რატომ დატოვა

რატომ დატოვა "ენდიაის" შეფმა, ლუის ნავარომ საქართველო საიდუმლოდ?

ამერიკის დემოკრატიულმა ინსტიტუტმა "ენ-დი-აი"-მ სოციოლოგიური კვლევის ახალი შედეგები გამოაქვეყნა და აქვე ისიც გვამცნო, რომ მისმა აქაურმა დირექტორმა, ლუის ნავარომ საქართველო დატოვა. არადა, ეს ის ნავაროა, რომელიც დაახლოებით ამ ორი თვის წინ მართლმადიდებლად მოინათლა და დაიფიცა, აქ უნდა დავიმარხო, საქართველოდან ფეხის გამდგმელი აღარ ვარო. ეს ასევე ის ნავაროა, რომელიც წლების მანძილზე "ნაციონალების" სასურველ პროცენტებს დებდა ყოველი არჩევნების წინ და გაყალბებებს "უპრავებდა", რაშიც, თითქოს, სოლიდურ თანხებს იღებდა. ერთ-ერთი ინფორმაციით კი, ის ამას "ნაციონალებს", მასზე არსებული კომპრომატების გამო, იძულებით უკეთებდა. 
რატომ წავიდა ნავარო საქართველოდან, ხომ არ არის ეს სინამდვილეში გაქცევა? და რას უნდა გაქცეოდა, წლების მანძილზე ფინანსური დაინტერესებით, გაყალბებული არჩევნების "გაპრავების" გამო, პროკურატურაში დაბარებას ხომ არა? 

"ალიას" ესაუბრება პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე:  

- "ენ-დი-აი"-ს ბოლო კვლევის შედეგები ლუის ნავაროს შემცვლელმა გაახმოვანა და ისიც გვითხრა, რომ ნავარომ არა მხოლოდ "ენ-დი-აი", არამედ საქართველოც დატოვა. ჩვენ გვახსოვს, როგორ მოინათლა ლუის ნავარო და განაცხადა, რომ ის საქართველოში აპირებდა ცხოვრებას. თუმცა მალულად დატოვა ქვეყანა. ეს ეჭვებს არ ბადებს?.. 
- კონკრეტული ინფორმაცია, თუ რა გახდა ნავაროს მხრიდან ქვეყნის ან ორგანიზაციის დატოვების მიზეზი, არ მაქვს, მოვისმინე მხოლოდ ნავაროს შემცვლელი ქალბატონის განცხადება, რომ "ენდიაის" ოფისის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი დროებით წავიდა შტატებში და ის უახლოეს მომავალში დაბრუნდება. ქვეყანა არ არის ის ადგილი, სადაც სულ ხარ, საქართველოში ვიცხოვრებ, არ ნიშნავს, რომ მთელი 12 თვის განმავლობაში აქ იქნები, თუმცა გეთანხმებით, რომ ძალიან საეჭვო ვითარებაში დატოვა მან ორგანიზაციაც და ქვეყანაც. 

- ნავაროს მიმართ არსებობდა სერიოზული შეკითხვები. გარდა იმისა, რომ მუდმივად ადანაშაულებდნენ კვლევების "ნაციონალების" სასარგებლოდ გაყალბებაში, მედიით არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მას ამისთვის სერიოზულ ფულს უხდიდა, რომ კომპრომატებით აშანტაჟებდა და ა.შ. შესაძლებლად მიგაჩნიათ, რომ სწორედ ამ ფულის გამო პროკურატურაში უპირებდნენ დაბარებას და გაქცევით თავს უშველა? 
- გეთანხმებით, რომ ეს გარემოებები არის ძალიან საეჭვო და არ არის გამორიცხული, თქვენ მიერ დასახელებული ვერსიაც, იმიტომ, რომ იმდენ ადამიანზე ჩატარდა ამ ტიპის მანიპულაციები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან, გამორიცხვა, ბუნებრივია, ძალიან რთულია, რომ ასე მომხდარიყო ნავაროს შემთხვევაშიც. თუმცა ის ფაქტი, რომ ორგანიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა, ფაქტობრივად, გააგრძელა ნავაროს პოლიტიკა, ეს მიჩენს იმის ეჭვს, რომ საქმე მხოლოდ პერსონალურად ნავაროში არ არის. უფრო ღრმა ფესვები აქვს "ენდიაის" სიყვარულს "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ. 

- კონკრეტულად რა შეიძლება იყოს ასეთი ძლიერი სიყვარულის მიზეზი? 
- კონკრეტულად მიჭირს დაზუსტებით თქმა, რა არის ასეთი ძლიერი სიყვარულის მიზეზი, მაგრამ ფაქტია, რომ ნავარო აღარ არის და დამოკიდებულება იგივეა "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ, სხვა რა უნდა იფიქრო. მიზეზია აშშ-ს "რესპუბლიკური პარტია" და ევროპის "სახალხო პარტია", სხვა მიზეზს უბრალოდ, ვერ ვპოულობ. 

- ნავაროს საქმიანობაზე პროკურატურის შესაძლო დაინტერესებაზე გკითხეთ. გამორიცხავთ, რომ "ნაციონალების" მიერ მისთვის გადახდილი ფინანსების კვალზე გავიდა პროკურატურა? 
- ეს ისეთი წასვლა არ არის, როგორსაც ელოდები, ზოგადად ხდება ასე, რომ ადამიანი როდესაც მოდის, ის აკეთებს საჯარო განცხადებას. მოსვლისას აცნობს თავს საზოგადოებას და როცა უკვე ასრულებს თავის მოღვაწეობას კონკრეტულ სფეროში, უხდის მადლობას იმ საზოგადოებას, რომელთანაც ამ ხნის განმავლობაში მუშაობდა და შემდეგ ტოვებს პოსტს. ნავაროს საქციელი, რა თქმა უნდა, არატიპურია და ეჭვებს აჩენს, მაგრამ მარტო ეჭვის საფუძველზე რაიმეს მტკიცება რომ დავიწყო, არ ვიქნები მართალი. ვნახოთ, დრო გამოაჩენს, რა მოხდა სინამდვილეში.  

"ალია" კომენტარისთვის დაუკავშირდა პროკურატურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელს ეკა ჩიჩუას: 

- ეკა, პროკურატურაში ლუის ნავარო დაბარებული ხომ არ იყო, ან ხომ არ იგეგმებოდა მისი დაკითხვა? 
- ბუნებრივია, ყველა პირის შესახებ, ვის დაბარებასაც აპირებენ დაკითხვაზე, არ გვაქვს ინფორმაცია. ამიტომ ახლა ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ ინფორმაციას, იყო თუ არა დაინტერესებული პროკურატურა ლუის ნავაროს საქმიანობით. მოვიძიებ ინფორმაციას და აუცილებლად შეგატყობინებთ უახლოეს დღეებში.