ამ საკმაოდ სკანდალური, მაგრამ კარგად გასაიდუმლოებული და “დაობებული” საქმის მასალების გამოქვეყნება მინდა, დავიწყო ერთი, ასე ვთქვათ, ისტორიით და დავსვა რიტორიკული კითხვა: ინგლისელმა იურისტმა, თუ სწორად მახსოვს გვარ-სახელი, დევიდ სლეიდმა, ოქსფორდის უნივერსიტეტში გააკეთა სადოქტორო დისერტაციის პრეზენტაცია. თემის სახელწოდებაა - “კანონიერი ქურდები საქართველოში”. გარდა იმისა, რომ ასეთ ცნებას - “კანონიერი ქურდები” - ევროპის (მსოფლიოსიც) სამართალწარმოება არ იცნობს და, ცოტა არ იყოს, უცნაურია ინგლისელი იურისტის არჩევანი, საყურადღებოა კიდევ ერთი რამ: დევიდ სლეიდმა პრეზენტაცია გახსნა სიტყვებით, - ყველა ქართველი მენტალობით კრიმინალია... ამ დისერტაციის დაწერაში ინგლისელს ქართველი პროფესორი გივი ლობჟანიძე ეხმარებოდა, რომლის საქმიანობის მთავარი მიმართულება ადამიანის უფლებების დაცვაა... და კიდევ ერთი, ევროპისა და ამერიკის იურისტებმა კარგად იციან, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც ე.წ. კანონიერი ქურდობის დამადასტურებელ სერტიფიკატს სასამართლო გასცემს... ღირდა კი ამისთვის სსკ-ში იმ მუხლის დამატება, რომელსაც კანონიერი ქურდობის მუხლი ჰქვია?
დიახ, სტატია, რომელსაც ქვემოთ წაიკითხავთ, ეხება ე.წ. კანონიერ ქურდებს, კონკრეტულად ერთ ადამიანს - ლაშა შუშანაშვილს. თქვენ პირველები გაეცნობით მასალებს, რომელიც ერთი საქმის ისტორიას ასახავს და ეს არის ნათელი დადასტურება იმისა, როგორ “იბრძოდა” ნაციონალური ხელისუფლება წესრიგის დასამყარებლად. სხვებისა არ ვიცი, მაგრამ, როცა მე საქმის ოთხტომეულს გავეცანი, რატომღაც “დათა თუთაშხიადან” დათას ტყეში ფირალად გავარდნის მომენტი გამახსენდა, როგორ შეუქმნეს მას პირობები და როგორ ჩამოაყალიბეს “ყაჩაღად”. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ეს გამახსენდა... კარგი, ამას თავი დავანებოთ და დავუბრუნდეთ მთავარს: ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ დაადასტურა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ე.წ. კანონიერი ქურდის მუხლი კარგი მუხლია და ეს მუხლი კანონში უნდა არსებობდეს, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის, ამერიკისა და არც აზიის და ზოგადად კონტინენტზე არსებული არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ ცნობს მსგავს ფორმურილებას, რასაც ჰქვია ე.წ. კანონიერი ქურდის, ასევე, ე.წ. ინსტიტუტი, სტრასბურგმა ჩათვალა, რომ საქართველოს კანონმდებლობაში ეს მუხლი უნდა არსებობდეს. ალბათ, საჩვენებლად და, ალბათ, ექსპერიმენტისთვის, რასაც ჩვენ კარგა ხნის წინ მიგვაჩვიეს, თორემ რას უნდა მივაწეროთ ის, რომ წყალსა და მეწყერს ატანენ კომუნისტების გადმონაშთ ყველაზე საუკეთესო იდეებსაც კი (მაგალითად, უფასო სწავლა, უფასო სამედიცინო მომსახურება და ა.შ.) და ყველაზე ცუდ კომუნისტურ გამოგონებას, ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსს კანონით აკანონებდე? თუ საქმე ისაა, რომ ამ მუხლის გარეშე ვერ უმტკიცებ ამა თუ იმ ადამიანს დანაშაულს, ეს უკვე სხვა თემაა და, პრინციპში, ნაციონალურმა ხელისუფლებამ 223-ე პრიმა მუხლი სწორედ ამის გამო რომ ჩაამატა სს კოდექსში და შემდეგ თავისი უვიცობა, უუნარობა კრიმინალთან ბრძოლის მუხლჩაუხრელი, დაუნდობელი ბრძოლის “მანტიაში” კარგად რომ გაახვია, შუშანაშვილის (სხვა საქმეებზე რომ არაფერი ვთქვათ) მიმართ წარმოებული საქმიდანაც კარგად იკვეთება.
რა საიდუმლოს ინახავს ლაშა შუშანაშვილის საქმე?!
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი - სისხლის სამართლის საქმე #090060045, ბრალდებისა გამო: ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილის, კახაბერ პავლეს ძე შუშანაშვილისა და გელა ნიკოლოზის ძე ლალიაშვილის მიმართ, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ორგანიზებული ჯგუფის მიერ გამოძალვის ფაქტზე. დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 233-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და 5-181 მუხლის მეორე ნაწილის “გ” და მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტებით. დაიწყო 18 იანვარი, 2006 წელი დამთავრდა 12 ოქტომბერი, 2011 წელი, ტომი პირველი.
გრიფი - ძებნილია, საპატიმრო.
წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათის მიხედვით, რომელსაც ხელს აწერენ გამომძიებელი მასხულია და პროკურორი ჭიღლაძე (ხელმოწერებთან თარიღი თვალშისაცემად გადაკეთებულია 2005 წელი 2006 წლად), ვიგებთ, რომ ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილის მიმართ სოდ-ი იწყებს კანონიერი ქურდობის ფაქტზე გამოძიებას. იურისტებმა ძალიან კარგად იციან, რას ნიშნავს საქმის ფაქტზე დაწყება, ანუ სოდ-მა უკვე იცოდა, რომ ლაშა შუშანაშვილი იყო კანონიერი ქურდი. ახლა მავანი იტყვის, რა თქვი ამით ახალი და სენსაციურიო, არც არაფერი, მაგრამ, როცა სამართალწარმოებაზეა საუბარი, მაშინ შესაბამისი მტკიცებულებებია საჭირო, მტკიცებულებები, რომლებიც უტყუარადაა დადასტურებული. კანონიერი ქურდობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქის მიმართ, ასე ვთქვათ, ჰარი-ჰარალეზე ვერ დაიწყებ გამოძიებას.
ლაშა შუშანაშვილის საცხოვრებელ ადგილად წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათში მითითებულია წყნეთი, გურამიშვილის #18/20. რეალურად (ოღონდ ფურცელზე და რატომ ფურცელზე, ამას ქვემოთ მოგახსენებთ) ლაშა შუშანაშვილის მისამართი იყო რუსთავი, მაიაკოვსკის ქ. #5/31. ყველა დოკუმენტში, გარდა წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათისა, რუსთავია მითითებული, ერთადერთი დოკუმენტია გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, სადაც წყნეთი ფიქსირდება შუშანაშვილის საცხოვრებელ ადგილად.
საქართველოს შსს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს მიერ 2006 წლის 14 თებერვალს 16:21:01 საათზე გაცემულ ცნობაში ვკითხულობთ, რომ ლაშა (იაშა) პავლეს ძე შუშანაშვილი არის კრიმინალური ავტორიტეტი, დაბადებულია 1961 წლის 25 ივლისს, რომ მისი პირადობის მოწმობის ნომერია “ლაშა” (არ შეიმჩნიოთ გაკვირვება, ასე წერია), რომ შუშანაშვილის მისამართია რუსთავი 5/31 და რომ ლაშა რუსტავსკი არის რუსეთის მოქალაქე. ანუ რუსეთის (და ნებისმიერი ქვეყნის) მოქალაქის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება რომ იქნას დაწყებული, ამისთვის აუცილებელია უტყუარად დადასტურებული მტკიცებულებები. დაკვირვებული თვალი შეამჩნევდა ხაზგასმას შუშანაშვილის მისამართის შესახებ და ბუნებრივად დაისმება კითხვა - თუ წყნეთია რეგისტრაციის ადგილი, რა შუაშია რუსთავი და პირიქით. საქმე ისაა, რომ შუშანაშვილი რუსთავში იყო რეგისტრირებული, მან 2002 წელს საქართველოს ხელისუფლებას მიმართა განცხადებით, რომ არის რუსეთის მოქალაქე და უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეობაზე. ეს განცხადება 2006 წელს დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილმა. 2003 წელს ლაშა შუშანაშვილი ტოვებს საქართველოს და დღემდე საზღვარზე არ ფიქსირდება ინფორმაცია, რომ მან ოდესმე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ანუ შუშანაშვილი საქართველოში 2003 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, ამიტომ იყო, რომ სოდ-მა უშუალოდ შუშანაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულზე კი არ დაიწყო (ან როგორ დაიწყებდა?) გამოძიება, არამედ ფაქტზე. ვიდრე “ფაქტამდე” მივალთ, დოკუმენტებს რიგითობის მიხედვით მივყვები:
საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ცნობაში მითითებულია, რომ ლაშა შუშანაშვილი გასამართლებულია ზესტაფონში 1979 წელს, მისჯილი აქვს 1 წელი და 6 თვე; გასამართლებულია რუსთავში 1980 წელს, მისჯილი აქვს 3 წელი და 2 თვე; გასამართლებულია თბილისში 1984 წელს, მისჯილი აქვს 1 წელი და 8 თვე; გასამართლებულია მცხეთაში 1991 წელს, მისჯილი აქვს 1 წელი; 2003 წელს მუხლი 236, ნაწილი 1-2, საქმე შეწყდა 2003 წელს, მისამართი მოსკოვი. საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახური, წესით, უნდა იძლეოდეს ამომწურავ ინფორმაციას. შუშანაშვილის ნასამართლობაზე ამომწურავი ინფორმაცია კი გასცა ცენტრმა, მაგრამ “გამორჩათ” ერთი “უმნიშვნელო” დეტალი: ლაშა შუშანაშვილს ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს. ეს იმას ნიშნავს რომ ის ნასამართლევი არაა მოცემულ მომენტში და არც კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არსებობს, რომლითაც დადგინდება და დადასტურდება, რომ შუშანაშვილი კანონიერი ქურდია. როცა არ არსებობს მსგავსი განაჩენი, ბუნებრივია, წინასწარი გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათი, რომელიც გვაუწყებს, რომ ფაქტზე დაიწყო სოდ-მა გამოძიება, რბილად რომ ვთქვათ, ყალბია. აქ არის კიდევ ერთი “უმნიშვნელო” დეტალი - მისამართი. საქმე ისაა, რომ წყნეთის სახლი არასდროს ყოფილა ლაშა შუშანაშვილის, წყნეთის სახლის მეპატრონე გამოძიებამ დაკითხა და ამაზე მას შემდეგ ვისაუბრებთ, რაც ჩვენებების გამოქვეყნებას დავიწყებთ. ახლა კი ვიტყვი, რომ ეს სახლი, მიუხედავად იმისა, რომ არ იყო შუშანაშვილის, სახელმწიფომ მაინც წაიღო! ანუ ცალსახად ნათელია, სოდ-მა რატომ დაიწყო გამოძიება და რატომ იქნა მითითებული შუშანაშვილის მისამართად არა რუსთავი, არამედ წყნეთი.
განვაგრძოთ: უკვე ვიცით, რომ გამოძიება სოდ-მა დაიწყო 2006 წლის 18 იანვარს. არ ვიცი, როგორ მოახერხეს, მაგრამ გამოძიების დაწყებამდე მთელი ხუთი (რა საკრალური რიცხვია, არა?) დღით ადრე სოდ-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისა და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს უფროსი გურგენიძე #18/3/1-69 წერილით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის უფროსს ბახტაძეს და სთხოვს: “მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში გვაცნობეთ, ვის ერიცხება პირად საკუთრებაში ქვემოთ ჩამოთვლილი ბინები” და მითითებულია თბილისში, რუსთავში, წყნეთში სხვადასხვა მისამართზე არსებული 20 ბინა. კიდევ ვიმეორებ, გამოძიება დაიწყო 18 იანვარს, ზემონახსენები წერილი კი კანცელარიაში გატარებულია 13 იანვარს. ვინც კი საქმის მასალებში ჩაიხედავს, მისთვის სულაც არაა ორუცნობიანი განტოლება იმის გარკვევა, რატომ ნახა სიზმარი გურგენიძემ. საქმე ისაა, რომ საქმეში არ მოიძიება ფარატინა ქაღალდი, თუნდაც უბეჭდო და უნომრო (მსგავსი ამ საქმეში არაერთი “დოკუმენტი” დევს), რომელიც ახსნის გურგენიძის ფაქსიმილიან #18/3/1-69 წერილს რა დაედო საფუძვლად. თუ ვინმე იტყვის, რომ წინა წლებში მოპოვებული რომელიმე დოკუმენტი დაუდეს ამ წერილს საფუძვლად, მათ გასაგებ-გასაგონად ვიტყვი, რომ მსგავსი დოკუმენტი საქმეში არ დევს! 16 იანვარს, გამოძიების დაწყებამდე ორი დღით ადრე, სოდ-ის დირექტორი ერეკლე (იგივე ირაკლი) კოდუა #18/3/1-81 წერილით მიმართავს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ბაჩანა (იგივე ბაჩო) ახალაიას და შემჭიდროებულ ვადებში სთხოვს, “ქვემოთ ჩამოთვლილი პირადი საქმეების ქსეროასლები” გადაუგზავნოს. ქვემოთ ჩამოთვლილებს შორის (სულ 18 გვარი ფიგურირებს) პირველი ნომერია ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილი. ამ წერილში არაა მითითებული შუშანაშვილის ორი სახელი ლაშა (იაშა), რაც წინა დოკუმენტში ფიქსირდება. შუშანაშვილის მისამართად ამ წერილშიც წყნეთია დაფიქსირებული. წესით, ყველა უწყებას, ვისაც კი ერეკლე კოდუამ მიმართა და წერილში წყნეთი მიუთითა შუშანაშვილის მისამართად, კოდუასთვის წერილი უკან უნდა დაებრუნებინა და ეცნობებინა, რომ ამ მისამართზე მცხოვრები (ადრე) ან რეგისტრირებული შუშანაშვილი მათთან არ ფიქსირდება. წესით, ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეალობა სხვაა. და კიდევ ერთი, სტატიის დასაწყისში აღნიშნულია, რომ სოდ-მა სამი პირის მიმართ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ბაჩო ახალაიას 18-კაციანი სია ისე გაუგზავნა ერეკლე კოდუამ, ლაშა შუშანაშვილის გარდა, არც ერთი მათგანი (არც ლაშას ძმა კახა) არ გახსენებია. კარგით, ესეც მექანიკურ შეცდომად ჩავთვალოთ და გავაგრძელოთ.
რა უპასუხა ახალაიამ კოდუას: “ბატონო ერეკლე, თქვენი 2006 წლის 16, 17 იანვრის, შესაბამისად, #18/3/1-81 და #18/3/1-86 წერილებისა, რომლების 20 ყოფილი პატიმრისა და მსჯავრდადებულის პირადი საქმეების მასალების ქსეროასლების გადმოგზავნის საკითხს ეხება, განხილულია. გაცნობებთ, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თბილისის მეხუთე საპყრობილის სპეციალური ნაწილის პერსონალური სააღრიცხვო დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად დადგენილია შემდეგი: შუშანაშვილი ლაშა პავლეს ძე 1961 წელს დაბადებული, დაბადების ადგილი რუსთავი, დაპატიმრებული იყო 2003 წლის 13 მარტს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. განთავისუფლდა 2003 წლის 24 აპრილს, თბილისის ვაკე-საბურთალოს სასამართლოს მიერ 2003 წლის 24 აპრილის დადგენილებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან ხელწერილით, წავიდა საცხოვრებლად რუსთავში...” ანუ ახალაია კოდუას არ წერს, შუშანაშვილს 2003 წლამდე ჰქონდა თუ არა ნასამართლობა და, პრინციპში, ეს გასაკვირი არც უნდა ყოფილიყო, ამ დროისთვის შუშანაშვილს ყველა ნასამართლობა გაქარწყლებული ჰქონდა. საკითხავი ისაა, კოდუამ რომელი დოკუმენტაციით გაარკვია და დაადასტურა შუშანაშვილის ნასამართლობა, თუმცა საქმის მასალებში არც ეს ჩანს. წერილის ბოლოს ახალაია აცნობებს კოდუას: “ამავდროულად გაცნობებთ რომ წინამდებარე წერილში ჩამოთვლილ პირთა მიმართ, პირადი საქმეების ქსეროასლების გადმოგზავნის თაობაზე თქვენი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას მოკლებული ვართ, ვინაიდან დაპატიმრებულ პირთა და მსჯავრდადებულების პირადი საქმეები, კანონმდებლობის საფუძველზე, “გრიფით საიდუმლო” დოკუმენტად არის მიჩნეული და მასში მოთავსებული დოკუმენტების ქსეროასლების გადაღება არ შეიძლება”. მიუხედავად ამისა, წერილზე არის რეზოლუცია რომლითაც ვანიშვილსა და წიქორიძეს ევალებათ: “ამ წერილის ასლები მოათავსეთ სისხლის სამართლის საქმეში, ასევე, მოამზადეთ შუამდგომლობები პატიმართა “საიდუმლო” საქმეების ამოსაღებად”. ეს რეზოლუცია დათარიღებულია 2006 წლის 4 თებერვლით.
შემდეგი დოკუმენტი, საქმის მასალების მიხედვით, არის 2006 წლის 26 იანვრით დათარიღებული ცნობა, რომელსაც ხელს აწერს სოდ-ის ოდბ და სპეციალურ დავალებათა მთავარი სამმართველოს, ოდბ სამმართველოს, 1-ლი სამსახურის უფროსი, ოპერთანამშრომელი გაგნიძე, ცნობაში ვკითხულობთ: “მიღებული ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, “კანონიერი ქურდის” ლაშა შუშანაშვილის კავშირები არიან: მურმან ჯვებეს ძე ფაილოძე, 1953 წ.დ. რეგისტრირებულია თბილისში... ამჟამად ცხოვრობს თბილისში... ზურაბ მიხეილის ძე ჭანუყვაძე, რომელიც გარკვეული წლების განმავლობაში ცხოვრობს და ყურადღებას აქცევს შუშანაშვილის აგარაკს დაბა წყნეთში, სარგებლობს ავტომანქანა “ბმვ”-თი... მობილური ტელეფონის #... მერაბ გიორგის ძე კალანდაძე (სადახლოს გამშვებ პუნქტზე მოკლეს დაახლოებით ერთი წლის წინათ. - დ.მ.), კონსტანტინე დემურის ძე ყიფიანი, ვახტანგ (ვატო) დემურის ძე ყიფიანი, თეიმურაზ ნოდარის ძე უგულავა, რომელიც, ოპერატიული ინფორმაციით, ამჟამად იმყოფება ამერიკის შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ ცნობა გაცემულია 26 იანვარს, კანცელარიაში რეგისტრირებულია 30 იანვარს და რეზოლუციები რეაგირებაზე გაკეთებულია 30 იანვარსავე. ამ ცნობას საქმის მასალებში მოჰყვება უნომრო, ურეზოლუციო, დაუთარიღებელი და შესაბამისად, ხელმოუწერელი ფურცელი, რომელსაც აწერია, რომ ის არის ცნობა #238, ფურცელზე დატანილია ლაშა შუშანაშვილის მონაცემები, მითითებულია, რომ ინტერესის მიზეზი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, ინიციატორია სოდ-ი, პირადად კოდუა და ჩამოთვლილია შუშანაშვილის წარსული ნასამართლობის წლები. ვერც ერთი იურისტი და ვერც ერთი ექსპერტი ვერ დაადგენს, რაოდენადაც არ უნდა მოისურვოს და მოინდომოს ამ ფურცელს რა ჰქვია, არადა, წესით, საქმის მასალებში მსგავსი “დოკუმენტი” არ უნდა იდოს. სოდ-ს ამოღებული აქვს ოფიციალური ცნობა ლაშა შუშანაშვილის რეგისტრაციისა და საქართველოში საცხოვრებელი სახლის მისამართის შესახებ, კოდუას ოფიციალურად აცნობეს, რომ შუშანაშვილი რუსთავში ცხოვრობდა, თუმცა კოდუა ყველა წერილში ჯიუტად მიუთითებს, რომ შუშანაშვილი წყნეთელია და ეს მან იცის, თუმცა საიდან იცის, არც ეს დევს საქმეში.
ამ საქმეზე გამოძიების დაწყებიდან მრავალი წელია გასული და დღეს, როცა ვითარება შეცვლილია, მსგავს აბდაუბდას იგივე კოდუა, ახალაია და სხვები, ე.წ. ნაციონალური ცნობადი სახეები, საკუთარი წისქვილის დოლაბების ასამუშავებლად იყენებენ, თუმცა მსგავსი აბდაუბდა საქმეების შეკერვით თავად თავს იწონებენ და აცხადებენ, რომ არიან გმირები და მათ დაამარცხეს კრიმინალი საქართველოში. კარგით, ჩავთვალოთ, რომ ეს არაფერია, შუშანაშვილის საქმეში არსებული სხვა დოკუმენტები უფრო ცხადყოფს ხელისუფლების დაინტერესებას და მეტიც, ამ საქმეს წესიერად რომ ჩახედოს სამართალდამცველმა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით), დაინახავს უამრავ კანონდარღვევას და უამრავ სიყალბეს. მიუხედავად იმისა, რომ კოდუამ იცოდა (ახალაიამ შეატყობინა) რომ ე.წ. კანონიერი ქურდების პირადი საქმეები “გრიფით საიდუმლო” იყო, კოდუა მაინც მიმართავს საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს შავლიაშვილს და სთხოვს, ბრძანება გასცეს დოკუმენტების ამოღების შესახებ, თუმცა არ მიუთითებს ამ შუამდგომლობაში, რომ ეს საქმე “გრიფით საიდუმლოა”. სხვა თემაა, რა იყო ამ საქმეში გასასაიდუმლოებელი და ისიც სხვა თემაა, ზოგადად, ვისთან ან რასთან გვქონდა საქმე, მაგრამ რაკი კანონით დადგენილ მოქმედებებზე და სისხლის სამართლის საქმეზე ვსაუბრობთ და ვცდილობთ, დოკუმენტებით დავადგინოთ, არსებობს თუ არა ესა თუ ის დანაშაული, ამიტომ თქმა იმისა, რომ კოდუამ ან ახალაიამ, ან ვინმემ, ზოგადად, იდეაში იცოდა რაღაც და ამ რაღაცის კვანძის გახსნას ცდილობდა, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. შავლიაშვილისთვის გაგზავნილ შუამდგომლობაში ვკითხულობთ: “საქართველოს შსს სოდ-ის წარმოებაშია სსს #090050045 საქმე ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილის მიმართ კანონიერი ქურდობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 223-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი: ლაშა შუშანაშვილი, მეტსახელად პავლოვიჩი, არის კანონიერი ქურდი, ის სისტემატურად ახორციელებს საქმეების გარჩევას და მის დავალებებს ემორჩილება გარკვეულ პირთა წრე. საქმეზე დამატებითი მტკიცებულებების მოპოვებისა და ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მიზანშეწონილად მიმაჩნია, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტიდან ამოღებულ იქნას ლაშა პავლეს ძე შუშანაშვილის პირადი საქმე”...