მიშას პოლონური ტყუილი

მიშას პოლონური ტყუილი

რატომ არ მივიდა პოლონეთის ქართული დიასპორა სააკაშვილთან შეხვედრაზე და ვინ ხელმძღვანელობს მერაბიშვილის ფანკლუბს ვარშავაში

 

7 აგვისტოს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავის ქუჩებში კიდევ ერთხელ გამოჩნდა: ერთგულ თანაგუნდელ გიგა ბოკერიასთან ერთად, ჯერ ვარშავის აჯანყების მუზეუმი დაათვალიერა, შემდეგ კი, პოლონელ თანამოაზრეებსა და მასპინძლებთან ერთად, პოვონსკის სასაფლაო მოინახულა.

სტატია, ალბათ, „მასპინძლების” შესახებ ინფორმაციით უნდა დამეწყო, რადგან ქართული მედიითა და მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქის” გვერდზე გავრცელებული ცნობა, რომ სააკაშვილი ვარშავაში, აგვისტოს ომის 6 წლისთავის აღსანიშნავად, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადეკ სიკორსკის მიწვევით იმყოფებოდა, მტკნარი სიცრუეა. სააკაშვილი და ბოკერია ვარშავაში კაჩინსკის ოპოზიციური პარტია PIS-ის (“სამართალი და სამართლიანობა”) მოწვევით ჩამოვიდნენ, მათი პირადი მასპინძელი კი, ამ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, სეიმის წევრი, ქალბატონი მალგოჟატა გოსიევსკა გახლდათ.

კაჩინსკებისა და სააკაშვილის მეგობრობა არახალია, თუმცა ქართველმა მკითხველმა ბევრი არაფერი იცის გოსიევსკას შესახებ.

მალგოჟატა გოსიევსკა ლეხ და იაროსლავ კაჩინსკების თანამებრძოლია. დიდი მეგობრობა აკავშირებს საქართველოს ყოფილ მთავრობასთან. საქართველოში (წინა ხელისუფლების დროს) განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი და პირადი მეგობარია სააკაშვილისა და მერაბიშვილის.

სხვათა შორის, რამდენიმე თვის წინ, პოლონურ ინტერნეტსივრცეში გაჩნდა ჯგუფი, რომელმაც ძლივს გააერთიანა ორასამდე წევრი და რომელმაც პოლონელებს საქართველოში მიმდინარე „პოლიტიკური დევნის“ შესახებ ამცნო.

„გაათავისუფლეთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული მერაბიშვილი!” - მოუწოდებდა ჯგუფის ადმინისტრატორი მალგოჟატა გოსიევსკა ქართველ სამართალდამცავებს. მას მონაწილეობა, ასევე, მიღებული აქვს საქართველოში ახალაიასა და მერაბიშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციებში. ჰოდა, სწორედ ამ გოსიევსკას მოწვევით გვეწვია პოლონეთში ბატონი ყოფილი პრეზიდენტი, თუმცა თავად ისეთი პათოსით ამბობდა, პოლონეთის მთავრობის ოფიციალურმა პირებმა მომიწვიესო, შემეშინდა, არაფერი შემეშალოს-მეთქი და სამი დღეა, “დავიკარგე” ინტერნეტში - გადავჩხრიკე პოლონური საინფორმაციო სააგენტოების,  მედიისა და მთავრობის ოფიციალური გვერდები. არსადაა მითითებული, რომ სააკაშვილი პოლონეთში ოფიციალური მიწვევით იმყოფებოდა. სამაგიეროდ, უხვადაა ინფორმაცია, რომ ვარშავაში PIS -ის დელეგაციის თანხლებით გადაადგილდებოდა.

ახლა მთავარი, რის გამოც ამ სტატიის დაწერა გადავწყვიტე: დაახლოებით, ერთი კვირის წინ, პოლონეთის ქართული დიასპორის წევრები დავუკავშირდით ზემოხსენებულ ქალბატონ მალგოჟატა გოსიევსკას და 8 აგვისტოს, ვარშავის აჯანყების მუზეუმში დაგეგმილ აგვისტოს ომის 6 წლისთავისადმი მიძღვნილ ფოტოგამოფენაზე მოვიწვიეთ. მეორე დღეს ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ სათვისტომოს წევრებს მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი „მოპატიჟების“ შესახებ გვამცნო - 7 აგვისტოს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ვარშავის აჯანყების მუზეუმში, პოლონეთის ქართული დიასპორის წევრებთან სურს შეხვედრაო. ოღონდ, იქვე დაამატა, მოპატიჟის მოკრძალებული თხოვნით, სასურველია, “ოცნებისტურად” განწყობილი პირები შეხვედრაზე არ მივიდნენ, მომხრეებს კი, საქართველოს სახელმწიფოს დროშებით გელიანო.

სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა: 9 წელი რომ საქართველოს პრეზიდენტი ხარ, ამ ცხრა წლის განმავლობაში, სულ ცოტა, ასჯერ რომ იმყოფებოდი პოლონეთში და ამ ასი ვიზიტის დროს ერთხელაც არ გამოგითქვამს სურვილი, გაგეგო, თუ როგორ და რითი ცხოვრობენ შენი ქვეყნის მოქალაქეები უცხო ქვეყანაში, ნეტავ, ახლა რა მოხდა? ან, “ნაცმოძრაობისადმი” ოპოზიციურად განწყობილი რატომ არაო?

სხვათა შორის, პოლონეთში “ნაცმოძრაობამ” საპრეზიდენტო არჩევნებიც წააგო და საპარლამენტოც. ბატონო ექსპრეზიდენტო, არ გაინტერესებს, რატომ?

ერთი, სატირალი რომ არ იყოს, ისეთი სასაცილო ამბავი გამახსენდა: წეღან მოგატყუეთ, სააკაშვილს ასი ვიზიტი ჰქონდა პოლონეთში და ერთხელაც არ გამოთქვა სურვილი ქართულ დიასპორას შეხვედროდა-მეთქი. სამი წლის წინ, პოლონეთმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს უმასპინძლა ქალაქ კრინიცაში, რომელიც ვარშავიდან ექვსასი კილომეტრითაა დაშორებული. ორი დღით ადრე, დიასპორის თავმჯდომარემ შეტყობინება მიიღო საქართველოდან, პრეზიდენტს დიასპორის წევრებთან შეხვედრა უნდა და აბა, თქვენ იცით, კრინიცაში უნდა ჩახვიდეთო. შევიკრიბეთ ათი თუ თორმეტი ადამიანი, გადავეცით ოფიციალურ თბილისს ჩვენი მონაცემები და დილის ოთხ საათზე ნაწილი მოსაფერებლად და ნაწილი საყვედურების სათქმელად, პრეზიდენტთან შესახვედრად გავემგზავრეთ. შეხვედრა ორ საათზე იყო დაგეგმილი. ვამბობდით, არაა ჩვენი პრეზიდენტი პუნქტუალური და სამზე თუ შეგვხვდა, კარგი იქნებაო, მაგრამ... საღამოს ათ საათზე, პროტოკოლით გათვალისწინებული სამოსი შემოვიძარცვეთ და, როგორც ჩავედით კრინიცაში, უკან ისევე გამოვბრუნდით - პრეზიდენტმა ვერ მოიცალა ჩვენთვის. დაახლოებით, 30-40 კილომეტრი გვექნებოდა გამოვლილი, რომ დაგვირეკეს, დროზე მობრუნდით, პრეზიდენტმა, როგორც იქნა, ნახა თავისუფალი ათი წუთი და გელოდებათო. მივბრუნდით და შეგვხვდა... გიორგი ბარამიძე.

რატომ გავიხსენე ეს ამბავი? - 7 აგვისტოს პრეზიდენტთან შესახვედრად მრავალრიცხოვანი დიასპორიდან მხოლოდ სამი ადამიანი მივიდა, დროშების გარეშე და... მათთვის სულ 1 წუთი მოიცალა... გიგა ბოკერიამ.