დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უელსში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, მისი მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი დაესწრნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა.
საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებისაგან ნატოს უელსის სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. „სამიტი მოახლოვდა. დღეს ჩვენ ის პოზიციები განვიხილეთ, რაც ნატო-საქართველოს პაკეტთან დაკავშირებით გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, პრეზიდენტს ამ საკითხებთან დაკავშირებით ყველა დეტალი მოვახსენეთ. სამიტზე წასვლამდე კიდევ გვექნება შეხვედრა, სადაც სამინისტროები ერთობლივ წინადადებებს წარმოადგენენ“ - განაცხადა ირაკლი ალასანიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ნატოს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს.