როგორ ჩნდებიან, ვის იცავენ და რა უნდათ თანამედროვე ციციკორეებს

როგორ ჩნდებიან, ვის იცავენ და რა უნდათ თანამედროვე ციციკორეებს

არცთუ დიდი ხნის წინ, ირანში ქალი ჩაქოლეს - აბობოქრებული ბრბო ქვებს ესროდა. ამ ბრბოში ქალებიც იყვნენ, კაცებიც და ბავშვებიც. პატრიარქალურ მუსულმანურ სამყაროში ქალის ჩაქოლვის ინსტიტუტი დღესაც მოქმედებს, რასაც სოცქსელებში მძაფრად ეხმაურებიან ხოლმე და უკლებლივ ყველა აღშფოთებას გამოხატავს. ორთოდოქ მუსულმანურ სახელმწიფოებში ჯერ კიდევ შუასაუკუნეებრივი სიბნელეა და იქაური საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ჩაქოლვა ნორმაა. სამწუხაროდ და საუბედუროდ, საქართველოშიც არსებობს საზოგადოების მცირე ჯგუფი, რომელიც ჯერ კიდევ შუასაუკუნეებრივ სიბნელეშია. ასე, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ, კახეთის ერთ-ერთ სოფელში მკვლელის დები (აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები) სოფელში არ შეუშვეს და მოსახლეობა იმუქრებოდა, სახლ-კარს გადავუწვავთ, დედაბუდიანად ამოვბუგავთ... ერთი სიტყვით, დები სოფლიდან მოკვეთეს, პოლიციის თანამშრომლები კი ხელებს შლიდნენ, რა ვქნათო... შემდეგ, “კაზანტიპისელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ატყდა დავიდარაბა - მღვდლებმა, ერთგულ მრევლთან ერთად, გულზე მჯიღების ცემით, ანაკლიაში, “სატანისდასამარცხებლად, ლაშქრობა მოაწყვეს. რამდენიმე დღის წინ კი, ზუგდიდის გამგებლის ახლადდანიშნული მრჩევლის, 22 წლის გოგონას წინააღმდეგ გამოვიდნენ ადგილობრივები და თითქმის კახპად მონათლეს... მსგავსი მოვლენები ისე გახშირდა, რომ თუ წერტილი დროზე არ დაესვა, შორს არ არის ის დრო, როცა სოფელი ვინმეს ვირზე უკუღმა დასვამს და შეიძლება, ჩაქოლვის მოწმენიც გავხდეთ. რა არის ამ წრეგადასული აგრესიის მიზეზი და თანამედროვე ციციკორეები რას, ვისგან იცავენ და, საერთოდ, რა უნდათ? - ამ საჭირბოროტო თემაზექართული სიტყვაპოლიტოლოგსა და ფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

 

- ბატონო რამაზ, საუბარს ბოლო ინციდენტით დავიწყებ: 22 წლის გოგონა, რომელიც ზუგდიდის გამგებლის მრჩევლად დაინიშნა, ლამის ანათემას მხოლოდ იმიტომ გადასცეს, რომ კაზინოში კრუპიედ მუშაობდა და დეკოლტეს ატარებს. “ანათემის ობიექტი”, მართლაც, ლამაზი გოგონაა და რატომღაცნატვრის ხიდანციციკორე და გაავებული ბრბოსგან ტალახში ამოსვრილი სილამაზე გამახსენდა. შეიძლება, უტრირებას ვახდენ, მაგრამ ფაქტია: ადამიანები გაბოროტდნენ და ყველას, ვინც მათი აზრით, ტრადიციას, ზნეობასა და რწმენას პატივს არ სცემს, ან ვნებს, ღმერთისა და ქართველობის სახელით სჯიან. სიტყვა გამიგრძელდა, მაგრამ თემაც დიდია. მოკლედ, როგორც ფსიქოლოგი, რას იტყვით, ხალხში აგრესია რატომაა დაგროვილი?

- ცოტა შორიდან დავიწყებ და 17 მაისს გავიხსენებ, როცა ქუჩაში “ტაბურეტკებით” შეიარაღებული ადამიანები გამოვიდნენ. მათ, მართლაც, ღრმად სწამდათ, რომ ქართველობას, ტრადიციას, რწმენას და ა.შ. იცავდნენ - “ელგებეტეების” ღია გამოჩენა ისე მიიღეს, როგორც საფრთხის შემცველი გამოწვევა და ის აგრესია, რომელიც მაშინ გამომჟღავნდა, რაღაც ახლის, ინოვაციურისგან თავდაცვითი რეაქცია იყო.

- ანუ, “ელგებეტეისე იყო აღქმული, როგორც ინოვაცია?

- ინოვაცია ყოველთვის კარგს არ ნიშნავს. “ელგებეტე” საზოგადოების ნაწილს ამერიკანიზმის მთავარ შემადგენელ ნაწილად მიაჩნია და შესაბამისად, ინოვაციაა. “ელგებეტე”-ს თავი რომ დავანებოთ, ნებისმიერი პოზიტიური სიახლე, რომელიც სიკეთის მომტანი და მაღალზნეობრივი კატეგორიების იქნება, საზოგადოების ამ ნაწილისთვის მაინც ეჭვქვეშ დადგება და მიუღებელი მხოლოდ იმიტომ იქნება, რომ მისთვის უცხოა.

- ქართული ანდაზისა არ იყოს, შეუჩვეველს შეჩვეული ჭირი ჯობია, არა?

- ზუსტად ასეა. ეს გამოთქმაც საქართველოს რთული, ძნელბედითი ისტორიის ნაწილია და, როგორც ხედავთ, დღემდე მუშაობს, მაგრამ არსი გაცილებით ღრმა და რთულია. საერთოდ, კრიზისების შემდეგ, ადამიანი სიახლისკენ კი არა, თავდაცვისაკენაა ორიენტირებული. ალბათ, ხშირად გსმენიათ ფრაზა - “ქართველობას გვართმევენ!” საუკუნეებია, ქართველი ქართველობის შესანარჩუნებლად და ქართული ტრადიციების დასაცავად იბრძვის და ბრძოლის ეს პათოსი ეროვნული მენტალობის ნაწილი გახდა.

დღეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი დაბნეულია, საფრთხის განცდა აქვს და ამ საფრთხის აცილება, თავის გადარჩენა უნდა, მაგრამ არ იცის, როგორ. არც ის იცის, თუ ვის, რას, როგორ ებრძოლოს და თავი როგორ გადაირჩინოს.

- ყოველივე ეს რისი შედეგია?

- ხანგრძლივი, უწყვეტი კრიზისის შემდეგ, ადამიანს რაციონალური აზროვნება არ შეუძლია და მისით მანიპულირება ძალიან ადვილია.

- ხანგრძლივ კრიზისად ბოლო ათწლეულები, პოსტსაბჭოთა პერიოდი მიგაჩნიათ?

- კრიზისი კომუნისტების რეჟიმის დროს დაიწყო, როცა ხალხს ინტერნაციონალიზმს ახვევდნენ და ეროვნული თვითმყოფადობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა. დღეს იგივე ტიპის დამოკიდებულებასა და შიშს აჩენს გლობალიზაცია, რომელიც “ნაცმოძრაობამ” დიდი პათოსით მოიტანა.

თუ კომუნისტების დროს ქართველი ეკლესიაში ჩუმად დადიოდა, სანთელს ანთებდა, ლოცულობდა და ეროვნულ თვითმყოფადობას მხოლოდ ასე იცავდა, დღეს უკვე ღიად და ხმამაღლა შეუძლია გამოხატოს თავისი პოზიცია, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, 17 მაისით დაწყებული, “კაზანტიპით” დამთავრებული, სასოწარკვეთილი ადამიანის რეაქცია გახლავთ, ადამიანისა, რომელიც დაბნეული და შეშინებულია.

- ბატონო რამაზ, გლობალიზაცია ისეთივე ნეგატიურ კონტექსტში ახსენეთ, როგორც ინტერნაციონალიზმი, რატომ?

- როგორც ერთმა მეცნიერმა აღნიშნა, გლობალიზაცია სტიქიაა, რომელსაც თავს ვერავინ დააღწევს. ეს ძალიან ვრცელი თემაა, რაზეც საერთაშორისო კონფერენციები იმართება და მეცნიერები კამათობენ. უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის, ადვილად ხელმისაწვდომი საინფორმაციო არე და კომუნიკაცია გლობალურ სივრცეს ქმნიან, რომელშიც წამყვან პოზიციებზე დიდი და ძლიერი ერები და ქვეყნები არიან.

- მოდით, ისევ ჩვენი პოსტკრიზისული საზოგადოების ახალ ციციკორეებს დავუბრუნდეთ...

- ეს ხალხი, თავისთავად, მსხვერპლია, რადგან მიაჩნია, რომ იცავს ქართულ ტრადიციას, თვითმყოფადობას და ვერ ხვდება, რომ ქართულ ტრადიციებსა და თვითმყოფადობას ამგვარი დაცვა არ სჭირდება. ამგვარი საქციელი ძირითადად ისეთ ერს ახასიათებს, რომელიც თავისთავში დარწმუნებული არაა.

- ანუ, კომპლექსიანი ერი ვართ?

- ქართველ ერს ასეთ რამეს ვერ შევბედავდი. უბრალოდ, ვიტყვი, რომ თავისთავში დარწმუნებული ერი ბევრ რამეს გაატარებს და სხვას არ დაუშლის, ისე იცხოვროს, როგორც უნდა, ის ჩაიცვას, რაც უნდა და ა.შ. თავისთავში დარწმუნებული ერი შინაგანად თავისუფალია და ამიტომ, არც სხვის თავისუფლებას ზღუდავს.

დღევანდელი ქართული საზოგადოებისთვის, ყოველ შემთხვევაში, მისი დიდი უმეტესობისთვის, პირველ რიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ინტელექტუალური ზრდა და საკუთარი ისტორიის ცოდნაა. აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველო ქრისტიანულ ეპოქამდეც ძალიან დიდი ისტორიის და კულტურის მატარებელი იყო და მოდით, ამას ხაზს ნუ გადავუსვამთ. სხვა დიდი ერები თავიანთი წინაქრისტიანული ისტორიით, კულტურით ამაყობენ და ეს ნორმალურია.

ნუ დავივიწყებთ, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელმაც ბრწყინვალედ შეითვისა სპარსული პოეზია, ანტიკური კულტურა, ფილოსოფია, ქრისტიანული რელიგია და შობა რუსთაველი. “ვეფხისტყაოსნის” ქვეყანაში როგორ შეიძლება, რომ ქართველი კაცი ქალის სილამაზითა და სულიერი სიმაღლით მოხიბლული არ იყოს და მის წინაშე მოწიწებით მუხლს არ იდრეკდეს? ქართველი კაცი რაინდია და ესაა მისი ეროვნული მენტალობა. დაგვავიწყდა, ვინ ვართ?! დაგვავიწყდა, საიდან მოვდივართ და რა დიდი კულტურის მატარებელი ერი ვართ? - დაგვავიწყდა, არ ვიცით და ამიტომაც აღარ ვართ საკუთარ თავში დარწმუნებული ერი. ქართველი ერისთვის უცხო სწორედ რადიკალური კონსერვატიზმია.

- რადიკალური კონსერვატიზმისკენ გვიბიძგებენ, უფრო სწორად, თავს გვახვევენ გარკვეული ეკლესიური ადამიანები. საერთოდ, ეკლესია დოგმებით აზროვნებას ითხოვს...

- რადიკალური კონსერვატიზმი მე-12 საუკუნეში რომ ყოფილიყო, რუსთაველი არ გვეყოლებოდა. საქართველო ის ქვეყანაა, სადაც ქრისტიანობამდე წარმართობა არსებობდა, თუმცა დღეს ამაშიც კონსერვატორები გავხდით და ვამბობთ, საქართველო ქრისტიანობით იწყებაო.

თავს მრავალხმიანი სიმღერებით რომ ვიწონებთ, ნუ დაგვავიწყდება, რომ ეს სიმღერები წარმართულ საქართველოში იშვა და იმ დიდი კულტურის ძეგლია. იმით თავმოწონებას, რომ ქრისტიანობამდე ძალიან დიდი კულტურა გვქონდა, ვერ ვბედავთ და ეს სამწუხაროა. ეს ვერგაბედვა და შიში ერისთვის დამამცირებელია.

გარდა ამისა, სექსუალურ ცხოვრებასა და ქალთან ურთიერთობაში მეტი თავისუფლება იყო; შორს არ წავალ და წაწლობის მაგალითს მოვიყვან, რომელიც წარმართული ეპოქიდან მოდის და მთაში დღემდე შემორჩენილია. რა, უნდა დავგმოთ და დავმალოთ? რატომ?! რა არის ამაში დასაგმობი, ან რატომაა დასამალი?

რაც შეეხება დღევანდელ ეკლესიას, მინდა გითხრათ, რომ ძალიან რთულ და მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა და ეს ხალხმა, მრევლმა დამართა.

- რა გაქვთ მხედველობაში?

- დღეს თითქმის ვერ ნახავთ ახალგაზრდას, რომელსაც მოძღვარი არ ჰყავს და მას არ ეკითხებოდეს, რა დაესიზმროს. ეკლესიის მსახურიც ჩვეულებრივი ადამიანია, ფრთები არ აქვს და ანგელოზი არ არის. ჰოდა, ამ ჩვეულებრივ ადამიანს თითქმის ძალად აკიდეს უდიდესი პასუხისმგებლობა.

მოგეხსენებათ, კომინისტური რეჟიმის დროს, ეკლესია შეზღუდული იყო, არ ჰქონდა თავისი ნიშა. ნებისმიერ ქყვეყანაში რელიგია მორალის დამცველია და ეს ნიშა აქვს დაკავებული. კომუნისტების დროს მორალს, ზნეობას, კულტურას და ყველაფერს რეჟიმი აკონტროლებდა, რადგან აბსოლუტურად ყველაფერი კომუნისტური იდეოლოგიით ისაზღვრებოდა და გადაცდომა ისჯებოდა.

კომუნისტური რეჟიმის ნიშა გამონთავისუფლდა და ეს ნიშა მთლიანად რელიგიამ ჩაანაცვლა. მკითხავთ, რატომ? - იმიტომ, რომ საზოგადოებას ქვეცნობიერის დონეზე ჰქონდა მოთხოვნა, რომ კონტროლის ქვეშ ყოფილიყო და თუ ამ ფუნქციას ეკლესია აიღებდა, ამაზე უკეთესი რა უნდა ყოფილიყო?!

- ძალიან ხშირად გამიგონია მრევლისგან, ერს მწყემსი სჭირდებაო...

- დიახ, სწორედ ამ როლს, ამ ფუნქციას აკისრებს მრევლი ეკლესიას. შეიძლება, ძალიან მკვეთრი ნათქვამია, მაგრამ ეკლესია, პრაქტიკულად, მრევლის მძევალი გახდა. ეკლესიას აბსოლუტურად სწორი პოზიცია უკავია - მორალის დამცველია, მაგრამ მორალს გამძაფრებული ემოციური ფონით - სკამებით შეიარაღებული იცავს. ხაზს ვუსვამ: ეკლესიის პოზიცია სწორია, მაგრამ შეცდომას მოქმედებაში უშვებს. დარწმუნებული ვარ, ეს შეცდომები გამოსწორდება.

- ბატონო რამაზ, საქართველოში უმუშევრობაა, ზუსტი სტატისტიკა არ ვიცი, მაგრამ უმუშევრობის მაჩვენებელი რომ ძალიან დიდია, ფაქტია. ისიც ვიცი, რომ ადამიანების ნაწილი, როგორც სამსახურში, ისე დადის ყოველდღე ეკლესიაში. სამუშაო ადგილები რომ იყოს, მაშინ როგორი ვითარება იქნებოდა?

- ნებისმიერი სამუშაო ადამიანს რაციონალური აზროვნებისკენ წარმართავს და ემოციების ადგილი ნაკლებად რჩება. ასეთი ემოციურები და სენტიმენტალურები, როგორც დღეს ვართ, არასოდეს ვყოფილვართ. ასეთები გავხდით საქართველოს ისტორიის რაღაც პერიოდში. მაგალითად, რუსეთის იმპერიის დროს, თავადები სადღეგრძელოებზე დახარჯული ემოციებით ცხოვრობდნენ, რადგან საკეთებელი აღარაფერი დაუტოვეს.

სამსახური და, ზოგადად, სამუშაო ადამიანს თვითრწმენას მატებს, თავს რეალიზებულად გრძნობს, საკუთარი თავის მიმართ პატივისცემა აქვს და შესაბამისად, პატივს სხვასაც სცემს.

- ანუ, როცა დაკავებული ხარ, კომპლექსების ადგილი აღარ რჩება?

- რა თქმა უნდა, როცა მუშაობ და დატვირთული ხარ, არც კომპლექსის, არც დეპრესიის და არც ყალბი ემოციის ადგილი გრჩება.