ცუნამი მსოფლიო ბაზარზე

ცუნამი მსოფლიო ბაზარზე

[გოჩა ქიმუცაძე]

იაპონიაში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ რამდენიმე დღე გავიდა და ნგრევის, მსხვერპლის და ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შესახებ ინფორმაციებთან ერთად ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, თუ რამდენად დააზარალებს სტიქია ამომავალი მზის ქვეყნის და მსოფლიო ეკონომიკას. ცხადზე უცხადესია, რომ მომხდარი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს გლობალურ შიდა პროდუქტზე, რომელმაც კრიზის შემდეგ ნორმალური ზრდის ტემპის დემონსტრირება ვერ მოახერხა.

კონსალტინგურმა კომპანია AIR Worldwide-მა მიწისძვრით განადგურებული დაზღვეული ქონება 14,5-34,6 მილიარდ დოლარად შეაფასა. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემი არასრულია, მომხდარი უკვე შეიძლება უძვირფასეს სტიქიურ უბედურებად მივიჩნიოთ. მართალია, სადაზღვევო კომპანიებს ჯერ ოფიციალური მონაცემები არ გაუვრცელებიათ, მაგრამ ბაზარზე რეაქციამ არ დააყოვნა და სადაზღვევო კომპანიების აქციების ფასი მაღალი ტემპით შემცირდა.

თავისთავად ცხადია, ვარდნა განიცადა იაპონური კომპანიების აქციებმაც. განსაკუთრებით ეს ავტომშენებლებზე უნდა ითქვას, რადგან იაპონელმა ავტომწარმოებლებმა მომხდარის შემდეგ ქარნებში მუშაობა შეაჩერეს, რაც, ცხადია, დიდ ზარალს ნიშნავს.

კერძოდ, მთლიანად გაჩერდა ისეთი გიგანტების ქარხნები, როგორებიცაა Toyota Motor, Honda, Nissan, Mitsubishi. ავტომშენებელთა მსგავსად გაჩერებულია Sony-, Toshiba-, Panasonic-ის, Maruzen Petrochemical-ის, Kyokuto Petroleum-ის, Sumitomo Metal Industries-ის, Nippon Steel Corp-ის და სხვა მსხვილი კომპანიების საწარმოები.

მთლიანობაში იაპონური ბაზრის კაპიტალიზაციამ ორიოდე დღეში 286 მილიარდი დოლარით მოიკლო. ეს ძალიან ბევრი გახლავთ და, მაგალითად, ისეთი ქვეყნის, როგორიც ფინეთია, წლიური შიდა პროდუქტის მოცულობას აღემატება.

იაპონიის მთავრობამ უმალ დაიწყო ქვეყნის ეკონომიკის მხარდასაჭერი ზომების გატარება. მაგალითად, იაპონიის ბანკმა ეკონომიკაში 18 ტრილიონი იენის (220 მილიარდი დოლარი) სუფსიდირება განახორციელა. ამან ბირჟებზე ვარდნა ვერ შეაჩერა, მაგრამ ბანკებს ამოსუნთქვის საშუალება მისცა და მათ ფასიანი ქაღალდების გაყიდვა არ დასჭირდებათ, თუ კომპანიები და ფიზიკური პირები ანგარიშებიდან ფულის მასიურად გატანას დაიწყებენ.

ბევრი ეკონომისტი მიიჩნევს, რომ მომხდარი ქვეყანაში ახალ რეცესიას გამოიწვევს. ასეულობით ქარხანა ხომ დაკეტილია, 2 მილიონამდე სახლი ელექტროენერგიის, ხოლო 1,4 მილიონი წყლის გარეშე დარჩა. თავისთავად ცხადია, შემცირდა საშუალო არითმეტიკული იაპონელის მსყიდველობითუნარიანობა.

ამერიკის და ჩინეთის შემდეგ მსოფლიოს სიდიდით მესამე ეკონომიკის რეცესია კი მთელს მსოფლიოზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს. ამას პირველები ნავთობის ბირჟის ტრეიდერები მიხვდნენ, რომლებმაც ლიბიური არეულობის გამო ისედაც „გადამწვარი“ სანავთობე კონტრაქტების გაყიდვა დაიწყეს. ბანკ Nomura-ს ანალიტიკოსები კი სულაც მიმდინარე წლის ბოლომდე იაპონიის ეკონომიკის ვარდნას პროგნოზირებენ.

იაპონურმა კატასტროფამ დიდი გავლენა მოახდინა ატომური ენერგეტიკის გლობალურ სექტორზე. მომხდარმა ცხადყო, რომ ყველაზე დაცულ, უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილ სადგურზეც კი შეიძლება კატასტროფის თავიდან აშორება არ მოხერხდეს. როგორც ცნობილია, მთელს მსოფლიოში ატომური ენერგიის მოწინააღმდეგეები ძალიან გააქტიურდნენ.

იაპონიაში თავმოყრილია ტექნოლოგიური კომპონენტების მსოფლიო წარმოების 40 პროცენტი. ასე რომ, წარმოების შეფერხება და დანგრეული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად აისახება იმპორტსა და სხვა ქვეყნებში წარმოებაზე. ამასთან, დიდი ზარალი ნახეს სატრანსპორტო კომპანიებმა. როგორც ეკონომისტები ვარაუდობენ, იაპონიის ზარალი ტრილიონ დოლლარს ასცდება.

საინტერესოა, რომ ზოგიერთი ანალიტიკოსი, იაპონიის ეკონომიკას, რომელიც უკვე მრავალი წელია სტაგნაციას განიცდის, კატასტროფის შემდეგ სწრაფ აღმასვლას უწინასწარმეტყველებს, როგორც ეს ომების შემდეგ ზოგჯერ მომხდარა. მათი არგუმენტის ნგრევის შემდეგ სამშენებლო ბუმსა და აღნიშნული სექტორის აღმასვლაში მდგომარეობს.

თუმცა, ეგზომ ოპტიმისტური პროგნოზების ნაკლებად თუ ვინმეს სჯერა. ცხადია, კატასტროფის რეალური ფინანსური შედეგები ცნობილი მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ გახდება. თუმცა, ის კი ყველას ესმის, რომ იაპონურ და მსოფლიო ეკონომიკას თავს დიდი უბედურება დაატყდა.