე-დღეზე გახსნილად გამოაცხადებდნენ და ჯერ თურმე ისიც ვერ გაურკვევიათ, გარდაცვალების მომენტში ეროსი მარტო იყო თუ არა. 

"ალია" შეეცადა, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით, ახალი დეტალები გაერკვია. რადგან ამ ეტაპზე ყველა ოფიციალური წყარო დახშულია, სხვა გზა აღარ დამრჩა და ეროსის მეზობლებს ვკითხე, ახალი ხომ არაფერი სმენოდათ მეზობლის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შესახებ. უნდა ითქვას, რომ მეზობლები გაცხოველებული ინტერესით ჩემგან ელოდნენ ამ საკითხზე რაღაც ახალ ინფორმაციას. თუმცა, ეროსი კიწმარიშვილის ეზოდან ხელცარიელი მაინც არ წამოვსულვარ. ორი მეტად საყურადღებო ამბავი შევიტყვე და გამოძიების დასასრულს გაირკვევა, რამდენად სარწმუნო ინფორმაციები მომაწოდეს მეზობლებმა. ეროსი კიწმარიშვილის კორპუსის ეზოში, ვაკეში, ჭავჭავაძის 37-ში მდებარე ერთ-ერთი მომსახურების ობიექტის თანამშრომელმა მითხრა, რომ გავრცელდა ხმები, თითქოს ეროსის მანქანაში ნაპოვნი მასრა, იმ იარაღიდან არის ნასროლი, რომელიც ეროსის მანქანაში იპოვეს და რომელიც მკვლელობის დღეს - 15 ივლისს შეიძინა იარაღის მაღაზია "დიანაში". შეგახსენებთ, რომ ეს იარაღი არის "ჩეზე-75". აქამდე ოფიციალურად მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ამ იარაღს ერთი ტყვია აკლდა და ერთიც შეყენებული იყო - გასასროლად გამზადებული, მჭიდში კი კიდევ 5 ტყვია იდო. მეორე საგულისხმო ინფორმაცია კი ასეთია - ერთ-ერთი მეზობელი აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილის, სავარაუდოდ, მკვლელობა, სხვა, უფრო დიდი და მასშტაბური დანაშაულის გაგრძელებაა, მისი ერთი რგოლია, ეროსის იმ დანაშაულთან ჰქონდა კავშირი და შესაბამისად, მოკლეს, მოწმე მოიცილეს თავიდან. მეზობელმა ისიც მითხრა, რომ იმ "დიდ  დანაშაულსაც" მთავარი პროკურატურა იძიებს და რამდენიმე ცნობილ ადამიანს დაიჭერენო. მეზობელი ვერ აკონკრეტებს და ბუნდოვანია, რა კავშირი ჰქონდა კიწმარიშვილს ამ დიდ და მნიშვნელოვან დანაშაულთან. 

ეს ორი, ჩემი აზრით, მეტად  მნიშვნელოვანი ინფორმაცია "ალიამ" ეროსი კიწმარიშვილის ადვოკატ გაგი მოსიაშვილთან და ექსპერტ-ბალისტიკოსთან, ზაზა ალთუნაშვილთან გადაამოწმა. ცხადია, უმცირესი იმედიც არ მქონდა, რომ რომელიმე მათგანი დამიდასტურებდა ერთ-ერთს მაინც, მაგრამ, რადგან არსებობს უპასუხო კითხვები, ისინი უნდა დაისვას: 

თავდაპირველად გაგი მოსიაშვილს დავურეკე: 

- ბატონო გაგი, მართალია, ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები არ გახმაურებულა, მაგრამ შევიტყვე, რომ მასრა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მანქანაში იპოვეს, მისივე იარაღიდან არის გასროლილი "ჩეზე-75"-დან. თქვენ ხომ არაფერი იცით ამის შესახებ? 
- ასე გადაჭრით ამის თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია. 
- ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგები დიდი ხანია, ცნობილია, მაგრამ ჯერ არ ასაჯაროებენ. ცხადია, ეს სხვადასხვა ვერსიებს წარმოშობს და ამ ვერსიასაც აქვს არსებობის უფლება. ბოლოს და ბოლოს, ვფიქრობ, მალე გამოძიებაც ამავეს დაადასტურებს უკვე ოფიციალურად.    
- მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ცალკე აღებული რომელიმე ექსპერტიზის პასუხს არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. 16 სხვადასხვა ექსპერტიზაა დანიშნული ამ საქმესთან დაკავშირებით, ცალკე აღებული, თუნდაც ბალისტიკური ექსპერტიზა, რეალურ პასუხს არ იძლევა. ამიტომ უნდა მოხდეს ყველა საექსპერტო დასკვნის კომპლექსური შეჯერება და ამის შემდეგ, რაღაც კონკრეტული გამოიკვეთება. დღეის მდგომარეობით, სამართლებრივადაც დაუსაბუთებელია, ჩემგან ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება. 

- კიდევ ერთი ასეთი ინფორმაცია მაქვს. თითქოს, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა დაკავშირებულია დიდ და მასშტაბურ დანაშაულთან. პროკურატურა კი, ეროსის საქმის დეტალებს სწორედ იმ მეორე დანაშაულის გამო არ ახმაურებს, რომ გამოძიებას ხელი არ შეეშალოს. ამაზე რას იტყვით? 
- ნებისმიერი სახის ინფორმაცია შეიძლება გავრცელდეს და მოისმინოს პიროვნებამ, ნებისმიერი ვერსია შეიძლება განიხილებოდეს. დღეს ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, არ არის სამართლებრივად გაჯერებული მტკიცებულებები, აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია იურისტის მხრიდან, თქვენ მიერ დასმულ ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გაცემა. ჩვენ სამართლებრივი არგუმენტაციით ვხელმძღვანელობთ, ამ ეტაპზე მეტის თქმა ნამდვილად არ შემიძლია. 

- ზურაბ კიწმარიშვილი მანქანის ხელახალ ექსპერტიზას მოითხოვს. ის აცხადებს, რომ ამ ექსპერტიზით, სხვა დეტალებთან ერთად, სავარაუდოდ, უნდა გაირკვეს, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების დროს, მის ავტომობილში იჯდა თუ არა სხვა პიროვნება. უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა და თუ გამოძიებას ჯერ ისიც ვერ გაურკვევია, მანქანაში მეორე პიროვნება იყო თუ არა, ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი თუ ვერ დაუდგენია, მთლად კარგად ვერ ყოფილა ამ საქმის გამოძიების ამბავი. ხომ არ ფიქრობთ, რომ ზერელედ ხდება საქმის გამოძიება და ზურაბ კიწმარიშვილის გადაწყვეტილება, მანქანას ხელახალი ექსპერტიზა ჩაუტარდეს, სწორედ ამით არის გამოწვეული? 
- არა, ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ გამოძიებამ რაღაც ექსპერტიზა არ დანიშნა ან გულგრილად მოეკიდა საგამოძიებო მოქმედებას. ოჯახის თუ იმავე ზურას მხრიდან მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედებები ჩატარება, ემსახურება ერთ მიზანს - ობიექტური ჭეშმარიტების დადგენას, სხვას არაფერს. 

"ალია" ახალ გარემოებებზე ზაზა ალთუნაშვილსაც დაუკავშირდა: 

- ბატონო ზაზა, ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი ამდენ ხანს რატომ არ ქვეყნდება? 
- ეგ გამოძიების პრეროგატივაა, პროცედურულად მეკრძალება, ხელწერილს ვდებ და მეკრძალება ამ ინფორმაციის გახმაურება. 

- გავიგე, რომ მასრა, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის მანქანაშია ნაპოვნი, კონკრეტულად კი ე.წ. სტოიკების ძირში აღმოჩნდა, იმ იარაღიდან არის ნასროლი, რომელიც გარდაცვლილს ეკუთვნოდა. 
- აბა, მე რომ ამ კითხვაზე გიპასუხოთ, გამოდის, რომ საგამოძიებო საიდუმლო გავამჟღავნე. ვერ გეტყვით ვერაფერს ამის შესახებ. 

- ის მაინც არ იცით, გამოძიება როდის გაასაჯაროებს თუნდაც მხოლოდ ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხს? 
- შეიძლება გამოძიებამ სასამართლო პროცესამდე არც გაახმაუროს ეს დასკვნა. ეს გამოძიების პრეროგატივაა და არც კანონი ავალდებულებს, გამოძიების დასრულებამდე რაიმე ინფორმაციის გახმაურებას. 

- ბატონო ზაზა, ჩემი ინფორმაციით, ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა სხვა, დიდი დანაშაულის გაგრძელებაა და გამოძიება სწორედ ამის გამო არ ახმაურებს გამოძიების დეტალებს. ამის შესახებ რას იტყვით? 
- მე მაგ ინფორმაციებზე ხელი არ მიმიწვდება, ჩემი მოვალეობა ის არ არის, რომ რაღაც გარემოებები დავადგინო, რაღაც გარემოებები გამოვრიცხო. მე ბალისტიკის ექსპერტი ვერ, კონკრეტული საქმე მქონდა და ის გავაკეთე, დანარჩენი გამოძიების საქმეა. 

ამ რამდენიმე დღის წინ ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ბაჩო ახალაიას ადვოკატმა რომეო საჯაიამ სკანდალური, მაგრამ მეტად უსაფუძვლო განცხადება გაავრცელა. ასეთ, პოლიტიკურად მოტივირებულ სკანდალებს, დიდი ხნის სიცოცხლე არ უწერია. რომეო საჯაია როლანდ ახალაიას მარჯვენა ხელი, ბაჩო ახალაიას ადვოკატი და "ნაცმოძრაობის" მრავალი დაკვეთის შემსრულებელი რომ არ იყოს, მის ამ განცხადებას ფასი დაედებოდა. მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ რომეო საჯაია ადვოკატურას თავშეფარებული ის პროკურორია, რომელიც როლანდ ახალაიას არაერთ სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებს და შესაძლოა, მალე მის წინააღმდეგაც აღიძრას საქმე. მოკლედ, რომეო საჯაია აცხადებს, რომ ეროსი კიწმარიშვილი ბარბარე რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით განცხადების გაკეთებას აპირებდა და, შესაძლოა, იმიტომ მოკლეს. მისი თქმით, ბარბარე რაფალიანცის საქმის დაგეგმვას ესწრებოდნენ პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ეროსი კიწმარიშვილი. 

"ჩვენი ინფორმაციით, ნაცვლიშვილი და კიწმარიშვილი იყვნენ წინააღმდეგი რაფალიანცის საქმის განხორციელების. ჩვენ არ ვამბობთ, რომ ეს მაინცდამაინც ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას უკავშირდება, მაგრამ არის ძალიან ცუდი ნიშნები - ისე უცებ, პროფესიონალურად არის შესრულებული მკვლელობა, რომ ოჯახსაც კი უჭირს რეალური ვერსიის დადგენა. შესაძლებელია, ეროსი კიწმარიშვილი აპირებდა ამის თქმას და ეს იქნებოდა ძალიან დამაზიანებელი, გამოიწვევდა ხელისუფლების მოშლას, ამ მთავრობის გადაგდებას. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალების", - აცხადებს საჯაია. 

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმით დიდი ხანია სპეკულირებენ "ნაციონალები" და რომეო საჯაიას ეს განცხადებაც ამ ფილმის ერთ-ერთი სერიაა. შეიძლება ითქვას, საჯაიამ და მისმა მმართველმა "ნაციონალებმა" მიზანს ააცილეს, რადგან საზოგადოებამ, რაც ზემოთ წაიკითხეთ, სერიოზულად არ მიიღო და მეორე დღესვე დაივიწყა ეს ამბავი. ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა ბარბარე რაფალიანცის საქმესთან კავშირში რომ ყოფილიყო, "ნაციონალებს" ამის დამადასტურებელი თუ არა, რაღაც ხელმოსაჭიდი რომ ჰქონოდათ, დამეთანხმებით, ეს თემა "ნაციონალთა" კონტროლირებადი მედიიდან არ ჩამოვიდოდა. რომეო საჯაიას ვერსია იმდენად უსუსური აღმოჩნდა, რომ "რუსთავი 2"-მაც კი მხოლოდ ერთი სიუჟეტი მიუძღვნა, მხოლოდ იმ დღეს, როცა ადვოკატმა ბრიფინგი გამართა. თუმცა, "ალია" მაინც შეეცადა, გაერკვია, ჰქონდა თუ არა საფუძველი რომეო საჯაიას ვერსიას. 

ამ საკითხთან დაკავშირებით, პირველად ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატს, გაგი მოსიაშვილს ვკითხეთ, რომელმაც მოკლედ გვიპასუხა: "ამ ეტაპზე ამის დასაბუთებული ვარაუდი ნამდვილად არ არსებობს. გამოძიების ვალდებულებაა, ყველანაირი ვერსია განიხილოს, ვიდრე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს". 

რომეო საჯაიას ვერსიის მიხედვით, გამოდის, რომ ეროსი კიწმარიშვილი 2012 წლის არჩევნების წინ, კოალიცია "ქართული ოცნების" რიგებში იმდენად მიღებულო პირი იყო, რომ არჩევნებში გამარჯვების ტაქტიკის საკითხებში ჭკუასაც ეკითხებოდნენ. შესაბამისად, კოალიციის ლიდერებთანაც უნდა ჰქონოდა მჭიდრო კავშირი. ამის გარკვევას კი "ქართული ოცნების" დეპუტატთან, ანი მიროტაძესთან შევეცადეთ. 

- ანი, 2012 წლის არჩევნების წინ ეროსი კიწმარიშვილს საერთოდ ჰქონდა შეხება "ქართულ ოცნებასთან"? 
- არა, რას ამბობ, არანაირი შეხება ეროსი კიწმარიშვილს "ქართულ ოცნებასთან" არ ჰქონია. არც თვალი მომიკრავს მისთვის ჩვენს ოფისში და არც კოალიციის არც ერთ წევრთან საარჩევნო საკითხებზე ურთიერთობა არ ჰქონია. შესაძლოა, პიროვნული ურთიერთობა ჰქონდა ჩვენი კოალიციის წევრებთან, ეროსი ბევრ ადამიანს ახლოს იცნობდა ჩვენი კოალიციიდან, მაგრამ გამორიცხულია, რომ კიწმარიშვილს "ქართული ოცნების" საარჩევნო პროცესთან კავშირი ჰქონოდა. ამგვარი რამ რომ ყოფილიყო, აუცილებლად მაცოდინებოდა.