დღემდე საზოგადოების ყურადღების ცენტრში მხოლოდ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის სატელეფონო საუბრებისა და დასვენების თანხები მოხვდა, ახლა კი სამართალდამცველები ბანკ HSBC-ის ანგარიშზე განთავსებული თანხებითაც დაინტერესდნენ. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა დოკუმენტი, რომლის თანახმად, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა და მისმა მეუღლემ ბრიტანულ ბანკში ანგარიში დახურეს, რომელზეც 261,757.83 გირვანქა სტერლინგი (754,700.17 ლარი) ჰქონდათ.
როგორც ბაქრაძე ამტკიცებს, ეს თანხა მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით, ბაქრაძე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მისი სიმამრისგან სახლი ოფისისთვის საქართველოში შვეიცარიის საელჩომ იყიდა და შესაბამისად, თანხის გადამხდელს სწორედ საელჩო წარმოადგენს.
„2002 წლის 12 ნოემბერს საქართველოში შვეიცარიის საელჩომ შეიძინა კრწანისის ქუჩაზე მდებარე კერძო სახლი საელჩოს ახალი შენობისთვის. სახლის მესაკუთრე გახლდათ ჩემი სიმამრი, ლერი მეტრეველი. შეძენა გაფორმდა ყველა კანონიერი პროცედურის დაცვით (ნოტარიულად დამოწმებული ყიდვა-გაყიდვის აქტი თან ერთვის), გადახდილი იქნა ყველა შესაბამისი გადასახადი.
სახლის გაყიდვის შემდეგ ლერი მეტრეველმა გამოთქვა სურვილი, სახლის გაყიდვით მიღებული შემოსავალი სამომავლოდ დაეტოვებინა და გაენაწილებინა შვილიშვილებისათვის, რათა მათ შეძლებოდათ ამ თანხით სარგებლობა სრულწლოვანებას მიღწევის შემდეგ. შესაბამისად, აღნიშნული თანხა თავდაპირველად ინახებოდა მასთან, როგორც კანონიერ მესაკუთრესთან. 2009 წელს ლერი მეტრეველმა სთხოვა ჩემს მეუღლეს (მის შვილს), მაკა მეტრეველს, გაეხსნა რომელიმე საიმედო ბანკში გრძელვადიანი საპროცენტო ანგარიში, სადაც თანხა უსაფრთხოდ განთავსდებოდა ბავშვების სრულწლოვანებას მიღწევამდე“,- ნათქვამია ბაქრაძის განცხადებაში.
პროკურატურაში მოწმის სახით დასაკითხად დაიბარეს ბაქრაძის სიმამრიც, ლერი მეტრეველი დავით ბაქრაძის დაუსაბუთებული შემოსავლის ლეგალიზაციის საკითხზე დაიკითხა. მანამდე კი მედიასთან საუბრისას დაადასტურა, რომ მან დავით ბაქრაძესა და მაკა მეტრეველს 400 ათასი აშშ დოლარი საკუთარი სახლის გაყიდვის შემდეგ გადასცა.
ამ ისტორიაში გასაკვირი თითქოს არაფერია - კაცმა სახლი გაყიდა, თანხა კი შვილსა და სიძეს აჩუქა, თუმცა 2002 წელს მიღებული ფული ბრიტანული ბანკის ანგარიშზე მხოლოდ 2009 წელს აღმოჩნდა. სწორედ ამ პერიოდში იწყება მეტრეველის წარმატებული ბიზნესსაქმიანობაც.
ბაქრაძე სხვა დეპუტატებისგან ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ მისი ფინანსური შემოსავლები არასდროს გამხდარა განსჯის საგანი, თუმცა, მედიაში არაერთხელ გახმაურდა ინფორმაცია მისი სიმამრის წარმატებულ ბიზნესებზე.
ლერი მეტრეველს 50 პროცენტიანი წილი აქვს სამშენებლო კომპანია „ბელდ ინვესტში“, რომლის წლიური შემოსავალი დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაახლოებით 30 მილიონ ლარს შეადგენს. გამარჯვებულია რამდენიმე სახელმწიფო ტენდერში.
ლერი მეტრეველი 14-პროცენტიან წილს ფლობს შპს „ჯიშსაშენში“ - მან 2008 წლის ნოემბერში პრივატიზება გააკეთა და საკუთრებაში დაირეგისტრირა 950 ჰექტარი მიწის ფართობი დმანისის რაიონში.
რაც შეეხება შპს „ბელდ ინვესტს“, ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მას უამრავი ტენდერი აქვს მოგებული.
ასევე ლერი მეტრეველის სახელს უკავშირდება მინერალური წყლის კომპანია „ზვარეც“, სადაც ის ამ დრომდე, უცხელ პარტნიორებთან ერთად გარკვეულ წილს ფლობს.
ჩვენი წყაროს ცნობით, ოფიციალურად ლერი მეტრეველი არსად ფიგურირებს, მის ფირმებში ფორმალურად სხვადასხვა პირები არიან გაფორმებულები, რეალურად კი მათ დავით ბაქრაძის სიმამრი მართავს.
„ბელდ ინვესტამდე“ ლერი მეტრეველს სხვა სამშენებლო კომპანია „ელრიო“ ჰქონდა, სადაც საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50%-სფლობდა. კომპანია სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოებს ასრულებდა. მათ შორის, ტუმბოების, სარქველების, ონკანებისა და ლითონის კონტეინერების, დანადგარების შეკეთებას, ჩამდინარე წყლებთან დაკავშირებულ მომსახურებებს და სხვადასხვა სამუშაოს.
„ელრიომ“ 2009 წელს დაბა ხარაგაულში წყალსადენის ქსელის რეაბილიტაციის მიზნით გამართული ტენდერი მოიგო - 1,635 მილიონიანი პროექტი, მოგვიანებით, ცვლილების შემდეგ, დაახლოებით, 158 ათასი ლარით შემცირდა და წყალსადენის რეაბილიტაცია „ელრიოს“ 645 ათასი ლარი დაუჯდა. კომპანიამ კუთვნილი თანხა მიიღო, თუმცა ხარაგაულელებს წყლის მიწოდება მაინც არ გაუუმჯობესდათ და დაპირებული 24-საათიანი წყლის მიწოდებაც შეუსრულებელი დარჩა.
შპს „ელრიო“ იმავე პერიოდში ხარაგაულში ტროტუარების რეაბილიტაციის პროექტზეც მუშაობდა. რისთვისაც 230 ათასი ლარი მიიღო რეგიონული განვითარების ფონდიდან, თუმცა ადგილობრივების ინფორმაციით სამუშაო სანახევროდ შესრულდა.
სამუშაოების დასრულებიდან რამდენიმე თვეში კომპანიის რებრენდინგი განხორციელდა, „ელრიო“ საინფორმაციო ბაზიდან გაქრა - 2010 წელს დამფუძნებელ პარტნიორთა კრებამ ლერი მეტრეველს საკუთარი განცხადების საფუძველზე, თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყვიტა, შპს-ს დირექტორად ვინმე ბექა დევდარიანი დაინიშნა, კომპანიას კი სახელი გადაერქვა - „ბელდ ინვესტი“ გახდა. ლერი მეტრეველი კი მხოლოდ დამფუძნებელთა სიაში დარჩა.
2011 წელს „ბელდ ინვესტმა“ მორიგი ტენდერი მოიგო - პროექტი ამბროლაურის რაიონის ორ სოფელში (ჯვარისასა და ტოლაში) წყალსადენის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა (ღირებულება - 234 000 ლარი). რამდენიმე თვეში, ისევ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამების ფარგლებში, შპს „ბელდ ინვესტმა“ ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის მშენებარე უბნების გარე საკანალიზაციო სისტემის მოწყობა დაიწყო (პროექტის ღირებულება - 779 833 ლარი). 2012 წლის გაზაფხულზე „ქრისტიან–დემოკრატები“ აკეთებდნენ მწვავე განცხადებებს, რომ სამუშოები უხარისხოდ შესრულდა.
კომპანიამ 2012 წელს, კიდევ ერთ ტენდერში გაიმარჯვა და ბაღდათის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულება - 670,088 ლარს შეადგენდა და 2013 წლის ივლისში დასრულდა.
ასე რომ, ბრიტანულ ბანკში განთავსებული თანხები თავისუფლად შეიძლებოდა, სიმამრს წარმატებული ბიზნესიდან მიღებული მოგებიდანაც ეჩუქებინა ბაქრაძისთვის. სხვა საკითხია, რატომ დაინტერესდა დღევანდელი პროკურატურა ბაქრაძით და მისი სიმამრით და ეს რამდენად უკავშირდება ლერი მეტრეველის ბიზნესებს.