მანანა ბერიკაშვილის ნათესავი ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს გმირებს ეძახის

მანანა ბერიკაშვილის ნათესავი ბარბარე რაფალიანცის ოჯახის წევრებს გმირებს ეძახის

2012 წლის სექტემბრი ბოლო საღამო საქართველოში 10 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალებასთან ასოცირდება. დღეს აღარავინ დაობს, ჩვილი ქვევრში თავისით არ ჩავარდნილა და ვიღაცამ ჩააგდო. გამოძიებას პასუხი ორ შეკითხვაზე აქვს გასაცემი: ვინ და რა განზრახვით ჩასვა გოგონა ქვევრში? ასევე, პასუხგაუცემელია შეკითხვები: რა მოხდა რეალურად - წინასწარ განზრახული თუ შემთხვევითი მკვლელობა, ვინ იცოდა მექერიშვილ-რაფალიანცების სარდაფის და ქვევრის მდებარეობა?

2012 წლის ივლისში, კახეთში სტიქია მოხდა, წვიმამ და ქარიშხალმა ყველაფერი დააზიანა. ნიაღვარი მექერიშვილების სახლშიც შევარდა - პირველი სართული დატბორა, წყალი ქვევრებშიც ჩავიდა... ქვევრს, სადაც ბარბარე რაფალიანცი დამხრჩვალი იპოვეს, ოჯახი წლების განმავლობაში, პრაქტიკულად, არ იყენებდა. უცნობია, ამის შესახებ რამდენმა ადამიანმა იცოდა...

როგორც ოჯახის წევრები იხსენებენ, იმ საღამოს ბარბარეს სიცხე ჰქონდა, დედამ ბოთლიდან მაწონი აჭამა, მერე პირველ სართულზე, ოთახში დააძინა, ფანჯრები მიკეტა და ოთახის კარიც გარედან რკინის საკეტით გადაკეტა. თავად კი, მაღლა, მეორე სართულზე ავიდა სავახშმოდ. ვახშამს 4 ადამიანი ესწრებოდა - ბარბარეს დედა, მამა, პაპა და დეიდაშვილი...

დეიდა შინ არ იმყოფებოდა - მეზობლად, თანაპარტიელ აქტივისტებთან ერთად ქათმებს წვავდა და საარჩევნო პარტიულ დავალებებზე მსჯელობდა...

ალიბი, რომ ბარბარეს დედაც და დეიდაც, ჩვილის გარდაცვალების დროს, სხვა და სხვა ადამიანების გარემოცვაში იყვნენ, არსებობს. შესაბამისად, იმის თქმა, რომ მკვლელობაში დეიდის ხელი ურევია, არასერიოზულია...

სავარაუდოდ, ბარბარე რაფალიანცი ვიღაცამ საწოლიდან აიყვანა, სპორტულ ცისფერ ჩანთაში ჩასვა და იმ ქვევრში ჩააცურა, სადაც, წესით, წყალი არ უნდა ყოფილიყო, რადგან როგორც აღვნიშნეთ, ქვევრი უფუნქციო იყო...

მთავარი შეკითხვა, ამ შემთხვევაში, სწორედ ესაა: ვინ და რა მიზეზით ჩააცურა პატარა ბარბარე გაუქმებულ ქვევრში?

ფაქტი ერთია: თუ იმ  ვიღაცამ იცოდა, რომ გაუქმებულ ქვევრში სვამდა, ბავშვის დახრჩობა გამიზნული არ უნდა ჰქონოდა...

ამ შეკითხვას ორი სავარაუდო პასუხი აქვს:

პირველი - ბავშვის დაკარგვის გამო დედამ ჩოჩქოლი ატეხა და ძებნა დაიწყო, ვიღაცამ კი, ბავშვის დროულად მოშორების მიზნით, ბარბარე ქვევრში ჩააცურა და ქვევრის თავი ღია დატოვა, რათა პატარა არ გაგუდულიყო.

მეორე - ვიღაცამ, ვინც ბარბარე რაფალიანცი საწოლიდან აიყვანა, გამიზნულად ჩასვა ქვევრში, თუმცა რატომ?

ეს შეკითხვა კვლავ უპასუხოდ რჩება...

 

ჩანთა

ჩანთა ბარბარეს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში ქვევრში იპოვეს! საინტერესოა, ექსპერტ-კრიმინალისტებმა რატომ თავად არ გადაწყვიტეს ქვევრის სითხისგან დაცლა, ანუ წყლის ამოხაპვა? ტრაგედიიდან შვიდი თვის განმავლობაში ქვევრში სითხე კვლავ იყო, ფსკერზე კი, ის სპორტული ჩანთა ეგდო, რომელიც ოჯახის წევრთა განცხადებით, არც ერთ მათგანს არ ეკუთვნის... რა შეიცვლებოდა მაშინ, თუ გამოძიება შვიდი თვით ადრე ნახავდა ქვევრის საძირკველს? - ამ შეკითხვაზე პასუხი მხოლოდ საგამოძიებო უწყებებმა უნდა გასცენ...

ორი წლის განმავლობაში, ისმის დეპუტატ გიორგი ღვინიაშვილის დაჟინებული მოთხოვნა, რომ რაფალიანცის საქმე დროულად იქნას გამოძიებული...

შეგახსენებთ: ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ღამეს, პირდაპირი ეთერით, კულტურის მინისტრის ამჟამინდელი მოადგილის და მაშინ გურჯაანის “ოცნების” მაჟორიტარ მანანა ბერიკაშვილის განცხადება ისმოდა, რომელიც ბრალდებებს შეიცავდა. ამის გამო, გიორგი ღვინიაშვილს არაერთმა ადამიანმა მკვლელი უწოდა. ამავდროულად, მანანა ბერიკაშვილმა დასძინა, ეს მკვლელობა უნდა იყოს უკანასკნელიო, თუმცა ეთერში ისმის, თუ როგორ ეკითხებიან ადამიანები ერთმანეთს: ცოცხალია?

იმ ღამეს შესაძლოა, ის ვერსიაც გაჩენილიყო, 10 თვის ჩვილი ქვევრამდე თავად მიჩოჩდა, მაგრამ...

ორი წელია, ისმის მექერიშვილ-რაფალიანცების ოჯახისა და თავად გიორგი ღვინიაშვილის დაჟინებული მოთხოვნა, რომ საქმე დაუყონებლივ იქნეს გამოძიებული...

რამდენიმე დღის წინ, ანუ მას შემდეგ, რაც “ქართული სიტყვის” წინა ნომერში, ბარბარეს ბებიისა და დეიდის ინტერვიუ გამოქვეყნდა, მანანა ბერიკაშვილის ბიძაშვილის, სოსო ბერიკაშვილის მეუღლემ, მექერიშვილ-რაფალიანცების მოთხოვნას გიორგი ღვინიაშვილის მოთხოვნის იდენტური უწოდა. როგორც ბარბარეს ბებიის, თინა მექერიშვილისაგან გახდა ცნობილი, ბერიკაშვილებს რაფალიანცების განცხადებები ძალიან აღიზიანებთ.

“დავინახე, თვალი მოვკარი სოსო ბერიკაშვილის მეუღლეს, მოტრიალდა და ხელებით ასე მომმართა, გეგონება თვალებში უნდა ჩაგწვდესო: ყოჩაღ, გმირები ხართო. დავიბენი უცებ. რის გმირი ვარ, შვილიშვილი მომიკლეს და გმირიც მე ვარ?“ - აცხადებს ბარბარეს ბებია.

საინტერესოა, რა არის გასაღიზიანებელი:

ის, რომ ოჯახი და ადამიანი, ვისაც იმ ღამეს მკვლელი უწოდეს დაუყონებლივ სიმართლის გაგებას ითხოვს?

არავინ იცი, როდის გაიხსნება რაფალიანცის მკვლელობა, თუმცა ამბობენ, რომ საქმე გახსნილია. ქალი კი, რომელმაც მკვლელობა ბავშვის გარდაცვალეიდან რამდენიმე წუთში საკუთარი განცხადებით გახსნა და უდანაშულობის პრეზუმცია დაარღვია, დღეს კულტურის მინისტრის მოადგილეა...