"ალიას" "მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი, პეტრე მამრაძე ესაუბრა:
- ბატონო პეტრე, აგვისტოში პოლიტიკური პროცესები მინავლებული იყო, მაგრამ, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, "ნაციონალები" აქტიურობდნენ, დროდადრო ბრიფინგებს მაინც აწყობდნენ. ახლა ისიც დაანონსდა, რომ 15 სექტემბრიდან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, აქტივობები იწყება. როგორ ფიქრობთ, მართლა ცხელი შემოდგომა გველის?
- დავიწყოთ იმით, რომ "ნაციონალები" არიან ის ადამიანები, რომლებიც არასდროს იკლებენ სიამოვნებას. მოგეხსენებათ, რომ ყველა, ვინც დღეს არის "ნაციონალების" ცნობადი სახე, არის ძალიან მდიდარი ადამიანი, ეს ჩვენს საზოგადოებაში ძალიან კარგად იციან. არავისთვის არ იყო სენსაცია, როცა გამოქვეყნდა დავით ბაქრაძის სიმამრისგან მიღებული "საჩუქარი" ვეებერთელა თანხა. შეგახსენებთ, რომ ბაქრაძის კარიერულ აღმასვლას მოჰყვა სწორედ მისი სიმამრის გამდიდრება. თუ ერთი ნაწილი აქტიურობდა, მეორე ნაწილი ისვენებდა და ნებივრობდა. ეს ადამიანები მოწოდებით პოლიტიკოსები არ არიან, ესენი არიან სააკაშვილის სადისტური სისტემის ნარჩენების მსახურები. მათი მიზანი კარგი ცხოვრება და კარგი დროსტარებაა, ამიტომ არც დასვენებას მოიკლებენ და არც სიამოვნებას.
მეორე მომენტია ის, რომ მას შემდეგ, რაც გამოძიებამ "ნაცისტების" საქმეებზე წინ წაიწია, ეს მათთვის დარტყმაა. ბაქრაძის ამბავიც დიდი დარტყმაა, რადგან სწორედ მან მოუწოდა ქართველ ხალხს, ტანკებს დახვედროდნენ ყველა საშუალებით აგვისტოს ომის დროს, სააკაშვილის ავანტიურის შედეგად შემოსულ რუსულ ჯარს ტანკებს შევარდნოდნენ და სწორედ იმ დროს ის და მისი სიმამრი მდიდრდებოდნენ. ასე მდიდრდებოდნენ სხვებიც. პარიზში კეზერაშვილი და ჩერგოლეიშვილი ერთობოდნენ. ახლა, გამოძიების კვალობაზე, როგორც იქნა, მელნიკოვმა ილაპარაკა და, ფაქტობრივად, მოყვა, რაც იყო მაშინ, უკვე ითქვა, რომ ყველაფერი სააკაშვილის კაბინეტში გადაწყდა საბოლოოდ, ილაპარაკა ბიბილურიძემაც და ხელი დაადო მერაბიშვილს, ეს დიდი დარტყმა იყო. ამ დარტყმების შემდეგ შემოდგომაზე ნაკლებად ველოდები "ნაცისტებიდან" პოლიტიკურ შემოტევებს, მე ყველაზე დიდ საფრთხეს იმაში ვხედავ, რომ დღევანდელი ხელისუფლებაა ძალიან არაეფექტიანი, უნიათო და ეს აშფოთებს მსოფლიოს. ხელისუფლებამ უკვე იკადრა ბევრი უკანონო ქმედებაც.
- კონკრეტულად რას გულისხმობთ?
- მე ვგულისხმობ იმას, რომ როცა ხელისუფლება "რემენას" ტესტს ვერ აბარებს, როცა საბუთდება, რომ კონსულს კიევში მართლაც გაუცია საბუთი ბარბაქაძის თბილისში ჩამოსვლაზე, მას დახვდნენ კიდეც და შემდეგ დაიკარგა, როცა ცნობილია რეისის ნომერიც და ეს ინფორმაცია კარგად იციან "ნაციონალებმა", რადგან პოლიციაში კარგი კონტაქტები აქვთ, ამის შემდეგ სულ სხვანაირი ურთიერთობა იქმნება "ნაცების" ნარჩენებსა და "განაცებულ" "ქოცებს" შორის.
- რა ურთიერთობაზე მიანიშნებთ?
- ერთმანეთს ეუბნებიან, ეს არ თქვა, თორემ მე იმას ვიტყვიო. ერთმანეთს აშანტაჟებენ ამ ფორმით. ამ თემაზე კი სპეკულირება ასე დაიწყო - ესა და ეს არ თქვა, თორემ მე "რემენაზე" და ფარცხალაძის მიერ მერაბიშვილის გაყვანაზე ვილაპარაკებო. ერთი მხრივ, ხელისუფლება პრინციპული არაა, "ნაციონალები" კი ამით სარგებლობენ. ზურაბ ჟვანიას დაპატიმრებული ექსპერტი გავიხსენოთ, გაოგნებულები არიან უცხოელები მისი დაპატიმრებით, თუ ეს კაცი ტყუის, მაშინ საწინააღმდეგო საექსპერტო დასკვნა რატომ არ არის დადებული? იმ დროს, როცა გირგვლიანისა და გელაშვილის საქმის გახსნას ამდენი წელი დასჭირდა, ყველამ ყველაფერი ვიცოდით, მაგრამ საბოლოოდ დადასტურდა, მე გარწმუნებთ, მრავალი წელი არ დასჭირდება იმას, რომ ახალი ხელისუფლების ეს უკანონო მოქმედებები გაირკვეს. როგორც მელნიკოვმა ილაპარაკა, ფაქტობრივად, ისე გავიგებთ "რემენას" საქმესაც და ფარცხალაძის ამბავსაც. ეს დრო ახლოვდება. ხელისუფლებამ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი თავისი ქმედებებით, რომ ის უკვე დაუცველია პოლიტიკური თავდასხმებისგან და მოუწევს, კიდევ მეტ დათმობებზე წავიდეს.
- ეს დრო ახლოვდებაო, რომ ამბობთ, რას გულისხმობთ - იმას, რომ ვადაზე ადრე დასრულდება ეს ხელისუფლება?
- სწორედაც. არჩევნებამდე ეს პროცესები განვითარდება. არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ვინაიდან საზოგადოება ვერ ხედავს ვერც ეკონომიკურ და ვერც სოციალურ გაჯანსაღებას, ეს უდავოდ იფეთქებს. თუ იქნება ძვრა უკეთესობისკენ, ხალხი კიდევ დახუჭავს თვალს, თუ ასე არ მოხდება, ბევრი მძაფრი პრობლემა წამოიწევს. ამას წინათ "ოცნების" ერთი მხარდამჭერი მეუბნებოდა, პოლიციაში დემორალიზებული ვითარებაა, თუ ადრე ახალი ფორმის შეძენა დროზე ხდებოდა, თუ პოლიციელს მეტად აფასებდნენ, ახლა სხვანაირადაა ყველაფერიო. კი ვიცით, როგორ იყენებდნენ პოლიციას "ნაცისტები", მაგრამ ფაქტია, რომ დღეს პატრულს მორიგეობის საათები ისე გაუზარდეს, რომ ბიჭები საჭესთან ყვინთავენ, მანქანები ილეწებაო. ორი-სამი სოციალური გამოსვლა რომ მოხდეს, თუნდაც მძღოლების გამოსვლა, შეიძლება ხელისუფლებას ძალოვან სტრუქტურებში დამცველი არ ჰყავდეს. ამას თავისი დადებითი მხარეც აქვს. ძალოვნების გამოყენება სოციალურ ფონზე გამოსვლების ჩასახშობად, არის ამაზრზენი და საბოლოოდ ეს სხვა რეჟიმამდე მიგვიყვანს. გუნდში კიდევ უფრო დაიძაბა ვითარება. ყველამ ვიცით, რა ურთიერთობით მოვიდა ეს ხელისუფლება, გვახსოვს გინების ჩანაწერები და ერთმანეთზე საუბრებიც, ახლა ეს უფრო გაღრმავდა.
- რის ფონზე ღრმავდება? ალბათ, პიროვნების განაწყენება მისი იგნორირების გამო, ან თანამდებობაზე არდანიშვნის გამო... ასეა?
- ძირითადად ასეა, ჩემი სათქმელი თქვით. საქმე ისაა, რომ მთელი ძალაუფლება ღარიბაშვილის ხელშია, ამას ემორჩილებიან პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტი, თუმცა მათ ეს სულაც არ უხარიათ, მათ შესანიშნავად იციან, რომ ბევრი სამარცხვინო კამპანია ხდება ქვეყანაში და ხმას ვერ იღებენ, მორჩილების გამო რეიტინგსაც კარგავენ, ამიტომ ფიქრობენ, რამე ისეთი გააკეთონ, რომ საფლავში არ ჩაჰყვნენ ამ ხელისუფლებას.
შემთხვევითი არაა ისიც, რომ უსუფაშვილს ღარიბაშვილი აღარ ენდობა და სანდო ინფორმატორისგან ვიცი, პარლამენტის ნამდვილი თავმჯდომარე არის გია ვოლსკი. ვერ დაგისახელებთ ახლა მის სახელს, რომ ყველა ინიციატივა და იდეა ღარიბაშვილისგან გია ვოლსკის პირით ხმაურდება და მიდის პარლამენტამდე. დამიჯერეთ, არც უსუფაშვილი, არც მინისტრთა კაბინეტის დიდი ნაწილი, არც პრეზიდენტი თავის მრჩევლებთან ერთად არ ჩაჰყვება ღარიბაშვილს პოლიტიკურ სამარეში.
- ამ ურთიერთობებს უცხოეთი როგორ უყურებს, რას ამბობენ თქვენი უცხოელი მეგობრები?
- ამ დაპირისპირებას უცხოეთი უყურებს, როგორც სამარცხვინო, არაადეკვატურ ურთიერთობას. სამარცხვინოა, როცა პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას, პროკურატურას უნდა მოეხსნა თუ არა გრიფი კონკრეტულ დოკუმენტზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ სახელმწიფო არ ვართ, დიდები პატარა ბავშვებივით კინკლაობენ. ანეკდოტია, მაგრამ უცხოელი დიპლომატები და ელჩები გაგიჟებულები მეუბნებოდნენ, რას ჩხუბობენ ღარიბაშვილი და მარგველაშვილი, ვინ მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებაზეო. დიპლომატიურად ამბობდნენ, რა არასერიოზული ხელისუფლებააო. ამ ეტაპზე თავს იკავებენ რადიკალიზმისგან და ამბობენ, იმედია, ახალგაზრდები ისწავლიან სახელმწიფოს მართვასო. უსუფაშვილი ამბობს, მაპ-ი თუ არ მივიღეთ უელსის სამიტზე, მასობრივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია მოხდებაო. ხალხს აჩვევს უკვე ასეთ რამეებს. უარესები თქვა მერე, რამე ისეთი თუ არ მივიღეთ სამიტზე, რომელსაც მივყიდით ჩვენს ხალხს, ცუდად იქნება ჩვენი საქმეო.
- და თქვენ რამეს ელოდებით ხელშესახებს ამ სამიტისგან?
- არაფერს ისეთს, რაც გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი იქნება. მორიგი ტყუილის გასაღება ხდება. 2016 წელს არის არჩევნები დანიშნული, მაგრამ არჩევნებამდე რომ ვერ მიაღწევს ეს პროცესები, ამის ალბათობა დიდია. ახლა დაიწყო დიდი ჩაშვებები, გაიხსენეთ მელნიკოვის აღიარება. უკვე ისეა მისული საქმე, ოღონდ ციხეში არ ჩაჯდნენ და კანონს გამოიყენებენ, რომ სხვისი, უფრო დიდი ფიგურის დაჭერის სანაცვლოდ თავისუფლებას მოიპოვებენ. ესენი ფიცდადებული მაფიოზები კი არ არიან, ლაპარაკობენ ყველაფერს, როგორც კი მიადგები.
- ლუის ნავარო საქართველოდან ჩუმად წავიდა. არის ვერსია, თითქოს პროკურატურას მასზე რაღაც მასალები ჰქონდა და გაასწრო. ამის შესახებ რამე იცით?
- ფულადი ურთიერთობა რთული წარმოსადგენია, მაგრამ მათ ჰქონდათ ღრმა პირადი ურთიერთობა. მოგეხსენებათ, გიორგი თარგამაძე მისი ნათლიაა და ერთ-ერთ კვლევაში ქდმ-ს ბევრად მეტი რეიტინგი დაუწერა, ვიდრე ეს საერთოდ არსებობდა. გრეგორი მენჯაკი, რომელიც "ენდიაის" ხელმძღვანელია, იყო ჩამოსული და თავად თქვა, ოფისის მუშაობით არ ვარ კმაყოფილი, არაობიექტურ კვლევებს ატარებსო. იქვე თქვა, "ნაციონალურ მოძრაობას" კადრებს უზრდისო. ამით ყველასთვის ნათლად ითქვა სათქმელი.