აღიარების მეექვსე წლისთავი: რუსეთმა მომხრეები დაკარგა

აღიარების მეექვსე წლისთავი: რუსეთმა მომხრეები დაკარგა

26 აგვისტოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკებში დამოუკიდებლობის აღიარების დღეს აღნიშნავენ და მადლობას სწირავენ რუსეთს. სოხუმში ამ დღეს ”საერთაშორისო აღიარების” დღედ მოიხსენიებენ, მაგრამ საქართველოს ამ ორი რეგიონის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება არც კი უფიქრია საერთაშორისო თანამეგობრობას. მეტიც, მე-6 წლისთავზე რუსეთს ამ საკითხში მხოლოდ სამი თანამოაზრე ქვეყანა ჰყავს. რატომ ვერ იპოვნა მეტი მომხრე მოსკოვმა?

მოსკოვის მიერ აღიარების მე-6 წლისთავი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდს დაემთხვა და ამ ჭრილში კიდევ უკეთ გამოჩნდა საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით. ევროკავშირი, ნატო თუ დასავლეთის ცალკეული ქვეყნები უკანონოდ თვლიან აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს და კვლავაც საქართველოს ინტერესების მტკიცე მხარდამჭერებად გვევლინებიან. განცხადება ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტშიც გაკეთდა. პრესმდივანმა ჯენ საკიმ თქვა, რომ შეერთებული შტატების პოზიცია მკაფიოა და ის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს ”საქართველოს განუყოფელ ნაწილებად“ მიიჩნევს. 25 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რუსეთის ვალდებულებებიც გაიხსენა:

„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში ასახული ყველა ვალდებულება და მათ შორის - გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები კონფლიქტამდე არსებულ პოზიციებზე, გააუქმოს საქართველოს რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების გადაწყვეტილება და უზრუნველყოს ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი ხელმისაწვდომობა ამ რეგიონებში”.

მართალია, რუსეთი წლების განმავლობაში იგნორირებას უკეთებდა საერთაშორისო თანამეგობრობის ასეთ მოწოდებებს, იმ ფაქტს, რომ ამ ეტაპისთვის საქართველოს რეგიონების უკანონო დამოუკიდებლობა, რუსეთის გარდა, მხოლოდ სამ სახელმწიფოს აქვს აღიარებული, შეერთებული შტატების, ევროკავშირის ქვეყნებისა და საქართველოს სხვა მეგობრების დიდ დამსახურებად მიიჩნევს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი. ის ჩვენთან საუბარში იხსენებს, რომ 2012 წლის ოქტომბერში, როდესაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებული ჰყავდა 5 ქვეყანას: ვენესუელას, ნიკარაგუას, ნაურუს, ვანუატუსა და ტუვალუს. თუმცა 2013 წლის ივლისში ვანუატუმ, ხოლო 2014 წლის მარტში ტუვალუმ შეცვალა აღიარების გადაწყვეტილება. დავით ზალკალიანის თქმით, ეს ყველაფერი სწორედ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერითა და საქართველოს დიპლომატიური აქტიურობით მოხერხდა და ძალისხმევა გრძელდება:

”ამისათვის გამოყენებული იყო სხვადასხვა ფორუმი, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია... ასევე ვმუშაობდით და კვლავაც ვმუშაობთ ორმხრივად ყველა ქვეყანასთან. ვცდილობთ გავაფართოოთ ორმხრივი ურთიერთობები იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც მანამდე არ მიგვიწვდებოდა ხელი გეოგრაფიულად და დიპლომატიურად, - მე მხედველობაში მაქვს: წყნარი ოკეანის ზონა, ასევე აფრიკული ქვეყნები, ლათინური და ცენტრალური ამერიკის ქვეყნები. თანდათანობით გავზარდეთ იმ ქვეყნების რაოდენობა, სადაც უკვე გვაქვს საელჩოები და ბევრი ქვეყნიდან დაფარვის არეალი”.

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები - აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი -დამოუკიდებელ ქვეყნებად რუსეთმა, აგვისტოს ომის კვალდაკვალ, 2008 წლის 26 აგვისტოს აღიარა. ეს გადაწყვეტილება მსოფლიოს რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა ამცნო და იქვე დასძინა, რომ ასეთია მოსკოვის მიერ შექმნილი, შეუქცევადი ”ახალი რეალობა”. მართალია, მას შემდეგ იმავე გადაწყვეტილებას იმავე მედვედევმა არაერთხელ უწოდა ”რთული” და ”მძიმე”, მაგრამ რუსეთი ყველასაგან დაუფარავად აქტიურად ცდილობდა ეპოვნა რაც შეიძლება მეტი ქვეყანა, რომლებიც მას მიბაძავდნენ და იგნორირებას გაუკეთებდნენ საერთაშორისო სამართალს. ამისათვის ის არც მოსყიდვას ერიდებოდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯუჯა კუნძული-სახელმწიფო წყნარ ოკეანეში, რომელიც მხოლოდ 14 ათას მცხოვრებს ითვლის, კრემლის ნებას 50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაჰყვა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2009 წლის დეკემბერში აღიარა. ამ დროისთვის კრემლის მიმბაძველთა რიგებში უკვე ირიცხებოდნენ ნიკარაგუა და ვენესუელა. ანალიტიკოსების აზრით, ამ ორ ქვეყანას, გადაწყვეტილების მიღებისას, ფინანსური და სამხედრო ინტერესების გარდა, ვაშინგტონის ძლიერი ზიზღი ამოძრავებდა.

რატომ ვერ მოახერხა მოსკოვმა შემოეკრიბა მეტი მომხრე?

ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ანალიტიკოსები საგანგებოდ აღნიშნავენ დასავლეთის ძალისხმევას არაღიარების პოლიტიკასთან დაკავშირებით. თუმცა არსებობს კიდევ რამდენიმე ასპექტი და მათ ჩვენთან საუბარში პოლიტოლოგი თორნიკე შარაშენიძეც ჩამოთვლის:

”ზოგ სახელმწიფოს თავად აქვს ანალოგიური პრობლემა სეპარატიზმისა და ამიტომ ასეთ სახელმწიფოებს არ უნდათ აღიარონ სეპარატიზმი სხვაგან - ეს ერთი; მეორე - ბევრი სახელმწიფო ელემენტარულად არ ცნობს საზღვრების გადასინჯვას ძალადობის გზით. ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფო ამის წინააღმდეგია; და მესამე - ამერიკა აქტიურად ეწინააღმდეგებოდა აღიარების დიპლომატიას, რაც გაატარა რუსეთმა 2008 წლის შემდეგ. ასე იყო დასავლეთი მთლიანად, მაგრამ ამერიკის დიპლომატია მუშაობდა ამ მხრივ ძალიან აქტიურად, ბუნებრივია, ჩვენს დიპლომატიასთან შეთანხმებით”.

ანალიტიკოსების უდიდესი ნაწილი იზიარებს დასავლეთის ქვეყნების პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებლად უნდა გაგრძელდეს მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში, რადგანაც ეს არის ერთადერთი გზა რუსეთთან დიალოგისა უსაფრთხოებისა და ომის შედეგად დაზარალებული ადამიანების ჰუმანიტარული საჭიროებების გარშემო.