საქართველოში მანქანების ბიზნესი მოკვდა?!

საქართველოში მანქანების ბიზნესი მოკვდა?!

მსოფლიოს განვითარებად ქვეყნებში მცირე ბიზნეს-საქმიანობა ბევრისთვის შემოსავლის ერთადერთი და მუდმივი წყაროა. საქართველოშიც ასე იყო, მაგრამ ამიერიდან .. ავტოდილერებს, მინიმუმ, პროფესიის შეცვლა მოუწევთ, რადგან აზერბაიჯანში უკვე ამოქმედდა კანონი, რომლითაც მეზობელი ქვეყანა მოძველებული მანქანების შესყიდვაზე უარს ამბობს. არასამთავრობო ორგანიზაციაგზა, მძღოლი და სამართალისექსპერტი რეზო ველიჯანაშვილი ქართულ სიტყვასთანსაუბრისას, ავტოდილერების უფლებებს იცავს და მთავრობას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:

 

- მეზობელმა აზერბაიჯანმა საქართველოდან იმპორტირებულ ავტომობილებზე შეზღუდვები დააწესა, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანში მხოლოდ 2005 წელს ზემოთ წარმოებული ავტომობილების ექსპორტიღაა შესაძლებელი. არადა, აზერბაიჯანი ქართველი ავტოდილერების ძირითადი პარტნიორი იყო. ასე რომ, ამ ახალი კანონით ქართულმა მხარემ მნიშვნელოვნად იზარალა, ანუ ჩვენს ავტოდილერებს, ძალიანაც რომ უნდოდეთ, გასაყიდად ძველ მანქანებს ვეღარ შემოიყვანენ. აზერბაიჯანი, ცხადია, თავის  ინტერესებს იცავს - ნახა, რომ საქართველოში ბევრი ძველი ავტომანქანა შემოდიოდა, რომელიც აზერბაიჯანში საღდებოდა. ამიტომ, აღარ უნდა, ქვეყნიდან ამდენი ფული გავიდეს და ხელთ ამორტიზირებული მანქანები შერჩეს. ამასთან, ოფიციალურმა ბაქომ ეკოლოგიაზეც იზრუნა და ამით ერთი კარგი საქმე გააკეთა: რაკი საზღვარი თვითონ ჩაკეტა, აზერბაიჯანელები ვეღარც იმას გაბედავენ, რომ ჩვენთან ტონობით ჯართი შემოიტანონ.

- ბატონო რეზო, ასეა თუ ისე, ავტოდილერებს ბიზნესი ჩაუვარდათ. არადა, მათ უკან ოჯახები დგანან და, შემოსავლის წყარო რომ აღარ ექნებათ, რა უნდა ქნან?

- საერთოდ, აზერბაიჯანი, თავისი შიდა პოლიტიკიდან გამომდინარე წყვეტს, თუ როგორი მდგომარეობა უნდა ჰქონდეს ქვეყანაში, ეს ბაქოს სუვერენული უფლებაა და ამაში, ცხადია, ვერ ჩავერევით. ახალი და გამართული მანქანების ქვეყნის ეკონომიკურ დონეს განსაზღვრავს, თუმცა ის, რომ მეზობელი ქვეყნები ძველი  ევროპული მანქანების შეყვანას კრძალავენ, ჩვენი ინდმეწარმეებისთვის დიდი ფინანსური დარტყმაა. აქამდე მათ ჩამოჰყავდათ ძველი მანქანები, რომელთა შეკეთებაზე ცოტა ეხარჯებოდათ და მერე, ძირითადად, აზებაიჯანელებზე ყიდდნენ, ამით კარგ ფინანსურ მოგებას ნახულობდნენ. ახლა კი, კანონმდებლობა შეიცვალა და ფინანსური ზარალი მხოლოდ ინდმეწარმეებს კი არა, ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტსაც ემუქრება. ჩვენს ავტოდილერებს წინასწარ რომ სცოდნოდათ, აზერბაიჯანი ამ კანონს იღებდა, იაფფასიან მანქანებს აღარ შემოყრიდნენ. ახლა კი, ამ ადამიანებმა არ იციან, რა გზას დაადგნენ - იმის გამო, რომ ბიზნესი ჩაუვარდათ, კომპენსაციას ვერავის მოსთხოვენ. 

- გასაგებია, რომ ახალი მანქანა ძველს ჯობია, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანში ჩვენზე უკეთესი ეკონომიკური მდგომარეობაა, სიძვირის გამო, ახალი ავტოს ყიდვას ბევრი მაინც ვერ შეძლებს...

- დიახ, გეთანხმებით, რომ ახალი მანქანა კარგია, მაგრამ ამისთვის ქვეყნის ეკონომიკა გამართული უნდა იყოს და მოსახლეობას ახალი ავტომობილის ყიდვის საშუალება ჰქონდეს.

რაც შეეხება აზერბაიჯანს, ამ მხრივ იქ საქმე გაცილებით უკეთესადაა და ეკონომიკაც ფეხზე მყარად დგას. როცა გაიგეს, რომ აზერბაიჯანმა საზღვარი ჩაკეტა, ეს ავტოდილერებისთვის შოკური თერაპიასავით იყო.

- ბატონო რეზო, როგორც ვიცი, საზღვრის ჩაკეტვას სომხეთიც აპირებს...

- მეზობელი სომხეთი, რომელიც ჩვენი ერთ-ერთი ექსპორტიორია, მომავალ წელს ევრაზიულ კავშირში აპირებს გაწევრიანებას. ამის შემდეგ, ყაზახეთის მსგავსად, სომხეთშიც ამოქმედდება ევრაზიული კავშირის საბაჟო სისტემა და, შესაბამისად, მისი ბაზარი ჩვენთვის ხელმიუწვდომელი გახდება, მაგრამ მთავარი აქ სხვა რამეა, კერძოდ: სომხეთი და აზერბაიჯანი საქართველოს ტრანზიტით სარგებლობენ. მათ უკვე ჰყავთ ავტოდილერები, რომლებიც ევროპაში უპრობლემოდ დადიან. საბაჟო გადასახადს იმდენად უმნიშვნელოს იხდიან, არ მგონია, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მომგებიანი იყოს. ახლა აზერბაიჯანელ ავტოდილერებს მანქანები განუბაჟებელი ჩამოჰყავთ, საზღვარზე უმნიშვნელო თანხას იხდიან და გამოდის, რომ საქართველოს მხოლოდ ტრანზიტული ქვეყნის ფუნქციაღა ეკისრება. იმაზეც უნდა დავფიქრდეთ, ასეთი ლიბერალური პოლიტიკა ჩვენს მხარეს რა სარგებელს მოუტანს. აქამდე ასე იყო: ინდმეწარმეს, რომელსაც მანქანა ჩამოჰყავდა, ფული ქვეყნის ბიუჯეტში შეჰქონდა, ახლა კი, ზემოხსენებული პოლიტიკით, ავტოდილერების მსგავსად, ქვეყნის ბიუჯეტიც დაზარალდება.

- ასეთი ლიბერალური პოლიტიკა იმის შედეგია, რომ ხელისუფლებას მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობის გაფუჭება არ უნდა?

- დიახ და ჩვენი ხელისუფლება ჩუმად, ალბათ, ამიტომაცაა, მაგრამ როგორ უნდა უსაყვედურო აზერბაიჯანის მხარეს, რომელიც გეუბნება, ჩამოიყვანე ტექნიკურად გამართული მანქანა და პრობლემა არ იქნება, შევიძენო? აზერბაიჯანელმა ინდმეწარმემ, რომელსაც მანქანა ფოთის პორტში ჩამოჰყავს, წესით, იმდენი უნდა გადაიხადოს, რამდენსაც ქართველი ავტოდილერი იხდის. ამიტომ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც ჩვენ შეგვიძლია, ისაა, რომ ტრანზიტულ ტვირთებზე უფრო მეტი გადასახადი დავაწესოთ. ეს შეფარული პოლიტიკა უნდა იყოს, რომელიც  ეკონომიკურ პაკეტში ჩაიდება. ახლა, ავტოდილერს 10 მანქანა მოჰყავს, მაგრამ ერთის საფასურს იხდის. ამიერიდან კი, ასე აღარ უნდა იყოს. ბაზარზე მანქანების რაოდენობა იმიტომ შემცირდა, რომ მყიდველები აღარ არიან.

- გაზაფხულიდან, ავტომანქანების ტექნიკური დათვალიერება ჩვენთანაც იწყება, რასაც ძველი მანქანების ლიკვიდაცია მოჰყვება, არა?

- როცა შენ ძველი მანქანა ახალ კანონმდებლობაზე მორგებული არ იქნება, იძულებული გახდები, ძველი ახლით შეცვალო. ზოგი ფიქრობს, რომ მანქანის ნაწილებს განაახლებს, მაგრამ ეს გამოსავალი არაა, რადგან ნაწილების ცალკეულად ყიდვა შეიძლება, გაცილებით ძვირი დაჯდეს. ამიტომ, ქვეყანამ ჯერ თავისი მოქალაქეების შესაძლებლობებზე უნდა იფიქროს, ეკონომიკური პირობები გააუმჯობესოს, ხალხი დაასაქმოს და ტექნიკურად გამართული მანქანების შეძენა მერე მოსთხოვოს.

- თუ სახელმწიფო არ დამასაქმებს, რა ვქნა, ავტომანქანაზე უარი ვთქვა?

- ძველი მანქანების მფლობელებს სხვა კრიტერიუმებს მოსთხოვენ, რადგან ყველამ კარგად იცის, ახალ მანქანას ასე უცებ ვერავინ შეიძენს. დღეს საქართველოშო 900 000 მანქანაა, აქედან 600 000-მა ტექდათვალიერება რომ ვერ გაიაროს, ეს რას ნიშნავს? - ეს მანქანები ვეღარ გადაადგილდებიან,  მძღოლები საწვავს აღარ შეიძენენ, რაც ჩვენს ეკონომიკას პირდაპირ დაარტყამს. სხვათა შორის, ბოლო დროს შეიმჩნევა, რომ უცხოელები თავიანთ ბიზნესს ყიდიან და ქვეყნიდან გადიან. ინვესტიციები ნაკლებად შემოდის. ხალხში ფული აღარ ტრიალებს, ამიტომ ბიზნესი არ ყვავის. მხოლოდ კვების პროდუქტები იყიდება... ხალხი ისედაც გაჭირვებულია და ავტოდილერებს პრობლემები მეხივით დაეცათ.

მართალია, საავტომობილო პარკის განახლება ძალიან კარგია, მაგრამ ამ კუთხით სახელმწიფო პოლიტიკა გადასახედია. საერთოდ, მანქანების ბიზნესი სერიოზული რგოლია. ქვეყნის ეკონომიკაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს სატრანსპორტო საშუალებების არსებობა. წლების წინ, როცა ქვეყანა ინგრეოდა და სიბნელეში ვისხედით, მაშინაც კი არ გაჩერებულა საავტომობილო ტრანსპორტი. მესმის, რომ ტრანსპორტის ყველა სფერო კერძო საკუთრებაში გადავიდა, მაგრამ სახელმწიფო პოლიტიკა უფრო ქმედითი უნდა იყოს. ტრანსპორტელების მიმართ სხვანაირი დამოკიდებულება უნდა არსებობდეს. ეს პრობლემა ბიზნესმენებმა და ეკონომისტებმა უნდა მოაგვარონ. მაშინ ქვეყანასაც ეშველება და ხალხსაც.