აშშ-ის ტელეკომპანია „ფოქს ნიუს ბიზნესის" პროგრამა „ Lou Dobbs Tonight-ში 15 აგვისტოს საქართველოს ექს-პრეზიდენტმა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებაზე ისაუბრა და ამასთან დაკავშირებით შეეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის პრობლემებსაც.
გთავაზობთ საუბრის სტენოგრამას მცირე შემოკლებით:
პროგრამის წამყვანი: ჩვენ შემოგვიერთდა მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი 2004-2013 წლებში. მასთან საუბარში უკრაინასა და რუსეთს შორის არსებულ დაძაბულობას განვიხილავთ. ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ტაფტის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში მაღალი რანგის სახელმწიფო მოსამსახურის თანამდებობა აქვს დაკავებული. ბატონო პრეზიდენტო, გმადლობთ, რომ მობრძანდით.
მიხეილ სააკაშვილი, ექს-პრეზიდენტი: გმადლობთ მოწვევისათვის.
პროგრამის წამყვანი: უკრაინა-რუსეთის საკითხში თქვენ შეგიძლიათ უნიკალური შეფასება გააკეთოთ. როგორი ანალოგი არსებობს, რაც დღეს უკრაინისა და რუსეთს შორის ხდება და რაც მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის 2008 წელს?
მიხეილ სააკაშვილი: გახსოვთ ფილმი „ზაზუნას დღე" ბილ მიურეის მონაწილეობით? მთავარი გმირისთვის ყოველდღიურად რომ ერთი და იგივე მეორდება მანამ, სანამ იგი ყველაფერს სწორად არ გააკეთებს? ამ შემთხვევაში საქმე ეხება ვლადიმირ პუტინს, რომელიც სულ ერთი და იგივე სცენარით მოქმედებს - ჩემი აზრით, ძალიან უბრალო და ამავე დროს ძალიან მკაცრი სცენარით. ეს იგივე „ტროას ცხენის" ანალოგიაა. საქართველოს შემთხვევაში ამ როლს რუსი მშვიდობისმყოფლები ასრულებდნენ, რომლებიც იქ [ცხინვალში] შეჭრამდე იყვნენ დისლოცირებულნი. გარკვეულ მომენტებში მშვიდობისმყოფლებიც დაიბომბნენ და როგორც შემდეგ გაირკვა, თვით რუსების მიერ, ანუ რუსეთის არმიამ საკუთარი სამშვიდობო ძალები დაბომბა ისევე, როგორც სტალინი ბომბავდა...
პროგრამის წამყვანი: რათა იქ თავისი პოზიციები უზრუნველეყოთ...
მიხეილ სააკაშვილი: დიახ. შემდეგ მან ეს შეჭრის საბაბად გამოიყენა. უკრაინაში რუსი მშვიდობისმყოფლები არ არიან, მაგრამ ვლადიმირ პუტინს საბაბი სჭირდება. ამიტომაც პროვოცირებას უკეთებს უკრაინას, რომ რუსეთის ტერიტორიისაკენ სროლები განხორციელდეს. უკრაინის ძალები საოცარ თავშეკავებას იჩენენ: რუსეთი ისვრის, უკრაინელები კი არ პასუხობენ, სარდლობამ სამხედროებს საპასუხო ცეცხლის გახსნა აუკრძალა... ბუნებრივია, სამხედროები უკმაყოფილონი არიან, რადგან ზარალდებიან. ასეთ სიტუაციაში ძალიან ძნელია საპასუხოდ არ ისროლო. ამის მიუხედავად, როცა უკრაინა ასეთ პროვოკაციაზე არ წამოეგო, ვლადიმირ პუტინმა ჰუმანიტარული ბადრაგი მოიგონა. როგორც კი ბადრაგი უკრაინის ტერიტორიაზე შევა, პუტინი რაღაც საბაბს მოიფიქრებს, მაგალითად, იტყვის, ვიღაცამ ჰუმანიტარულ ქარავანს ცეცხლი გაუხსნაო...
პროგრამის წამყვანი: მართალია. თავის მართლება მერე გვიანი იქნება...
მიხეილ სააკაშვილი: ჰო, რაღაცა გეგმის მიხედვით არ წავა და აი, მაშინ, ალბათ, იგი უკრაინაში შეიჭრება.
პროგრამის წამყვანი: თქვენ ფიქრობთ, რომ ვლადიმირ პუტინის განზრახვა ბლეფი არ არის და იგი უკრაინაში ნამდვილად შეიჭრება?
მიხეილ სააკაშვილი: იცით, პუტინი ახლა ისეთ სიტუაციაშია, რომ იგი ყველანაირი სცენარით აგებს. ერთი მხრივ, იგი შეიძლება უკრაინის მთავრობის წინაშე დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ადგილობრივ მოლაშქრეებს თავის მიზნებისათვის იყენებდა. იქ ძირითადად ადგილობრივი მოლაშქრეები არიან, თუმცა მათ რუსული სპეცნაზიც დაემატა; მეორე მხრივ, მათ აქვთ იარაღი, მაგრამ ეს ფაქტორი კარგად არ მუშაობს, რადგან უკრაინის არმიის მორალური სულისკვეთება მატულობს და ისინი წინ მიიწევენ. ასე რომ, ვლადიმირ პუტინს მოუწევს შეეგუოს , რომ მას წინ დიდი სტრატეგიული მარცხი ელოდება, ან იმას, რომ მისთვის წამგებიანი მოქმედება გაგრძელდება. პუტინისათვის უკრაინის გამარჯვება დამღუპველი იქნება. აქ საქმე მხოლოდ ტერიტორიის ნაწილს არ ეხება...
პროგრამის წამყვანი: საქმე ნატოშია?
მიხეილ სააკაშვილი: არა, შეიძლება ითქვას, ეს უკრაინის საგარეო პოლიტიკას იმდენად არ ეხება. საქმე იმაშია, თუ როგორი ცხოვრება სურს ქვეყანას. თუ უკრაინელები ნამდვილად შეძლებენ ძველი კლეპტოკრატიული ჩვევების დაძლევას და ახალი, ღირსეულ თანამედროვე საზოგადოების შექმნას, მაშინ ვლადიმირ პუტინს თავისივე მოქალაქეების მკაცრ შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწევს. დღეს რუსეთის ხელისუფლება ხშირად აცხადებს, რომ აი, ირგვლივ ჩვენზე უარესად ცხოვრობენო, მაგრამ თუ ირგვლივ უფრო კარგად იცხოვრებენ, მაშინ...
საკმაო ხნის განმავლობაში საქართველო გამონაკლისი იყო ამ თვალსაზრისით, ამიტომაც დაგვსაჯეს. ჩვენ რუსეთისათვის იდეოლოგიური პრობლემა ვიყავით. ჩვენ გავთავისუფლდით კორუფციისაგან, ნათლიმამობისაგან, ძველი საბჭოური ტრადიციებისაგან და ჩვევებისაგან... მაგრამ საქართველო პატარა ქვეყანაა, უკრაინა კი ათჯერ დიდი და თუ ასეთი დიდი სახელმწიფო წარმატებას მიაღწევს, თუ უფრო კარგად იცხოვრებს, წარმოგიდგენიათ, რა კოშმარები ელოდება პუტინს? ასე რომ, მას ახლა გამოსავალი არ აქვს... ახლა იგი მშვიდობაზე ალაპარაკდა, მაგრამ სად? ანექსირებულ ყირიმში! ამაზე მეტ ცინიზმს ვერ წარმოიდგენ...
პროგრამის წამყვანი: მინდა გკითხოთ - თქვენ საქართველოს პრეზიდენტი რომ იყავით, მას შეხვედრიხართ? როგორია ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობა?
მიხეილ სააკაშვილი: მე მას ათჯერ მაინც შევხვედრივარ. იგი ისეთი ადამიანია, რომელსაც არ სჯერა თბილი, სანდო და გულწრფელი ურთიერთობებისა.. მისთვის უცხოა ურთიერთპატივისცემა და სიმპათიები. მას ის მოსწონს, რომ ვინმეს დააშინებს. ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს მან ასეთი რაღაც მითხრა: „მომისმინე, შენი დასავლელი მეგობრები ყველანაირ სიამოვნებას გპირდებიან, მაგრამ გახსოვდეს, რომ ისინი არასდროს ასრულებენ თავიანთ დაპირებებს, მე კი თქვენ რასაც [ცუდს] დაგპირდით, ყველაფერი აგისრულეთ". აი, ესაა ვლადიმირ პუტინის მთელი კრედო, მას მოსწონს, როცა ადამიანებს მისი ეშინიათ.
პროგრამის წამყვანი: დაშინება.
მიხეილ სააკაშვილი: დიახ, დაშინება. იგი ამ ტაქტიკას დასავლეთის ქვეყნების წინააღმდეგაც იყენებს და ცხადია, თავისი მეზობლების მიმართაც. უკრაინასთან ვლადიმირ პუტინს იმის პრობლემა აქვს, რომ კიევი მას არ შეუშინდა. უკრაინელებმა მასზე უხეში სიმღერებიც შეთხზეს, რომელსაც ყოველი საფეხბურთო მატჩის დროს მღერიან. ქმნიან კარიკატურებსაც. აი, ახლახანს ვიყავი უკრაინაში და ეს „ამტანობის ბრასლეტი" იქ მომცეს... ამ სამაჯურებს ბავშვები აკეთებენ. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ მთელი ქვეყანა მობილიზებულია ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ... პრობლემა იმაშია, რომ თუ 45 მილიონიან უკრაინას ვლადიმირ პუტინის არ ეშინიათ, მაშ რატომ ეშინიათ მისი რუსებს?
პროგრამის წამყვანი: მართალია.
მიხეილ სააკაშვილი: ასე რომ, ის მთავარი საყრდენი, რასაც ვლადიმირ პუტინის პოლიტიკა ეყრდნობა, შეიძლება დაინგრეს. ამიტომაც, ჩემი აზრით, ჩვენ გადამწყვეტი მომენტი გვიახლოვდება.
პროგრამის წამყვანი: ჩვენც დრო ამოგვეწურა. ვსაუბრობდით საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან. დიდი მადლობა".